ტიხონოვი და ტიტოვი ამხილეს
რუსეთის ნაკრების ორი ფეხბურთელი – ანდრეი ტიხონოვი და ეგორ ტიტოვი ყაზახმა ჟურნალისტებმა ფსონების დადებაში ამხილეს. როგორც წესი, ფეხბურთელებს ტოტალიზატორებში თამაში ეკრძალებათ და ისინიც მაქსიმალურად ერიდებიან ასეთ დაწესებულებებში გამოჩენას. ამის მიუხედავად, ტიტოვმა და ტიხონოვმა, რომლებიც ასტანას „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავენ, ტოტალიზატორში რამდენჯერმე შეისეირნეს და საკმაოდ სოლიდური თანხებიც მოიგეს.
„ისინი ძირითადად რუსული პრემიერლიგის მატჩებზე აკეთებდნენ ფსონს და ეჭვი გვაქვს, რომ მათ შედეგები იცოდნენ. ეს ფეხბურთელები წლების განმავლობაში რუსეთში თამაშობდნენ, გამორჩეული მოთამაშეებიც იყვნენ და კარგად იციან, რა და როგორ ხდება იქ. ბოლოს, როცა მათ 250 ათასი დოლარის დადება გადაწყვიტეს და თან, არა რომელიმე გუნდის მოგებაზე ან წაგებაზე, არამედ პირდაპირ შედეგზე, უარი ვუთხარით. ის მატჩი მართლაც ისეთი ანგარიშით დასრულდა, ისინი ვარაუდობდნენ და ფსონი რომ მიგვეღო, მინიმუმ, მისი გაოთხმაგება მოგვიწევდა“, – ამბობენ ტოტალიზატორების მეპატრონეები.
თავად ფეხბურთელებმა კი, მშვიდად განაცხადეს, ჩვენ უბრალოდ შედეგებს ვიცნობდით და ის, რომ ყველაფერი წინასწარ ვიცოდით, უნდა დაგვიმტკიცოთო. ამის დამტკიცება კი, ძალიან ძნელია.