რა არის საჭირო ზამთრის პირობებისთვის ავტომობილის მოსამზადებლად
მოახლოებულ ზამთართან და უკვე დაწყებულ სიცივეებთან ერთად, ყველა მძღოლი გადაერთო ავტომობილის მომზადებაზე: ვინ ზეთს ცვლის, ვინ – აკუმულატორს. რა არის საჭირო ავტომობილის ზამთრისთვის მოსამზადებლად, ამაზე საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე გვესაუბრება: ჩვენი ძირითადი პრობლემა, ჩვენი ხასიათიდან და მენტალიტეტიდან გამომდინარე, ისაა, რომ, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგებით, რომ რაღაც მოსაგვარებელია მანამდე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. ზუსტად არც ის ვიცით, თუ რა არის საჭირო ავტომობილის ზამთრის პირობებზე გადასაყვანად. მცდარი შეხედულება – „ჩემს ავტომობილს არაფერი სჭირს და რა აქვს მოსამზადებელი?!“. სინამდვილეში ასე არ არის. უკვე დროა ზამთრისთვის მოვემზადოთ და ჩვენს ავტომობილს „რეინსტალაცია“ გავუკეთოთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, შევამოწმოთ საბურავები და ვნახოთ, გამოდგება თუ არა ის ზამთრის პირობებისთვის, ანუ, თუ გვაქვს იმის საშუალება, რომ ზამთარში კონკრეტულად ზამთრის საბურავები დავაყენოთ, საუკეთესო ვარიანტია. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, უნდა ნახოთ, თქვენი საბურავის ფენა მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ხომ არ ჩავიდა. ასეთი საბურავებით კი, ქალაქში უამრავი მანქანა დადის, ანუ საბურავი არ უნდა დავიდეს იმ დონემდე, რომ ის გაუხეშდეს, მაშინ ის ზამთრისთვის საერთოდ არ გამოდგება. ზამთრის პერიოდში კარგია საბურავი, რომელსაც მეტი რეზინი აქვს, რადგან ის კარგად მუშაობს როგორც თოვლში, ასევე ყინულზე. მეორე – უკვე დროა, შევამოწმოთ, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ავტომობილის გამაგრილებელი სისტემა, გვისხია თუ არა ანტიფრიზი, რა კოეფიციენტი აქვს მას შემორჩენილი, ესე იგი, ვარგა თუ არა მას შემდეგ, რაც ზაფხულის სიცხეს გაუძლო და წყალი არ აადუღა, იმუშავებს თუ არა. გადაამოწმეთ, მუშაობს თუ არა ღუმელი. თუ არა, მაშინ სასწრაფოდ შეაკეთეთ, რადგან ზამთრის პერიოდში ყველა ერთდროულად დაიწყებს ამ ყველაფრის გაკეთებას და ხელოსნებთან მისულს რიგში ჩადგომა მოგიწევთ.
– რა მოხდა, თუ ღუმელი არ მუშაობს, მაქსიმუმ, შეგვცივდეს, სხვა ხომ არაფერი?
– ყველა, ვისაც რეალურად არ გამოუცდია ღუმლის მუშაობის მნიშვნელობა, ასე ფიქრობს. ეს დამოკიდებულება არასწორია. ვთქვათ, ის არ მუშაობს, დილით ჩამოხვედით და საქარე მინა გაყინული დაგხვდათ, რაც ძალიან ხშირად ხდება. თან, გაგვიანდებათ. იწვალეთ და, როგორც შეგეძლოთ, მინა გაფხიკეთ. მაგრამ, როგორც დაიძვრებით ის ისევ ხელახლა დაიბურება, რაც, კი არ გაანახევრებს, თითქმის შეუძლებელს გახდის რამის დანახვას. ამ დროს ჩვენ გაჩერება აღარ გვინდა, ვწევთ ფანჯარას და პატარა ჭუჭრუტანას ვეძებთ, რომ, იქნებ, ცოტათი მაინც დავინახოთ გზა. საბოლოო ჯამში კი, სანამ რაღაცას ან ვიღაცას დავინახავთ, ამ ყველაფერმა, შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევაც კი გამოიწვიოს, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრება ვინანებთ. ამიტომ, ჯობია, ეს ელემენტარული გაუმართაობაც კი, ახლავე აღმოვფხვრათ. ასევე, საჭიროა, იმ ავზში, სადაც შუშის საწმენდი წყალი ასხია, ჩავასხათ სპეციალური, გაყინვის საწინააღმდეგო სითხე. ჯერ ერთი, თვითონ წყალი არ გაიყინება და, მეორე, სულ რომ გაყინული იყოს შუშა, თუ მას ასეთ წყალს შევასხამთ, ის ყინულს ძალიან მალე დაადნობს. დამიჯერეთ, ეს ისეთი ნიუანსებია, რომელიც ზამთარში მანქანის მართვისას ძალიან დიდ კომფორტს შეგიქმნით.
ზაფხულში, შესაძლოა, დაგვიზიანდა თერმოსტატი, ეს ხშირად მოსდის ძველ ავტომობილებს. ხშირად ხელოსნები, თუ ავტომობილი წყალს აცხელებდა, თერმოსტატს იღებენ და აგდებენ. შედეგად, იმ წუთში გაგრილების სისტემა თითქოს უკეთ იმუშავებს, ყოველ შემთხვევაში, წყალს არ აადუღებს, მაგრამ ზამთარში თუ ეს უკვე აუცილებელი დეტალი არ გვიყენია, ჯერ ერთი, ჩვენი ავტომობილი გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს და ძრავა საერთოდ არ გათბება, ამასთან, სალონშიც ვერ გავთბებით. ზოგადად, ზამთრის პერიოდში, ნებისმიერი სახის სერვისი ჭირს, ამიტომ, გირჩევთ, ახლავე მიხედოთ სულ მცირე გაუმართაობებსაც კი, და არ გადადოთ ის მომავლისთვის. როდესაც ცივა, ხელოსნებსაც ეზარებათ მუშაობა და ისინი ამა თუ იმ დაზიანებას ზედაპირულად აკეთებენ. გაუკეთეთ ეგრეთ წოდებული „ჩეკი“.
– ზამთრის საბურავები ახსენე, ანუ, როგორი საბურავები უნდა შევიძინოთ?
– ზამთრის საბურავებს აწერია „ვინთერ“ ან ახატია ფიფქი. შეგვიძლია, შერეული ტიპის საბურავებიც დავაყენოთ, რომლებიც გადასარევად არც ზამთარში მუშაობს და არც ზაფხულში, მაგრამ, ასე თუ ისე, ნორმალურია. ასეთ საბურავს ეწერება „პლუს S“. საბურავის შეძენისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მის ასაკს – არაფრად აღარ ვარგა საბურავი, თუ ის ხუთი წლისაა, თუნდაც ის იდეალურ პირობებში შეენახათ. საბურავის ასაკის დადგენა იოლად შეგიძლიათ: მის ერთ რომელიმე მხარეს ოვალური ფორმის შტამპია, დაახლოებით ერთი სანტიმეტრი სიგანის და ოთხი სანტიმეტრი სიგრძის, სადაც ოთხი რიცხვი წერია: პირველი ორი რიცხვი აღნიშნავს კვირას, რომელშიც ის გამოუშვეს, მეორე ორი რიცხვი კი – წელს. თუ, ვთქვათ, საბურავს აწერია 3203, ეს ნიშნავს, რომ ის 2003 წლის 32-ე კვირას გამოუშვეს და პრაქტიკულად აღარ ვარგა. საბურავის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ დეტალს.