როგორ ემზადებიან “პრინცესები„ ევროპის დასაპყრობად
უკვე მესამე წელია, რაც „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველოც იღებს მონაწილეობას. გასული ორი წლის, კონკურსანტებმა – მარიამ რომელაშვილმა და ჯგუფმა „ბზიკებმა“, თავისი გამოსვლითა და შესრულების მანერით ევროპის მაყურებელს კარგად დაამახსოვრეს თავი და, საპრიზო ადგილების გარდა, მაყურებლის დიდი სიყვარულიც დაიმსახურეს. წელს „ევროვიზიის“ საბავშვო კონკურსისთვის საქართველოში კიდევ ერთი ჯგუფი, კერძოდ, „პრინცესები“ შეირჩა. ჯგუფის ექვსივე გოგონა გამოირჩევა როგორც მუსიკალური, ასევე ვოკალური და თეატრალური ნიჭით. ამ პატარა მომღერლებზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს „საბავშვო ევროვიზიის“ შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი, ქალბატონი თამარ სხვიტარიძე და სჯერა, როგორც გასულ წლებში, 2009 წელსაც საქართველოდან წარდგენილი „პრინცესები“ საპრიზო ადგილს აიღებენ.
თამარ სხვიტარიძე: უკვე მესამე წელია რაც საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსშია ჩართული. ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის კონკურსი, სადაც 18-მდე ქვეყანაა ჩაბმული და ყოველწლიურად თავიანთ საუკეთესო მომღერალ ბავშვებს უჩვენებენ ერთმანეთს. კონკურსის შედეგად კი ვლინდება საუკეთესო საუკეთესოთა შორის. წელს კონკურსი უკრაინაში ტარდება. ყოველ ქვეყანას შეაქვს განაცხადი, სად სურს ჩატარდეს ეს კონკურსი და შერჩევა შემდეგ ხდება.
– საქართველომ თუ შეიტანა განაცხადი და როდის იგეგმება ჩვენთან ევროპის „საბავშვო ევროვიზიის“ ჩატარება?
– სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ შეგვიტანია განაცხადი, რადგან, შექმნილი სიტუაციის გამო, გასული წლის ომს ვგულისხმობ, არ გვეკონკურსებოდა. თუმცა, როგორც ვიცი, „ბზიკების“ შარშანდელი გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტს გაუჩნდა სურვილი, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსი ჩვენთანაც ჩატარდეს. შესაძლოა, წელს განაცხადიც გაკეთდეს. როგორც ვიცი, სწორედ ამ მიზნით იგეგმება დიდი საკონცერტო დარბაზის აშენება, რომელიც 15 ათას მაყურებელზე მეტს დაიტევს და ეს, სავარაუდოდ, აჭარაში, კერძოდ, ბათუმში იქნება, თუმცა ჯერ დაზუსტებული არ არის. მაგრამ, ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ამის დიდი სურვილი არსებობს. მთავარია, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში.
– წელს ჩვენი ქვეყნიდან „ევროვიზიის“ საბავშვო კონკურსისთვის შეირჩა ჯგუფი „პრინცესები“. მათზე რას გვეტყვით? როგორ ემზადებიან პატარა, თანამედროვე „პრინცესები“ კონკურსისთვის?
– მერწმუნეთ, წელსაც ძალიან საინტერესო კონკურსანტები გვეყოლება. სხვათა შორის, ორი წლის წინ, როცა ამ კონკურსზე მარიამ რომელაშვილი გავიდა „ბასტი-ბუბუს“ ბავშვებთან ერთად პირველად ჩვენი ქვეყნის სახელით, ჩვენი სათქმელი იყო: „გამარჯობა, ევროპა!“ – ასე გაგვიცნო ევროპამ. ჰოლანდიაში ბევრმა გვკითხა, საიდან ხართ, რა ქვეყანაა საქართველოო. მაშინ მარიამმა მეოთხე ადგილი დაიკავა, საპრიზო ხუთეულში მოხვდა. ეს კარგი შედეგი იყო, თუმცა ბევრი პირველობას გვიწინასწარმეტყველებდა. შარშან კი ჯგუფმა „ბზიკებმა“ ნამდვილად გადარიეს ევროპელი მსმენელი. წელს ძალიან გაგვიჭირდა არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა ბავშვი ძლიერი აღმოჩნდა, ერთმანეთზე უკეთესი ნომრები ჰქონდათ. ჟიურიში უცხოელი სტუმრებიც გვყავდა და მათაც „პრინცესებზე“ შეაჩერეს არჩევანი. თქვეს, ეს ბავშვები ევროპისთვის საინტერესოები იქნებიანო. ასე რომ, ჟიურიმ არჩევანი ამ ბავშვებზე გააკეთა. ბავშვები მღერიან კლასიკას, ეს კი საინტერესო იქნება ევროპისთვის. ამით ბავშვები დაანახვებენ ყველას, როგორი კულტურის მქონე, ლამაზი, ნიჭიერი და მუსიკალური ერი ვართ.
– როგორც ვიცი, „პრინცესების“ ჯგუფის ექვსივე გოგონა, გარდა სიმღერისა, კარგად უკრავს და ცეკვავს და, ალბათ, ამანაც განაპირობა „ევროვიზიის“ კონკურსზე მათი წარდგენა?
– ნამდვილად ასეა. ჯგუფის წევრები არიან: ელენე მაყაშვილი, მარიამ ბოკერია, მარიამ გურგენიძე, ლიზა რამიშვილი, ლიზა ყენია და ანა ტყეშელაშვილი. მათი ასაკი 11-დან 14 წლამდეა. ლიზა რამიშვილი ჩელოზე უკრავს და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ პედაგოგები, ანა ბალერინაა და, ამბობენ მომავალი ნინო ანანიაშვილი გვეზრდება მისი სახითო, დანარჩენი ოთხი გოგონა კი კარგი ვოკალისტები არიან. ერთი სიტყვით, ექვსივე ბავშვი კარგადაა მომზადებული. ახლა ერთმანეთთან „შეწყობის“ პროცესში არიან – ხმის გარდა, ხასიათებსაც უწყობენ ერთმანეთს და, მგონი კარგი მეგობრები და დაქალებიც გახდნენ. ჯგუფი სულ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, მოსამზადებლადაც ცოტა დრო გვაქვს და ამიტომ, ორიენტირებული ვართ, რაც შეიძლება მაქსიმალური გავაკეთოთ და სათანადოდ მოვემზადოთ კონკურსისთვის ამ უმოკლეს დროში. ახლა კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ და უნდა ნახოთ, როგორი მონდომებულები არიან გოგონები. ამბობენ, ყველაფერს გავაკეთებთ ევროპის დასაპყრობადო. (იცინის).