ვინ ისვრის ქვებს და ვინ იღებს კარგად ტყვიებს სალუქვაძეების ოჯახში
წარმატებული სპორტსმენი – ნინო სალუქვაძე ყველასთვის საამაყო ქართველია. მას მოპოვებული აქვს დაახლოებით 200 მედალი და არის უამრავი ტიტულის მფლობელი. ნინოს წლების განმავლობაში ხშირად უწევს ქვეყნის დატოვება. ეს კი, მის სპორტულ საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა დაესახელებინა თუ რამდენ ქვეყანაშია ნამყოფი. ამიტომ, კითხვის შეცვლა ვამჯობინეთ, რომელ ქვეყანაში არ არის დღემდე ნამყოფი. ამ შემთხვევაში უკვე მას პასუხის გაცემა საერთოდ არ გასჭირვებია.
ნინო სალუქვაძე: მართალია, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ისეთიც ბევრია, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ. მაგალითად – სამხრეთ აფრიკა, ლათინური ამერიკა. აზიის ქვეყნებიდან მხოლოდ კორეა-იაპონიაში ვყოფილვარ, სხვაგან არა. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მოვლილი მაქვს. კანადაში არ ვყოფილვარ. მანჩესტერში ვიყავი, ლონდონში – არა.
– „მანჩესტერის“ ძალიან ბევრ ფანს შეშურდება თქვენი, ვინც ფავორიტი გუნდის ქალაქში არ არის ნამყოფი.
– დიდი არაფერია, მუშათა ქალაქია.
– ალბათ, რომელ ქვეყანაშიც არ ხართ ნამყოფი, იქ არ ისვრიან.
– ისვრიან, მაგრამ იქ ტურნირები ძალიან იშვიათად ტარდება.
– რომელი ქვეყანა უფრო ლამაზია თქვენთვის?
– ყველა ქვეყანა თავისებურად ლამაზია. ჩვენს ხალხთან იტალია უფრო ახლოსაა, ხასიათით და კიდევ ბევრი სხვა თვისებით. ცხოვრების დონით, მომსახურებით, პირობებით, პუნქტუალურობითა და ასე შემდეგ, გერმანია მირჩევნია სხვა ქვეყნებს. სიმშვიდით, სიწყნარით და ჰაერით – ავსტრალია. სხვათა შორის, იქ იმერული სტილის სახლებიც კი აღმოვაჩინე.
– ყველა ქვეყანას განსხვავებული სამზარეულო აქვს. თქვენ რომელი უფრო მოგწონთ?
– საერთოდ გურმანი არ ვარ, მაგრამ აზიური სამზარეულო მომწონს. არც გერმანულს ვუჩივი. უცხოეთში რომ მივდივარ ჩვენი მამაპაპური ხაჭაპური ყოველთვის მიმაქვს. ქართულ ხაჭაპურს ჩემი მეგობრებიც მოუთმენლად ელოდებიან. ნინო ჩამოვა, ხაჭაპურს ჩამოგვიტანსო, – ამბობენ. მიმაქვს, რა თქმა უნდა, ქართული ღვინოც, რომელიც ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს უცხოელებში. ამ დროს ძალიან ამაყი ვარ.
– წელიწადში რამდენჯერ გიწევთ ქვეყნის დატოვება?
– რაც საბჭოთა კავშირი აღარ არის, წელიწადში 6-7-ჯერ გავდივარ ქვეყნიდან, მაგრამ ადრე შინ მხოლოდ 2-3 დღით მიწევდა დაბრუნება. ფაქტობრივად, სულ წასული ვიყავი.
– ალბათ, შეჩვეული ხართ უცხოეთში ხანგრძლივ ვიზიტებს.
– უცხოეთში მაქსიმუმ 2 კვირა შემიძლია, გავძლო. შეჯიბრება ერთ კვირას გრძელდება, ხოლო თუ შეკრებაზე მივდივართ, სამი კვირა მაქსიმუმია, მაგრამ ვერ ვძლებ. 1995 წელს ატლანტის ოლიმპიადისთვის რომ ვემზადებოდით, რადგან შტატ ჯორჯიაში ტარდებოდა, იქაურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის დახმარება და ყველა სპორტსმენი სამკვირიან შეკრებაზე წაგვიყვანა. აქედანვე ვთქვი, რომ ორკვირიანზე ჩამწერეთ-მეთქი, ვიცოდი, მაინც ვერ გავძლებდი.
– მართალია, არასდროს დაგითვლიათ რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, მაგრამ ინტერესის გამო ის მაინც გეცოდინებათ რამდენი გამარჯვება გაქვთ მოპოვებული?
– მედლების ნაწილი აქვეა მოთავსებული, ნაწილი სპორტის დეპარტამენტში, თუ შეძლებთ დათვალეთ (იცინის). დაახლოებით 200 მედლამდე მაქვს აღებული.
– ეს რამდენი წლის შედეგია?
– 25 წლის შედეგი.
– პირველი გამარჯვება რომელ ქვეყანას უკავშირდება.
– უცხოეთში პირველივე გასვლაზე ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდი. 16 წლის ვიყავი და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის ვასპარეზობდი. ამ ასაკში ყველა სპორტსმენმა იცის, რას ნიშნავს, თუნდაც, ერთი წლის სხვაობა. მე კი სხვებთან შედარებით 4 წლით უმცროსი ვიყავი. მიუხედავად ყველაფრისა, იუგოსლავიაში ევროპის ჩემპიონატი მოვიგე. ასე რომ, ჩემი პირველი გასვლა წარმატებით დასრულდა. თუმცა, მანამდე უკვე იმდენი რამ მქონდა გადალახული, ევროპის ჩემპიონატზე ჩვეულებრივად გავედი. მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრა გაცილებით რთული და პრესტიჟული იყო, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე.
– თქვენს ოჯახში თუ არის ისეთი ადამიანი, რომელიც არ ისვრის?
– დედა, მაგრამ ის ქვებს ისვრის (იცინის). მამა ისვრის, ცოტა ხანი ჩემი გოგონაც ვარჯიშობდა, მაგრამ მერე ხერხემლის გამო აუკრძალეს, ბიჭი ვარჯიშობს. მეუღლე ჯარში და ომში კარგად ისროდა. თუმცა, თვითონაც კარგად იღებდა ტყვიებს, მრავალჯერ არის დაჭრილი.
– თქვენი შვილები რამდენი წლისანი არიან?
– 13 და 16 წლის.
– სპორტსმენისთვის, ალბათ, ძალიან ძნელია ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მეორე ან მესამე დღეს ტურნირში ჩართვა. აკლიმატიზაციის პერიოდი, დაღლა, სიტუაციასთან შეჩვევა და ასე შემდეგ.
– ერთადერთი ფუფუნება მხოლოდ ოლიმპიადაზე გვაქვს, სადაც ცოტა ადრე მივყავართ. სპორტსმენი ტურნირის დაწყებამდე, წესით, 10 დღით ადრე მაინც უნდა ჩავიდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ოლიმპიადის გარდა, ეს სხვა ჩემპიონატებზე არ ხერხდება. მგონი, ამ სიძნელეების გადალახვას იმდენად შეჩვეული ვარ, რომ უკვე აღარ მოქმედებს. მთავარია, რა განწყობით მიდიხარ. ერთხელ მახსოვს, ჩინეთში წავედით შეჯიბრებაზე. ამისთვის ჯერ მოსკოვში უნდა ჩავსულიყავით, რადგან იქიდან იყო ფრენა. მოულოდნელად, ჩვენი რეისი ერთი დღით გადაიდო. მეორე დღეს რომ ჩავფრინდით, ძალიან დაღლილები ვიყავით. იმ დღეს ვარჯიში იყო დანიშნული და მეორე დღეს დილით უკვე შეჯიბრება იწყებოდა. მამაჩემმა, ანუ ჩემმა მწვრთნელმა, მითხრა, არ გინდა ვარჯიში, დაისვენეო და პირდაპირ დასაძინებლად წავედი. ვარჯიშს, სადაც უფრო მეტად დავიღლებოდი, დასვენება და ენერგიის აღდგენა ვარჩიეთ. წავედი, კარგად გამოვიძინე, შეჯიბრებაც მოვიგე და ლიცენზიაც მოვიპოვე ოლიმპიადისთვის.
– ამდენ ქვეყანაში გიხდებათ წასვლა და ენის ბარიერი არ გიქმნით პრობლემას?
– შოთა ქველიაშვილი, ალბათ, გაგიგიათ, ჩვენი ძველი სპორტსმენი. ის საერთაშორისო მსაჯი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური არ იცოდა, მისი ბოხი ხმით ნათქვამი ქართული ყველას კარგად ესმოდა (იცინის). მე ინგლისური ვიცი, მაგრამ მთავარია, სხვა ქვეყანაშიც იცოდნენ, რომ გავაგებინო. არის ქვეყნები, სადაც არ საუბრობენ ინგლისურად, მაგრამ არის სხვადასხვა საშუალება, რითიც გააგებინებ, რა გინდა. მაგალითად, ტაილანდში ან ჩინეთში, ტაქსის მძღოლს თუ მათ ენაზე დაწერილი არ უჩვენე, წერე რამდენიც გინდა ინგლისურად. ეგ კი არა, ერთხელ ჩინეთში, ჩინელმა ტაქსის მძღოლმა ჩინურად კითხვაც კი არ იცოდა, რომელსაც მერე მე ვასწავლე ის გზა, სადაც მივდიოდი.
– რომელ ქვეყანაში ხართ ყველაზე ბევრჯერ ნამყოფი?
– გერმანიაში. ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. ამბობენ, ცივები არიანო, მაგრამ მე ამას ვერ დავეთანხმები. გაჭირვებულ წლებში გერმანელები პირადად მე და ჩემს გუნდს ძალიან გვეხმარებოდნენ. გვაწვდიდნენ ფარებს, ტყვიებს, იარაღს და ასე შემდეგ.
– რომელ ქვეყანაში ისურვებდით სამოგზაუროდ წასვლას?
– დასათვალიერებლად ინდოეთში წავიდოდი დიდი სიამოვნებით. შარშან იყო მცდელობა, ინდოეთში ჩაეტარებინათ მსოფლიოს თასის ერთ-ერთი ტურნირი, რადგან ბოლო ოლიმპიადაზე ინდოელმა თოფოსანმა ბიჭმა გაიმარჯვა და ოქროს მედალი აიღო. ამხელა ქვეყანაა და ის მათი პირველი ჩემპიონია სპორტის ამ სახეობაში. საქართველოს, რომელიც რუკაზე ძლივს ჩანს, მარტო ოქროს 36 მედალი აქვს და ამას არ ვაფასებთ.
– ბევრი გულშემატკივარი გყავთ, რომელიც ყოველთვის ამაყია თითოეული თქვენი გამარჯვებით.
– რა სიყვარულსაც მე ჩემი გულშემატკივრისგან ვგრძნობ, ეს ჩემთვის ყველაზე მაღალი სინჯის მედალია. შეიძლება, ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ მე ყველა ჩემი გულშემატკივარი მახსოვს. ყვავილებიც კი მახსოვს ბაზარში რომ მაჩუქა გამყიდველმა. მამა-შვილი იყვნენ, რომელთა სახელები მართლა არ ვიცი, მაგრამ ორივე ძალიან კარგად მახსოვს. ადამიანისგან ელემენტარელ პატივისცემას და სიყვარულს რომ ვგრძნობ, ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდია. ამისთვის, ყველას მადლობას ვუხდი. რაც მე შემეხება, ჩემს ქვეყანას და ხალხს არასდროს ვუღალატებ. ჩემი იმედი ყოველთვის ჰქონდეთ. ჩემი ქვეყნისთვის მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. იმ შემთხვევაში, თუ მედალი ვერ ავიღე და რაღაც არ გამომივიდა, ესე იგი, ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. საქმისადმი გულგრილი არასდროს ვარ.