რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: იქნებ ამიხსნათ, რომელი „ჯიპია“ უკეთესი ავტომობილია – „მიცუბიში პაჯერო“ თუ „მერსედეს ემელი“?
პასუხი: ამ კითხვაზე პასუხი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, გამომდინარე იქიდან, თუ რაზე გვაქვს მოთხოვნა, რისთვის გვჭირდება ეს მანქანა. თუ მას ჩვენ მხოლოდ „ჯიპის“ დატვირთვით ვამუშავებთ, ანუ იმ მიზნებისთვის გვჭირდება, რასაც „ჯიპი“ ემსახურება, მაშინ, რა თქმა უნდა, „პაჯერო“ ჯობია – მას უკეთესი გამავლობა, უფრო გრძელი და მუშა ბაზა აქვს და უგზოობის პირობებში უკეთ მუშაობს. თუ უმეტესწილად მაინც ქალაქში და ტრასებზე ვმოძრაობთ, გაფუჭებულ გზაზე იშვიათად გვიწევს გადასვლა და თან გვინდა, რომ ჩვენი ავტომობილი უფრო წარმომადგენლობითი იყოს, ანუ ავტომობილის პრესტიჟულობასაც აქვს მნიშვნელობა, მაშინ, რა თქმა უნდა „ემელის“ შეძენას გირჩევთ, რადგან ის სწრაფად მანევრირებს და ტრასაზეც თავს უკეთ გრძნობს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ნივა“ და მინდა, რომ მისი ძრავა გავაძლიერო. მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია ეს, ვინ შეძლებს ამის გაკეთებას და რა დაჯდება?
პასუხი: საერთოდ, ნებისმიერი ტიპის ძრავას გაძლიერება შეიძლება და, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, „ნივისაც“, მაგრამ ეს ძალიან რთულ და ზუსტ სამუშაოებთან არის დაკავშირებული – ძრავა ძალიან სიღრმისეულ დეტალებში შეღწევას და მაღალტექნოლოგიურად დამუშავებას ითხოვს. ძალიან ბევრი ნიუანსია ასევე, რაც ხელით სკურპულოზურ გადაკეთებას საჭიროებს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ხელოსნის პროფესიონალიზმთან ერთად ეს საკმაოდ დიდ თანხასაც მოითხოვს. გარდა ამისა, საქართველოში რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ამ საქმის ზუსტად გაკეთება შეუძლია. ასეთები არსებობენ, მაგრამ ისინი უკვე სხვა საქმით არიან დაკავებული. ძრავას გაძლიერება იმაზე ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე თვითონ „ნივა“ ღირს, რადგან, იმისთვის, რომ ხელოსანმა მინიმალური სამუშაოები შეასრულოს, ერთი თვე მაინც უნდა დაკარგოს. რა თქმა უნდა, ის რაღაც დონემდე გაძლიერდება, მაგალითად, თუ „ნივას“ აქვს 81 ცხენის ძალა, მას დაახლოებით 140 ცხენის ძალამდე აიყვანენ. მაქსიმალური სიმძლავრე, რაც „ჟიგულის“, „ლადას“ ტიპის ძრავებიდან არის ამოღებული, (ისიც საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც მათ სპორტში იყენებდნენ, ანუ ფორმულებში იდო), 160 ცხენის ძალაა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ კალიბრა“, რომელსაც ეგრეთ წოდებული „თხუთმეტიანი“ დისკები ეყენა. ის „თვრამეტიანი“ დისკებით შევცვალე. რამდენიმე დამუხრუჭების შემდეგ მუხრუჭი საერთოდ აღარ იჭერს. შესაძლებელია, რომ ამას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეს?
პასუხი: რა თქმა უნდა, საბურავები და სამუხრუჭე სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც გაცილებით დიდი ზომის დისკებს ვაყენებთ, უნდა შეიცვალოს სამუხრუჭე სისტემაც, რისთვისაც გაცილებით დიდი ზომის სამუხრუჭე დისკებიც გვჭირდება და ბევრად უკეთესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებიც, ანუ, ყველაფერი უფრო დიდი ზომისაც უნდა იყოს და უფრო ხარისხიანიც. იოლად რომ აღიქვათ, რა განსხვავებას იღებს საბურავი ამ დროს, წარმოიდგინეთ თაგვი, რომელიც თავისი ზომის შუშის წრეში ტრიალებს: საითაც დაიწყებს ის ხტუნვას, იქით წავა წრეც და, თან, იოლად დატრიალდება. ახლა წარმოიდგინეთ, თაგვს თავისზე მინიმუმ სამჯერ დიდი წრის ტრიალი რომ დაავალოთ, რომელიც დიდიც არის და მძიმეც. ანუ, თუ მუხრუჭს გარკვეული ძალა სჭირდებოდა საბურავის გასაჩერებლად, ახლა ის მას გაჭირვებით მოერევა. თქვენი პრობლემაც აქედან გამომდინარეობს.