მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი ფინანსური რეფორმირების იდეით გამოდის
მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი, რობერტ ზელიკი, ახალი ოქროს სტანდარტის შემოღების წინადადებით გამოდის, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ვალუტების კურსის დასადგენად ბაზრის ორიენტირი გახდება. გავლენიან ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშლ თაიმსში“ გამოქვეყნებულ წერილში მან ახალი – „ბრეტონ-ვუდის სისტემის“ ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელმაც თანამედროვე სავალუტო „მცოცავი კურსების“ სისტემა უნდა შეცვალოს. ცოტა ხნის წინ სეულში გამართულ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვერ მოხერხდა იმ წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემაში გლობალურმა კრიზისმა წარმოშვა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ერთმანეთს კვლავაც სავალუტო ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. ზელიკის თქმით, ფინანსურ ბაზარზე სტაბილურობის დაბრუნება მხოლოდ ბრეტონ-ვუდის მსგავსი სავალუტო ფიქსირებული კურსების სისტემის ჩამოყალიბების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომლის საფუძველიც სავალუტო კალათა უნდა გახდეს მსოფლიოს 5 წამყვანი ვალუტის შემადგენლობით: დოლარი, ევრო, იენი, გირვანქა სტერლინგი და იუანი. ამ სისტემამ საერთაშორისო სტანდარტად ოქრო უნდა გამოიყენოს.