ექიმის რჩევები
კითხვა: 60 წლის ქალი ვარ. საშინლად მტკივა მუხლები. დამისვეს მუხლის სახსრების ართროზის დიაგნოზი. არანაირი აბები და ნემსები არ მშველის. ხომ არ არსებობს ამ დაავადების მკურნალობის ახლებური მეთოდი, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება?
პასუხი: დღეისთვის მუხლის სახსრების მკურნალობის ორი ალტერნატიული მეთოდი არსებობს. ერთი მათგანი კონსერვატიული და სახსარში სინოვიალური სითხის შემცვლელის შეყვანას გულისხმობს. ეს შემცვლელები აუმჯობესებს ხრტილის კვებას და ამუხრუჭებს ხელოვნური სახსრის ჩადგმის აუცილებლობას. ოპერაცია რადიკალური მეთოდია. ის უფრო ეფექტურია, თანაც, ხანგრძლივი პერსპექტივით, მაგრამ ამისთვის ქირურგის მაღალი კვალიფიკაციაა საჭირო, თანაც, ენდოპროთეზიც საკმაოდ ძვირია.
კითხვა: ვარ 10 კვირის ორსული. ორი კვირის წინ ექოსკოპიაზე მითხრეს, რომ მქონდა აშრევება, ზომით 11X5 მილიმეტრი. ვიმკურნალე დიუფასტონით, B6-ით, E ვიტამინით, კალციუმის გლუკონატით, ასკორუტინით. მაინტერესებს, საშიშია თუ არა ჩემი მდგომარეობა? პირველი ორსულობა მესამე თვეზე შემიწყდა, მეორე ორსულობისას წოლითი რეჟიმი მქონდა დანიშნული. ამჟამად წოლა არ დაუნიშნავთ. თავს კარგად ვგრძნობ. წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი: ასეთ მდგომარეობაში ორსულობის მიმდინარეობას განუწყვეტლივ უნდა აკონტროლებდეს გინეკოლოგი. გჭირდებათ თუ არა წოლითი რეჟიმი, ამას თქვენი ექიმი გადაწყვეტს, ჩვენ კი გირჩევთ, თავი შეიკავოთ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და მკვეთრი მოძრაობებისგან, ხოლო, თუ საშოდან ვარდისფერ გამონადენს შეამჩნევთ ან წელისა და მუცლის ტკივილი შეგაწუხებთ, დაუყოვნებლივ ეჩვენეთ ექიმს.
კითხვა: ვარ 22 წლის. ნახევარი წელია, გავთხოვდი. მანამდეც და ახლაც მაქვს ჭარბი მენსტრუაცია. ვბადებდი რამდენიმე დიდი ზომის კოლტს. გათხოვების შემდეგ ამას ტკივილებიც დაერთო, რასაც გათხოვებამდე არასდროს შევუწუხებივარ. ციკლი მეწყება ვადაზე გაცილებით ადრე. ერთი წელია, დამეწია ჰემოგლობინი – 60, ედს 35 მქონდა, პრეპარატებით თერაპიის შემდეგ 15-მდე დაიწია, ჰემოგლობინი კი არ მატულობს. არ ვორსულდები. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, ვის მივმართო?
პასუხი: ნუ დაკარგავთ დროს და დაუყოვნებლივ მიმართეთ გამოცდილ გინეკოლოგს. თქვენი მონათხრობის მიხედვით, საშვილოსნოს რომელიღაც პათოლოგია უნდა გქონდეთ. საინტერესოა, რა წამლებით მკურნალობდით ან ვინ დაგინიშნათ. თუ დროულად არ დაიწყებთ სწორ მკურნალობას, შეიძლება გართულებებმა იჩინოს თავი.
კითხვა: მყავს 7 წლის გოგონა. 4 თვეა, ყოველ დილით აწუხებს გულისრევის შეგრძნება და მუცლის ტკივილი. მადა სულ დაკარგა, კუჭის მოქმედება ნორმალური აქვს. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ორჯერ გავუკეთეთ ანალიზი, მაგრამ ჭიები არ აღმოაჩნდა. გთხოვთ, მიპასუხოთ, რა შეიძლება იყოს ბავშვის ასეთი მდგომარეობის მიზეზი და რით ვუმკურნალო?
პასუხი: ბავშვებში საკმაოდაა გახშირებული სანაღვლე გზების დისკინეზია. ამ დაავადებას ნევროზული ფონი უდევს საფუძვლად. ამ დროს ირღვევა ნაღვლის გადადენა სანაღვლე გზებიდან ნაწლავებში, რაც დისპეფსიურ მოვლენებს იწვევს. სავარაუდოდ, თქვენს გოგონას სწორედ დისკინეზია უნდა ჰქონდეს. დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს.
კითხვა: მსხვილი ნაწლავის რომელი დაავადებების დროს იმატებს როე და რომელი დაავადებების დროს რჩება ნორმალური?
პასუხი: ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს), მსხვილი ნაწლავის ისეთ პათოლოგიათა დროს იმატებს, როგორიც არის წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, მსხვილი ნაწლავის კიბო და ტუბერკულოზი, ხოლო არაწყლულოვანი კოლიტისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ედს, ჩვეულებრივ, ნორმაში რჩება.