მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ადამიანი, რათა გამართლდეს უფლის სამსჯავროზე?
პასუხი: მორწმუნე ქრისტიანებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი წმიდა თეოდორას მიერ განვლილი საზვერეების შესახებ. როდესაც მას ბოროტი სულები ეუბნებოდნენ, შენ ესა თუ ის ცოდვა ჩაგიდენიაო, წმიდა თეოდორა მიუგებდა, მართალია, შევცოდე, მაგრამ შევინანე, მივიღე შენდობა და მიტევება უფლისგან. აი, სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ყოველი ქრისტიანის ყურადღება, ცოდვის ჩადენა ისეთი მძიმე არ არის, როგორც მასზე გულწრფელი სინანულის არქონა. სინანულის გარეშე ვერავინ გამართლდება უფლის სამსჯავროზე.
კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანის მაღალ სულიერებაზე ვიმსჯელოთ, მხოლოდ მისი გარეგნული ღვაწლის მიხედვით?
პასუხი: გარეგნული ღვაწლი აუცილებელია, მაგრამ არა – მთავარი. შედარება რომ მოვიყვანოთ, გარეგნული ღვაწლი ხარაჩოებია და არა თვით შენობა. ამიტომ, მას ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება. შენობა გარეგნულ ღვაწლთა შორის აღიმართება. განსაკუთრებული ყურადღება გულითად ღვაწლს მიაქციეთ.
კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს მიწიერ და ზეციურ საზრუნავთა მიმართ?
პასუხი: როგორც წმიდა მამა ათანასე დიდი გვაუწყებს: უფალს ნებავს, რომ სულელნი ვიყოთ მიწიერ საზრუნავთა მიმართ და ბრძენნი – ზეციურ საზრუნავთა მიმართ.
კითხვა: ჩამეთვლება თუ არა მიტევებულად ის ცოდვა, რომელიც აღსარებაზე ზუსტი სახელით მოვინანიე, მაგრამ წვრილმანები არ დამიკონკრეტებია.
პასუხი: თქვენ უნდა გაარკვიოთ მიზეზი, თუ რატომ არ დააკონკრეტეთ ცოდვა. თუ ასე სირცხვილის ან მიჩქმალვის გამო მოიქეცით, უნდა გათავისუფლდეთ ამისგან. თუ ფიქრობთ, რომ ჩადენილი ცოდვის რომელიმე დეტალი მნიშვნელოვანია, ის აუცილებლად უნდა დააკონკრეტოთ.
კითხვა: ქრისტიანულად მიუღებელი ხომ არ არის გარდაცვლილის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვენება?
პასუხი: თუ ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს, გარდაცვლილის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვენება ქრისტიანული რელიგიისთვის მიუღებელი არ არის.