კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს კირსან ილუმჟინოვის სტუდენტობის პერიოდთან ედუარდ შევარდნაძეს და როდის იშოვა ყალმუხეთის ლიდერმა პირველი მილიონი



10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი



„მე ყალმუხეთის გარეშე გავძლებ, სამაგიეროდ, ყალმუხეთი განადგურდება ჩემ გარეშე“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, ქარიზმატულ და ხელშეუხებელ პოლიტიკოსს რუსეთის ფედერაციაში, ადამიანს, რომელმაც ბორის ელცინის, ვლადიმირ პუტინისა და დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდებს გაუძლო. კირსან ილუმჟინოვი, ყალმუხეთის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი, 2005 წლიდან რუსეთის ამ რესპუბლიკის უვადო მმართველად დაინიშნა, რაც, მოსალოდნელიც იყო, რადგან ილუმჟინოვი უალტერნატივო კანდიდატია, ადამიანი, რომელმაც სახელი საერთაშორისო დონეზე, კერძოდ კი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის – „ფიდეს“ პრეზიდენტობით გაითქვა.

1. 1982-1989 წლებში კირსან ილუმჟინოვი მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში („მგიმო“) სწავლობდა. 1988 წელს მისმა თანაკურსელებმა ინსტიტუტის რექტორის სახელზე დაწერეს წერილი, რომ მეხუთე კურსელი ილუმჟინოვი დიდ დოზებში მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, ხშირად დადიოდა მოსკოვურ რესტორნებში და შემჩნეული იყო ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაში, გარდა ამისა, თავის ოთახში ის ინახავდა ციანის კალიუმს, რაც კანონით დაუშვებელი იყო. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ილუმჟინოვი ინსტიტუტმა გარიცხა. ყალმუხეთის მომავალი პრეზიდენტი ასევე გარიცხულ იქნა პარტიიდან. ამის შემდეგ კირსანმა დაიწყო წერილების გაგზავნა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის – მიხაილ გორბაჩოვის, საგარეო საქმეთა მინისტრის – ედუარდ შევარდნაძისა და „კაგებეს“ მაშინდელი შეფის – ვლადიმირ კრიუჩკოვის სახელზე, სადაც ის ითხოვდა პარტიაში და ინსტიტუტში აღდგენას. საბოლოოდ ამან გამოიღო შედეგი და ექვსი თვის შემდეგ კირსან ილუმჟინოვი აღადგინეს როგორც ინსტიტუტში, ასევე პარტიაში.

2. კირსან ილუმჟინოვი რუსეთის უმდიდრესი პოლიტიკოსების რიცხვში შედის. არაოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება რამდენიმე ასეულ მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება მის პირველ მილიონს, ის ილუმჟინოვმა „მგიმოს“ დამთავრებისთანავე, საბჭოთა-იაპონურ საერთაშორისო ფირმა „ეკო-რადუგაში“ მუშაობის პირველივე წელს გამოიმუშავა. როგორც თვითონ ილუმჟინოვი იხსენებდა, როდესაც მას უთხრეს, რომ მის საბანკო ანგარიშზე ექვსნულიანი თანხა ირიცხებოდა, მან არ დაიჯერა, პირადად მივიდა ბანკში და, როდესაც მოლარემ მას 1 000 000 საბჭოური რუბლი გამოუტანა და გადასცა, ის შოკში ჩავარდა. სხვათა შორის, იმ პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ილუმჟინოვი იაპონიაში ნავთობის უკანონო ტრანსპორტირების მაქინაციაში იყო გარეული და იაპონელებმა მას პირადად გადასცეს ქრთამი 5 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. ილუმჟინოვი ასევე, ერთ-ერთი პირველი საბჭოთა მილიონერი იყო, რომელსაც „როლს-როისი“ ჰყავდა.

3. კირსან ილუმჟინოვი ხშირად ჩადიოდა ცნობილ ბულგარელ წინასწარმეტყველ ვანგასთან. საინტერესოა, რომ ვანგამ პირველმა მოითხოვა მასთან შეხვედრა. ბულგარელმა ფენომენმა განუცხადა თავის ნათესავებს, რომ სურდა ახალგაზრდა პრეზიდენტთან შეხვედრა და მას ილუმჟინოვი წარუდგინეს. პირველივე შეხვედრაზე ვანგამ მოითხოვა ყალმუხეთის რუკა, რომელზეც მან აჩვენა ის ადგილი, სადაც დიდი ოდენობით ნავთობი ინახებოდა და, მართლაც, შინ დაბრუნებულ ილუმჟინოვს ახალი ნავთობსაბადოს აღმოჩენის შესახებ მოახსენეს. ასევე პირადად ვანგასგან შეიტყო ილუმჟინოვმა, რომ გახდებოდა „ფიდეს“ პრეზიდენტი. სხვათა შორის, კირსან ილუმჟინოვი გინესის რეკორდების წიგნში არის შესული, როგორც ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ერთდროულად ორი საპრეზიდენტო სავარძელი ეკავა.

4. 2001 წელს კირსან ილუმჟინოვმა სენსაციური ინტერვიუ მისცა რადიო „თავისუფლების“ მოსკოვურ ბიუროს: ყალმუხეთის ლიდერმა განაცხადა, რომ 1997 წლის 18 სექტემბერს უცხოპლანეტელებმა ის გაიტაცეს მისივე ბინიდან და თავიანთ მფრინავ თეფშზე წაიყვანეს. „ისინი ყვითელ სკაფანდრებში იყვნენ ჩაცმულები და მეც ასეთივე სკაფანდრი ჩამაცვეს. ჩვენ ერთ-ერთ პლანეტაზე დავეშვით, სადაც ჩემთვის უცნობი დანიშნულების აპარატი ჩავიტანეთ. შემდეგ მე ვთხოვე მათ, რომ უკან დავებრუნებინე დედამიწაზე და მათმა ხელმძღვანელმა გასცა ბრძანება, რომ ხომალდი პლანეტა დედამიწაზე დაშვებულიყო. მახსოვს ისიც, რომ უცხოპლანეტელების ლიდერი ჭადრაკის თამაშს მთავაზობდა, მაგრამ მე მას უარი ვუთხარი“.

5. 2001 წელს მოსკოვში სტრიპტიზ-კლუბ „დოლსთან“ დაკავშირებით სკანდალი აგორდა. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ოპერ-ჯგუფმა კლუბიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – კოკაინი ამოიღო. სკანდალი კი იმ ფაქტს უკავშირდებოდა, რომ სტრიპტიზ-კლუბის ერთ-ერთი მეპატრონე ყალმუხეთის პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი იყო. მაშინ ილუმჟინოვი მშრალი გამოვიდა წყლიდან, მაგრამ მისი და ნარკოტიკების ურთიერთობა დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება. 2002 წელს ილუმჟინოვი მისმა თანაშემწემ გულწასული იპოვა კაბინეტში. მაშინ გაცხადდა, რომ ყალმუხეთის ლიდერი, უბრალოდ, გადაიღალა, სინამდვილეში კი მას კოკაინის ზედმეტი დოზის მიღებისგან წაუვიდა გული. ამბობენ, ილუმჟინოვმა ხანგრძლივი პერიოდი გაატარა ერთ-ერთ მოსკოვურ კერძო ნარკოლოგიურ კლინიკაში, სადაც მავნე ჩვევისგან იკურნებოდა. დღემდე უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდა მკურნალობის კურსი.

6. არავისთვის იყო საიდუმლო, რომ კირსან ილუმჟინოვი ჩეჩენ სეპარატისტებთან მეგობრობდა. მისი პირადი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი ჩეჩნეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ლეგენდარული საველე მეთაური შამილ ბასაევი იყო. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ილუმჟინოვი იყო დაკავშირებული 2002 წელს მოსკოვში, „დუბროვკაში“ მომხდარ ტერორისტულ აქტთან, რომელიც ბასაევის ორგანიზებით მოვსარ ბარაევის დაჯგუფებამ განახორციელა. კერძოდ, ტერაქტის ორგანიზება ილუმჟინოვის ფინანსებით იყო განხორციელებული. საინტერესოა ასევე, რომ ილუმჟინოვს ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ გამოუთქვამს აზრი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან ყალმუხეთის გამოსვლის შესახებ, მაგრამ დღემდე ამ მოსაზრებას არანაირი მომდევნო ქმედება არ მოჰყოლია.

7. როგორც ყველა მილიონერს, „ფიდეს“ პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვსაც გართულება აქვს ძვირად ღირებულ მაჯის საათებზე. ამჟამად მას არაბი შეიხის მიერ ნაჩუქარი, 200-ათასევროიანი საათი უკეთია, ხოლო წინა საათი, რომელიც 100 ათასი დოლარი ღირდა, ილუმჟინოვმა ზღვაში გადააგდო. ამით მან, როგორც თვითონ განაცხადა, მადლობა გადაუხადა ზღვის ღმერთებს იმის გამო, რომ ყოველგვარი საზღვაო შტორმებისა და ცუნამების გარეშე მიაღწია დანიშნულების ადგილამდე საკუთარი იახტით.

8. რამდენიმე წლის წინ კირსან ილუმჟინოვმა განაცხადა, რომ დუბაისთან ახლოს ახალი საჭადრაკო ქალაქის აშენებას აპირებს. ცნობილია, რომ ილუმჟინოვი დაავადებულია იდეით, ააშენოს ისეთი ქალაქი, რომელზეც მისი საყვარელი წიგნის გმირი – ოსტაპ ბენდერი ოცნებობდა „12 სკამში“. „ახალი ვასიუკის“ მსგავსი ქალაქის მშენებლობაში ილუმჟინოვი დაახლოებით 2,6 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავდა. ქალაქი 64 ათას კვადრატულ მეტრზე უნდა გაშენებულიყო. ილუმჟინოვი შვეიცარული ლოზანიდან „ახალ ვასიუკებში“ „ფიდეს“ მთავარი ოფისის გადატანასაც გეგმავდა.

9. 2005 წელს კირსან ილუმჟინოვმა განაცხადა, რომ მზად არის, გამოყოს ერთი მილიონი დოლარი და დაფაროს ვლადიმირ ლენინის მავზოლეუმიდან ელისტაში გადასვენების ხარჯები. რადგან ოქტომბრის რევოლუციის მთავარი შემოქმედის ბებია წარმოშობით ყალმუხი იყო, ილუმჟინოვმა გამოთქვა სურვილი, დიდი ბელადი ელისტაში გადაესვენებინათ. ილუმჟინოვმა მხარდაჭერა მხოლოდ შვეიცარიის კომუნისტური პარტიის წევრებისგან მიიღო, ხოლო რუსეთში მისი ეს სურვილი შიზოფრენიად შეაფასეს.

10. ჭადრაკის გარდა, კირსან ილუმჟინოვი ფეხბურთითაც არის გატაცებული. ის აფინანსებს ყალმუხეთის მთავარ საფეხბურთო კლუბს, ელისტის „ურალანს“. როდესაც „ურალანი“ პირველად აღზევდა რუსეთის პრემიერლიგის პირველ დივიზიონში, ილუმჟინოვმა გუნდის უფროსობას ჩემპიონობა მოსთხოვა და ამასთან დაკავშირებით მთავარ მწვრთნელს შეჰპირდა, რომ ჩემპიონობის შემთხვევაში ის გუნდში დიეგო მარადონას მოიყვანდა. 1996 წელს მარადონა ჯერ კიდევ მოქმედ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ მისი „ურალანში“ ტრანსფერი თითქმის ფანტასტიკა იყო. ამის მიუხედავად, ილუმჟინოვი ირწმუნებოდა, რომ მას ჰქონდა წინასწარი კონტრაქტი გაფორმებული მარადონასთან, რომელიც გამოთქვამდა მზადყოფნას, ყალმუხურ კლუბში ეთამაშა. დიეგო მარადონასა და მის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3