ვინ და რატომ დაასახიჩრა ცნობილი ქართველი კონსტრუქტორის 19 წლის ქალიშვილი
ბინაში ზარის მელოდიური ხმა გაისმა და კარი ახალგაზრდა, მოღიმარმა გოგონამ გააღო.
– მერი ბოლქვაძე თქვენ ბრძანდებით? – ჰკითხა ქალიშვილს სტუმარმა, რომელსაც ნაქსოვი ქუდი ეხურა და გრძელი შარფი ჰქონდა შემოხვეული სახეზე.
– მე გახლავართ, რა ხდება? – ჰკითხა გოგონამ.
– ეს თქვენთან გამომატანეს, – თქვა შარფმოხვეულმა, შემდეგ ჩანთიდან თავმოხსნილი თერმოსი ამოიღო და მისი შიგთავსი გოგონას სახეში შეასხა.
მასპინძელი ჯერ ვერაფერს მიხვდა და გაოცებული მზერა გააყოლა უცნაურ სტუმარს, რომელიც სწრაფად დაეშვა კიბეზე. უეცრად გოგონას თვალთ დაუბნელდა და მთელი სახე საშინლად აეწვა. რის ვაი-ვაგლახით, კედელ-კედელ მიფოფხდა მეზობლის კართან. შემდეგ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა.
– მერი, რა დაგემართა? – აყვირდა ზარის ხმაზე გამოსული შუახნის ქალი, რომელიც ბეტონის იატაკზე გაშოტილ მეზობელს შეძრწუნებული დაჰყურებდა.
გოგონას სახის კანი აქაფებულ საპნის ბუშტებს დაემსგავსა და უზომოდ გადიდდა.
– როგორც ეტყობა, გოგირდმჟავა შეასხეს საწყალს, – თქვა სასწრაფოს ექიმმა და მძღოლის გვერდით დაჯდა.
შოკირებული და უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალიშვილი დამწვრობის ცენტრში მიიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში დააწვინეს.
რომაული არდადეგები
19 წლის მერი ბოლქვაძე პროფესორ კოტე ბოლქვაძის ერთადერთი ქალიშვილი იყო. პროფესორი კი, ერთ-ერთ საიდუმლო საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელობდა, სადაც ბალისტიკურ რაკეტებს ქმნიდნენ.
ბოლქვაძის ბინა, სადაც დანაშაული მოხდა, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობდა. დედა-შვილი ხშირად ჩამოდიოდა თბილისში. თუმცა, ბოლქვაძეები ძირითადად მოსკოვში ცხოვრობდნენ.
იმ დღეს, 14 იანვარს, მერი მარტო იყო შინ, დედამისი ნათესავებთან იმყოფებოდა. სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით აღიძრა რაიონულ პროკურატურაში. თუმცა გენერალურმა პროკურორმა მეორე დღესვე წაიღო საქმე და თავადვე შეუდგა გამოძიებას. მერი ბოლქვაძე იმავე საღამოს გადააფრინეს მოსკოვში და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. თუმცა, გოგონას მხოლოდ ერთი თვალი გადაურჩინეს.
კოტე ბოლქვაძე ცნობილი პიროვნება იყო საბჭოთა პარტიულ და სამეცნიერო ელიტაში. ამიტომ „კაგებეს“ მაშინდელმა შეფმა, იური ანდროპოვმა ჯერ საქართველოს ცეკას პირველ მდივანს, ვასილ მჟავანაძეს დაურეკა და დანაშაულის გახსნა მოსთხოვა, შემდეგ კი იგივე გაუმეორა, შინაგან საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძესაც.
შევარდნაძემ საქმეში საუკეთესო ოპერმუშაკები ჩართო. ისინი დღე და ღამე მუშაობდნენ და დაადგინეს, რომ ბოროტმოქმედი საშუალო სიმაღლის, ხუჭუჭთმიანი, შავგვრემანი, გამხდარი ქალი იყო, რომელსაც თეთრი ნაქსოვი შარფი ჰქონდა შემოხვეული, თავზე იმავე ფერისა და ქსოვილის ქუდი ეხურა, ტანზე კი ნაცრისფერი, მოდური პალტო ეცვა.
პირველადი მოკვლევისას, გამომძიებლებმა სადარბაზოს პირველი სართულის კიბის შვერილზე ნაცრისფერი პალტოს ნაგლეჯი აღმოაჩინეს და ივარაუდეს, რომ ის ბოროტმოქმედს ეკუთვნოდა.
– ამხანაგო პოლკოვნიკო, ეს ნაგლეჯი, შესაძლოა, მაშინ დატოვა ბოროტმოქმედმა კიბის შვერილზე, როდესაც შემთხვევის ადგილიდან გარბოდა, – მოახსენა ოპერჯგუფის მეთაურს, პავლე მაისურაძეს, კაპიტანმა ნოდარ ფირცხალავამ.
– ექსპერტიზაზე გაგზავნეთ და ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ, ნოდარ, – უთხრა პოლკოვნიკმა ფირცხალავას.
ექსპერტიზის დასკვნით, ბოლქვაძეების სადარბაზოში ნაპოვნი ქსოვილის ნაგლეჯი საფრანგეთში, პიერ კარდენის სახელოსნოში იყო დამზადებული და საბჭოთა კავშირში არ შემოდიოდა.
– ის ან კონტრაბანდული გზითაა შემოსული, ან კერძო პირმა შეიძინა უცხოეთში თავისთვის და აქ ასე მოხვდა. ძებნა განაგრძეთ, იქნებ, გაგიმართლოთ და ნაგლეჯის დანარჩენ ნაწილსაც მიაგნოთ, – იხუმრა პოლკოვნიკმა.
მართლაც, სამინისტროს ოპერებმა, დანაშაულის ადგილიდან 60 მეტრში, ერთ-ერთ სანაგვე ყუთში აღმოაჩინეს პიერ კარდენის ფირმის ქალის პალტო, რომელსაც მარჯვენა ქვედა კუთხეში ქსოვილის პატარა ნაგლეჯი აკლდა. ეს პალტო მაისურაძეს მიუტანეს, პოლკოვნიკი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა და იმეორებდა: აქ ნამდვილად ზებუნებრივი ძალებია ჩართული და უხილავი ხელი გვეხმარებაო.
პალტო ექსპერტიზაზე გაიგზავნა, ხოლო პიერ კარდენის ფირმას ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, რომ მათ შეეტყობინებინათ, თუ ვის შეუკერეს პალტო ¹4318. პიერ კარდენის ფირმამ ოფიციალურ პასუხში აღნიშნა, რომ ზემოხსენებული ნომრით პალტო ვინმე ტატიანა ბინდერის სახელზე იყო შეკერილი. ტატიანა ბინდერი მარსელში არსებული საბჭოთა საზღვაო წარმომადგენლის ვალტერ ბინდერის ცოლი იყო.
შევარდნაძის უწყებამ მოკვლეული მასალები შეკრიბა, გააანალიზა და „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში გადაგზავნა შემდგომ ძიებისთვის. ეს მასალები მაისურაძემ კაპიტან ფირცხალავას გაატანა მოსკოვში.
– აბა, შენ იცი, – დამოძღვრა პოლკოვნიკმა ხელქვეითი, – არ დაიბნე და „კაგებეს“ ჩვენი მილიციის ძალა უჩვენე! პირადად ამბროსოვიჩია ამ საქმით დაინტერესებული და იცოდე არ შეარცხვინო.
როდესაც „კაგებეში“ თბილისში მოკვლეულ მასალებს გაეცნენ, ტატიანა ბინდერის დაკითხვა გადაწყვიტეს. თუმცა რომ მოიკითხეს, ის ქალი არც მოსკოვში აღმოჩნდა და არც პარიზსა და მარსელში. ტატიანა ბინდერი და მისი ახალგაზრდა საყვარელი ვადიმ ტროშკინი რომში იპოვეს, დააკავეს და მოსკოვში ჩამოიყვანეს.
– რომაულ არდადეგებს ატარებდით, ხომ? – ჰკითხა „კაგებეს“ გამომძიებელმა შეშინებულ წყვილს. მათ ეგონათ, რომ მრუშობის გამო დააპატიმრეს.
მოპარული პალტო
ტატიანა ბინდერი დაკითხეს და თბილისში ნაპოვნი პალტო აჩვენეს.
– ეს ხომ ჩემი პალტოა, სად იპოვეთ? – წამოიძახა გაკვირვებულმა ტატიანამ.
– ადასტურებთ, რომ თქვენია? – ჰკითხა მას პეტრე მასლოვმა, რომელმაც მერი ბოლქვაძის საქმე ჩაიბარა.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ბინდერმა, – ეს პალტო სამი თვის წინ შევიკერე პარიზში. სახლში ჩეკიც კი მაქვს, რომელიც 20 ოქტომბრითაა დათარიღებული და მასში პალტოს ნომერია აღნიშნული.
– პატიოსანი საბჭოთა მოქალაქე პარიზში პალტოებს არ უნდა იკერავდეს, მაგრამ აქ ამისთვის არ მოგვიყვანიხართ, – უთხრა ქალს მასლოვმა, – ჩვენ გვაინტერესებს, სად და რა ვითარებაში დაკარგეთ პალტო.
– ნოემბრის მიწურულს მარსელიდან მოსკოვში დავბრუნდი და 29-ში საკავშირო კომკავშირის იუბილეზე მიმიწვიეს, რომელიც მდინარე მოსკოვზე მცურავ თბომავალ „მოსკოვზე“ გაიმართა. სხვა სტუმრებივით მეც ჩემი პალტო საერთო საკიდზე ჩამოვკიდე. მხოლოდ დილით აღმოვაჩინე, რომ პალტო დავკარგე. იმ დღეს განსაკუთრებით ციოდა და კინაღამ გავიყინე, – უთხრა ბინდერმა გამომძიებელს.
– თქვენი საყვარელი სად იყო ზეიმის დროს? – მოურიდებლად, პირდაპირ ჰკითხა მასლოვმა ბინდერს.
– მარსელში, – უპასუხა ქალმა, – ის ჩემი მეუღლის მოადგილეა და მოსკოვში არ გამოუშვა. იმ დროს, იქ, რაღაც ტვირთებთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა და იმიტომ.
დაკითხვის შემდეგ ბინდერი და ტროშკინი გაათავისუფლეს, მაგრამ უცხოეთში გამგზავრება დროებით აუკრძალეს.
– ორივე სიმართლეს ამბობს და მე ეჭვი არ მეპარება ამაში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხვდები, რა მოხდა, – უთხრა მასლოვმა ნოდარ ფირცხალავას, რომელიც გამოძიების დასრულებამდე უშიშროების ჯგუფში ჩარიცხეს.
– ამ საქმეს შურისძიების სუნი უდის, ამხანაგო პოლკოვნიკო, – უთხრა მასლოვს ნოდარმა, – საკმაოდ ჩახლართულია ყველაფერი.
– მაინც, რას ვარაუდობ?
– ჩემი აზრით, აქ ქალია გარეული. ნება მომეცით, ეჭვმიტანილთა სია გავაფართოვო და პიროვნებების შესწავლას შევუდგე.
– მიდი, – ნება დართო მასლოვმა ფირცხალავას.
ნოდარმა რამდენიმე ადამიანის დოსიე გამოითხოვა უშიშროების არქივიდან და მათი შესწავლა დაიწყო. ახალგაზრდა კაპიტანმა დაადგინა, რომ 28 წლის ვადიმ ტროშკინი თავზეხელაღებული მექალთანე იყო, ხოლო მისი ინტერესების სფეროში ყოველთვის მასზე უფროსი და ფულიანი ქალები ხვდებოდნენ. ტატიანა ბინდერი 40 წელს იყო მიღწეული. გარდა ამისა, ვადიმს ჰყავდა მეუღლე, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო. ვადიმის მეუღლე ოლგა ბურდენკო საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა გამომძიებლად.
მაქცია
– პეტრე მაკარიჩ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ტროშკინის მეუღლეა ჩარეული და მასზე თვალთვალი დავაწესოთ, – უთხრა ფირცხალავამ მასლოვს, როდესაც მან დოსიეების შესახებ მოკვლევა დაამთავრა.
– ხომ არ გადაირიე, კაპიტანო? – აღშფოთდა მასლოვი, – გენპროკურატურის უფროს გამომძიებელზე უსაფუძვლო თვალთვალს ვინ გაპატიებს?
– მე კი მეგონა, უშიშროება ყოვლისშემძლე იყო, – წააქეზა ფირცხალავამ მასლოვი, – მას კი, თურმე, ბოროტმოქმედის თვალთვალიც არ შეუძლია.
– რას როშავ, კაპიტანო, – გაცხარდა პოდპოლკოვნიკი, – ერთი არგუმენტი მაინც დამიდე და გარანტიას გაძლევ, ოლგა ბურდენკოზე 24-საათიან თვალთვალსა და მოსმენას დავაწესებ.
– არგუმენტებს კი არა, ფაქტებს დაგიდებთ, – უპასუხა ფირცხალავამ, – მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, თუ ბურდენკოს „კუდზე“ არ დავაჯექით, დანაშაულის კვალს წაშლის.
– ერთი არგუმენტი მაინც... – გაიმეორა მასლოვმა.
– ეს დოსიეებში არ წერია, მაგრამ დავადგინე, რომ ოლგა ბურდენკო და მერი ბოლქვაძის დედა – ნატაშა მალცევა, ძველი მეზობლები და თანაკლასელები არიან. შემდეგ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა და იცით, რის გამო წაიჩხუბნენ ბავშვობის დაქალები? – თქვა ნოდარმა.
– რის გამო?
– კოტე ბოლქვაძის გამო. თურმე ორივე გოგონა მასზე იყო შეყვარებული, კოტემ კი მალცევა აირჩია.
– ეგ კიდევ არაფერს ნიშნავს.
– გარდა ამისა, – განაგრძო ფირცხალავამ, – დავადგინე ისიც, რომ თბომავალ „მოსკვაზე“ გამართულ ზეიმში ოლგა ბურდენკოც მონაწილეობდა და სწორედ მან მოიპარა პალტო.
– ამას დამტკიცება უნდა.
– „აეროფლოტში“ მოთხოვნა გავაგზავნე და პასუხს წუთი-წუთზე ველოდები. მე მაინტერესებს იმ მგზავრთა სია, ვინც 13-15 იანვარს იფრინა მოსკოვიდან თბილისამდე და უკან.
– და შენ გგონია, რომ ბურდენკომ გააკეთა ეს? მაგრამ რა შუაშია შვილი, თუკი ოლგას შურისძიება უნდოდა, ის დედაზე იძიებდა შურს და არა შვილზე.
პოდპოლკოვნიკს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ფირცხალავას „აეროფლოტის“ პასუხი მოუტანეს.
– აი, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო. ხომ გეუბნებოდით, რომ ბურდენკო ამ საქმეშია გარეული – ოლგა 13 იანვარს ღამეს ჩაფრინდა თბილისში, ხოლო 14-ში, საღამოს კი, მოსკოვში დაბრუნდა, – ფირცხალავამ მასლოვს „აეროფლოტის“ სია მიაწოდა.
– ახლა უკვე მეც ვგრძნობ, რომ რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს, – თქვა მასლოვმა, – და თუმცა თვალთვალის იურიდიული საფუძველი არ გაგვაჩნია, ამ საქმეს საკუთარ თავზე ვიღებ.
ბურდენკოს თვალთვალი დაუწესეს და სამ დღეში დააპატიმრეს. ქალს სწორედ იმ დროს გადაუგრიხეს ხელები, როცა ტატიანა ბინდერის მოკვლას აპირებდა ჩაბნელებულ სადარბაზოში.
ბურდენკოს ტაბელური „მაკაროვის“ გარდა, მაყუჩიანი „ბერეტა“ და ერთი სავსე მჭიდი აღმოაჩნდა.
– „მაქცია“ მოვიყვანეთ, ამხანაგო პოლკოვნიკო, – ახარეს მასლოვს უშიშროების ოპერებმა და კაბინეტში ხელბორკილდადებული ოლგა ბურდენკო შეიყვანეს.
სიბერის სინდრომი
ერთ დროს მრისხანე ბურდენკო „კაგებეში“ ერთბაშად მოტყდა და ჯერ მერი ბოლქვაძეზე თავდასხმა აღიარა, შემდეგ ბინდერის მკვლელობის მცდელობა და ბოლოს კიდევ – ორი მკვლელობაც.
მასლოვი და ფირცხალავა უხმოდ უსმენდნენ ბურდენკოს, რომელმაც მათ უთხრა:
– ჩემი გარეწარი ქმარი იყო ჯერ მოსაკლავი, რადგან ის მდიდარ და ასაკოვან ქალებს ეარშიყებოდა, თუმცა მე ის ძალიან მიყვარდა და ყველაფერს ვპატიობდი. სამაგიეროდ, მის საყვარლებს ვაყრიდი შავ დღეს. 3 წლის წინ მე ჯერ ნონა ჟიროვა მოვკალი ხანჯლით, 6 თვის შემდეგ კი, ანა მარკოვაც მივაყოლე. ორივე ვადიმის საყვარლები იყვნენ და მას ფულითაც ამარაგებდნენ. მოკლულებს ორფუთიანი გირები გამოვაბი ფეხებზე და კრილატსკოეს არხში ჩავყარე. ბინდერის მოკვლა დიდი ხანია, მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. იქ, გემზე იმიტომ მივედი, რომ მომეკლა, მაგრამ ის მეძავი ქალი მთელი ღამის განმავლობაში მამაკაცთა გარემოცვაში იყო და ვერ მოვახერხე. სწორედ გემზე დამებადა იდეა, ერთი გასროლით ორი კურდღელი მომეკლა და ბინდერის პალტო მოვიპარე. შემდეგ ოსტატურად შევინიღბე და საცოდავ მერი ბოლქვაძეს გოგირდმჟავა შევასხი. ბავშვი უდანაშაულო იყო, მაგრამ დედამისს გადავუხადე სამაგიერო, რომელმაც კოტე წამართვა და ცხოვრება გამიმრუდა. მთელი ცხოვრება სიბერის მეშინოდა, ახალგაზრდებისკენ მივილტვოდი, ხოლო საბოლოოდ, ჩემი გარეწარი ქმრის მსხვერპლი გავხდი და ასეთ დღეში ჩავვარდი.
ოლგა ბურდენკოს ორი ადამიანის მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს პრიმა მუხლით და დახვრიტეს.
ცოლ-ქმარი ბინდერები საფრანგეთიდან გამოიძახეს და სამსახურიდან დაითხოვეს. მერი ბოლქვაძეს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს სახეზე, ხოლო ვადიმ ტროშკინი კი ოთხმოციანი წლების მიწურულს შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამჟამად ის ოცდახუთწლიან პატიმრობას იხდის ფლორიდის ციხეში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის.