კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები









რატომ დავკარგე სამსახური

სამსახური რომ ვერ ვიშოვე, გადავწყვიტე, სტილისტობა (ანუ პარიკმახერობა) მესწავლა, რომ, ელემენტარულად, პურის ფული მქონოდა. ასეც მოვიქეცი. სხვათა შორის, მომეწონა ეს ხელობა, კარგადაც გამომდიოდა და კურსების ხელმძღვანელმა თვითონვე დამასაქმა. დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, უკვე ჩემი კლიენტურა მყავდა, ძირითადად, „სვეცკი ნაშები“ და საქმიანი ქალები.

ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს, შეიძლება, ჩემმა სიტყვებმა ისინი გაანაწყენოს, მაგრამ არავისთვის უცხო არ არის ის ამბავი, რომ ახალგაზრდა სტილისტების ნაწილი დიდი ვაჟკაცური მონაცემებით არ გამოირჩევა. ღვთის წყალობით, მე ეს პრობლემა არ მაქვს და, შესაძლოა, ახალგაზრდა ქალების (კლიენტების) მოზღვავება ამანაც გამოიწვია, თორემ, კარგი სტილისტი სხვაც ბევრია ქალაქში.

ერთი სიტყვით, ჩემმა კოლეგებმა, როგორც ვხვდები, ძირითადად ამის გამო ამითვალწუნეს და დამაბრალებს, ჩუმ-ჩუმად იბირებს ჩვენს კლიენტებსო. ღმერთი, რჯული, მსგავსი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ, ვერაფრით დავარწმუნე ჩემს უდანაშაულობაში. ისე შემავიწროვეს და ისეთი რაღაცეები მომიწყვეს, იძულებული გავხდი, სამსახურიდან წამოვსულიყავი. დავრჩი ისევ უმუშევარი. აღარ ვიცოდი, რა მექნა, ლამის დეპრესიაში ჩავვარდი. მერე ერთმა ახლობელმა მირჩია, კაცების სტილისტად დაიწყე მუშაობაო. ისევ მივედი კურსებზე. რადგან ძირითადი საქმე მაინც უკვე ვიცოდი, ჩემს გადამზადებას სულ რამდენიმე მეცადინეობა დასჭირდა. სამსახურის შოვნა ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს ერთმა ჩემმა ძველმა კლიენტმა (ქალმა) მიშუამდგომლა და კაცების ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში დავიწყე მუშაობა. სხვათა შორის, იქაც გამიმართლა და მთელი ორი წლის განმავლობაში იმხელა კლიენტურა მყავდა (თან, საკმაოდ გულუხვები), რომ გარკვეულ თანხას მოვუყარე თავი და საკუთარი სალონი გავხსენი. ახლა ვარ ბედნიერად, მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი და მალე მეორე სალონის გახსნასაც ვგეგმავ. ოღონდ, ქალების სილამაზის სალონი მინდა გავხსნა, კოსმეტოლოგით, მანიკიურ-პედიკიურით და ასე შემდეგ. იმედია, ამაში მაინც არავინ შემიშლის ხელს.

სერგო, 26 წლის.



ჩემი შვილი ჩემი

შვილი არ აღმოჩნდა

მყავდა შეყვარებული, რომელსაც სამი წელი ვხვდებოდი. ინტიმური ურთიერთობაც გვქონდა, მაგრამ, რატომღაც, დაქორწინებისგან თავს ვიკავებდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ერთ დღეს კი ირმამ მითხრა, ორსულად ვარო. მე ძალიან გამიხარდა და მაშინვე ვუთხარი, დროა, ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე მივცეთ-მეთქი. ისიც დამეთანხმა და დავქორწინდით.

ირმას ისეთი სამსახური ჰქონდა, რომ ხშირად უწევდა უცხოეთში მივლინებაში წასვლა, ხანდახან ერთი თვითაც კი მიემგზავრებოდა ხოლმე. იმ საბედისწერო დღეებშიც შვეიცარიაში იყო წასული. ბავშვი მაშინ 7 წლის იყო. ცხადია, სკოლაში მე დამყავდა. იმ დღეს წამოსაყვანად მისვლა სულ რამდენიმე წუთით დამაგვიანდა, ლუკას აღარ დაუცდია და თვითონ წამოსულა სახლში. შორს არ ვცხოვრობთ, მაგრამ, ქუჩაა გადმოსაჭრელი. მართალია, შუქნიშანი დგას, მაგრამ, ბავშვს მაშინ გადაურბენია, მანქანების ნაკადი რომ დაძრულა და ერთ-ერთ მანქანას დაურტყამს. მე რომ მივედი, ეს ამბავი უკვე მომხდარი იყო და ჩემი შვილი ექიმებს სასწრაფო დახმარების მანქანაში შეჰყავდათ საკაცით. რომ დავინახე, ჩემი შვილი სისხლში იყო ამოსვრილი, ერთი საშინლად ვიღრიალე და გონება დავკარგე. გონს რომ მომიყვანეს, მაშინვე საავადმყოფოში გავქანდი. ექიმმა მითხრა, მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ არა უიმედოო. აღმოჩნდა, რომ ლუკას ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და საჭირო იყო სისხლის გადასხმა. სანამ სისხლს მოიტანდნენ, ქირურგთან შევედი და ვუთხარი, მამა ვარ და ჩემი სისხლი გადაუსხით-მეთქი. ანალიზის გარეშე მაინც არ შეიძლებაო, მითხრეს და ამიტომ სისხლი ამიღეს. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ექიმი მომიახლოვდა და ძალიან მორიდებით მკითხა, ბავშვი თქვენი ღვიძლი შვილია თუ ნაშვილებიო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სისხლის მიხედვით ეჭვი გამიჩნდა, რომ ლუკა ჩემი შვილი არ არის.

ბავშვი გადარჩა და ორი დღეა, სახლში გამოვიყვანეთ. რამდენიმე დღეში ირმაც ჩამოდის მივლინებიდან და ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ მართალია, ლუკა ისევ ძალიან მიყვარს, მაგრამ მასთან ურთიერთობა ძალიან მიჭირს – აღარ ვიცი, რაზე ველაპარაკო. ბავშვი კი ამას გრძნობს და ძალიან განიცდის.

ერთი სული მაქვს, ირმა როდის ჩამოვა.

სოსო, 38 წლის.



დედ-მამამ მეორედ უარმყო

გადაცემა „პროფილში“ ერთი ისტორია მოვისმინე, რომელმაც ჩემი უიღბლო ბავშვობა კიდევ ერთხელ გამახსენა და მწარე ცრემლიც მადინა. ტირილით რომ მოვიოხე გული, გადავწყვიტე, მეც მომეწერა ჩემი თავგადასავალი. ჯერ მაინც თავს ვიკავებდი – მრცხვენოდა, რატომ უნდა გავხადო ჩემი, თუნდაც უღირსი მშობლები სხვისი განსჯისა და განკიცხვის საგანი-მეთქი, მაგრამ, მერე მაინც გავბედე. თუკი ზოგიერთს („პროფილში“ მისულ ადამიანებს ვგულისხმობ) იმის სიმამაცე ჰყოფნის, რომ სახითაც დაენახვოს საზოგადოებას და თავისი მშობლებისა თუ ახლობლების სახელ-გვარებიც ხმამაღლა გამოაცხადოს, მე რატომ ვერ უნდა შევძლო, ჩემი სატკივარი გიამბოთ, მით უმეტეს, რომ სახელებსა და გვარებს მაინც შევცვლი. საბოლოო ჯამში კი, იმიტომ ვრისკავ, რომ ჩემი მშობლები (დედაც და მამაც) დღესაც ცოცხლები არიან, საკმაოდ ჯანმრთელადაც გრძნობენ თავს, ორივეს თავ-თავისი ოჯახი აქვს, შვილებიც ჰყავთ და, რომ იტყვიან, ბუზს არ ისვამენ თავზე. როგორც ჩანს, არც შვილებმა და არც მეზობლებმა არ იციან, რა ცოდვა აქვთ მათ ჩადენილი, თორემ, ალბათ, სალმის ღირსადაც არ ჩათვლიდნენ.

ჩემი თავი დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან მახსოვს. მანამდელი ცხოვრებიდან თითო-ოროლა კადრი თუ გამიელვებს ხოლმე გონებაში, ისიც – ბუნდოვნად. მაგალითად, მახსენდება, როგორ ჩხუბობდნენ ჩემი ბებიები იმის გამო, ვის უნდა წავეყვანე გასაზრდელად. ლამის თმებში სწვდნენ ერთმანეთს, თან უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებოდნენ. იქით კიდევ ბაბუები დაერივნენ და, ლამის დანები გაუყარეს ერთმანეთს... თქვენ გგონიათ, იმაზე ჩხუბობდნენ, არა მე უნდა წავიყვანო და გავზარდო ჩემი შვილიშვილი და არა – მეო. არა, ბატონო, პირიქით, იმაზე „ჩალიჩობდნენ“, ერთმანეთისთვის „შეეტანათ“ ჩემი თავი და როგორმე თავიდან მოეშორებინათ ორწლინახევრის უმწეო არსება – დედ-მამისგან უარყოფილი და ყველასთვის უსარგებლო, ზედმეტი ტვირთი. მე კი, ამ ალიაქოთით გულგახეთქილი, საწოლის ქვეშ ვიყავი შემძვრალი და შიშით ვკანკალებდი, რადგან, ვგრძნობდი, რომ ჩემ გამო იყო ეს ხელჩართული ბრძოლა ატეხილი. თუმცა, ნამდვილად არ ვიცოდი, რომელთან მერჩივნა ცხოვრება.

შემდეგი მოგონებები უკვე ბავშვთა სახლს უკავშირდება და თითქმის ყოველთვის შიმშილთან, სიცივესთან, დასჯასთან და ტირილთან ასოცირდება. 15 წელი გავატარე იქ და მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ სამჯერ თუ ოთხჯერ მოვიდნენ სანახავად ბებია-ბაბუები, თითო „ბულკი“ და თითო მუჭა კანფეტი მომიტანეს. მკითხეს, როგორ ხარო, მითხრეს – როგორ გაზრდილხარო და წავიდნენ. ბავშვთა სახლის მესვეურებმა ვერც გამაშვილეს (რამდენჯერმე გამოჩენილა ჩემი შვილად აყვანის მსურველი), მაგრამ, რადგან მშობლები და ნათესავები ცოცხალი მყავდა, ისინი კი ჩემს გაშვილებაზე თანახმა არ იყვნენ (მერე რა, რომ თვითონ არ მპატრონობდნენ), ბავშვთა სახლს უფლება არ ჰქონდა, გავეშვილებინე.

წლების განმავლობაში მეგონა, რომ არც დედა მყავდა ცოცხალი და არც მამა, მაგრამ, სკოლას რომ ვამთავრებდი, ბებიაჩემი (მამაჩემის დედა) მოვიდა ჩემთან და მიამბო, რომ დედაშენმა მაშინვე მიგატოვა, სამი თვის რომ იყავიო. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, მეორე ბებია ჩამოვიდა ჩემთან (ბავშვთა სახლში) და მითხრა, შენი აქ ყოფნა მამაშენის ბრალია. იმან შეჭამა ცოცხლად ჩემი შვილი (ანუ დედაჩემი), ცემით კლავდა, ლოთობდა, ქუჩის ქალები სახლში მოჰყავდა და დედაშენს აიძულებდა, იმათ მომსახურებოდა. ბოლოს კი, სახლიდან გააგდო, შენი თავი კი დაუმალა და არ გაატანაო.

საბოლოო ჯამში, ვერ გავიგე, სინამდვილეში ვინ იყო მტყუანი და ვინ მართალი, მაგრამ ორივე მხრიდან დაზარალებული რომ დავრჩი, ცხადია – ცოცხალი დედ-მამის ხელში თითქმის დაბადებიდან ობოლი ვიყავი და არც არავის ვჭირდებოდი ამქვეყნად.

18 წლის რომ შევსრულდი და ბავშვთა სახლიდან წამოვედი, ტექნიკუმში ჩავაბარე, საერთო საცხოვრებელში ოთახიც მომცეს და დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე. თან, ვმუშაობდი და კაპიკს კაპიკზე ვადებდი, რომ ფული დამეგროვებინა და ჩემი მშობლები მომეძებნა. მართალია, ამისთვის რამდენიმე წელი დამჭირდა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ორივეს მივაგენი. დედამ ძალიან ცივად მიმიღო და მაგრძნობინა, რომ მის ცხოვრებაში ადგილი არ მქონდა. მეც, განაწყენებულმა, ვუთხარი, იმის მერე, როგორც მომექეცი უკეთესი შეხვედრის იმედი არც უნდა მქონოდა. ნუ ნერვიულობთ, როგორც აქამდე არ გაგხსენებივართ და გინახივართ, ისე ამის შემდეგ ვეღარ მნახავთ-მეთქი და წასასვლელად ავდექი. ამ დროს მისი შვილი შემოვიდა (ჩემზე ხუთი-ექვსი წლით უმცროსი იქნებოდა) და ჩემზე იკითხა, ვინ არისო. დედამისმა კი უპასუხა, არ ვიცი, უცხო გოგოა, ვიღაც ქალს ეძებსო.

მამაჩემთან შეხვედრა კიდევ უფრო „შთამბეჭდავი“ აღმოჩნდა. როცა ვუთხარი, ვინ ვიყავი ჭიშკარშიც კი არ შემიშვა, კარში ჩამდგარი მელაპარაკებოდა. მითხრა, დედაშენი ისეთი ქუჩის ქალი იყო, დარწმუნებული ვარ, ჩემგან კი არა, სხვისგან გაგაჩინა. მამის გაცნობა თუ გინდა, მოძებნე დედაშენი, ჰკითხე, ვისგან დაორსულდა და ის იპოვეო.

ასე დავბრუნდი უკან, კიდევ უფრო მეტად დამცირებული, შეურაცხყოფილი და გულდათუთქული.

იმის შემდეგ გადავწყვიტე, არ გავთხოვილიყავი და ჯერჯერობით ვიცავ პირობას. რა გარანტია მაქვს, რომ ქმარ-შვილში მაინც გამიმართლებს?!

ელზა, 33 წლის.



ჩემი სიძე უშვილო გამოდგა

ჩემი და გარიგებით გათხოვდა და ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც მასზე გაცილებით ნაკლები გარეგნობის იყო. არ უნდოდა მასზე გათხოვება, მაგრამ, ეტყობა, მისი ბედი ეს იყო. თან, ზურას ოჯახს ძალიან უნდოდა, რომ ანა მათი რძალი გამხდარიყო.

ქორწილისთვის კაბა ანამ თვითონ იყიდა – სადა, კრემისფერი კაბა იყო, კოხტად შეკერილი, მაგრამ, არა საპატარძლო. ქორწილში მაკიაჟიც სადა გაიკეთა და ვარცხნილობაც. ანა საკმაოდ ლამაზი გოგო იყო და ყოველთვის უყვარდა გამორჩეული ჩაცმა-დახურვა, თამამი მაკიაჟი და ძალიან გამიკვირდა, ასე რომ მოიქცა. მერე გამომიტყდა, არ მინდოდა, ზურა ჩემზე ბევრად ნაკლები გამოჩენილიყო, რომ სტუმრებს ჭორაობა არ დაეწყოთ და ამიტომ მოვიქეცი ასეო. ეს სულელი ქმარს გაუფრთხილდა და შედეგად ის მიიღო, რომ ზურას ნათესავებმა რძალი დაიწუნეს – ცოტა მეტად ვერ მოიწესრიგა თავი? ეს არის, ლამაზი ქალი მოჰყავს ზურასო?! მაგრამ ანა არც ამ ჩურჩულმა მოიყვანა გონს, მერეც ასევე განაგრძო, ძალიან მალე ოჯახში ვეღარავის წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა, ანასაც მონდომებოდა ან დასჭირვებოდა რამე. „მაგას მაინც არაფერი უნდა“, „მაგას ჩაცმა-დახურვა არ აინტერესებს“; „ეგ მაინც ვერაფერს შეიშნოვებს“. – ასეთი იყო ჩემი დის მიმართ წარმოთქმული კომენტარები მულისა და დედამთილის მხრიდან. ეს ჩერჩეტი კი, დუმდა და ისევ მეასე ადგილზე აყენებდა საკუთარ თავსა და ინტერესებს. სამაგიეროდ, ქმარს ჰყვებოდა თან და რამდენიმე თვეში ისეთ კაცად აქცია, ყველა იმას ამბობდა, ზურას უკეთესი გარეგნობის ქალი ეკუთვნოდა ცოლადო. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩემმა სიძემაც, როგორც იტყვიან, კიტრად წარმოიდგინა თავი და ქალებში ძრომიალი დაიწყო. თან, შვილი არ უჩნდებოდათ და ესეც ჩემს დას დააბრალა. ამ სიტყვებზე გავცეცხლდი და ანა გინეკოლოგთან წავიყვანე გასასინჯად. მთელი რიგი პროცედურების შემდეგ დადგინდა, რომ ანა უშვილო არ იყო. ეს რომ ზურას ვუთხარი, არ დამიჯერა. მაშინ, დავაძალე, რომ შენც უნდა წახვიდე ექიმთან, შეიძლება, ელემენტარული შეუთავსებლობა გაქვთ და, სანამ შველა, შეიძლება, ნუ გადადებ-მეთქი. არაფრით არ უნდოდა ანალიზების გაკეთება, მაგრამ მამამისიც ჩავრთე ამ საქმეში და, როგორც იქნა, აიძულეს ექიმთან მისვლა. ჩემი ეჭვი გამართლდა – უშვილო ზურა აღმოჩნდა. მართალია, იმედი მისცა, უსაშველო არაფერი გჭირსო, მაგრამ, მაინც „გატეხილში“ იყო ვაჟბატონი, რომ ჩემს დას ვერაფერს დააბრალებდა. არც ეს არ უნდოდა, მაგრამ ვაიძულეთ, მკურნალობა დაეწყო. ექიმი ჰპირდება, რამდენიმე თვეში ყველაფერი მოგვარდებაო. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, გამოგიტყდებით, ამაზე არანაკლებად ის მიხარია, რომ ანას მულმა და დედამთილმაც იკადრეს და „მოკეტეს“, – აღარ ამბობენ, ჩვენს ზურას უკეთესი ცოლი ეკუთვნოდაო.

თაკო, 32 წლის.



ჩემმა მეორე რძალმა უფროსი შვილიშვილი სახლიდან გამიგდო

ჩემმა ვაჟმა ცოლად შვილიანი ქალი მოიყვანა. ჩემს შვილსაც ჰყავს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი, რომელიც დედამისთან ცხოვრობს, მაგრამ შაბათ-კვირას ყოველთვის ჩვენთან ატარებდა. ჩემი უფროსი შვილიშვილი, იკა, 9 წლისაა და ძალიან უყვარს ჩვენთან ყოფნა. ახლა ჩემი რძალი ფეხმძიმედაა. სანამ დაორსულდებოდა, იკუნას ძალიან კარგად ექცეოდა – თბილად ხვდებოდა, ეფერებოდა, მისთვის საჩუქრებს ყიდულობდა, თავის შვილთან ერთად დაჰყავდა სასეირნოდ (სხვათა შორის, მისი მოყოლილი შვილი ჩვენთან ცხოვრობს), მაგრამ, უკვე რამდენიმე თვეა, ბავშვს პრაქტიკულად, აუკრძალა მამასთან და ბებიასთან მოსვლა. იკა რომ მოდის, ქალბატონი ისე ცივად ხვდება, რომ ბავშვი ამას გრძნობს და ძალიან განიცდის.

მალე ჩემი რძალი შვილს გააჩენს და, მერე, ალბათ, მეც გამაგდებს სახლიდან. იკას სულ შენიშვნებს აძლევს, თანაც, ძალიან უხეშად, მისი ნებართვის გარეშე წყლის დალევასაც კი უკრძალავს, ხელს არ ახლებინებს არაფერზე, თავისი შვილი კი ლამის თავზე დაგვასვას. ისე ჰყავს გათამამებულ-გატუტუცებული, ის პატარა ლაწირაკი ჩემს საკუთარ სახლში თავისუფლად განძრევის უფლებას აღარ მაძლევს. ჯერ მხოლოდ 8 წლისაა და ისეთი თავხედია, ამას წინათ, სტუმრად მოსულ ჩემს მეგობრებს უთხრა, ჯერ ერთი, ცოტა ჩუმად ილაპარაკეთ, ჩემს ოთახში ხმა შემოდის და ვერ ვიძინებ (თავის შვილს ცალკე ოთახი გამოუყო, ჩემს შვილიშვილს კი ჩემს ოთახში ღამის გათევის უფლებას აღარ აძლევს), მეორეც, ამდენ ხანს სტუმრობა არ გამიგია, თანაც, ასეთი ბებრები ამ შუაღამისას სახლამდე როგორ უნდა მიხვიდეთო. ჩემი მეგობრები გაშრნენ, მე კი კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. იმ ღამეს ისე ამიწია წნევამ, სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა.

ჯერ არ მინდოდა ჩემი შვილისთვის მეთქვა, მაგრამ, მერე მაინც ვუთხარი. ძალიან გაბრაზდა, ბავშვსაც დაუტატანა და ცოლსაც საყვედური უთხრა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ შეწუხებულიყო მაინც, ქალბატონმა შვილი გაამართლა და მე დამადანაშაულა – ჩემს ოთოს ვერ იტანს და უგონებსო. მეორე დღეს კი, ამხელა უსიამოვნების შემდეგ, თავხედობა ეყო და მითხრა, ამ საღამოს დაბადების დღეზე მივდივარ და, ერთი-ორი საათით ოთოს ხომ დაიტოვებო. მე ვუთხარი, ცუდად ვარ, არ შემიძლია და დედაშენს წაუყვანე-მეთქი. დედაჩემი უარს მეტყვის, იმას სად აქვს ამის გაძლების თავი, ხომ დახოცეს ერთმანეთიო. მაშინ, თან წაიყვანე-მეთქი. ამ სიტყვებზე მომიბრუნდა, დოინჯი შემოიწყო და მითხრა: კარგად დაიმახსოვრე, რაც მითხარი. შენი შვილიშვილიც მობრძანდება აქ და მეც ზუსტად ასევე მოვიქცევიო. მერე გამოიპრანჭა და წავიდა, თავისი შვილი კი მაინც მე დამიტოვა, ისე, რომ არც არაფერი უთქვამს. არ ვიცი, თვითონ დაარიგა თუ ბავშვმა გამოხატა პროტესტი ჩემი სიტყვების გამო, მაგრამ, წავიდა თუ არა დედამისი, როგორც იტყვიან, ჭერზე დაიწყო სირბილი – მთელი სახლი ყირაზე დააყენა და თან ველურივით კიოდა. მხოლოდ მაშინ შევიდა თავის ოთახში, ჩემი შვილი რომ დაბრუნდა. მეორე დღეს კი ჩემმა რძალმა იმით გადამიხადა სამაგიერო, იკუნა რომ მოვიდა, კარი თვითონ გაუღო და, სანამ მე რამის დაძახებას ან კარამდე მისვლას მოვასწრებდი, უთხრა, მამაშენი და ბებიაშენი სახლში არ არიან, მეც სხვაგან მივდივარ და აქ მარტოს ვერ დაგტოვებო – და ბავშვს ცხვირწინ მიუკეტა კარი. ახლა რომ ასე იქცევა, წარმომიდგენია, შვილს რომ გააჩენს და ფეხს უფრო მტკიცედ მოიკიდებს სახლში, მერე რას იზამს. ჩემს შვილთან კი ისე კრუტუნებს და თავს ისე აჩვენებს, უკვე მეც კი მეპარება ეჭვი საკუთარ თავში, ხომ არ მეჩვენება ეს ყველაფერი-მეთქი.

ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, ბინა დავშალო. მე ამათი არაფერი მინდა, მაგრამ ეს ალქაჯი იკუნას არაფერს არგუნებს და, სანამ ცოცხალი ვარ, მანამ უნდა მოვასწრო, რომ ჩემი შვილიშვილის წილი ვიღაცის თან მოყოლილი უცნობი წარმოშობისა და წარმომავლობის ნაშიერს დარჩეს.



ეთერი, 69 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3