„რეაქტიულმა ადამიანმა“ ახალი მონოფრთა გამოსცადა
თავგადასავლების მოყვარულმა, შვეიცარიელმა ივ როსიმ, ჰაერში ორი „მკვდარი მარყუჟი“ გააკეთა. ამჯერად „რეაქტიულმა ადამიანმა“ გამოსცადა მონოფრთა, რომლის სიგანე, გასაშლელი ნაილების გარეშე, 2 მეტრია. ეს აუმჯობესებს მოწყობილობის აეროდინამიკურ მაჩვენებელს. ამით ის უფრო მდგრადი გახდა, ვიდრე წინა მოდელი. ახალი მონოფრთა როსიმ შვეიცარიულ ფირმა RUAG-თან ერთად დაამუშავა.
ფრენა 5 ნოემბერს შვეიცარიის ცაში, ჟენევის ტბის რაიონში განხორციელდა და 18 წუთს გაგრძელდა. როსი საჰაერო ბურთის კალათიდან გადმოხტა, რომელიც 2 400 მეტრ სიმაღლეზე ეკიდა ჰაერში. გამომგონებელს ძრავების ამუშავებასთან დაკავშირებით მცირე სიძნელეები შეხვდა, მაგრამ იგი მაინც ძალიან ბედნიერია, რადგან ორი „მკვდარი მარყუჟის“ გაკეთება მაინც მოახერხა.
მონოფრთის წინა მოდელის პირველი გამოცდა 2004 წელს შედგა. ამ მოდელის წონა 44 კილოგრამი იყო, ფრთის სიგანე კი – 3 მეტრი. ავიატორი მაშინ გადმოხტა თვითმფრინავიდან, რომელიც 4 000 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა.
2008 წლის მაისში ივ როსიმ საცდელი ფრენა ალპებზე განახორციელა. მაშინ მფრინავმა ჰაერში 12 წუთი დაჰყო და საათში 360 კილომეტრი სიჩქარე განახორციელა. 2008 წელს მან წარმატებით გადალახა ლა-მანშის სრუტე, თუმცა 2009 წელს, ჰიბრალტარის სრუტის გადალახვისას, მარცხი განიცადა: როსი გეგმავდა, განეხორციელებინა ისტორიაში პირველი საკონტინენტთაშორისო გადაფრენა მაროკოდან ესპანეთში. ვარაუდობდა, რომ 13-15 წუთის განმავლობაში 38 კილომეტრს 220 კილომეტრ-საათი სიჩქარით გადაიფრენდა, მაგრამ, მანძილის ნახევრის გავლის შემდეგ, ჰიბრალტარის სრუტეში ჩავარდა, თუმცა არ დაშავებულა და ის მაშველმა ვერტმფრენმა აიყვანა ბორტზე.