როგორ მოაგვარებთ საქმიან გარიგებებს ახალი პირადობის მოწმობით სახლიდან გაუსვლელად და რატომ იქნება ელექტრონული პლასტიკური ბარათები მსოფლიოში უპრეცედენტო
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი საქართველოს მოქალაქეებს, ბიომეტრიული პასპორტის დანერგვის შემდეგ ახალ ცვლილებებს გვთავაზობს. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბატონი გიორგი ვაშაძე ბრძანებს, მომავალი წლიდან წარსულს ჩაბარდება მოქალაქის პირადობის ფარატინა მოწმობები და მათ ნაცვლად ელექტრონული პირადობის მოწმობებით – პლასტიკური ბარათებით ვისარგებლებთ. ამ ბარათებს, პიროვნების იდენტიფიცირების გარდა, უამრავი სხვა ფუნქციაც გააჩნია – ახალი პირადობის მოწმობით მარკეტშიც ვივაჭრებთ, ტრანსპორტშიც „ვიკატავებთ“ და ბევრ ისეთ რამესაც გავაკეთებთ, რაზეც სულ ახლო წარსულში წარმოდგენაც კი არ გვქონდა.
გიორგი ვაშაძე: პირადობის მოწმობების შეცვლა მომავალი წლიდან იგეგმება. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობებით – პლასტიკური ბარათებით ჩაგვენაცვლებინა ის ქაღალდის პირადობის მოწმობები, რომლებიც ვიზუალურად საკმაოდ ცუდად გამოიყურება და შევიმუშავეთ მსოფლიოში წამყვანი, უნიკალური პროექტი – მრავალფუნქციური ელექტრონული პლასტიკური ბარათი, რომელსაც პირდაპირი ანალოგი არც ერთ ქვეყანაში არ აქვს. ჩვენი ბარათები იქნება ქართულ-ინგლისური და ექნებათ კონტაქტური და უკონტაქტო ელექტრონული მატარებლები. ყველა პიროვნებას ექნება ერთი პლასტიკური ბარათი – პირადობის მოწმობა, რომელიც მხოლოდ პირადობის მოწმობის ფუნქციას არ ატარებს: მოქალაქეს პლასტიკური ბარათით ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით: ხელი მიუწვდება სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვადასხვა დოკუმენტზე, მაგალითად, ელექტრონულ დიპლომსა და ელექტრონულ ატესტატზე, სოციალურ ბარათზე, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და ასე შემდეგ. პლასტიკურ ბარათს ექნება ელექტრონული მატარებელი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს საშუალება მიეცემა, ელექტრონულ რეჟიმში მოაწეროს ხელი ნებისმიერ დოკუმენტს, შეიქმნება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც დადასტურდება ხელმოწერა და ამ დოკუმენტს იმეილის მეშვეობით გაგზავნით ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში, რომელიც ვალდებული იქნება, გიპასუხოთ ამ დოკუმენტზე. პლასტიკური პირადობის მოწმობით ელექტრონულ რეჟიმში გააფორმებთ ნებისმიერ ხელშეკრულებას: დავუშვათ, გსურთ, იქირაოთ ბინა, რომლის მეპატრონეც იმყოფება ამერიკაში. ორივე მხარე ხელშეკრულებას ხელს აწერთ ელექტრონულად და თითოეული თქვენგანი ინახავთ ამ ხელშეკრულების ელექტრონულ ვერსიას. ეს არის ფაილი, რომელშიც ცვლილების შეტანა შეუძლებელია და, თუ რომელიმე მხარემ გატეხა ფაილი, დაფიქსირდება როგორც გატეხილი ფაილი, რომელსაც იურიდიული ძალა აღარ ექნება. დოკუმენტებზე ხელმოწერის გარდა, პლასტიკური ბარათი გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ უამრავი „ონლაინ სერვისით“, გახსნათ ანგარიში ბანკში, გადარიცხოთ თანხა. ამ ბარათის მეშვეობით მოქალაქე დისტანციურად დაადასტურებს საკუთარ პირადობას, არ უწევს მისვლა სადმე, კონკრეტულ ოფისში.
პლასტიკური ბარათი იქნება იმ ზომის, როგორიცაა ბანკის პლასტიკური ბარათები, მასზე იქნება პიროვნების ფოტო, მაგრამ დაცვის მექანიზმი არის ისეთი მაღალი დონის, რომ ბარათმა ათი წელი გაძლოს. რაც შეეხება ინფორმაციას, ბარათის ელექტრონულ ჩიპზე მოთავსებული იქნება პიროვნების გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მითითებულია ორგანო, რომელმაც ბარათი გასცა. თუ თბილისის მერიასთან ეს საკითხი გადაწყდა, ამ ბარათით შესაძლებელი იქნება, იყიდოთ ტრანსპორტის ერთწლიანი ბარათი და ტერმინალზე ბარათის მიდებით ისარგებლოთ ნებისმიერი ტრანსპორტით. ბარათი იქნება სწრაფი საგადასახადო საშუალება, თუ მასზე დარიცხავთ, მაგალითად, 20 ლარს, შეძლებთ, მაღაზიაში შეიძინოთ სასურველი ნივთი თუ პროდუქტი.
– ახალი ბარათებით ბანკებს დიდ კონკურენციას გაუწევთ, ისინი ერთგვარად საბანკო პლასტიკურ ბარათებსაც კი ჩაანაცვლებს.
– კონკურენციას ნამდვილად გაუწევს, ჩვენ ამ თემაზეც ვფიქრობთ და გვაქვს მოლაპარაკებები საბანკო სექტორთან – ისინი შეამცირებენ ბარათების ბეჭდვის დანახარჯს, რაც, შესაბამისად, მათთვის მომგებიანიც შეიძლება იყოს. ეს წამგებიანი აღმოჩნდება მათთვის, ვინც ბანკებისთვის ბეჭდავს „ვიზა“ და „მასტერქარდ“ ბარათებს. ჩვენს ბარათებზე გადავა სადაზღვევო სექტორიც. ჩვენ ამ ბარათებით მინიმუმ 15 სერვისის შეთავაზება შეგვეძლება მოქალაქეებისთვის, არჩევანს კი თავად მოქალაქეები გააკეთებენ. ამ ბარათებით ვიზუალურად სარგებლობთ მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყანაში ამ ბარათით თქვენს იდენტურობას ვერ დაადასტურებენ, სამაგიეროდ, ვშლით სერვისის საზღვარს – ამ ბარათების „ონლაინ-სერვისებით“ სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის პაპუა-ახალ გვინეაშიც შეიძლება. გახსნით ბანკში ანგარიშს, გადაიხადით თანხას და ასე შემდეგ. ახალი პირადობის მოწმობით საზღვარს ვერ გადაკვეთთ. თუ სერვისის მარკეტინგის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობა და გარემო, სადაც მოდის მომხმარებელი კონკრეტული პროდუქტის შესაძენად, ახლა „ონლაინ-სერვისში“ მნიშვნელოვანი გახდება თითოეული ორგანიზაციის სერვისის სიმარტივე. გვერდიგვერდ ორი მაღაზია რომ იყოს, მომხმარებელი, რა თქმა უნდა, შევა იმ მაღაზიაში, სადაც ბარათით მარტივად შეიძენს წვრილმანს და არა იქ, სადაც საფულეში უნდა ეძებოთ ფული და მერე ხურდას დაელოდოთ.
– ამ ფუნქციების დამატებით პირადობის მოწმობა თავის მთავარ ფუნქციას – პიროვნების იდენტიფიკაციას ხომ არ დაკარგავს? ამას გარდა, რატომ უნდა იყოს ცნობილი ერთი კონკრეტული უწყებისთვის ჩემი პირადი ხელშეკრულებების შესახებ, ან, მე რას ვყიდულობ მარკეტში ყოველდღე?
– ვერ დაგეთანხმებით, პირიქით, ახალი პირადობის მოწმობა „ამბობს”, რომ ჩემი სახელისა და გვარის გარდა, ამ ბარათით მე შემიძლია ნებისმიერი საქმის გაკეთება დოკუმენტებისა და ფურცლების ხელში დაჭერის გარეშე. სამოქალაქო რეესტრი გააკეთებს მხოლოდ პიროვნების იდენტიფიცირებას, ხოლო, რას შეიძენთ თქვენ მარკეტში, ეს არსად არ დაფიქსირდება. ის ინფორმაცია, თუ რა გადარიცხვებს გააკეთებს მოქალაქე, ისევ ბანკებში იქნება დაცული, ჩვენს ხელმოწერებს ვადა ექნება ორწელიწად-ნახევარი, ამ პერიოდის გავლის შემდეგ პიროვნება იმავე ბარათზე განაახლებს ხელმოწერას და შესაბამისად, შეუძლებელი იქნება პიროვნების ხელმოწერით მანიპულაცია.
– რატომ ვერ წაიკითხავს, მას ხომ ხელი მიუწვდება ამ ბარათზე?
– სახელმწიფო „კითხულობს” მხოლოდ მოქალაქის პირადობას და არა მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მოქმედებას. დღეში, შეიძლება 50 დოკუმენტს მოაწეროთ ხელი და თქვენ გარდა არავის ეცოდინება, რას აწერთ ხელს. ახალი პირადობის მოწმობით გაცილებით დაცული იქნება პიროვნების უფლებები, როგორც იცით, ყველა ადამიანის შესახებ სახელმწიფო უწყებებში ბევრი ელექტრონული ინფორმაცია გროვდება, ამ ბარათით შეძლებთ, გადაამოწმოთ, რა ინფორმაციაა დაცული თქვენზე ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებაში, გარდა საიდუმლო ინფორმაციებისა, რომელზეც ხელი გარდა შესაბამისი ორგანოსი არავის მიუწვდება. ბარათს ჩადებთ წამკითხავში, აკრეფთ პინკოდს და სპეციალური სერვისი შემოგთავაზებთ საჭირო ინფორმაციას – ისტორიას ავადმყოფობის, ნასამართლეობის შესახებ და ასე შემდეგ. რაც მთავარია, თქვენ შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, ვინ დაინტერესდა თქვენი ინფორმაციით, მაგალითად, ექიმი პეტრე პეტრიაშვილი იყო შესული თქვენი ავადმყოფობის ისტორიაში და შეამოწმა ის, თქვენ ფაქტობრივად აკონტროლებთ, ვინ გამოიყენა ინფორმაცია თქვენ შესახებ, ჰქონდა თუ არა ამა თუ იმ პიროვნებას თქვენ შესახებ ინფორმაციის მოძიების უფლება. თუ მას ამ ქმედების ჩადენის უფლება არ ჰქონდა, იმუშავებს პერსონალური მონაცემების დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მიხვალთ და დაწერთ წერილს.
– მე როგორ შევიტყობ, რომ პეტრემ ჩემს შესახებ ინფორმაცია მოიძია?
– სპეციალურ ვებ-გვერდზე მითითებული იქნება იმის შესახებ, თუ როდის და ვის მიერ იქნა გადამოწმებული ესა თუ ის ინფორმაცია თქვენ შესახებ. ეს ტექნოლოგიურად ნელ-ნელა დაიხვეწება და იქნება რევოლუციური გარღვევა ახალ ტექნოლოგიებში. საქართველო იქნება, ტექნოლოგიურად განვითარებული ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ამ მიმართულებითაც კი. ეს არის პროექტი, რომელიც საწყის ეტაპზე, შეიძლება, ძვირად ღირებულ პროექტად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ეს რეალურად ასე არაა, უფრო მეტიც, საკმაოდ ბევრ დანახარჯს შეამცირებს. თითოეული ორგანიზაცია გააკეთებს უამრავი ქაღალდის, პრინტერის, კარტრიჯის დანაზოგს. მომავალი წლიდან აღარ მოხდება ძველი, ფარატინა პირადობის მოწმობების გაცემა, ისინი ნელ-ნელა დაკარგავენ ძალას და მათ ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობები ჩაანაცვლებს, რომლის ფასიც, სავარაუდოდ, 30 ლარი იქნება. ეს არის ბარათის დამზადების თვითღირებულებაზე ნაკლები თანხა, სახელმწიფო დებს ამ ინვესტიციას ბიზნესის ახლებურად განვითარებისთვის. საწყის ეტაპზე ჩვენ არავის არ ვაიძულებთ ძველი პირადობის მოწმობის შეცვლას. ახალ პლასტიკურ ბარათებს აქვთ 24-საფეხურიანი დაცვა, თითოეული ხელმომწერის კოდირება ხდება ძალიან მაღალ დონეზე, ხელმოწერის გასაყალბებლად და კოდის გასახსნელად მინიმუმ შვიდი წელი მაინც უნდა იმუშაოთ სერვერულ ცენტრებთან ერთად. პლასტიკური ბარათების მაქსიმალური დაზღვევიდან გამომდინარე, ჩვენს ხელმოწერებს ვადა ექნება ორწელიწად-ნახევარი.
– თითის ანაბეჭდიც იქნება ახალ პირადობის მოწმობებში?
– ჯერჯერობით თითის ანაბეჭდები შესულია ბიომეტრიულ პასპორტში, რომლის გაცემაც უკვე დავიწყეთ. ბიომეტრიული პასპორტი არის საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც დაცულობითაც და დიზაინითაც არც ერთი წამყვანი ქვეყნის პასპორტს არ ჩამოუვარდება. ბიომეტრიული პასპორტი არის ჩვეულებრივ პასპორტს დამატებული ელექტრონული მატარებელი, რომლითაც ვერავინ ვერ შეძლებს სარგებლობას პასპორტის მფლობელის გარდა. ჩვენი მიზანია, რომ 1 იანვრამდე ბრუნვიდან ამოვიღოთ ძველი, ბორჯღალიანი პასპორტი, რომელშიც ჩვენი სახელმწიფოს სახელწოდებაც კი არასწორად წერია და სურათი ჩაწებებულ მდგომარეობაშია. ამ პასპორტების გაყალბება ძალიან მარტივად, 15 წუთში შეიძლებოდა. ის პასპორტები, რომელსაც ბორჯღალო არ აქვს გამოსახული, გამოცვლას არ ექვემდებარება ვადის ამოწურვამდე, თუმცა, ახალი პასპორტის აღებისას, მოქალაქე ნებისმიერ შემთხვევაში ბიომეტრიულ პასპორტს იღებს.