კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ეკრძალება სასულიერო პირს რამდენიმე წლით მღვდელმსახურების აღსრულება და როდის კარგავს ის მრევლში ყოფნის უფლებას










როგორც ცნობილია, მართლმადიდებლური ეკლესია ემყარება გარკვეულ კანონებსა და წესებს, რომლის დაცვა სასულიერო პირებისთვის აუცილებელია. თუმცა, ამის შესახებ დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):





– ქრისტეს ეკლესიამ შეითავსა მართვა-გამგეობის ორი მთავარი დებულება, რასაც საეკლესიო ენაზე ჰქვია – აკრიბია და იკონომია. აკრიბია ნიშნავს სიზუსტეს. სიზუსტეში იგულისხმება ყველა ის მცნება, კანონები, დოგმატები, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დაკანონდა, ანუ აკრიბიაში იგულისხმება ზუსტი სარწმუნოების დაცვა. იკონომია არის საეკლესიო შეწყალება, რომელიც თავის თავში მოიცავს ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც მართებულად შეიძლება აკრიბიიდან გადახვევა, ოღონდ არა დოგმატების უარყოფით, არამედ სიტუაციიდან გამომდინარე.

– რა შემთხვევაში დაიშვება იკონომია, ანუ როდის ხდება საეკლესიო შეწყალება?

– ეკლესიის წიაღში ადამიანის მონათვლა ხდება კანონიერად ხელდასხმული ეპისკოპოსის ან მღვდლის მიერ. სწორედ ისაა, საეკლესიო შეწყალება, რომ, როდესაც მოუნათლავი ჩვილის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, შეიძლება, მალე გავიდეს ამ წუთისოფლიდან და ვერ ხერხდება მღვდლის მოყვანა, მისი მონათვლა შეუძლია არა მხოლოდ სასულიერო პირს, არამედ ერისკაცს, კაცსაც და ქალსაც – მისი ჰაერში ატაცება. თუ ეს ბავშვი გადარჩება, მაშინ ის კანონიერად უნდა მოინათლოს, მაგრამ თუ ვერ გადარჩება, მაშინ მონათლულად ითვლება. მოციქულთა 69-ე კანონით აკრძალულია ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვის დარღვევა. მაგრამ იგივე კანონი უშვებს შეწყალებას, თუ ადამიანი უძლურებაშია ჩავარდნილი. მის ჯანმრთელობას ან ხორციელ ცხოვრებას თუ საფრთხე ემუქრება, მას შეუძლია, ამ დღეებში მარხვა არ დაიცვას. მეექვსე მსოფლიო კრების 85-ე კანონი სიტყვა-სიტყვით ამბობს, ასეთ რამეს – ყველაზე დიდი პატივი მიეგება ადამიანის ცხონებას და მის უძლურებაში არდაშთომას. ანუ, ადამიანისა და ეკლესიისთვის მთავარია, ეს წესები და კანონები ისე შევარჩიოთ და გამოვიყენოთ, რომ ადამიანის სიცოცხლე და სულიერება არ დაზარალდეს. მოციქულთა მეთოთხმეტე კანონში, ასევე, მეთხუთმეტეშიც წერია, რომ თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკვანი დააპირებს ერთი ეპარქიიდან მეორეში უნებართვოდ გადასვლას, ეს ქმედება თავისთავად მოასწავებს საეკლესიო სასჯელის მიღებას. იმიტომ, რომ მათ, თუნდაც ეპისკოპოსი იყოს, არ აქვთ უფლება თავისი ეპარქიიდან სხვა ეპარქიაში გადასვლის და მოღვაწეობის.

– ასეთ დროს არ ხდება გამონაკლისის დაშვება?

– გამონაკლისის დაშვება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი ეპარქიის მღვდელმთავარი გადავა სხვაგან, მის ჯანმრთელობას შეექმნება საფრთხე, ან აღესრულება. ასეთ დროს, რამდენიმე ეპისკოპოსმა, ესე იგი, მცირე სინოდმა, ან მიტროპოლიამ, ან მიტროპოლიტმა შეიძლება, გადაწყვიტოს მისი საქმე დადებითად. ანუ, უფლებას მისცემენ ეპისკოპოსს, რომ ერთი ეპარქიიდან მეორეში გადავიდეს. თუ ეპისკოპოსს სხვა ეპისკოპოსების ჩარევით, არ შეუძლია, სხვა ეპარქიაში გადასვლა, ასევე, მღვდელსაც, დიაკვანსაც ეკრძალება იმ ეპარქიის მღვდელმთავრის, რომლის ეპარქიაშიც მოღვაწეობს, ნებართვის გარეშე სხვა ეპარქიაში გადასვლა. მისთვის, ასევე, საჭიროა, „განტევების ეპისტოლე“, ანუ წერილი. როცა ეპისკოპოსი მასზე დამოკიდებულ მღვდელს, ან დიაკვანს უშვებს სხვა ეპარქიაში, იმ ეპარქიის მვდელმთავარს უგზავნის სათხოვარს – წერილს, რომ მისი თანხმობით, ის გადადის მის ეპარქიაში. ადრეულ საუკუნეებში არსებობდა მეორე სახის წერილიც, სადაც ეწერა სასულიერო პირის მოკლე ბიოგრაფია და დახასიათება. ძველად, როდესაც მღვდელმთავარი მიდიოდა სხვა ეპარქიაში, მას კვერთხის წაღების უფლებაც კი არ ჰქონდა, რადგან კვერთხი სიმბოლურად მსახურების ჩატარებას ნიშნავს. როდესაც მღვდელმსახური თავის ეპარქიიდან სხვა ეპარქიაში ისე გადავა, რომ ამას არ შეათანხმებს იმ ეპარქიის მღვდელმთავართან, არ აქვს წირვის, ნათლობის, მირონცხების ჩატარების უფლება. ჩვენ, ვინც ვმსახურობთ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ჩავალთ სხვა ეპარქიაში, დასასვენებლად თუ სტუმრად და გვჭირდება რაიმე მსახურების ჩატარება, ვუკავშირდებით ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარს და ვიღებთ კურთხევას, ყოველ შემთხვევაში, კანონიკურად ასეა.

– დიაკვნის შემთხვევაშიც ასე ხდება?

– ეკლესიაში სამი იერარქიული საფეხურია, ყველაზე უმაღლესი არის მღვდელმთავრის – ეპისკოპოსის საფეხური, შემდეგ – ხუცესის, მღვდლის საფეხური და ბოლოს – დიაკვნის. ეპისკოპოსის გარეშე მის ეპარქიაში არაფერი ხდება, მღვდელსაც კი არ აქვს ნებისმიერი საიდუმლოს ჩატარების უფლება. ჩვენ დღეს წირვას ვატარებთ თუ სხვადასხვა საიდუმლოებას აღვასრულებთ, ვქადაგებთ, ეს დამოკიდებულია ეპისკოპოსის კურთხევაზე. პირველ საუკუნეში ყველა მღვდელს არ ჰქონდა იმის უფლება, ექადაგა, თუ ამის ნებას არ მისცემდა ეპისკოპოსი. მღვდელი დიაკვანს ვერ მისცემს იმის უფლებას, დარჩეს ის თუ გადავიდეს სხვა ეპარქიაში – ყველაფერს აღასრულებს ეპისკოპოსი, რომელსაც არა მხოლოდ სასულიერო წესდებით გააჩნია ძალაუფლება, არამედ ხელი მიუწვდება საერო ხელისუფლებაზეც. ძველად თუ ადამიანი არ ემორჩილებოდა საეკლესიო წესდებას, კანონიკას, თვითნებურად განაგრძობდა იმ საქმის კეთებას, რის გამოც იყო დასჯილი, მხილებული, ეპისკოპოსს შეეძლო, ის გადაეცა და არა მხოლოდ, სასულიერო, არამედ საერო სამართლისთვის.

– შეიძლება, სასულიერო პირის პირადი მიზეზი გახდეს, მისი სხვა ეპარქიაში გადასვლის საფუძველი?

– შეიძლება იყოს პირადი, ან ოჯახური მიზეზი, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. ანუ, იმ ეპარქიის ჰავამ, სადაც ის მოღვაწეობს, შეიძლება, მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს. ასეთ დროს ის მიმართავს მღვდელმთავარს, უხსნის სიტუაციას და მას ეძლევა კურთხევა – განტევების წერილით, რომ გადავიდეს სხვა ეპარქიაში. ასევე, ხდება ოჯახური მიზეზის გათვალისწინება, რადგან არ მოხდეს ოჯახური ურთიერთობის გაფუჭება, რაც თვისთავად აისახება ეკლესიაზეც.

– როდესაც სასულიერო პირი სხვა ეპარქიაში თვითნებურად აღასრულებს სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოს, ამ შემთხვევაში, როგორია სასჯელი?

– სასჯელის ფორმა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რას შესცოდავს ადამიანი. საეკლესიო კანონები არა მხოლოდ მათი გადასვლის წესს აწესრიგებს, არამედ სასულიერო პირის ცხოვრებასაც. ის არ უნდა იყოს ანგარი, ვერცხლისმოყვარე, ღმერთმა დაიფაროს და არ ჩავარდეს მრუშობის ცოდვაში, არ შემოიტანოს განხეთქილება, შფოთი ეკლესიაში. არსებობს სასჯელის ფორმა, რომელსაც „განპატიჟება“ ჰქვია. როდესაც სასულიერო პირი დააშავებს რამეს, მას ადგილობრივი მღვდელმთავრის მიერ დაეკისრება სასჯელი. ანუ, მას შეიძლება, რამდენიმე წლით აეკრძალოს მღვდელმსახურება, თუმცა მღვდლის ხარისხში ისევ რჩება. ამას ცოდვის სიმძიმე და ეპარქიის მღვდელმთავრის გადაწყვეტილება განაპირობებს. შემდეგ ის თუ ჩავარდება სინანულში, მას აძლევენ მღვდელმსახურების აღსრულების უფლებას. თუ სასულიერო პირი მხილებული იქნება ისეთ მძიმე ცოდვებში, როგორიც არის მრუშობა, ეკლესიაში განხეთქილების, მწვალებლობის შემოტანა და არც ამჟღავნებს სინანულს, ამ დროს ხდება „დიდი განკანონება“ და ის სასულიერო ხარისხსაც კარგავს. მაგრამ, ის რჩება ეკლესიის წიაღში, მრევლის ხარისხში და შეუძლია წირვა-ლოცვაზე დასწრება, რაღაც პერიოდის მერე აღსარების ჩაბარება და ზიარება. მაგრამ თუ ის კიდევ ჩაიდენს მეორედ იგივე ცოდვას – მხილებული იქნება და საერთოდ განიკვეთება საეკლესიო ერთობიდან. ის სახელის – ქრისტიანის ტარების უფლებასაც კარგავს და მრევლად ყოფნის პატივიც ერთმევა.


скачать dle 11.3