კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოსთხოვა ბუბა კიკაბიძეს ცოლმა „განათება“ და როგორ აწყობს ის ბებერი ბიჭებისთვის „მალჩიშნიკებს“












ბოლო დროს ინტერვიუებს ხშირად აღარ იძლევა, ცოტა ნაწყენია ჟურნალისტებზე, თუმცა საყვედურს მაინც არავისზე ამბობს. ცხოვრების არცთუ იოლი პერიოდი აქვს, საკმაოდ ბევრი უსიამოვნო განცდის გადატანა მოუხდა, მაგრამ ცხოვრებისგან უკვე იმდენი მიიღო – კარგიც და ცუდიც, რომ აღარაფერი აკვირვებს. ძველი მეგობრებიც გაშიფრა და ბებერი ბიჭის ცხოვრებასაც შეეჩვია – როცა თბილისშია, თითქმის მთელ დროს სახლში ატარებს და ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს. ახლა უკვე ამისთვისაც მოიცალა. გახდება თუ არა ბესტსელერი ბუბას „ისინი“, დრო გვიჩვენებს. იქამდე ბატონ ბუბას მინსკის კინოფესტივალის შთაბეჭდილებებსა და იმაზე ვესაუბრეთ, რაზეც ჯერ ხმამაღლა არაფერი უთქვამს.





ბუბა კიკაბიძე: მინსკში ყოველ წელს, შემოდგომობით ტარდება კინოფესტივალი „ფოთოლცვენა“, წელსაც დიდი „გაქანებით“ ჩაატარეს. უამრავი სტუმარი ჰყავდათ მოწვეული იქიდან, აქედან. მინსკი მშვენიერი, გაწკრიალებული ქალაქია. 7-8 წელია, რაც იქ არ ვყოფილვარ. ძალიან დიდი სიხარულით მიმიღეს, ქართველების მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა აქვთ. საქართველოდან მე და ნანი ვიყავით დაპატიჟებული, ნანი საპატიო სტუმრის რანგში მიიწვიეს, გომერში გამოსვლაც ჰქონდა. მე მასტერკლასი ჩავატარე ხელოვნების აკადემიაში, სტუდენტებს შევხვდი. ქართველებს ყველა ძალიან გვეფერებოდა. ბელორუსებს თვითონაც კარგი ფილმები და სიმღერები ჰქონდათ, მთელ საბჭოთა კავშირს ჰყოფნიდა მათი მომღერლები. „ორერას“ მერე ეგენი იყვნენ პოპულარულები. ეს ყველას კარგად ახსოვს.

– ორნელა მუტის განსაკუთრებული ყურადღება გამოუჩენია თქვენ მიმართ, ადრეც იცნობდით?

– არა, გამოვარდა და ჩამეხუტა, არ ვიცი რატომ. ფესტივალი მე გავხსენი, ორი სიმღერა ვიმღერე. ორნელას ეტყობა, მოეწონა ჩემი სიმღერა, გაიგო, ვინ ვარ, მეც თბილისში დავპატიჟე. საქართველოზე ბევრი რამ მსმენია და სიამოვნებით ჩამოვალო, მითხრა. ისიც იცოდა, რომ თავის დროზე საქართველოს ძალიან კარგი კინემატოგრაფი ჰქონდა და მეც როგორც მსახიობს, ისე მიცნობდა. არ ელოდა, თან რომ ვმღეროდი. მანამდე ჯინა ლოლობრიჯიდას შევხვედრივარ, ორნელას – არა. ჯინა ლოლობრიჯიდას მოსკოვში შევხვდი, სურათებიც გადავიღეთ ერთად, ვახშამზეც ვიყავით. ეს ჩვენთვის არიან უცხოელები განსაკუთრებული, თორემ ისე რა? იმათთვის ჩვენც უცხოელები ვართ, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენ ცუდად ვცხოვრობდით, ისინი – კარგად, თორემ ჩვენი საქმე ერთნაირად გვიყვარდა.

– ამ ბოლო დროს უფრო ხშირად თბილისში ხართ, არ მოგენატრათ რუსული სცენა?

– მე სულ დავდივარ, ახლახან ბაქოში დიდი რიარიით ჩაიარა ჩემმა კონცერტმა, მერე ერევანში ვიყავი. ახლაც უკრაინაში მივდივარ, მერე ისევ ბაქოში გავფრინდები, მერე ყაზახეთსა და უკრაინის სამ ქალაქში უნდა ჩავატარო კონცერტები. ახალი წლის მერე ევროპის ქალაქებში გაიმართება ჩემი სოლო კონცერტები. ეს ყველა კომერციული პროექტია, აბა რა ვქნათ, მუშაობა ხომ გვინდა? რუსეთში მართლაც ბევრი სამუშაო იყო. მე საკმაოდ მტკივნეულად გადავიტანე ის ყველაფერი, რაც მოხდა. ძალიან მომენატრა ჩემი მსმენელი. იქ იციან მოსმენა, თან კარგად მოსმენა. დღემდე ბევრი წერილი მომდის რუსეთიდან. ხალხი მწერს, რატომ არ ჩამოდიხართო? პოლიტიკა ერთია, სცენა – მეორე. სირცხვილი არაა, როცა ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, პატარა საქართველო მტრად რომ წარმოუდგენიათ. მე ვუთხარი მათ: სანამ ეგ მთავრობა იქნება, მე მანდ არ ჩამოვალ-მეთქი. მათი სისაძაგლეების გამო, ბევრი ცუდი რამ მოხდა, ქალაქის ცენტრში ქართული სასტუმრო იყო, როგორც კი ცოტა სიტუაცია დაიძაბა, იმ წუთში ის სასტუმრო ჩეჩნებს მიჰყიდეს. იმას რა დამავიწყებს ჩვენი ქალები და ბავშვები „სკატავოზებით“ რომ გამოყარეს მოსკოვიდან? მე იქ ბევრი მეგობარი მყავს, ისე მეგობრები გაჭირვების დროს იშიფრებიან. ჩემებიც „გაიშიფრნენ,“ „ჩაიჭრნენ“ ჩემთან (იცინის). ერთი-ორი სიტყვა უნდა ეთქვათ, საქართველოში რომ მოდიოდნენ „საგულაოდ“ და ჩაქაფულსა და ჩახოხბილს ითხოვდნენ, მარტო ეგ ხომ არ არის? მე თან მესმის, მათაც თავიანთი პრობლემები აქვთ, მაგრამ მარტო ჩემზე არაა საუბარი? საბედნიეროდ, ისეთებიც აღმოჩნდნენ, ვინც გვიერთგულეს, მაგალითად, ძალიან დაგვიდგა მხარში მიშა კოზაკოვი, ოლეგ ბასილაშვილმაც ისეთი წერილი დაწერა, შეაზანზარა იქაურობა. იმათ დაიწყეს ჩემი ლანძღვა, ვისთანაც ბევრი რამ მაკავშირებდა. მე ერთი საყვედური არ მითქვამს არავისთვის.

– არც აქ უნდა გქონდეთ იოლი ცხოვრება, ბოლო დროს საკმაოდ ბევრ სკანდალში გაეხვიეთ, გიღირდათ ეს ყველაფერი?

– მე მგონი, მიღირდა. როგორ შეიძლება, ნორმალური კაცი არ განიცდიდე იმას, რაც ხდება შენ ირგვლივ და მეც განვიცდი. მაგრამ, იოლი პერიოდები არავის აქვს. ვისაც რა უნდა დამაბრალოს, თავ-პირი უმტვრევიათ. უსინდისოდ რომ დამიბეჭდეს ფოტო, ქურდებთან მეგობრობსო, იმ ხალხის ნახევარი მკვდარია. მკვდარიც რომ არ იყოს, რა? ამით ქულების დაწერა არ შეიძლება, კაცს გული უნდა გაუსკდეს? პოპულარულ ადამიანს პარლამენტში მოხვედრა რომ უნდოდეს, არ გაუჭირდება. ხალხს თუ უყვარს, აირჩევენ. მე სულ იმას ვამბობ, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მე ხომ ხიდების მშენებლობის უფროსად არ დავინიშნე, მე რა ხიდი უნდა ავაშენო? ისევ აქ ვარ და ისევ ისე, როგორც ვიყავი. მსახიობის ცხოვრება ასეა, მსახიობების 90 პროცენტი არაფერს თხოულობს, მაგრამ ბევრ გულისტკივილს იღებს. ერთ რამეს ვერ მივხვდით, რომ ერთმანეთის ჭამით, ჩვენს სამშობლოს დავღუპავთ. მე არც პოზიცია მაინტერესებს, არც ოპოზიცია. ეს ქვეყანა ყველას თავისებურად უყვარს, მაგრამ ის ვიცი, რომ ერთმანეთს ხელი თუ არ ჩავკიდეთ, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ხდებოდა აქ 10 წლის წინ. მახსოვს, როცა მოსკოვში ჩემი – პირველი ქართველის ვარსკვლავი გახსნეს და თბილისში ჩამოვედი, ჩემს მეუღლეს ვუთხარი: ახლა შეგიძლია, ვარსკვლავი დამიძახო-მეთქი. მოულოდნელად, სინათლე ჩაქრა, ვზივართ სიბნელეში და მეუღლემ მითხრა: ახლა ხომ ხარ ვარსკვლავი, მიდი და გაანათეო. მაშინ თბილისში საშინელება ხდებოდა – დანგრეული გზები, ჩასაფრებული მილიციელები, ბნელი ქუჩები. ქვეყნის ფეხზე დაყენება არ არის იოლი საქმე. ჩვენ ყველაფერი უცებ გვინდა, მარტო იმას ვამბობთ, რომ რაღაც გვინდა და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ვეღარ ვასაბუთებთ. პოლიტიკა ასეა – აგერ ლუჟკოვის ამბავს გეტყვით, რა, აქამდე არ იცოდნენ ლუჟკოვი ვინ იყო? ახლა მოთხრიან მაგას რუსები, იმიტომ, რომ სიტუაცია სხვანაირად არის. დარწმუნებული ვარ, ახალი მერი მაგაზე კარგი არ იქნება. მე ვიცნობ ლუჟკოვს, ჯერ კიდევ კარგი დრო იყო, ერთხელ დამირეკეს მაგის სახელით, მოვიდეს და ბინას მივცემთო. არ წავედი. რთული პერიოდი ბევრჯერ მქონდა ცხოვრებაში. ორი წელი რუსეთში ჩასვლა მქონდა აკრძალული. იქ ერთ ფილმში უნდა მიმეღო მონაწილეობა, ჩემი პარტნიორი ქალი არ მომეწონა, არ იყო ისეთი დონის მსახიობი, როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო. იმ ქალს, ეტყობა, ძალიან დიდ კაცთან ჰქონდა საქმე, უცებ გამოვიდა ბრძანება და ყველა საესტრადო თეატრი დაიკეტა ჩემთვის. როგორღაც გავუძელი იმ პერიოდს, მერე, როცა საბჭოთა კავშირის ახალი კულტურის მინისტრი დაინიშნა და მოსკოვიდან დამირეკეს, მე ვუთხარი: სანამ მინისტრი ოფიციალურ დეპეშას არ გამოგზავნის, არ ჩამოვალ-მეთქი.

– ასე დიდხანს ვერ ივიწყებთ წყენას?

– არა ვარ ბოღმიანი კაცი, პატიება შემიძლია, ოღონდ ემოციური ვარ და ძალიან ვნერვიულობ ხოლმე. დედაჩემი მორწმუნე ქალი იყო, სულ მეუბნებოდა: გულში არაფერი ჩაიდო, ვინც დამნაშავეა, იმას ღმერთი მიხედავსო. ეგრეც ხდება. ცხოვრება ისეთი რამეა, ბევრ რამეს გაგასინჯებს. მეც გავუსინჯე გემო ბევრ სიმწარეს, ახლა რაღამ უნდა გამაკვირვოს. ხანში რომ შედიხარ, ბევრი რამე იცვლება. ხან ქუჩაში გასვლაც კი არ მინდა. ადრე კისერი მტკიოდა გამარჯობის თქმით, ახლა ნაცნობ სახეებს ვეღარ ვხედავ. მყავს ჩემი საახლობლო წრე და ვარ ჩემთვის. მოდიან ხოლმე ჩემთან, „მალჩიშნიკებს“ ვმართავთ. ჩვენ ბებერი ბიჭები თვითონ ვაკეთებთ საჭმელებს, ექიმებმა კი ამიკრძალეს დალევა, მაგრამ ბოლომდე არ ვემორჩილები მათ.

– მემუარების წერაც დაგიწყიათ.

– უფრო ავტობიოგრაფიული წიგნია. ბევრი საინტერესო ისტორია მინდა გავაცოცხლო. რუსები შემიჩნდნენ თავის დროზე: წიგნი დაწერეო. სულ მეზარებოდა და აჰა, დავაყენე საშველი. პატარ-პატარა ნოველები გამოვიდა. წიგნს ერქმევა „ისინი“. ის ხალხი თავისი ცხოვრებით, სტუმართმოყვარეობით, კაცობით, მეგობრობით არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. წიგნიც უფრო მათზეა, ვიდრე – ჩემზე. არ ყოფილა წიგნის დაწერა იოლი, მაგრამ თუ შემწვარი კარტოფილი გაქვს, ყველაფერს გააკეთებ (იცინის). კომპიუტერთან ვერა ვარ კარგად, ხელით, ფურცლებზე ვწერდი და მერე სხვები კრეფდნენ კომპიუტერზე. ერთი კომპლიმენტი კი მივიღე – ისე წერ, თითქმის არ უნდა გასწორებაო. სადა მაქვს მაგის თავი, ახლა კომპიუტერზე ვაკაკუნო. ჩამოვრჩი ცხოვრებას (იცინის).

– დღეები როგორ გადის თბილისში?

– მუსიკის წერა დავიწყე. ვერ ვნახე საჩემო კომპოზიტორი, ყველა წავიდა, ვისთანაც კარგად ვიყავი. სცენარზე მუშაობაც დავამთავრე. კარგი სცენარი გამოვიდა. ხუთი ნოველისგან შედგება – ქართულ გიჟურ ცხოვრებაზეა, საინტერესო სახელწოდებით „დიაგნოზი – ქართველები“. ეს ხომ იცით, რა მაგარი დიაგნოზია, მეც თავიდან ბოლომდე მაქვს დასმული. ის, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, სხვებისთვის, სხვანაირად აღიქმება. ჩვენი ყველაფერი უკვირთ – ვაა, ეს რას აკეთებენ კაცოო? ახლა, რომელი ერის წარმომადგენელი დაანგრევს სახლს სხვისი ქორწილისთვის? იყო ასეთი შემთხვევა, როცა ომარ მხეიძემ ცოლი მოიყვანა, მისმა მეზობელმა კედელი დაანგრია, რომ ომარს ქორწილი გადაეხადა. მერე რამდენიმე თვე კედელი ვეღარ ააშენეს, ფული აღარ ჰქონდათ. ამას ვინმე სხვა გააკეთებდა? ესეც რომ ბოლომდე დავკარგოთ, ჩვენი ფასი კაპიკი გახდება.

როცა თბილისში ვარ, დიდ დროს სახლში ვატარებ. ახლა უკვე მიყვარს სახლში ყოფნა. შვილიშვილები მიდიან, მოდიან. რაც წლები მემატება, სახლში უფრო ადვილად ასატანი ვხდები. პრეტენზიული არა ვარ, ერთ სკამზე შემიძლია ცხოვრება. როცა სახლი ავაშენეთ, სამი თვე აქ ვერ ვიძინებდი. ღამე ჩემს ძველ, მოპრუწულ ბინაში მივდიოდი დასაძინებლად. მერე ძლივს მივეჩვიე აქ დაძინებას. ადამიანის ფასი მის თავმდაბლობაშია. ბევრისგან გამიგია: აღარ შემიძლია სურათებს რომ მაღებინებენ და ავტოგრაფებს მთხოვენო. მიკვირს, როცა ამას ამბობენ. თუ მომღერალი ხალხს არ უყვარხარ, არავინ არ ხარ – მაშინ დაჯექი და შენთვის მარტომ იმღერე. კაცმა შინაურ ადამიანად უნდა მიგიღოს. ერთხელ კუზბასში გვქონდა კონცერტი, მაშინ რუსეთში დაძაბული სიტუაცია იყო, ხალხს ჯამაგირს არ აძლევდნენ. წითელ მოედანზე „პალატკებს“ დგამდა ხალხი. უცებ სცენაზე ერთი ქალი ამოვიდა, ერთი ცალი ყვავილი ეჭირა ხელში და მთხოვა, მიკროფონს გამოგართმევთო. მიკროფონში კი მეკითხება: როგორ ფიქრობთ, ჯამაგირს მოგვცემენო. გავოცდი, მე რა შუაში ვიყავი მეშახტეების ფულთან. მაგრამ მერე იცით, რა მოხდა?! – ორმოცი წუთი მელაპარაკებოდნენ, როგორც ოჯახის წევრს და მიხსნიდნენ, რომ ძალიან ცუდად ცხოვრობდნენ. მე ბედნიერი კაცი ვარ იმით, რომ თავს ამდენი რამე გადამხდა, მაგრამ ეს სიყვარული მაინც დამრჩა. ამას თბილისშიც ვგრძნობ და სოფლებშიც, ყველგან სადაც კი მივდივარ. თევზაობა მიყვარს ძალიან, ხანდახან სათევზაოდაც დავდივარ ხოლმე ზოგჯერ – აზერბაიჯანისკენაც კი. ბევრი ანკესი მაქვს – ისეთი, ასეთი.

– ოქროს თევზი არასდროს შეხვედრია ბუბა კიკაბიძეს?

– ეეჰ, აი, ეგ არასდროს მინახავს. ესტონელმა ოქროს თევზი დაიჭირა, თევზმა უთხრა: უბრალო თევზი კი არ ვარ, ოქროს თევზი ვარ, ყველა სურვილს ვასრულებ, გამიშვი, ჰაერი არ მყოფნისო. ესტონელმა უკან ჩააყოფინა თავი თევზს და უთხრა: „ნე ნადო გავარიტ, პა რუსკიო“. ახლა რაღად მინდა ოქროს თევზი, ახალგაზრდობაში რომ მეპოვა, კიდევ კარგი იქნებოდა. ისე ბევრი სურვილი არ დამრჩა აუსრულებელი, სულ მინდოდა, რომ დიდ კინოში ჰაჯი მურატი მეთამაშა. გიორგი დანელიას ჰქონდა გადასარევი სცენარი, მაგრამ დაუხურეს და გადაღების უფლება არ მისცეს.



– სულ ახლახან „ვერის უბნის მელოდიები“ დადგეს ქართულ სცენაზე, მოგეწონათ?

– მომეწონა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მიუზიკლია. თუმცა, მე არ მიყვარს მიუზიკლები. ჩვენ არ ვიცით ჩვენი რაღაცეების დაფასება, მანამ ვიღაც ყურით მოთრეული არ დაწერს, მანამდე ვერ ვხვდებით, რას ვაკეთებთ და როგორები ვართ. ისეთ ფილმებს ვიღებდით კაპიკებით და ძველისძველი აპარატურით, ამას სხვა ვერ გადაიღებდა. ახალმა „ვერის უბნის მელოდიებმა“ წარსულში დამაბრუნა და ბევრი რამე გამახსენა. ის პატარა გოგონები, ახლა ამხელები რომ არიან… გამახსენდა სოფიკო. ჩემდა საბედნიეროდ, როცა ის გარდაიცვალა, მე საქართველოში არ ვიყავი. რადგან მკვდარი ვერ ვნახე, ვერ გავაცნობიერე, რომ ის აღარაა და ხანდახან ცოცხალიც კი მგონია.


скачать dle 11.3