ვინ შეცვალა გაგა ჩიხლაძის გიჟური ცხოვრება და სად დაძვრება ის ძმაკაცებთან ერთად
ჯგუფი „ფრანი“ საქართველოში უკვე დიდი ხანია, ძალიან პოპულარულია. ხალხის სიმპათია მათ თავიანთი განსხვავებული სტილითა და ცოცხალი შესრულებით დაიმსახურეს. ჩვენი სტუმარია „ფრანის“ ერთ-ერთი წევრი, გაგა ჩიხლაძე. ის ერთი თვის განმავლობაში არ ჩანდა, რადგან ახალ პროექტში იღებდა მონაწილეობას. როგორია გაგა ჩიხლაძის ცხოვრება და როგორ გრძნობს ის თავს პროექტიდან დაბრუნების შემდეგ, ამ თემაზე თავად მომღერალი გვესაუბრება.
– დავიწყოთ მოკითხვით: როგორ ხარ? როგორც ვიცი, რაღაც პრობლემები გქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
– ყველანაირად კარგად ვარ, არაფერი აღარ მაწუხებს. იმაზე კარგად ვარ, ვიდრე ვიყავი. ეს კითხვები პროექტიდან გამომდინარე გაუჩნდათ, ალბათ. ვიცი, რომ რაღაც ხმები გავრცელდა და იყო რაღაც მიზეზები, რის გამოც გავრცელდა ეს ხმები, მაგრამ, სანამ გადაცემა არ გავა, უფლება არ მაქვს, ამ თემაზე ვისაუბრო. როგორც კი გავა, აუცილებლად მოგიყვებით ყველაფერს.
– ცხოვრებაში რამდენად ამტანი ხარ?
– ყველაფერი მაქვს გამოცდილი: ტკივილი, ავარია, მოტეხილობა. შიმშილიც გამომიცდია, სტუდენტურადაც მიცხოვრია. იმხელა ავარია მაქვს გადატანილი, ორი წელი ყავარჯნებით დავდიოდი და ეს ჩემთვის შოკი იყო. ასე რომ, ხშირად მქონია მსგავსი პერიოდები.
– კომფორტის მოყვარული ხარ?
– მე კომფორტის ჩემეული აღქმა მაქვს. ჩემთვის კომფორტია მთა, კარავი, ლაშქრობაში წასვლა, თევზაობა. დიდ სიამოვნებას მანიჭებს საძილე ტომარაში ცხოვრება – ამ დროს თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, თქვენ, ალბათ სულ სხვა კომფორტს გულისხმობთ, რისი მოთხოვნილებაც არასდროს გამჩენია. ჩემთვის უბრალოება არის ყველაზე დიდი კომფორტი.
– რთულ პირობებს ადვილად ეგუები?
– ძალიან ადვილად ვეგუები სირთულეებს. პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს დიდი დოზით და ყველაფერზე ძალიან ბევრს ვნერვიულობ ხოლმე. მაგალითად, თუ არის სანერვიულო 20 პროცენტი, მე ვნერვიულობ 70 პროცენტს. ძალიან ფეთიანი ვარ, თუმცა, საბოლოოდ, ყველა საპასუხისმგებლო საქმე გამომდის ხოლმე. როდესაც დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ, რამდენიმე ლოცვა მეხმარება ყველაფერში.
– რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება?
– ალბათ, სიმღერის გარეშე. ხშირად მიფიქრია მაგ საკითხზე და სცენის გარეშე ჩემს თავს ვერ ვხედავ. ვფიქრობ ხოლმე, ვთქვათ ბანკში რომ შემომთავაზონ მუშაობა... ჯგუფის წევრებსაც გვისაუბრია ამაზე – რამდენი უნდა შემოგვთავაზონ, რომ მსგავს სამსახურზე დავთანხმდეთ. ალბათ მილიონებზე და მილიარდებზე უნდა იყოს საუბარი (იცინის). თუმცა, ვიღაც რომ მოვიდეს და მითხრას, მილიარდს გადაგიხდი და აღარასოდეს იმღერო, სუფრასთანაც კი – ეს არის ჩემთვის ციხე, ან, იგივეა, ხელ-ფეხი რომ მოგაჭრან. ვიქნები ხელ-ფეხმოჭრილი მილიარდერი (იცინის).
– ანუ, გინდა თქვა, რომ ბანკში კარგი თანამდებობა რომ შემოგთავაზონ, უარს იტყვი?
– არა, რა სისულელეა, არ მინდა! (იცინის). ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მსგავს თანამდებობაზე. მაგალითად, რომ დამნიშნონ კულტურის სამინისტროში, რად მინდა? ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ეს ფურცლები და რაღაცეები არ შემიძლია (იცინის). მე რომ კაბინეტში დამსვან, ალბათ, გავგიჟდები (იცინის).
– აქტიურად ცხოვრობ?
– ძალიან აქტიურ ცხოვრებას ვეწევი, ოღონდ, როგორც კომფორტის ჩემეული გაგება მაქვს, ამ შემთხვევაშიც ასეა. ადრე უფრო გიჟურად ვცხოვრობდი, მაგრამ ცოლ-შვილმა შემცვალა, ოღონდ, ძალიან არა (იცინის). გულში რაღაც ერთი მაინც მიფართხალებს, სულ გაქცევაზე ვარ (იცინის) – ტყეში მინდა წასვლა, მთაში. შეიძლება, ერთი თვე „გავიჭრა” და ვიხეტიალო საქართველოში, მაგრამ ჩემი ხეტიალი ხომ ვერ აჭმევს ჩემს ცოლ-შვილს?!
– ამის მიუხედავად, ხანდახან მაინც დაძვრები ხოლმე?
– ქალებში არ დავძვრები და, კარავში მაინც რომ დავძვრებოდე ბიჭებთან ერთად, ესეც არ შეიძლება?! (იცინის) ლაღი და თავისუფალი ადამიანი ვარ. ძალიან მიყვარს თევზაობა. ცოტა ხნის წინ ვიყავი თელავში, კონცერტი უნდა გამეკეთებინა, გადაცემიდან გამომდინარე. მაგრამ, ეს კონცერტი მოიხსნა და პატივისცემის ნიშნად წამიყვანეს ტბაზე, სადაც დიდი კობრი დამაჭერინეს. ეს იყო ჩემთვის საოცრება, ყველაზე მაგარი შეგრძნება.
– ამ ბოლო დროს კონცერტებს ისეთი სიხშირით რატომ აღარ მართავთ?
– როგორ არა, ახლახან მქონდა სოლო კონცერტი ბათუმში, რომელიც პროექტშივე იყო. კიდევ რამდენიმე კონცერტს ვგეგმავ ახლო მომავალში, გაჩერებულები ნამდვილად არ ვართ. რაღაც-რაღაცეებს ვაკეთებთ. რეგიონებშიც ხშირად გავდივართ. მაგალითად, დღეს დამირეკეს ზესტაფონიდან და დაგვპატიჟეს გიორგობას კონცერტის ჩასატარებლად. ანუ, მე კმაყოფილი ვარ იმის, როგორც ვარ – ვერგები იმ ხელფასს, რაც მაქვს, სამარშრუტო ტაქსით დავდივარ, ხანდახან ავტობუსითაც და, თუ საჭიროა – მეტროთიც. ალბათ, კითხვა გაგიჩნდებათ – თუ კმაყოფილი ხარ, მეტროთი რატომ დადიხარო, მაგრამ, რა ვქნა, ალბათ, ასეა საჭირო. სამაგიეროდ, ჩემი შვილი ძალიან მსუქანია (იცინის), მას არაფერი აკლია, მთავარია, ის იყოს კმაყოფილი. მანქანის ყიდვის სურვილიც არ მაქვს. თან, ტარებაც კი არ ვიცი (იცინის).
– რას არ გააკეთებ ცხოვრებაში არასდროს?
– ცოლს არ ვუღალატებ არასდროს. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი. თუ გინდა, ეს საერთოდ არ დაწერო, იმიტომ არ ვამბობ, რომ კარგი გამოვჩნდე. ეს არის ჯვრისწერის შერცხვენა. ამას გარდა სხვა კიდევ ბევრი რაღაცაა, რასაც არასდროს გავაკეთებ ცხოვრებაში, მაგალითად, არ მოვიპარავ, რაც არ უნდა მშიოდეს; არ მოვკლავ კაცს.
– ცხოვრებაში რისი კომპლექსი გაქვს?
– საერთოდ, ყველა ადამიანს აქვს გარკვეული დოზით კომპლექსები. ვინც ამბობს, უკომპლექსო ვარო, ეგ ყველაზე დიდი კომპლექსია. ხანდახან მაქვს „სიფხიზლის კომპლექსი“. წლის განმავლობაში სიფხიზლესა და ალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნის დროს თანაბრად „ვანაწილებ“ (იცინის), ანუ ხშირად მაქვს „სიფხიზლის კომპლექსი“ – ვფიქრობ ხოლმე – ცოტას დავლევ და ყველაფერი უკეთ გამომივა, თუნდაც სიმღერა-მეთქი.
– მერე, მართლდება შენი ფიქრი? თუ, ფხიზელი უკეთ გამოგდის სიმღერა?
– კონცერტის წინ ვხვდები ხოლმე, რომ ფხიზელი უკეთესად ვიმღერებ – ამ დროს ყველაზე სუფთად ვმღერი, მაგრამ, ნასვამიც რაღაცა კარგია, რა! (იცინის). როცა ვმღერი, ყველაფერი მავიწყდება, სიმღერის ტექსტის გარდა. სიმღერა რომ მთავრდება, მაშინ გადმოვდივარ ხალხზე. ჩემთვის სცენა ყველაფერია.
– რამე მიზანი თუ გაქვს, რისთვისაც იბრძვი?
– მე ყოველთვის ძალიან პატარა მიზნები მაქვს. მაგალითად, მე ვარ ქუთაისელი, თბილისში არ მაქვს ბინა. ჩემი პატარა მიზანია, რომ ჩემს შვილს დავუტოვო სახლი. არაფრის ამბიცია არ მაქვს. ვცდილობ, რომ ჩემი ჯგუფი იყოს უკეთესი, უკეთ ვიმღეროთ. ჩვენ ჯერ არ ვართ ისეთი ჩამოყალიბებულები, რომ ვთქვა – მანჩესტერში წავალთ და იქ მაგარ კონცერტს გავმართავთ-მეთქი. ამიტომ, ჯერჯერობით, ჩემი მიზანია, რომ დავიხვეწოთ. არ ვიცი, მიზანი დავარქვა ამას, ოცნება თუ რა, მაგრამ, ძალიან მინდა, ერთ კარგ, გემრიელ ფილმში ვითამაშო. სულ ვარ ხოლმე პატარა ეპიზოდებში და მინდა, ერთი კარგი პერსონაჟი შევქმნა, მაგალითად – მაგარი მაფიოზი (იცინის).
– პოპულარული ადვილად გახდი?
– მე არ ვიცი, საერთოდ ვარ თუ არა პოპულარული. ბევრი არ მიცნობს. ქუთაისიდან რომ წამოვედი, მარტო ვცხოვრობდი. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი და რაღაცა გამომივიდა. პოპულარობის რეცეპტი ნამდვილად არ მაქვს. ერთს გეტყვით, რომ უკან არასდროს დამიხევია. საკუთარ თავზე ვიმუშავე, ჯგუფში სიმღერა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ამიხდა.
– შენთან ურთიერთობა ადვილია?
– ადვილია, ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. თუმცა, ასევე, ძალიან მომთხოვნიც ვარ. იგივეს ვითხოვ სხვისგან, რასაც ჩემგან მიიღებს. საერთოდ, ძალიან უბრალო ადამიანი ვარ და, მინდა, ჩემი მეგობრებიც ასეთები იყვნენ. არ მიყვარს ამბიციური ადამიანები, ასი ათასი მიზანი და ოცნება რომ აქვთ. უნდა დაკმაყოფილდე იმით, რასაც ღმერთი მოგცემს.
– საერთოდ, რაზე ოცნებობ?
– ვოცნებობ, რომ ვცხონდე (იცინის). არ მაქვს ოცნებები, მართლა არ მაქვს. სახლი მინდა მარტო, მეტი არაფერი (იცინის).
– სახლი რა ოცნებაა! მე გეკითხები ისეთს, რაც ცხოვრებაში ყველაზე ძალიან გინდა, რომ მოხდეს.
– ალბათ, ჰოლივუდი (იცინის), ოღონდ, არა როგორც მომღერალი, არამედ როგორც მსახიობი. მომღერლობას, რა თქმა უნდა, არასოდეს დავანებებ თავს, რადგან ეს ჩემია და მორჩა. მაგრამ, მინდა კარგ ჰოლივუდურ ფილმში თამაში და, რა ვქნა! (იცინის).