სიბრძნე მინიატურებში
სხვადასხვა ტაქტიკა
თქვენ შეიძლება ეს ტელევიზიით გენახათ, რადიოთი ან გაზეთებიდან შეგეტყოთ. ყოველწლიური მსოფლიოს ჩემპიონატი ერთ წელს კოლუმბიაში გაიმართა. ფინალში კანადელი და ნორვეგიელი გავიდნენ.
დავალება ასეთი იყო: თითოეულ მათგანს ტყის გარკვეული მონაკვეთი მიაკუთვნეს, გამარჯვებული გახდებოდა ის, ვინც დილის რვა საათიდან დღის ოთხ საათამდე მეტ ხეს მოჭრიდა.
რვა საათზე შეჯიბრების დაწყების მომასწავებელი სასტვენის ხმა გაისმა და ორმა ტყისმჭრელმა თავისი პოზიცია დაიკავა. ისინი შეუწყვეტლივ ჭრიდნენ ხეებს. მანამ, სანამ კანადელმა არ გაიგო, რომ ნორვეგიელი გაჩერდა. იგრძნო, რომ ეს მისი შანსი იყო და ძალისხმევა გააორმაგა, რათა ეს შანსი გამოეყენებინა.
ცხრა საათზე, კანადელმა გაიგო, რომ ნორვეგიელი ისევ შეუდგა საქმეს და კვლავ თითქმის სინქრონულად გააგრძელეს მუშაობა, მაგრამ ათს რომ ათი წუთი დააკლდა, ნორვეგიელი ისევ გაჩერდა. კანადელი კი წამითაც არ შეჩერებულა. კვლავ რომ ესარგებლა ამ მომენტით. ათ საათზე ნორვეგიელმა ისევ განაგრძო მუშაობა. თერთმეტს რომ ათი წუთი დააკლდა. ისევ გაჩერდა. მოახლოებული გამარჯვების გრძნობით შეპყრობილი კანადელი კი, რომელიც თითქოს უკვე გრძნობდა წარმატების სასიამოვნო სურნელს, იგივე რიტმში აგრძელებდა ტყის ჩეხვას. ასე გრძელდებოდა მთელი დღე. ყოველ საათს ნორვეგიელი ათი წუთით ჩერდებოდა, კანადელი კი საქმეს განაგრძობდა. როდესაც ზუსტად ოთხ საათზე შეჯიბრების დამთავრების მომასწავებელი სიგნალი გაისმა, კანადელი დარწმუნებული იყო, რომ ჯილდო ჯიბეში ედო.
წარმოგიდგენიათ, როგორი გაკვირვებული დარჩა, როცა გაიგო, რომ წააგო.
– როგორ მოხდა ეს? – ჰკითხა მან ნორვეგიელს, – მე მესმოდა, რომ ყოველი საათის ბოლოს შენ ჩერდებოდი, მაშ, როგორღა მოახერხე, ჩემზე მეტი ხე მოგეჭრა. ეს ხომ შეუძლებელია?
– ყველაფერი არც თუ ისე რთულადაა, როგორც შენ გგონია, – უპასუხა ნორვეგიელმა, – ყოველი საათის ბოლოს მე მართლაც ვჩერდებოდი ათი წუთით, მაგრამ როცა შენ ხის ჭრას აგრძელებდი, იმ დროს მე დაბლაგვებულ ნაჯახს ვლესავდი, შემდეგ უფრო სწრაფად რომ მომეჭრა ხეები.
სიმდიდრე
ერთხელ ხანდაზმულ მღვდელს ჰკითხეს: – რატომ თანაუგრძნობენ ღარიბები გაჭირვებაში ჩავარდნილთ. მდიდრები კი – არა?
– ფანჯარაში გაიხედე, – უთხრა მას მღვდელმა, – რას ხედავ?
– ვხედავ ხეებს, მანქანებს, მოთამაშე ბავშვებს.
– ახლა სარკეში ჩაიხედე, იქ რაღას ხედავ?
– მხოლოდ საკუთარ თავს, – უპასუხა დაფიქრებულმა ცნობისმოყვარემ.
– ხედავ? ფანჯარაც და სარკეც ჩვეულებრივი მინისგანაა გაკეთებული, მაგრამ მათ ის განასხვავებს, რომ ერთ-ერთი ოდნავ შეპუდრულია ვერცხლით. სწორედ ამიტომ, იქ ადამიანი საკუთარი თავის გარდა ვერაფერს დაინახვს, – უპასუხა მოძღვარმა.