ვინ აყარა ცხვირ-პირში ორმოცი ათასი დოლარი მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს
დუეტი „ჯორჯია“ ქართულ საესტრადო რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რომ არის, ამაზე, ალბათ, არავინ შემეკამათება, თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათზე უცხო ქვეყნებიდანაც სერიოზული მოთხოვნაა. სულ რამდენიმე დღის წინ მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფებოდნენ, სადაც ძალიან სერიოზული და მიმზიდველი წინადადება მიიღეს. თუმცა, როგორც თავად აღნიშნეს, წინადადება არც იმდენად მაცდური აღმოჩნდა, რომ საქართველოდან საცხოვრებლად ყაზახეთში გადასულიყვნენ.
რატი დურგლიშვილი: იმით დავიწყებ საუბარს, რომ ზარმა ყაზახეთიდან ძალიან გაგვახარა. საერთოდ, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად არის ზარები უცხო ქვეყნებიდან, სადაც კერძო საღამოებზე დავდივართ. რაც მთავარია, შუამავალი არ გვყავს ანუ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ჩვენს კონცერტებს გეგმავს. ერთადერთი, კიევში იყო, როდესაც ქართველებმა გააკეთეს კონცერტი და მიგვიწვიეს. იცი, რა მიხარია ყველაზე მეტად? თვითონ რომ გვპოულობენ. ის ქალი, რომელიც ყაზახეთიდან მაკას დაუკავშირდა, თურმე წელიწად-ნახევარი ცდილობდა ჩვენი კოორდინატების გაგებას. შემდეგ, ერთ-ერთი ცნობილი ვარსკვლავისთვის, ირინა დუბცოვასთვის უკითხავს ჩვენი ნომრები და, ერთი სიტყვით, დუბცოვამ დაგვაკავშირა. თვითონ იმ ფაქტმა, რომ ჩვენზე ამხელა მოთხოვნაა, ძალიან გამახარა.
მაკა ზამბახიძე: ჩავედით თუ არა, აეროპორტიდანვე დაიწყო ყვირილი: „დუეტ „ჯორჯია“! დუეტ „ჯორჯია“!..
რატი: უპოპულარულესები ვყოფილვართ, გავოგნდი. დედაქალაქში, ანუ ასტანაში, ყველა გვცნობს. ნამდვილად არ მეგონა, თუ ყაზახეთში ასე უყურებდნენ „იურმალას“ და თან ასე ვახსოვდით. კონცერტზე ისეთი ტაში დაგვიკრეს, ვერ აგიწერთ. რაც მთავარია, იქ ძალიან ბევრი რუსი ვარსკვლავი იყო, რომელთაც მსგავსი ტაში არ ჰქონიათ.
– ვინ იყვნენ იქ ჩამოსულები?
მაკა: ყველაზე ცნობილი მაინც ავრაამ რუსო იყო, ორბაკაიტეს ექსმეუღლე. საერთოდ, მან წაიყვანა ძირითადი პროგრამა, დაახლოებით თორმეტი სიმღერა იმღერა, ჩვენ – შვიდი. სიმღერები ჩვენ თვითონ შევარჩიეთ.
რატი: მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა ასზე მეტი პროცენტით შესრულდა, იყო ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ბიზნესკლასის ბილეთები თუ სხვა. უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული ყველაფერი. ჩვენ ვინც მიგვიწვია, ანუ კონკრეტულად ის ადამიანი, ვინც აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ძალიან ცნობილი პროდიუსერია. მან ჩაიყვანა უიტნი ჰიუსტონი ყაზახეთში, მისი ორგანიზებით მოხდა ეს.
მაკა: ყველა ძალიან ცნობილ ვარსკვლავს აქვს იქ კონცერტი ჩატარებული. უმაგრესი ქალაქია, გავგიჟდი, გეგონება, ყველაფერი სარკეებით არის აშენებული, ბზინავს და პრიალებს. არქიტექტურის შედევრებია, გვერდით გადახრილი შენობები და სხვა. ერთი პატარა შენობაც კი, ალბათ, რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა.
რატი: რომ ვიკითხეთ, მინიმალური ხელფასი რა აქვთ, როგორი პასუხი მივიღეთ იცი?! ყველაზე ღარიბებს სახელმწიფო ოთხას ევროს უხდის არაფერშიო, ანუ უმუშევრებს ასე ეხმარებიან.
– თვითონ ის ადამიანები ვინ იყვნენ, ვინც თქვენი ჩასვლა მოითხოვა?
– იქაური ოლიგარქი. საერთოდ, მგონი, იმ ქვეყანაში უამრავი მულტიმილიონერი ცხოვრობს. ქალაქშიც კი ოქროსკანტებიანი მანქანებით დადიან. იმ დახურულ საღამოზეც, სადაც ვიმღერეთ, ძალიან ბევრი ოლიგარქი იყო მოსული ახალგაზრდა, ულამაზეს, წვრილთვალება გოგოებთან ერთად (იცინიან). იმ ქალბატონმა კი, პროდიუსერმა, გვითხრა, რომ, შეიძლება, ყოველ მეორე დღეს არა, მაგრამ, თვეში რამდენჯერმე მოგიწვევთ, თუ თქვენი სურვილიც იქნებაო. სხვათა შორის, ყაზახეთში სამუშაოდ გადასვლაც შემოგვთავაზეს, ძალიან სერიოზული ჰონორარებით და იქაური მაგარი ფიარითა და „რასკრუტკით“, მაგრამ ამაზე დელიკატურად ვთქვით უარი. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვრო ასტანაში (იცინიან).
– სად იმღერეთ, სად იყო ეს საღამო?
მაკა: თვითონ ის ადგილი იყო საოცარი. თავიდან გვეგონა, რომ ვიღაცის სასახლეში ვიყავით – ბოძებითა და თაღებით, ოქროსფერსახელურიანი, გერბიანი სავარძლებით. ენით აუწერელი ამბავი იყო. ის კი არა, საპირფარეშოში შესასვლელად კარი რომ გავაღე, ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, ვიფიქრე, სხვაგან მოვხვდი-მეთქი. იქაც ისეთი ამბავი დამხვდა: სულ სარკეები, მარმარილო, ლომის და ვეფხვისთათებიანი სავარძლები... ყველაფერი ოქროსფრად ბრწყინავდა. ძალიან მაგარი იყო. სათითაოდ მოდიოდნენ და მადლობებს გვიხდიდნენ. ის ბიზნესმენი, რომლის მიერ ორგანიზებულ საღამოზეც ვიყავით, გვეუბნებოდა, ჩემი პირადი მოთხოვნით ხართ აქო. გვითხრა, რომ ძალიან მოვწონვართ. სასწაული მოხდა, „არგო“ რომ ვიმღერეთ, ნამდვილი ფურორი.
რატი: „არგო“ ცოტა სხვა სტილში გვაქვს გაკეთებული, თავისი დუდუკებით, შუაში ამბებით და „გასვლებით“. ამაზე, ვერ წარმოიდგენთ, რა დაემართათ, ცუდად გახდნენ. კულისებამდე გამოგვყვნენ ტაშით.
– ფულის ყრა არ იყო ჰაერში?
– არა, სხვათა შორის, ამ მხრივ ძალიან კულტურულად მოიქცნენ, კარგი მაყურებელი იყო. ისე, ფულის ყრას რაც შეეხება, ამ „დარგში“ ნამდვილად გაგვაოცეს სომხებმა. სევანის ტბაზე რაღაც საოცარ რესტორანში ვიყავით.
მაკა: იქ, უბრალოდ, სადილად დაგვპატიჟეს, პატივისცემის ნიშნად და ჩვენთვის მუსიკოსებიც მოიწვიეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვემღერა, ისე, მადლობის ნიშნად.
რატი: ისე გვაყარეს ფულები ცხვირ-პირში, მე და მაკა ერთმანეთს ვუყურებდით, მიკროფონები ხომ არ დავყაროთ და გავცვივდეთ აქედანო. არადა, იქ ასეთი პატივისცემა სცოდნიათ. მაგრამ, ვერავინ ეღირსება, რომ ფულები დაგვიყაროს, ჩვენ კი მივიდეთ და ავიღოთ. ერთმა კაცმა მინიმუმ ორმოცი ათასი დოლარი მაინც ააფრიალა, მთელი ხალიჩა მოიფინა.
მაკა: მერე მიმტანებმა დაიტაცეს (იცინიან). ჩვენ კი დავრჩით გაღიმებულები. დემონსტრაციულად მოხვეტეს. არადა, როგორია ორმოცი ათას დოლარზე უარის თქმა?!
რატი: ისე, ძალიან გავწვალდით გზაში. ორი დღე ჰაერში ვიყავით. ძალიან მინდა, აეროპორტის ხელმძღვანელობას ვთხოვო, რომ პირდაპირი რეისი დანიშნოს ასტანაში.
მაკა: მაგრამ, სამაგიეროდ, კარგად „მოვიწანწალეთ“ სტამბული. დილიდან საღამომდე მაღაზიებში დავდიოდით. თუკი რამე კაპიკი გაგვაჩნდა, მხოლოდ და მხოლოდ ტანსაცმელში გადავიხადეთ.
რატი: ძალიან დატვირთული თვე მოდის, ბევრი კონცერტი გველის აქაც. ცოტა ხანში ბაქოში მივდივართ, სადაც ნავთობკომპანიის დახურული საღამო იქნება. იგეგმება კონცერტი ერევანშიც.
სალომე გველესიანი