გაციების, სურდოს, ხველებისა და ყელის ტკივილის დროს მცენარეული ნახარშები გამოიყენეთ
მცენარეებით დამზადებული აბები, მიქსტურები და ეთეროვანი ზეთები ბევრად უკეთესად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ვიდრე სინთეტიკური პრეპარატები. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მცენარეებით მკურნალობა ექიმი-ფიტოთერაპევტის კონსულტაციით უნდა დაიწყოთ. განსაკუთრებით საჭიროა ასეთი კონსულტაცია ალერგიული, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამკურნალო მცენარეებით მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია წამლის დოზაზე.
ფიტოთერაპიას კარგად ემორჩილება გაციება, კერძოდ, სურდო, ხველა, ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა. სურდოს შველის სალბისა და ბაღის პიტნის ინჰალაცია. ცხვირში ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი გვირილის ყვავილის ან ფიჭვის წიწვის ნაყენი, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას და ადვილად ჩააქრობს ანთებას.
ყელის ტკივილს შველის გვირილის, ვარდის, მრავალძარღვას, მოცვის ნაყენის ან გულყვითელას ნახარშის პირის ღრუში გამოვლება.
მშრალი ხველების დროს კარგია ტუხტის ნაყენი, ხოლო ვირისტერფას და მრავალძარღვას ნახარში კი, ხველას შეგიმსუბუქებთ და ნახველისგან გაგათავისუფლებთ.
ძირტკბილას ფესვების ნაყენი არბილებს ლორწოს და სწრაფად ასუფთავებს ბრონქებს. ამგვარი ეფექტით ხასიათდება, ასევე, ანისულისა და კვლიავის თესლის ნაყენი.
სველი ხველების დროს, კარგია და ეფექტური – ევკალიპტის, პიტნისა და კამის ეთერზეთების ინჰალაცია. ოღონდ, ბავშვებისთვის ის არ არის სასურველი.
მაღალი ტემპერატურის დროს დალიეთ ცაცხვისა და გვირილის ყვავილის, ასევე ჟოლოს ფოთლებისა და ნაყოფის, შტოშის ან დიდგულას ნაყენი. კარგი იქნება, თუ დღეში ორ ლიტრამდე ასეთ ნაყენს მიიღებთ. ტემპერატურის დასაწევი ეფექტურობით გამოირჩევა, აგრეთვე, ტირიფის ქერქის ნაყენი, რომელიც ბუნებრივ ასპირინს შეიცავს.
დღეს ბევრი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ბალახებით მკურნალობას და არცთუ ისე უსაფუძვლოდ. ამით საკუთარი ორგანიზმის უსაფრთხოებას ერთიორად ზრდიან.