კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ წელიწადში იწყება ცოლქმრული კრიზისის პერიოდი და რატომ არ შეიძლება მხოლოდ ურთიერთლტოლვის საფუძველზე ოჯახის შექმნა








„ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო“, – ასე უბრძანებია უხსოვარ დროში ბრძენ ქართველს. თანაც, ჭაპანის გამწევთა სულ რომ დახოცონ ერთმანეთი, „ასტამიც რომ უხეთქონ თავსა“, მაინც არ უნდა ჩაერიო და „უდრტვინველის ღიმილითა და იობის მოთმინებით“ ელოდო, როდის შერიგდებიან... იმაზე, თუ რა არის ოჯახის სიმყარისთვის მთავარი ქვაკუთხედი, როგორ ვისწავლოთ ჯანსაღი კომპრომისი და უფრო მარტივად შევხედოთ წვრილმან უსიამოვნებებს, ფსიქოლოგ ანა ჩანგაშვილს ვესაუბრეთ.



– ქალბატონო ანა, რა არის ოჯახის სიმყარის მთავარი ქვაკუთხედი?

– საერთოდ, ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი ერთობა, სამყაროს დაახლოებით მაინც მსგავსი აღქმა. აუცილებელი არ არის, მეუღლეები ერთ სფეროში მუშაობდნენ. პროფესიულ ერთობაზე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებათა სისტემის იდენტობაა. თუ ქმარს ზედმეტად მატერიალისტური მიდგომა აქვს ცხოვრებისადმი, ცოლი კი უფრო რომანტიკულია, ოჯახურ სიმყუდროვეს აფასებს და სხვა, მათი ერთად ყოფნა გაძნელდება. ზოგჯერ ადამიანების შეკავშირებას ქორწინების უღლით მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა უდევს საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში მეუღლეები ურთიერთობის რესურსებს მალე ამოწურავენ ხოლმე. ფიზიკური სიახლოვის მძაფრი სურვილი, როგორც წესი, მხოლოდ 3 წელიწადს ძლებს და, თუ ამ ურთიერთობას სხვა რამ არ ახლავს, უეჭველად განქორწინებით დამთავრდება.

ძალიან მნიშვნელოვანია გაჭირვებისას თანადგომაც. უამრავ ნარკომანთან მიმუშავია, რომლებიც ცოლებმა მაშინვე მიატოვეს და გუნებაშიც არ გაუვლიათ, გვერდში დადგომოდნენ. არადა, მეუღლისგან მიღებული მიტევება, თანადგომა, თანალმობა მათ რეაბილიტაციას ბევრად გააადვილებს.

თუმცა, ზოგჯერ მეუღლეებს იმდენად განსხვავებული პროფესიები აქვთ, ეს უკვე ავტომატურად ხდება კონფლიქტის წყარო. ზოგჯერ არ მოსწონთ ერთმანეთის საქმიანობა, ხდება ისეც, რომ ორივე ლიდერია ბუნებით და უფლება-მოვალეობათა გადანაწილება ვერ ხერხდება. როცა ერთი მეუღლე ნაკლებად აქტიურია, მაშინ ძალთა ბალანსიც სტანდარტულია და სიტუაციაც.

– მაინც, რატომ ვერ თავსდება ერთ ჭერქვეშ ბუნებით ლიდერი ორი ადამიანი?

– დრომ, ახალმა საზოგადოებამ, ახალი მოთხოვნები წამოაყენა, სულ სხვა ურთიერთობები მოიტანა. 90-იანი წლების დუხჭირმა ცხოვრებამ ქალი აიძულა, მართვის სადავეები საკუთარ ხელში აეღო, ამის შედეგად კი ყველაფერი თავდაყირა დადგა – კაცი უფუნქციო მდგომარეობაში აღმოჩნდა და ესეც გახდა ოჯახური უსიამოვნებების წყარო. ბევრ მამაკაცს საკუთარი სტატუსის მიმართ პროტესტის გრძნობა უჩნდება, მაგრამ ქალებმა იმდენად კარგად მოირგეს ხელმძღვანელის ფუნქციები, რომ მის დათმობას ასე იოლად ვეღარ შეეგუებიან. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეკლესიური წყვილები პრობლემებს უფრო ადვილად აგვარებენ.

ზოგჯერ მამაკაცს ტვირთისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება საჭიროდ მიაჩნია დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზოგიერთი საერთოდ იმაზეცაა თანახმა, ცოლმა არჩინოს... მამაკაცს გააჩნია.

– მეუღლის ჩრდილში მყოფ კაცებს ან ქალებს შურის გრძნობა არ უჩნდებათ ხოლმე?

– საერთოდ, კონფლიქტების უმრავლესობა სათავეს რომელიმე მეუღლის არასრულფასოვნების კომპლექსისგან იღებს. მაგალითად, თუ ცოლი წარმატებულია და ქმარი მის ჩრდილში იმყოფება, ეს, რა თქმა უნდა, ქვეცნობიერის დონეზე ხდება. არც ერთი მათგანი ამას ხმამაღლა არ იტყვის. მეტიც, შესაძლოა, გაბრაზდეს, თუ ვინმემ ამაზე მიუთითა. ხანდახან კონფლიქტი ძალიან უმნიშვნელო, წვრილმანი რამის გამოც წარმოიშობა ხოლმე. ეს ყველაფერი გაუგებრობები უფროა, თუმცა, ადამიანებს მისი გართულებებისკენ აშკარა მიდრეკილება აქვთ. ბანალური და ყველასთვის ცნობილია მატერიალური მხარე.

– ოჯახებში, სადაც ქალია ლიდერი და ეგრეთ წოდებული „დედა-მარჩენალი“, ალბათ, მამაკაცი უფლებრივადაც და მორალურადაც იჩაგრება.

– ეს უკვე თავისთავად ხდება. თუ მამაკაცი არ არის ჩართული სოციუმში სრულფასოვნად, თუ ის არ იხარჯება, მის მიმართ შვილების დამოკიდებულებაც იცვლება და გარშემო მყოფებისაც. მათ თვალში მისაბაძი მაგალითი უკვე დედა ხდება. ასეთ ოჯახში საოცრად ნევროტული ბავშვები იზრდებიან. როგორც ჩანს, ლიდერი მაინც მამაკაცი უნდა იყოს.

ცნობილია, რომ გოგონა დედას ჰბაძავს, ხოლო ბიჭი – მამას. ოჯახში, სადაც დედაა ლიდერი, შესაბამისად, ლიდერია გოგონა, რომელიც დედის მაგალითით ხელმძღვანელობს და სუსტი ნებისყოფის მქონეა ვაჟი.

– რა უნდა იცოდნენ მომავალმა მეუღლეებმა, ვიდრე ოჯახს შექმნიან?

– მომავალმა მეუღლეებმა, სანამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას გადაწყვეტენ, უნდა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა, ურთიერთგაგება, რაც, სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს საზოგადოებას ასე აკლია. საღამოს სამსახურიდან შინ დაბრუნებული და არაქათგამოლეული მეუღლე აღარც ინტერესდება, როგორი დღე ჰქონდა მის მეორე ნახევარს, რა მოხდა, როგორ განწყობაზეა და ასე შემდეგ. საერთოდ, მოსმენით იწყება მეგობრობა.

თუ ადამიანები შეყვარებულობის პერიოდში ხშირად ჩხუბობენ, მაშინ, დროულად უნდა გადახედონ ურთიერთობებს, რაღაც-რაღაცეები გააანალიზონ და მოვლენებს სწორი მსვლელობა მისცენ, რომ არ მიიღონ მცდარი გადაწყვეტილება. ხშირად ფიქრობენ, რომ ქორწინება კონფლიქტებს ავტომატურად გადაჭრის, რაც მცდარი აზრია, იმიტომ, რომ მეუღლეობას კიდევ სხვა მოვალეობები ახლავს თან, რომლის ვერგათავისებასაც, ხშირად, სამწუხაროდ, ოჯახი დანგრევის პირას მიჰყავს. შეყვარებულობის პერიოდი ყველაზე უდარდელი, ლამაზი, ვარდისფერი ეტაპია ცხოვრებაში, და თუ ამ პერიოდს უაზრო დავიდარაბითა და კინკლაობით ახუნებ, მაშინ დროა, რაღაცეებზე უფრო კარგად დაფიქრდე. საერთოდ, გავრცელებულია მოსაზრება, რომ კრიზისი ყველა ურთიერთობაში დგება, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. ზოგს ქორწინებიდან 4 თვეში უკვე კრიზისი აქვს, ზოგიერთი კი 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც გადასარევად გრძნობს თავს. ზოგადად, ყველაზე მძიმედ გადასალახავ პერიოდად მესამე-მეხუთე წელი ითვლება. ნამდვილად ვერ გეტყვით, რაზეა ეს დამოკიდებული. ამიტომაა, რომ მეუღლეები ერთმანეთისთვის მუდმივად უნდა წარმოადგენდნენ ინტერესის საგანს. ამისთვის კი, აუცილებელია ერთმანეთის მხარდაჭერა და თანაბარზომიერი განვითარება. ჩემი პაციენტები უმთავრესად ყოფით, სრულიად არაარსებით დეტალებზე წუწუნებენ და ყურადღებას არ ამახვილებენ იმაზე, რა სარჩული ედო თავიდან მათ კავშირს. ზოგი დედამთილზე ჩივის, ზოგი – მულზე და ასე შემდეგ.

საქართველოში კონფლიქტის კიდევ ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი ოჯახში სხვა წევრების ცხოვრებაცაა. რატომღაც, დედამთილი და რძალი ერთმანეთს მტრებად განიხილავენ. თუ მათ შორის ჯანსაღი დამოკიდებულებაა, ყველა ბარიერის დაძლევაა შესაძლებელი, მაგრამ, თუ რომელიმე მხარე მეორეს კრიჭაში უდგას ან წვრილმანებზე ამახვილებს ყურადღებას, მაშინ უსიამოვნება გარდაუვალია.

– ეს ქვეცნობიერად ხდება თუ მიზანმიმართულად?

– ქვეცნობიერად, ცხადია; თუმცა, ზოგიერთი განზრახ ცდილობს ტკივილის მიყენებას. უდიდესი ფუნქცია აკისრია მამაკაცს: თუ კაცი ყურადღებას, სითბოს სწორად ანაწილებს, იქ უკვე განხეთქილების ნაკლები ალბათობაა. თუმცა, მეუღლეები ერთმანეთისთვის ყველაზე ახლო ადამიანები არიან და მშობელი ამ აზრს გაგებით უნდა მოეკიდოს.

– რა ხდება იმ ოჯახებში, სადაც დედა არის მამაკაცისთვის კერპი, მისაბაძი, თაყვანისცემის ობიექტი?

– დამასწარით. საქართველოში, სამწუხაროდ, დედებსა და ვაჟებს შორის საკმაოდ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა: დედები ვაჟიშვილებს აღიქვამენ, როგორც საკუთრებას და, შემდეგ, მამაკაცები დედაზე ზედმეტად არიან მიჯაჭვულნი. აქედან გამომდინარე, ბევრი ქართველი კაცი „მარადმწვანე ბავშვად“ რჩება, ვეღარ იზრდება, არ აქვს მყარად ჩამოყალიბებული შეხედულებები, პრინციპები, წინააღმდეგობის უნარი, რაც მომავალში მეუღლესთან დიდ პრობლემებს უქმნის. ბევრი მამაკაცი პაციენტი მომმართავს ჩივილით, რომ დედა უკვე სულს უხუთავს, არ აძლევს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას. არ აძლევს გასაქანს. მეუღლეებმა თავად უნდა განსაზღვრონ, რა არის მათთვის პრიორიტეტი.

– სიტყვამ მოიტანა და ჩარევის მომენტსაც შევეხოთ: რა მოტივები ამოძრავებთ ადამიანებს ერთმანეთის საქმეში ჩარევისას და რა ახლავს მას თან?

– ჩარევა ვრცელი საუბრის თემაა... ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს ჰგონიათ, რომ კეთილი სურვილით, დადებითი მოტივებით ერევიან ცოლ-ქმარს შორის წამოჭრილ დავაში – ეს უმეტესად მშობლებს ეხებათ.

– ჰო, მაგრამ, წეღანდელ თქვენს ნათქვამზე დაყრდნობით, მგონია, რომ აქ ეჭვიანობისა და ჯიბრის მომენტი უფროა, ვიდრე დახმარების.

– გეთანხმებით, ეჭვიანობის მომენტი მართლაც არის, მაგრამ, ადამიანს ცნობიერ დონეზე ჰგონია, რომ ქმედება დახმარების სურვილით არის აღძრული. არადა, მესამე პირი ყოველთვის უფრო მეტად ამწვავებს და ამძაფრებს კონფლიქტს, მას ყველა შემთხვევაში ცუდი შედეგი ახლავს. ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩარევა ამართლებს, არის მოძღვრის ან ფსიქოლოგის მიუკერძოებელი ჩარევა. ზოგჯერ მშობელი წამქეზებლის როლშიც გვევლინება და ამის გამო ბევრი ცუდი რამ ხდება ხოლმე. ხშირად ურთიერთობებში სანაცნობო-სამეგობროც ერევა, უფრო მეტად ქალის მხარე, ზოგჯერ კი – ორივე. ქალიც უნებლიეთ თავის წრეში მიღებულ სტერეოტიპებსა და დოგმებს ემორჩილება, ეს კი ცუდია.

– თუკი დედამთილი რძლის მხარეს არის?

– ზოგადად, ყველას მოსწონს, მის მხარეს რომ იჭერენ, მაგრამ, ყველა მაინც თავისებურად რეაგირებს – ზოგს ესეც აღიზიანებს.

– მერე, შეიძლება, შელახული ურთიერთობის აღდგენა თუ ბზარი სამუდამოდ რჩება?

– ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი გზას მაინც მონახავს ერთმანეთთან მისასვლელად, მესამე პირთან უფრო ჭირს ურთიერთობის დალაგება. საერთოდ, ურთიერთობის დისტანცირება ჯობია ყველაფერს.

– დამეთანხმეთ, რომ კონფლიქტისას ყველაზე მეტად ბავშვები იჩაგრებიან.

– სამწუხაროდ, კონფლიქტის დროს ბავშვს არანაირად არ ძალუძს პოზიტიური როლის თამაში. ჩემთან ხშირად მოჰყავთ ოჯახის დანგრევის შედეგად სტრესში მყოფი ბავშვები. ბავშვი, საერთოდ, ჰიპერბოლიზებისკენ არის მიდრეკილი, საკუთარ თავში იკეტება, უჩნდება დანაშაულის კომპლექსი, რომ ყველაფერი მისი ბრალია, რომ ქვეყნად არავინ ჩხუბობს ისე საშინლად და ხმამაღლა, როგორც მისი დედ-მამა. მინდა, ყველა მშობელს მოვუწოდო, რომ ნუ გამოიყენებს ბავშვს მანიპულაციის იარაღად.


скачать dle 11.3