კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წერს შალვა საბაშვილი ლექსებს მხოლოდ ერთი ხმოვნით









ასტრონომი შალვა საბაშვილი უნიკალური ადამიანია. მასთან ხშირად მივდიოდით სხვადასხვა ასტრონომიული და ჩვენთვის უჩვეულო, ზოგჯერ საშიში მოვლენების ასახსნელად. მაგრამ, გაირკვა, რომ მას კიდევ ბევრი გატაცება აქვს, რომელთა შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის. ბატონი შალვას სიყვარული პოეზიის მიმართ ყველა პოეტისგან განსხვავებულია.





შალვა საბაშვილი: ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა, რომ ასტრონომი მივიდა პოეზიასთან. ასტრონომად ჩამოყალიბება დავიწყე მეცხრე კლასიდან, როდესაც ასტრონომიის წიგნი ჩამივარდა ხელში. ცა მანამდეც ძალიან მაინტერესებდა. სოფელში ვცხოვრობდი და ვარსკვლავებიანი ცა მიუღწეველი არ იყო, მაგრამ ასტრონომად გახდომას ოცწლიანი პერიოდი მაინც დასჭირდა. რაც შეეხება პოეზიას, ის მესამე კლასის დასაწყისში, ანუ, 9 წლის ასაკში მოვიდა ჩემთან. ცაში ცქერის სიყვარულიც განაპირობებს, ალბათ, პოეზიის სიყვარულს გარკვეულწილად.

ყველაფერს თავისი მიზეზი და საბაბი აქვს. მიზეზი რთულია, საბაბი – მარტივი. ასტრონომი რომ გავხდი, ამაზე გავლენა სამყაროს შეცნობის სურვილმა იქონია. ასევეა პოეზიაც – ის თავისთავად იბადება. ადამიანს დაჰყვება გარკვეული მიდრეკილებები, იქნება ეს მუსიკალური თუ მხატვრული. კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში იყო გარკვეული ბიძგი, როდესაც ჩემმა მასწავლებელმა გვითხრა, კარგ ამინდში, დილით, ადამიანში შემოქმედების საწყისი იღვიძებს და სცადეთ, ამ დროს რამე დაწეროთ – ლექსი ან მოთხრობაო. მასწავლებლის სიტყვა ჩემთვის კანონი იყო, ამიტომ, ეს როგორც რჩევა კი არა, როგორც კანონი, ისე აღვიქვი და მეორე დღესვე მივიტანე პირველი ლექსი.

– ბატონო შალვა, წერდით ხოლმე თუ ყველა ზეპირად იცოდით? თქვენი მეხსიერების ამბავი ცნობილია.

– სხვათა შორის, ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა: პირველ კლასში პუბლიკის წინაშე ლექსი უნდა წამეკითხა. ვისწავლე ლეონიძის უზარმაზარი ლექსი, ოცდაცამეტსტროფიანი. მაგრამ, როდესაც წასაკითხად სკამზე დამაყენეს, მეხუთე სტროფის შემდეგ გავჩერდი, თითქოს დამავიწყდა თუ დამაბნია ამდენი ხალხის თვალმა, არ ვიცი. მათ კი იფიქრეს, რომ დავამთავრე ლექსის თქმა და ტაში დამიკრეს (იცინის). ამის შემდეგ უკვე საკუთარ ლექსებს ვკითხულობდი, სწავლა რომ არ სჭირდებოდა. საერთო ჯამში, ალბათ, მაინც ვერც ერთს – ვერც ასტრონომობას და ვერც პოეზიას ვერ ავცდებოდი.

– გარდა იმისა, რომ წერთ, თქვენ მეცნიერულად უდგებით ამ საკითხს, იკვლევთ და ქმნით უცნაურ პოეზიას.

– როდესაც ხელში ჩამივარდა ჩემი ძველი ბლოკნოტი, რომელიც ჩემმა დამ სახლში შემთხვევით იპოვა, ვნახე, რომ იქ შეტანილი თორმეტი ლექსიდან ყველა სხვადასხვა მუსიკალური, სხვადასხვა მეტრული საზომითაა დაწერილი. ეს ძალიან ადრე იყო, ამაზე აქცენტირება არავის გაუკეთებია, თავისთავად მოხდა. ის ჭეშმარიტებანი, რომელიც პოეზიაში ჩემთან სხვადასხვა მუსიკალური საზომით მოდიოდნენ, დაფიქსირდა, რამაც შემდეგ უკვე განზოგადება იპოვა და ახლა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი საზომი მაქვს გამოყენებული პოეზიაში და მათგან ზოგიერთი ორიგინალურია, ანუ მანამდე არ გამოყენებულა. თუნდაც ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი ლექსები...

– როგორც ვიცი, ქართულ ლექსში ოთხიდან ოც მარცვლამდეა გამოყენებული.

– დიახ. თანაც, შეგიძლიათ, ნახოთ ლიტერატურათმცოდნეების კვლევები, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ არსებობს თხუთმეტმარცვლიანი ქართული ლექსი, ახლა კი ამას ვეღარ ამბობენ. შეიძლება, ეს მტკიცებები ზუსტი არ იყო და არ გამოქვეყნებულა ასეთი ლექსი, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში გამოქვეყნებული და დაფიქსირებულია.

საოცარია, რომ ერთმარცვლიანი ლექსი კარგად იკითხება, აქვს თავისი იდეა და შინაარსი, ანუ, არ არის უბრალოდ რაღაცის მტკიცება. რეკორდების დამყარების სურვილი ნამდვილად არ მაქვს. ის ლექსები, რომელიც დაიწერა ამა თუ იმ თვისების მატარებელია. მაგალითად, ერთხმოვნიანი ლექსები, რომლებიც დაწერიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დაიბეჭდა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ გამოქვეყნებას არ ვჩქარობდი.

– მაქსიმუმ რამდენმარცვლიანი ლექსი გაქვთ დაწერილი?

– ორმოცდარვამარცვლიანი ტაეპით დავწერე ლექსი, რომელიც ჯერ არ დაბეჭდილა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, წაიკითხოთ: „ზეცის შუაგულში მხოლოდ მე შემოვრჩი, ირგვლივ სიზმარეულ შუქთა ფერებია, ფართოდ გადაფენილ მინდვრებს მოსდებია მარტოდ დარჩენილი ფიქრთა ასეული” – ეს არის ერთი სტრიქონი. არის რითმები, არის შიდა რითმები. თავისი შინაარსის მიხედვით, ეს სტრიქონი სწორედ ასე უნდა დალაგდეს. სულ ვამბობ ჩემი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1972 წელს, ჟურნალ „დროშაში“, მაგრამ, გამოდის რომ უგულებელყოფას ვუკეთებ ჩემს რაიონულ გაზეთს, რომელიც მაშინ იმაზე მეტი ტირაჟით გამოდიოდა, ვიდრე ახლა მთელი ქვეყნის ლიტერატურული გაზეთები. ჩემი პირველი ლექსი 1957 წელს დაიბეჭდა, როდესაც მეცხრე კლასში ვიყავი და პირველი ჰონორარი ათი მანეთი იყო.

– რაც ყველაზე საოცარია თქვენ პოეზიაში გაქვთ ერთხმოვნიანი ლექსები. ექსპერიმენტი ჩავატარე, რამდენიმე ადამიანს წავაკითხე თქვენი ლექსი და ვერ მიხვდნენ, რა იყო მასში განსაკუთრებული. კარგი ლექსია – თქვეს და ვერ მიხვდნენ რომ ლექსში „ი“ ხმოვნის გარდა სხვა არც ერთი ხმოვანი არ არის გამოყენებული.

– მსგავსი ექსპერიმენტები მეც ჩამიტარებია და იმავე შედეგით (იცინის), მაგალითად, ეს ლექსი – „ტივი”.

„მიდის მიილტვის ტივი,

ისმის სისინი ისლის,

მისწვიმს ნისლივით წივილს,

ფიქრი ფინიშში მისვლის.

მიჰქრის, მიიშლის ტკივილს, ცივი შხივილი ისრის,

იქით ბინდივით ჟივის

ჩიტი, მიმზიდი ნისლის.

ვინ, ვინ მიითვლის ჩივილს?

ვინ სიკვდილისთვის იცლის?

მიდის ფიქრივით ტივი,

ისმის სისინი ისლის...” ესე იგი რატომ არსებობენ, როგორ გაჩნდნენ ასეთი ლექსები. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი რამ ქართულ პოეზიაში პირველია. არ ვიცი, არის თუ არა სხვა ენებში მსგავსი ლექსები, მაგრამ, ვფიქრობ, არ უნდა იყოს. თუმცა, ეს ჩემი ვარაუდია და ამის მტკიცება არ შემიძლია. ამის შესაქმნელად ენა უნდა იყოს საოცრად მობილური, მოძრავი, დინამიკური და ელასტიკური. რამდენიმე ენა ვიცი და ისინი არ არიან ასეთები, ამიტომ, ვფიქრობ, ამ ენებზე მსგავსი ლექსების დაწერა შეუძლებელია.

– ეს უნიკალურობა ალბათ აღიარებულია.

– რამდენიმე წერილი დაიწერა ჩემი პოეზიის შესახებ, სადაც მრავალ სხვა თავისებურებებთან ერთად ესეც არის აღწერილი. კერძო შეხვედრებსა და საუბრებში ყველა ამბობს, რომ ეს ლექსები თავისი სტილითა და შინაარსით არაფრით არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ ლექსებს, ზოგიერთი კი, იდუმალებითა და სხვა თავისებურებებით აღემატება კიდეც მათ. თუ პირადად ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეს არის შეზღუდვა. თუ ვინმე მკითხავს, რატომ იზღუდავთ თავს ასეო, ჩემი კონტრშეკითხვა ასეთი იქნება – საერთოდ რა საჭიროა მაშინ ასეთი შეზღუდვა?! ხელოვნების ნებისმიერი სფერო – ჩარჩოა. ჩარჩოა ის, რომ ყველა სტრიქონი ერთი და იმავე ზომისაა, რომ ირითმებიან და სხვა. ჩარჩოა რკალური ფორმა, ჩარჩოა სონეტი, თან, იმდენად დიდი ჩარჩო, რომ, მიმაჩნია, ამ ფორმით ძალიან ღრმა და ორიგინალური ლექსის დაწერა შეიძლება. ისინი მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ჰგვანან და სხვა. ესეც ერთ-ერთი კარგად შეზღუდული სფეროა, თუმცა, არა შეუძლებელი. რატომ ამყარებენ საერთოდ რეკორდებს? იმიტომ, რომ ყველას აინტერესებს ადამიანის შესაძლებლობის მაქსიმუმი, მისი ზღვარი.

– არსებობს ასეთი ზღვარი?

– ალბათ, არა, რადგან გადაიყოლებს კიდეც სამყაროს მომავალში, ის შექმნის საკუთარ თავს, თავის მსგავსს. რაც უნდა გავხსნათ ადამიანებმა, მისი გონება მაინც ბოლომდე შეუცნობელი დარჩება. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტად შეიზღუდავ, დაიტვირთავ თავს და ამ შეზღუდულობაში ეცდები, მოძებნო სიღრმე, მით უფრო საინტერესოა.

– რა სიხშირით წერთ?

– გავრცელებული აზრია, რომ პოეტი წერს ღამით... დაწერს, შემდეგ დახევს და ასე შემდეგ. ჩემთან ასეთი დახევა-გადაგდებები არ არის. როცა ვწერ, ვწერ ძალიან სწრაფად – წერის ხანგრძლივობა თხუთმეტი წუთიდან ნახევარ საათამდეა, გააჩნია ლექსის სიდიდეს. ძალიან დიდი ლექსი რამდენიმე საათის განმავლობაშიც მიწერია. მაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ძალიან დიდი ზომის ლექსი ორი-სამი დღის განმავლობაში იწერებოდა. გაკრთება აზრი და მე მას ვაფიქსირებ. ხოლო, თუ რატომ გაკრთება – ეს ჩემთვის უცნობია. სხვათა შორის, მაქვს ჩამოწერილი, თუ რა შეიძლება გახდეს ლექსის წერის საბაბი და ეს არის უამრავი რამ, დაწყებული ბუნებრივი მოვლენებიდან: ფოთლის ჩამოვარდნიდან, სინათლის ოდნავ გაკრთომიდან – ადამიანური მოვლენებით დამთავრებული: ვინმეს ღიმილი, დანახვა, საკუთარი წარსულიდან რაიმეს გახსენება და სხვა.

– ბატონო შალვა, მინდა შევეხოთ სიტყვებში, ტექსტებში დამალულ კოდებს, რომელთა ამოხსნაც თქვენ შეგიძლიათ.

– ანბანი საოცრად მისტიკურია, რატომ და როგორ გაჩნდა ის – ჩვენი საუბრის თემა არ არის, მაგრამ ის არსებობს, მიჩვეულები ვართ მის ჩაწერას. არ გვიფიქრია ამაზე, თუმცა, შეიძლება, მისი დაშიფვრა-კოდირება მოვახდინოთ, ანუ, ჩაწეროთ ის სხვანაირად. შეცვალოთ ასოები ციფრებით, სიმბოლოებით, რითაც გინდათ. ამ ჩანაწერის გახსნა კოდის გარეშე ძალიან რთული, მაგრამ, შესაძლებელია. მოდი, ყველას გამოვცდი: ეს ნამდვილად შეუძლებელია, რადგან პირველ სიმბოლოს ოცდაცამეტივე ასო შეიძლება მიუსადაგო, მეორესაც და ნამრავლი გამოვა იმდენად დიდი, რომ მის გამოცნობას ის დროც არ ეყოფა, რაც სამყაროს შექმნას დასჭირდა (იცინის). რუსეთში სწავლის დროს ერთმა ასტრონომმა მითხრა, თუ ასე ჩაწერ ტექსტს, მე გავხსნიო. ვუთხარი, იმავეს მეც იოლად გავაკეთებ-მეთქი. გაოცდა. არადა, მსგავსი რამ მანამდე საერთოდ არ მინახავს. ასოთა სიხშირეების გამოყენებით ტექსტის ამოცნობა ძალიან იოლია. ასეთი რამდენიმე ექსპერიმენტი ჩავატარე და ერთი ტექსტის გასაშიფრად დაახლოებით ერთი საათი დამჭირდა. რა თქმა უნდა, არსებობს დაშიფრული ტექსტები, წერილები, ენებიც კი არსებობს, რომლებიც სამყაროსთვის ჯერ კიდევ გაუხსნელია. და თუ საერთოდ არამიწიერ ენებზე გადავალთ, მაშინ ეს კიდევ უფრო რთული იქნება. ჩვენ, შეიძლება, მივიღოთ რაიმე გზავნილი, კოდირებული ინფორმაცია სხვა ცივილიზაციიდან, სხვა სამყაროდან, რომლის გაშიფვრაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ვერც მიხვდები, ბუნებრივი წარმონაქმნია ის თუ კოდირებული. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა იყო 1967 წელს, როდესაც რადიოგამოსხივების საშუალებით კოსმოსიდან მიიღეს ინფორმაცია იმპულსებით. იმდენად ცვალებადი იყო ეს ინფორმაცია, თან იმპულსების გამოშვების სიხშირე იყო წამის მემილიონედზე უფრო სწრაფი (ასეთი საათები დედამიწაზე საერთოდ არ არსებობდა), მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ეს იყო კოსმოსური გზავნილი და შვიდი თვის განმავლობაში ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. ხოლო, მას შემდეგ, რაც კიდევ რამდენიმე მსგავსი წყარო აღმოაჩინეს, საიდანაც იგივე ინფორმაცია მოდიოდა, მიხვდნენ, რომ ეს ბუნებრივ მოვლენას უკავშირდებოდა. საბოლოო ჯამში კი გაირკვა, რომ ამის მიზეზი იყო ვარსკვლავები, რომლებიც იკუმშებიან, ბრუნავენ ძალიან სწრაფად და ამ ბრუნვისგან გამოწვეულ გამოსხივებას ხან ვიღებთ, ხან – არა. ანუ, აღმოჩნდა, რომ ეს ასტრონომიული მოვლენებია. მაგრამ, ზოგადად, ამაზე უფრო რთულ ინფორმაციას თუ მივიღებთ, ძალიან გაგვიჭირდება იმის დადგენა, კოდირებული წყაროა ეს თუ ბუნებრივი მოვლენა.

სხვათა შორის, მქონდა ცდა, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლომდე არ მიმიყვანია, ანუ, უნდა შემედგინა ტექსტი, რომელიც წაიკითხებოდა როგორც ქართულად, ისე რუსულად და იქნებოდა სხვადასხვა შინაარსის. დაწერას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი წაკითხვა იყო და, როდესაც მას ადამიანი მოუსმენს, ამის მიხედვით შეუძლია დაამტკიცოს, ქართულად დაიწერა ის თუ რუსულად. ანუ, შეიძლება, ბუნებრივ ჩანაწერში აღმოაჩინო რაღაც ინფორმაციის მსგავსი, მაგრამ, ვერ დაიჟინებ, ეს ნამდვილად ასეა თუ არა. ადამიანები სულ ვეძებთ საოცარ მოვლენებს, გვაინტერესებს ის, ვიკვლევთ. სინამდვილეში კი, ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ეს ჩემთვის უდიდესი საოცრებაა. ვთქვათ, როგორ არის, რომ ერთი ბლის კურკისგან მეორე ბლის ხე იზრდება და სხვა. გამოდის რომ კურკა ინფორმაციას ინახავს და გადასცემს. წარმოიდგინეთ, როგორი რთული სისტემებია შექმნილი სამყაროში. მართალია, ჩვენ უფრო დიდისა და უფრო საკვირველის მოლოდინი გვაქვს ცხოვრებაში, მაგრამ, გაცნობიერებული არ გვაქვს, რომ ეს ყველაფერი უკვე საოცრებაა.


скачать dle 11.3