კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აღმოჩნდა სინას მთაზე ქართული საგალობლების დედნები და ვინ არის მათი ავტორი










საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანა რომ არის, მოწმობს ის ხელნაწერი საგალობლები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია და უძველესი დროით თარიღდება. ეკა დუღაშვილმა გვიამბო, როგორ მოაღწია ამ საგალობლებმა ჩვენამდე, რატომ აქვს მიქაელ მოდრეკილის „იადგარს“ ორიგინალის მნიშვნელობა და რატომ არ აღმოჩნდა სინას მთაზე ქართული საგალობლების დედნები.



ეკა დუღაშვილი: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საკმაოდ მდიდარი კოლექცია გააჩნია. სხვადასხვა ჟანრის ხელნაწერებს შორის არის საგალობლები, რომლებიც ადრეულ საუკუნეებშია შესრულებული. ყველაზე ძველი ხელნაწერი, რომელიც ჩვენთან ინახება, დათარიღებულია მეცხრე-მეათე საუკუნით და გადაწერილია პალესტინაში საბაწმიდის მონასტერში. მისი სახელია „ჭილ-ეტრატის იადგარი“, ხელნაწერი დამზადებულია ორი მასალისგან, ზოგი ფურცელი ჭილისაა, ხოლო ზოგი – ეტრატის. ხელნაწერი მნიშვნელოვანია იმით, რომ შეიცავს ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის ყველაზე ადრეული საგალობლების ქართულ თარგმანს და ასახავს მეხუთე საუკუნის პერიოდის საეკლესიო პრაქტიკას. მეორე არის უკვე მეათე საუკუნის ბოლოს გადაწერილი მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“, რომელიც იწოდება „დიდ იადგარად“. მიქაელ მოდრეკილი არის გადამწერი და შემგროვებელი იმ მასალისა, რომელსაც ეს ხელნაწერი შეიცავს. ის დაწერილია შავი ფერის მელნით ჩინებულად დამუშავებულ ეტრატზე. ტექსტში საზედაო ასოები მოხატული და შემკობილია თავბოლოსამკაულებით. მიქაელ მოდრეკილის კრებულს ახლავს რამდენიმე საინტერესო ანდერძი, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს მის შესახებ. აქედან ვიგებთ, რომ მიქაელმა შეაგროვა თითქმის ყველა საგალობელი – ქართულიც და თარგმანიც, რაც კი იმ ეპოქაში არსებობდა. ამ „იადგარმა“ შემოინახა ადრებიზანტიური ჰიმნოგრაფიის ცნობილ წარმომადგენელთა: იოანე დამასკელის, კოზმა იერუსალიმელის, სტეფანე საბაწმიდელისა და სხვათა შემოქმედების უძველესი ქართული თარგმანები. მათ გვერდით „იადგარში“ შესულია ქართველი ჰიმნოგრაფების – იოანე მინჩხის, იოანე მტბევარის, სტეფანე მტბევარის, სტეფანე ჭყონდიდელის, ეზრას, იოანე ქონქოზისძის, კურდანაის და თავად მიქაელ მოდრეკილის მიერ დაწერილი საგალობლები. ამ ქართველ ავტორთა ვინაობა და მათი შემოქმედება ცნობილი სწორედ ამ „იადგარით“ გახდა. გარდა ამისა, მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“ გვხვდება საინტერესოდ შესრულებული მინიატურები – ადრებიზანტიური ხანის მხატვრობის ნიმუშები. ჩვენთან ინახება, ასევე, ათონის ივერთა მონასტერში გადაწერილი სხვადასხვა ტიპის ჰიმნოგრაფიული კრებულების ფოტოასლები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ისინი შეაგროვა გიორგი მთაწმინდელმა. რადგან გასაგები მიზეზების გამო, მკვლევართა უმრავლესობას ორიგინალთან შეხების საშუალება არ აქვს, ამიტომ მხოლოდ ფოტოასლებზე მუშაობით უნდა შემოიფარგლონ. მიქაელ მოდრეკილის კრებული უმნიშვნელოვანესია იმითაც, რომ შეიცავს უძველეს ქართულ ნოტაციას, რომლებიც დღეისთვის გაშიფრული არ არის, არც უცხოელი და არც ქართველი მუსიკათმცოდნეების მიერ. მისი ანალოგი არ მოიძებნება არც ბერძნულ ხელნაწერში და არც უფრო გვიანდელში. მისი ანალოგი ქართულ სინამდვილეშიც არ არსებობს, ანუ ეს მუსიკალური ნოტაცია, საიდან მომდინარეობს, არავინ იცის. ეს საგალობლები აქტიურად სრულდებოდა ეკლესიებში. მეტსაც გეტყვით, მათი უმრავლესობა დღესაც სრულდება ეკლესიებში მღვდელმსახურების დროს. მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“ იმდენად დიდ ავტორიტეტთა ნაწარმოებების მიხედვით არის შედგენილი, რომ სურვილი არავის გასჩენია, რამე შეეცვალათ.

– ქალბატონო ეკა, მეათე საუკუნიდან დღემდე საკმაოდ დიდი დროა გასული და ამ ხელნაწერებმა აქამდე როგორ მოაღწია?

– მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“ გადაწერილია სამხრეთ საქართველოში, ტაო-კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში 978-988 წლებში. მისი გადამწერი არის ორი პიროვნება: მიქაელი და ეფთვიმე. ხელნაწერი მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ოსმალების შემოსევის შემდეგ გაიტაცეს და რაღაც პერიოდი, მათ ჰქონდათ. შემდეგ კი, სანამ ეს საგალობლები დადიანების კოლექციაში მოხვდებოდა, სად იყო, არავინ იცის. დადიანების კოლექციაში მოხვედრის შემდეგ კი ჯერ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა, შემდეგ საეკლესიო მუზეუმს. მას შემდეგ კი, რაც ხელნაწერთა ეროვნული მუზეუმი ჩამოყალიბდა, აქ ინახება. რაც შეეხება „ჭილ-ეტრატის იადგარს“, გადაწერილია საბაწმინდის ლავრაში. ის ერთ-ერთმა მკვლევარმა ჩამოიტანა საქართველოში და ეს „იადგარიც“ ჯერ საეკლესიო მუზეუმში ინახებოდა, ხოლო შემდეგ – ჩვენთან.

– ახლა რა მდგომარეობაშია ხელნაწერი, რესტავრაციას ხომ არ საჭიროებს?

– ეს ორივე ხელნაწერი, უკვე რამდენჯერმეა რესტავრირებული. მასში გვხვდება დაზიანებული მინიატურა ბასილი კესარიელისა და იოანე მტბევარის გამოსახულებით. ფიგურები კამარებშია ჩახატული და სახეები წაშლილია. მაგრამ, დაზიანების მიუხედავად, მინიატურის დარჩენილი ნაწილები, მათი ფერები ორგანულად ერწყმის ხელნაწერის დეკორს. ამ ხელნაწერებს ისეთი დიდი ისტორია აქვს, რომ ბუნებრივია, ცოტა დაზიანებულია. ზოგი ფურცელი აკლია, ზოგი კი – შელახულია. ამ მხრივ გასაფრთხილებელია, რადგან დრო მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. სამეცნიერო კვლევისთვის არსებობს ელექტრონული ვერსია. ძალიან დაინტერესებულები არიან მისით უცხოელი მკვლევრები. რადგან არის უნიკალური, მრავლისმომცველი ხელნაწერი. შეიცავს უძველეს საგალობელთა თარგმანს და მასში ბევრი ისეთი საგალობელია შესული, რომლის ორიგინალიც შემორჩენილი არ არის. ლიტურგიკისა და ჰიმნოგრაფიის ისტორიისთვის მისი მნიშვნელობა რამდენიმე ასპექტით განისაზღვრება. ის ადრეული იერუსალიმური ღვთისმსახურების ამსახველი ძეგლია და რადგან არ არსებობს ზოგიერთი საგალობლის ორიგინალი, ქართულ თარგმანს აქვს ორიგინალის მნიშვნელობა. „ჭილ-ეტრატის იადგარი“ გამოცემულია 1980 წელს ელენე მეტრეველის ხელმძღვანელობით, ხოლო მიქაელ მოდრეკილის კრებული კი უკვე მზადაა გამოსაცემად.

– რა ინფორმაცია გაქვთ, რომელიმე ქრისტიანულ სახელმწიფოს აქვს ამ ტიპის კრებულები?

– საერთოდ, სიტყვა „იადგარი“ ნიშნავს „სამახსოვროს“ და ამ ტიპის სახელწოდების კრებული არსად შემორჩენილია. ძველი ხელნაწერები ინახება სინას მთაზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქართული საგალობლების დედნები არც იქ აღმოჩნდა. ამ თემის გარშემო კიდევ მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ ამ ეტაპზე არავინ იცის, საიდან არის შესრულებული ჩვენი ქართული თარგმანები. არც კრებულის დედანი ჩანს არსად. მე ვფიქრობ, ამ კრებულის დედანი არ არსებობს, რადგან ის ქართულ სინამდვილეშია შექმნილი.

– ქალბატონო ეკა, ბერძნები გასაგებია, მაგრამ უცხოელი მკვლევრების დაინტერესებას რით ახსნით?

– როდესაც ანალოგი არსად არ არსებობს, ეს თავისთავად იწვევს დაინტერესებას. საერთოდ, ადრებიზანტიური საეკლესიო პრაქტიკის შესასწავლად, ქართულ ხელნაწერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან, რაც იქ დაკარგულია, ავსებს – ქართული. 1980 წელს, როდესაც გამოიცა „ჭილ-ეტრატის იადგარი“ ამ მოვლენას მსოფლიოში დიდი რეზონანსი მოჰყვა. გამოცემას უკან აქვს დასკვნა ფრანგულად და როდესაც მას გაეცნენ ცნობილი მეცნიერები, აღფრთოვანდნენ. არის ცნობილი ფრანგი ლიტურგისტი – ათანასე რენე, რომელმაც „იადგარი“ თარგმნა ფრანგულად და სულ რამდენიმე თვეა, რაც გამოვიდა. იგივე ინტერესით ელოდებიან, როდის გამოვა მეორე კრებული, რომ მიმოქცევაში იყოს. საერთოდ, ის, რაც ღირებულია და იშვიათია, ყოველთვის იწვევს ინტერესს.


скачать dle 11.3