კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის კარგავს მამაკაცი კონტროლს საკუთარ ოჯახსა და ცოლზე










ყველა წყვილს ურთიერთობის საკუთარი მოდელი აქვს. მათთვის მისაღები და მათ ხასიათებზე მორგებული, ოჯახური ცხოვრების ზუსტი თარგი არ არსებობს – პრინციპი, რომელიც ყველასთვის კარგი და სასარგებლო იქნებოდა. ის, რომ ოჯახში უფროსი და გადამწყვეტი „ხმა“ მამაკაცი უნდა იყოს, პატრიარქალური წყობილებისთვის დამახასიათებელი კანონზომიერებაა. მაგრამ, ჩვენ, დიდი ხანია, თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ნაკლებად ვითვალისწინებთ სტერეოტიპებს და მით უმეტეს, წარსულში დადგენილ ნორმებს.

თანამედროვე ქალების უმრავლესობა არ თმობს ლიდერის პოზიციებს. აღარ აკმაყოფილებთ დიასახლისის როლში და ქმრის ჩრდილქვეშ ყოფნა. ისინი წარმატებულ კარიერას არჩევენ, სამზარეულოში, ქურასთან ფუსფუსს. არიან მამაკაცები, რომლებსაც ეს დისკომფორტს არ უქმნით და პირიქით, ხალისით ენაცვლებიან მეუღლეებს ოჯახში. ამაყობენ ცოლის წარმატებებით და ოჯახის საქმეების დიდ ნაწილს საკუთარ თავზე იღებენ. მაგრამ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ცოლის პროფესიულმა რეალიზებამ, წყვილის ურთიერთობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. ეს მაშინ მოხდება, როცა მამაკაცი იგრძნობს, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს.





ვახო (32 წლის): მე არც კი ვიცი, მაქვს პრობლემა და უნდა ვინერვიულო თუ არა. ისეთი დაბნეული ვარ, უკვე ვეღარანაირ დასკვნამდე ვერ მივდივარ. თქვენთან მოვედი დახმარების სათხოვნელად. ქალებს ხომ უკეთესად ესმით ქალების. იქნებ, მე დამეწყო აბსურდული ფანტაზიები და სინამდვილეში არც არაფერი ხდება. ერთი სიტყვით, არავის ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც ახლა მე ვარ. საშინელებაა მამაკაცისთვის გამუდმებულ ეჭვში ცხოვრება.

– რატომ მარტო მამაკაცისთვის, ეჭვით ცხოვრება ქალისთვისაც ძალიან ძნელია.

– გეთანხმებით და თანავუგრძნობ იმ ქალებს, რომლებიც ქმრებზე ეჭვიანობენ. ძალიან ძნელია. მართლა დამანგრეველია და ნორმალურად ცხოვრებაშიც გიშლის ხელს. რამდენიმე თვეა, მოსვენება მაქვს დაკარგული. ნორმალურად ვეღარ მძინავს. ცოტა უხერხულია კაცისგან ასეთი ლაპარაკი, მაგრამ, რომ არ ვთქვა, მეტს ვეღარ გავუძლებ. ხუთი წელი მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდით, ჩვეულებრივი, წვრილმანი პრობლემებით. მე და ჩემი მეუღლე, ორივე ერთ რეჟიმში ვმუშაობდით. დაახლოებით ერთი პროფესია გვაქვს. მერე გაჩნდა ჩვენი შვილი და ჩემი ცოლი ერთი წლის განმავლობაში მთლიანად ბავშვით იყო დაკავებული. განსაკუთრებულად კარგი დედა იყო. ჭკუას კარგავდა შვილზე, ერთი წუთით არ ტოვებდა და არავის ანდობდა. მაშინ მქონდა იმის საშუალება, რომ ძიძა აგვეყვანა, მაგრამ არ მოინდომა. მეორე პლანზეც აღარ ვიყავი, აღარ ეცალა ჩემთვის და, ფაქტობრივად, მე ვზრუნავდი საკუთარ თავზე.

– ბავშვზე ეჭვიანობთ?

– არა, არა, ბავშვზე როგორ ვიეჭვიანებ, ასეთი ეგოისტი არ ვარ. უბრალოდ, გიყვებით, საიდან დაიწყო ყველაფერი. იქნებ მიზეზი სწორედ მაშინ გაჩნდა, რამაც მერე ამ სიტუაციამდე მოგვიყვანა ორივე.

– ანუ, პრობლემის მიზეზი უფრო „ხანდაზმულია“, ვიდრე თავად პრობლემა?

– მე ასე მგონია. ჩემი ცოლი აქტიური ადამიანია, საკმაოდ ნიჭიერი და შემოქმედებითი პიროვნება, მოუსვენარი და საქმიანი. სწორედ ეს თვისებები მომეწონა მასში და ამ ხასიათის გამო შემიყვარდა. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ის ორი წელი, ვგულისხმობ მის ორსულობას და ბავშვის გვერდით გატარებულ ერთ წელს, მის ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახა. აბსოლუტურად სხვა „ტალღაზე“ გადაერთო. არაფერს ამბობდა და არ წუწუნებდა, მაგრამ იგროვებდა უკმაყოფილებას. რაც მერე ერთბაშად გადმოიღვარა, როგორც კი, რაღაც ბზარი გაჩნდა.

– რამით გამოხატავდა, რომ არ მოსწონდა ასეთი ცხოვრება?

– სწორედ მაგას გეუბნებით, რომ არ გამოხატავდა. სამაგიეროდ, იგროვებდა, ან უგროვდებოდა. საბოლოო შედეგისთვის, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ, როგორც კი, პერსპექტივა გამოუჩნდა, არც უფიქრია, ისე მიიღო გადაწყვეტილება. ოჯახსა და შვილზე წინ კარიერა დაეყენებინა. მე მაშინ ვერ ვიფიქრე მედლის „მეორე მხარეზე“. ლელამ რომ მითხრა, რას სთავაზობდნენ, დავთანხმდი, მთელი დატვირთვით ემუშავა, ოჯახი კი მე ამეღო საკუთარ თავზე. ფაქტობრივად, როლები გავცვალეთ.

– ეს თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა?

– ასე ვერ ვიტყვი. შეთანხმებას მივაღწიეთ, იმ მოსაზრებით, რომ ლელას ფინანსურად გაცილებით კარგი პერსპექტივა ელოდა. ნურავინ იტყვის იმას, რომ მისთვის შემოსავალი სულერთია. მით უმეტეს, როცა პატარა ბავშვი გყავს, შენ თვითონ ახალგაზრდა ხარ და ქონება თავზე არ გადაგდის. რასაც მე ვიღებდი, იმაზე ორჯერ მეტი ხელფასი ექნებოდა ლელას.

– როლების გაცვლაში რა იგულისხმება. თქვენ დიასახლისობდით?

– არა, არა. ისეც ნუ გამიგებთ, თითქოს წინსაფარაფარებული ქურასთან ვიდექი და კერძებს ვამზადებდი. არც სარეცხის რეცხვა მიწევდა და არც ვაუთოებდი. ამ ყველაფერსაც გავაკეთებდი, თუ საჭირო იქნებოდა, საშინელებად ნამდვილად არ მიმაჩნია, შრომა სათაკილო არ არის. პრობლემა სხვა რამეშია. ახლა ძალიან კარგად ვხვდები, რატომ უჩნდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი იმ ქალებს, რომლებიც მარტო ოჯახური საქმეებით არიან დაკავებული.

– თქვენ ფიქრობთ, რომ დიასახლის ქალბატონებს არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავთ? გაგვიბრაზდებიან დიასახლისები...

– არავის გაბრაზება არ მინდა, მით უმეტეს, დიასახლისების. მაგრამ, როცა გაქვს ამის პოტენციალი, რაღაც ღირებული გააკეთო, მაგრამ ამის ნაცვლად რეცხავ ჭურჭელს და ფენ სარეცხს, პროტესტის გრძნობა აუცილებლად გაგიჩნდება. სამსახურს ნაწილობრივ თავი დავანებე.

– ძიძა რომ აგეყვანათ, პრობლემა უფრო მარტივად არ მოგვარდებოდა?

– ძიძაც გვყავდა, მაგრამ „სადღეღამისო“ არ აგვიყვანია. ამას სერიოზული თანხა სჭირდება, თანაც ძიძა ბავშვით არის დაკავებული, ოჯახის საჭიროებებზე მე ვზრუნავდი. ანუ, მე ვზრუნავ. ჯერ ყველაფერი ძველებურად არის, არაფერი შეცვლილა. ვერ ვბედავ, დავიწყო იმაზე ლაპარაკი, რაც მაწუხებს. შეცდომა რომ დავუშვა? არ მინდა, ჩვენი ურთიერთობა გავართულო. ჯერ არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც მე ვეჭვობ.

– ცოლზე გაგიჩნდათ ეჭვი?

– დიახ. ამ ბოლო დროს სულ ვფიქრობ იმაზე, რომ მე მისთვის, როგორც მამაკაცი, საინტერესო აღარ ვარ. თვითონ ისეთი სისხლსავსე ცხოვრება აქვს... სულ გასულია, მისი მობილური ერთ წუთს არ ჩერდება... ახლა ისიც დაემატა, რომ მივლინებებში თუ რაღაც ტრენინგებზე დადის, ხან აქ, ხან უცხოეთში. მე ვრჩები ბავშვთან და ნერვიულობით გულს ვიხეთქავ.

– ინფორმაციას ხომ არ ფლობთ ისეთს, რაც ამ ეჭვებს გიძლიერებთ. იქნებ, ვინმემ მიგითითათ, გითხრათ, ცოლს მეტი ყურადღება მიაქციეო.

– არა. ნამდვილად ვერავის დავაბრალებ. ეს ყველაფერი ჩემი ეჭვებია. ხომ ვხედავ, როგორ დადის, როგორ უვლის თავს, როგორ მიყურებს... ფიქრებით სულ სხვაგან არის. მისი მზერა მე აღარ მეკუთვნის. მეც რომ ისეთი დაკავებული ვიყო, დილაუთენია გავდიოდე, შესაძლოა, ვერაფერი შემემჩნია. მაგრამ, დრო მაქვს ფიქრისთვისაც და დაკვირვებისთვისაც. ჩემი ცოლისთვის მე მნიშვნელობას ვკარგავ. თუ უკვე სულ არ დავკარგე...

– ანუ, საყვარელი ჰყავს?

– არ ვიცი. ჯერ დარწმუნებული არ ვარ. თუმცა, საკმაოდ ხშირად ვფიქრობ, რომ მის ცხოვრებაში, სხვა მამაკაცი გამოჩნდა.

– მაინც, რა გაძლევთ ამაზე ფიქრის საფუძველს?

– ჩემს ცოლში მომხდარი ცვლილებები. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვს ყურადღებას აღარ აქცევს, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც ისე არ არის. ჩვენ არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ზოგიერთ ცოლ-ქმარს რომ აქვს. მოვალეობის, თუ რაღაც ჩვევის გამო რომ ცხოვრობენ ერთად, ყოველთვის ერთსულოვნად და ერთად ვაკეთებდით ყველაფერს. სულ გვქონდა სათქმელი ერთმანეთისთვის რაღაც. დღეს ერთად ვიწყებდით და რამდენჯერმე ვეხმიანებოდით ერთმანეთს. ის ყველაფერს მიყვებოდა, რაც დღის განმავლობაში ხდებოდა. უფრო ინტიმურ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, ამ მხრივაც არ გვქონდა აქამდე პრობლემები.

– აქამდე არ გქონდათ, ანუ, ახლა გაქვთ?

– რა არის, იცით? საყვედური რომ ვთქვა და დავიწუწუნო, მაშინვე მეტყვის, რომ უსამართლოდ ვსაყვედურობ, რადგან ძალიან იღლება. იქნებ, მართლაც უსამართლოდ ვეჭვიანობ, მაგრამ...

– მაგრამ არ გჯერათ მისი.

– დიახ. არ მჯერა. საქმე ისაა, რომ მე მისთვის საინტერესო აღარ ვარ. ის უკვე ძალიან წინ წავიდა პროფესიული თვალსაზრისით. თუ მოინდომებს, დამოუკიდებლადაც იცხოვრებს. ჩემი დახმარება აღარაფერში დასჭირდება. ხომ ვხედავ, როგორ იცვლება ნელ-ნელა. ისეთი თავდაჯერებულია, მაოცებს. თან რომ მახსოვს, როგორი იყო. ნუთუ მარტო მისი შემოსავალია ამ ცვლილების მიზეზი? საერთოდ, როცა ოჯახში ქალი გაცილებით მეტს შოულობს ქმარზე, იქ ბალანსი ირღვევა და მამაკაცი იჩაგრება. მე ამის შესახებ ვიცოდი. მქონდა ინფორმაცია, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიანაც არ მჯეროდა. ვფიქრობდი, რა მოხდა, დღეს ჩემს ცოლს აქვს კარგი შანსი, ხვალ მე მექნება-მეთქი. სინამდვილეში კი, რა გამოვიდა. დღეს მე არაფერს წარმოვადგენ. საკუთარ ოჯახზე კონტროლს ვკარგავ, ან უკვე დავკარგე. იცით, ეს რა საშინელი განცდაა? ჩემი თავმოყვარეობა განადგურებულია. პატივმოყვარეობის შელახვაზე საერთოდ აღარც ღირს ლაპარაკი. მე, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით გადავედი მეორე პლანზე და თავი ასეთ მდგომარეობაში საკუთარი ნებით ჩავიყენე. მგონი, ახლა გვიანაა ნერვიულობა და ვინმეს დადანაშაულება იმაში, რაც ხდება ჩემს თავს.

– თქვენ ცოლზე დაკარგეთ კონტროლი და ამას განიცდით. იქნებ, ხელოვნურად ამძიმებთ სიტუაციას?

– ცოლზე კონტროლის დაკარგვაში რას გულისხმობთ? თუ ფიქრობთ, რომ მე ტირანი ვარ და იმან გადამრია, ჩემი მეუღლე სახლიდან რომ გადის, გარწმუნებთ, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ შეუძლებელია, არ გრძნობდეს, რა ხდება ჩემს თავს. ვნერვიულობ და განვიცდი – ეს უკვე შესამჩნევია. ნუთუ, საერთოდ არ აღელვებს ჩემი სულიერი მდგომარეობა. თუ არ აღელვებს, ესე იგი, მისთვის სულერთია, მე რა მომივა. აქედან ვაკეთებ დასკვნას და მიჩნდება ეჭვი, რომ საყვარელი ჰყავს.

– სხვა ფაქტი არაფერი გაქვთ, უფრო კონკრეტული?

– უფრო კონკრეტული ფაქტი რომ მქონდეს, ახლა უკვე დამთავრებული იქნებოდა ყველაფერი. მე ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი. ოჯახიც თითქმის ყველაფერია ჩემთვის და ამ სიტუაციის მოთმენაც შემიძლია, მაგრამ უკაცრავად და... სულში ვერავის ჩავაფურთხებინებ, როგორ ძალიანაც უნდა მიყვარდეს, გამორიცხულია.

– ანუ, ცოლს ღალატს არ აპატიებთ...

– ვერ ვაპატიებ. ვერ შევძლებ, ზუსტად ვიცი. მე ძალიან დამთმობი ადამიანი ვარ. ხომ გეუბნებით, ბევრიც შემიძლია ვაპატიო ადამიანს, მაგრამ ღალატი, მეტისმეტია. არ ვიმსახურებ ამას. ნამდვილად არ ვარ იმ ტიპის მამაკაცი, ქალმა ზედ გადამიაროს და არარაობად ჩამთვალოს. რომ წარმოვიდგენ, თავის საყვარელთან ერთად როგორ დამცინის, გული მისკდება. ამ დროს ისეთ გუნებაზე ვდგები, შეიძლება, ვიღაც მოვკლა.

– „ვიღაც“ – ვინ? მეუღლე? იქნებ, ჯერ დალაპარაკებოდით და ყველაფერი გაგერკვიათ?

– ველაპარაკო იმაზე, რომ შესაძლოა, საყვარელი ჰყავს და მიმალავს, თუ იმაზე, რომ თავს დაჩაგრულად ვგრძნობ, რადგან ჩემზე მეტ ფულს შოულობს?

– თუ არ დაელაპარაკებით, გაურკვევლობაში ცხოვრება ძალიან გაგიჭირდებათ.

– ვიცი. უკვე ძალიან მიჭირს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიჭირს, რომ თქვენთან მოვედი რჩევის სათხოვნელად. თუ ჩემი ცოლი არ მღალატობს და მასში მომხდარი ცვლილებები მხოლოდ მისი საკარიერო წინსვლის ბრალია, კიდევ არა უშავს. მაგრამ, იქნებ, მოღალატეა, იქნებ, ჰყავს საყვარელი. სამწუხაროდ, მე არ ვიცი მოღალატე ქალის ფსიქოლოგია.

– და, ფიქრობთ, რომ მე უნდა ვიცოდე?

– რა გითხრათ. ისეთი დაბნეული ვარ, ძალიან დაბნეული და ალბათ, ასე უფრო სასაცილო ვხდები. საშინელი სანახავია დაბნეული მამაკაცი, რომელსაც საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული.

– თქვენი გამოსავალი ცოლთან გულახდილი საუბარია.

– თუ საყვარელი ჰყავს, რომელ გულახდილ საუბარზეა ლაპარაკი? ერთ სიტყვასაც არ მეტყვის. კიდევ უფრო გავართულებ სიტუაციას.

– საყვარელზე კი არა, თქვენს ურთიერთობაზე უნდა დაელაპარაკოთ.

– მართალი ხართ. განა გეკამათებით, მაგრამ ვერ ვბედავ. სწორად გამიგეთ, მე მისი დაკარგვაც არ მინდა. თუ არაფერი ხდება, ტყუილად უნდა გავანაწყენო და მივაყენო შეურაცხყოფა. მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვარ. იქნებ, თვითონ გადმოდგას ჩემკენ ნაბიჯი და გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. ერთადერთი, ამის იმედიღა მაქვს.


скачать dle 11.3