რომელ ყაზახ მილიარდერს მიჰყიდა თავისი სასახლე დედოფალ ელიზაბეთ მეორის ვაჟმა პრინცმა ენდრიუმ და რა საჩუქარი მიიღო მან თავისი გერლფრენდისგან ომიდან დაბრუნების შემდეგ
მონარქიული წესდებით, იგი მეოთხე ადგილზეა დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა შორის (მას შემდეგ, რაც მის უფროს ძმას, პრინც ჩარლზს, ორი ვაჟიშვილი, პრინცები – უილიამი და ჰარი ეყოლა). უინძორების დინასტიის შთამომავალი და იორკის ჰერცოგი, დედოფალ ელიზაბეთ მეორის მეორე ვაჟიშვილი – პრინცი ენდრიუ, სამეფო ოჯახის ყველა წევრის მსგავსად, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მის შესახებ გავრცელებული თითოეული ცნობა საჯარო განხილვას ექვემდებარება ინგლისში. „თბილისელების“ ამ ნომერში პრინცის შესახებ გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.
* პრინცი ენდრიუ ბუკინგემის სასახლეში დაიბადა და მისი სრული სახელია – ენდრიუ ალბერტ კრისტიან ედვარდი, ხოლო ტიტული – მისი სამეფო უდიდებულესობა, იორკის ჰერცოგი, ინვერნესის გრაფი და კილაილიისკის ბარონი. პრინც ენდრიუს გორდონსტოუნის ვაჟთა სკოლა აქვს დამთავრებული, სადაც, თავის დროზე, მისი უფროსი ძმა – ჩარლზი და მამამისი – პრინცი ფილიპი სწავლობდნენ. 19 წლის ასაკში პრინცი მისი უდიდებულესობის სამსახურში ჩადგა და სამხედრო ვერტმფრენის სწავლის კურსები დაასრულა. მფრინავთა სკოლაში ენდრიუ საუკეთესო პილოტად ითვლებოდა. ენდრიუს ახალი დამთავრებული ჰქონდა ფრენის კურსები, როდესაც იგი ჯარში გაიწვიეს და სამხედრო ხომალდ „ინვიზიბლით“ ფოლკლენდის კუნძულებზე გააგზავნეს, სადაც ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობდა არგენტინასა და დიდ ბრიტანეთის შორის. ომიდან დაბრუნებული ენდრიუ ხშირად იგონებდა თავის დაღუპულ მეგობრებსა და კოლეგებს.
* ვერტმფრენის კურსებზე სწავლის პერიოდში, პრინც ენდრიუს რომანი ჰქონდა კინომსახიობ კუ სტარკთან, რომლის იმიჯი არ მიესადაგებოდა მონარქიული ოჯახის წესებს. სტარკს ერთადერთი მთავარი როლი ჰქონდა შესრულებული პორნოგრაფიულ ფილმში „წითელქუდა“ და ასევე, მეორეხარისხოვანი როლი მარკიზ დე სადის „ჟიუსტინას“ საკმაოდ გულახდილ ეკრანიზაციაში. ასევე მონაწილეობდა ის ლეგენდარული „ვარსკვლავების ომების“ პირველი ორი ეპიზოდის გადაღებაში. თუმცა, მოგვიანებით, ჯორჯ ლუკასმა თითქმის ყველა სცენა ამოჭრა ფილმიდან, სადაც კუ სტარკი ფიგურირებდა. კუ და ენდრიუ, პრინცის ფოლკლენდის კუნძულებიდან დაბრუნების შემდეგ, დაცილდნენ და საინტერესოა, რომ კუმ ომიდან დაბრუნებულ თავის ბოიფრენდს, სიყვარულის ნიშნად, საჩუქრად საკუთარი ქვედა საცვალი გაუგზავნა.
სკანდალურ სახელს ატარებდა პრინც ენდრიუს ქორწინება სარა ფერგიუსონთან. ისინი 1986 წელს შეუღლდნენ, ხოლო 1992 წლიდან, ფაქტობრივად, ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, მათ ოფიციალურად გააფორმეს განქორწინება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ენდრიუს არყოფნის პერიოდში, სარა დროს სხვადასხვა კატეგორიის მამაკაცებთან ატარებდა. მათ შორისაა ამერიკელი ნავთობმაგნატი, რომლის სახელიც არ გახმაურებულა. სულ ახლახან, სარასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. საქმე ისაა, რომ ენდრიუსთან, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ინვესტიციებისა და საერთაშორისო ვაჭრობის სპეცწარმომადგენლის თანამდებობა უკავია, შეხვედრის ორგანიზების სანაცვლოდ, ბიზნესმენად გასაღებულ მავან ჟურნალისტს მან გამოსძალა 40 ათასი დოლარი ნაღდ ფულად და 700 ათასი დოლარი – საბანკო ანგარიშზე. სამეფო ოჯახმა ამ სკანდალთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც სარა ფერგიუსონთან ყოველგვარი კონტაქტის არსებობა უარყვეს და ფინანსური მაქინაციის მთელი პასუხისმგებლობა ექს-რძალს დააკისრეს.
* პრინცი ენდრიუ საკუთარი ავტომობილით – „რეინჯ როვერით” პოლიციელს დაეჯახა და ავარიის ადგილი ისე დატოვა, არც დაინტერესებულა დაზარალებულის მდგომარეობით. ინციდენტი სამეფო ოჯახის ლონდონურ რეზიდენციასთან მოხდა. პრინცის გზაზე ორი იაპონელი ტურისტი აღმოჩნდა, რომელთა გზიდან გაყვანა პოლიციელმა მოასწრო. პოლიციელის სახელი არ ხმაურდება. თუმცა, თვითონ დაშავდა, ავტომობილის დარტყმის შედეგად, მას ხელი დაუზიანდა. ცნობილია, რომ პრინცი ავტომობილით სწრაფი სიარულის მოყვარულია. ამის გამო, ის არაერთხელ დაუჯარიმებიათ. ენდრიუს ავტოპარკში „რეინჯ როვერის“ გარდა „ბენტლი“ და სპორტული „ასტონ მარტინია“. ავარიის გამო, პრინცი არავის დაუკავებია, და არც მოწმეები დაუკითხავთ. თუმცა, სკოტლანდ იარდში აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.
* პრინცი ენდრიუ, ერთ მშვენიერ დილას, დაუპატიჟებლად ეწვია სკანდალურ კორტნი ლავს, „ნირვანას“ სოლისტის კურტ კობეინის ქვრივს. მოულოდნელი სტუმრით გაოგნებული კორტნი, ახალგაღვიძებული, ხალათსა და სახლის ჩუსტებში დახვდა პრინცს. ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, ენდრიუ 45 წუთი გაჩერდა კორტნისთან სახლში და ოფიციალურად ცნობილია, რომ ენდრიუ საკუთარი წვეულებისთვის „გოგონებს“ აგროვებდა. სწორედ ამ მიზნით ეწვია იგი ეპატაჟურ კორტნის. მოგვიანებით, კორტნიმ განაცხადა, რომ პრინცის ვიზიტის მიზანი მისთვის გაუგებარი დარჩა.
* პრინცი ენდრიუ კერძო წვეულებების ხშირი სტუმარია და ცნობილია, რომ იგი მეფური გართობის ყველაზე დიდი მოყვარულია ბრიტანეთში. თავისი 50 წლის იუბილეც კი, პრინცმა მეფური გაქანებით გადაიხადა. წვეულებას, რომლის პირველი ნაწილი სენტ-ჯეიმსის სასახლეში ჩატარდა, სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად, უამრავი სელებრითი ესწრებოდა. მათ შორის „ყაზახ ქსენია სობჩაკად” წოდებული – ლონდონში მცხოვრები, გოგა აშკენაზი. პრინცის ინტიმურ კავშირზე საუბრობენ ბრიტანეთში. საღამოს ესწრებოდნენ ოლიგარქი ვლადისლავ დორონინი მეუღლესთან, ნაომი კემპბელთან ერთად და ენდრიუს ქალიშვილები – ბეატრისი და ევგენია, რომელთა სტუმრობა ენდრიუს ყველაზე მეტად გაუხარდა. სასახლეში სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი დელიკატესებით უმასპინძლდებოდნენ, ხოლო გართობაზე პასუხისმგებელი ლონდონის ცირკის აკრობატები იყვნენ. სასახლიდან სტუმრებმა ერთ-ერთ ღამის კლუბში გადაინაცვლეს, სადაც ღამის სამ საათამდე ერთობოდნენ.
* 2007 წელს პრინცმა ენდრიუმ საკუთარ ბალანსზე არსებული სახლი, მიწის ფართობით – სანინგ-ჰილ პარკი 15 მილიონ გირვანქა-სტერლინგად ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს, მილიარდერ ტიმურ კულიბაევს მიჰყიდა. ამბობდნენ, რომ პრინცმა ობიექტი თვითღირებულებაზე ორჯერ მეტად გაყიდა, თუმცა, ოფიციალურად ეს ფაქტი არ დადასტურებულა. საინტერესოა, რომ ტიმურ კულიბაევს უკანონო შვილი ჰყავს გოგა აშკენაზთან, რომელიც პრინცი ენდრიუს ამჟამინდელი გერლფრენდია.
* პრინცი გოლფის თამაშის დიდი მოყვარულია. სხვადასხვა დროს იგი სენტ ენდრიუსის გოლფის სამეფო კლუბის კაპიტანი და ასევე, სხვა გოლფის კლუბების საპატიო წევრი იყო. ბოლო პერიოდში პრინცი იხვებზე ნადირობამ გაიტაცა და ამის გამო, იგი ყაზახეთის ხშირი სტუმარია, სადაც თავის პირად მეგობარ ნურსულთან ნაზარბაევთან ერთად ნადირობს. გოლფის და ნადირობის გარდა, პრინცი ენდრიუ ფეხბურთითაც არის გატაცებული. მისი უსაყვარლესი საფეხბურთო კლუბია „ნორვიჩ სითი”, გუნდი, რომელიც საშუალო გაქანების კლუბად ითვლება ინგლისურ ფეხბურთში.
* ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი კევინ კოსტნერი ბრიტანელ პრინც ენდრიუს თავის მორიგ ფილმში მთავარი როლის შესრულებას სთავაზობდა. სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირის თქმით, პრინცი დაინტერესებული იყო კოსტნერის შემოთავაზებით და სერიოზულად განიხილავდა პროექტს. კოსტნერი გეგმავდა პრინცი სათავგადასავლო ფილმში მიეწვია, სადაც რობინ ჰუდის ტიპის პერსონაჟი უნდა განესახიერებინა. უცნობია მიზეზი, მაგრამ ფილმის გადაღება უვადოდ გადაიდო, ხოლო კოსტნერი სხვა პროექტებზე გადაერთო.