გასტარბაიტერებმა თავიანთ სამშობლოში 325 მილიარდი დოლარი გაგზავნეს
გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მიგრანტები თავიანთ სამშობლოში კვლავ მნიშვნელოვან თანხებს რიცხავენ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010 წელს ფულადი გადარიცხვების საერთო ოდენობამ 325 მილიარდ დოლარს მიაღწია. ფულადი გადარიცხვების მიღების მხრივ, 2010 წელს ლიდერები არიან: ინდოეთი, ჩინეთი, მექსიკა, ფილიპინები და საფრანგეთი. პირველობას ინდოეთი ინარჩუნებს, სადაც გასტარბაიტერებმა 2010 წელს 55 მილიარდი დოლარი გადარიცხეს. ჩინეთი მეორე ადგილზე გავიდა 51 მილიარდით, მესამე კი მექსიკაა, რომელმაც უცხოეთში მომუშავე საკუთარი მოქალაქეებისგან 22,6 მილიარდი დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მომუშავე მიგრანტების რაოდენობით დღესდღეობით სწორედ მექსიკა ლიდერობს – უცხოეთში ამჟამად 11,9 მილიონი მექსიკელი მუშაობს. ინდოეთი სამსახურის პოვნის მიზნით წელს 11,4 მილიონმა ადამიანმა დატოვა. როგორც მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მოხსენებაშია აღნიშნული, გასტარბაიტერების მიერ გადარიცხული თანხების ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, შარშან მიგრანტებმა თავიანთ სამშობლოში 306,5 მილიარდი დოლარი გაგზავნეს, წელს კი – 325 მილიარდი. ვარაუდობენ, რომ 2012 წელს ფულადი გადარიცხვები 374 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.