რატომ გაგიჟდა და გადაირია სანოს გაცნობისას მისი მომავალი მეუღლე და როგორ შეასრულა მან ჩაკა ჰანის კონცერტზე ქართული ცეკვა აფრიკული ინსტრუმენტის თანხლებით
არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მერაბ სანოძე, ანუ სანო 8-9 წლის ასაკიდან გახდა კოლექციონერი. ამჟამად მის კოლექციაში 130 დასარტყამი ინსტრუმენტია. ის ამბობს, რომ მის კოლექციაში ძალიან ბევრი იშვიათი ინსტრუმენტია თავმოყრილი. დაწყებული პაკავაჩიდან, დამთავრებული გატოთი. სანომ სიამოვნებით დაგვათვალიერებინა კოლექცია და ბევრი საინტერესო ინფორმაციაც მოგვაწოდა.
მერაბ სანოძე: თავიდან დავიწყე ალუმინის გადაგდებული ჭურჭლის შეგროვება. ვაგროვებდი, ვაგროვებდი და ვაშენებდი დასარტყამი ინსტრუმენტების ერთ დიდ სასახლეს. მქონდა ჩემ მიერ გამოთლილი ჯოხები და ვუკრავდი. იმ პერიოდში 8-9 წლის ვიქნებოდი, 60-მდე „ინსტრუმენტი“ შევაგროვე. მათ შორის, რამდენიმე თუნუქის თასიც ერია, რომლებზეც რაღაც მუსიკალურ ეფექტებს ვაკეთებდი. გამიდიოდა კაკუნი და მამაჩემი და დედაჩემი გიჟდებოდნენ, რად გინდა ამდენი ჯართიო.
მე წარმოშობით ხონიდან ვარ, მამაჩემი საცრებს აკეთებდა და ამავე დროს, დოლების დამზადებაც ეხერხებოდა. პირველი დასარტყამი ინსტრუმენტი მაშინ გავაკეთე საცერით. „ნარჩენებისგან“ რაღაც შევაგროვე, ჩავყარე ცოტაოდენი ფქვილი და – შშშ... მშვენიერ ხმას გამოსცემდა. მერე მიყიდეს პირველი დოლი და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ასე დაიწყო ეს ყველაფერი და ასე მოვედი დღემდე.
– დღეისთვის რამდენი ინსტრუმენტია თქვენს კოლექციაში?
– შემიძლია, პრეტენზია განვაცხადო, რომ მაქვს ძალიან ბევრი დასარტყამი ინსტრუმენტი. დაწყებული პაკავაჩიდან, დამთავრებული გატოთი.
– ახლა ის გვითხარით, პაკავაჩი და გატო სადაური წარმოშობის ინსტრუმენტებია?
– პაკავაჩი არის ინდური ინსტრუმენტი, რომელიც დასარტყამი ინსტრუმენტების მამად მიიჩნევა. საქართველოში მხოლოდ მე მაქვს. არც არავინ უკრავს მასზე, კოკა აბზიანიძე უკრავს ტაბლაზე, რომელიც მეც მაქვს. გატო არის ინდიელთა, თუ არ ვცდები „ჩეროკის ტომელთა“ ინსტრუმენტი, რომელსაც ტონიანი ხმა აქვს, მაგრამ დასარტყამ ინსტრუმენტებში ითვლება.
– ამჟამად სულ რამდენი ინსტრუმენტი გაქვთ?
– ახლა, რომ მოვაგროვო ყველა ჩემი ინსტრუმენტი, აქ არ დაეტევა. მთლიანობაში იქნება 120-130 ცალი. მყავს მეგობრები, რომელთაც მიაქვთ, დაუკრავენ, მერე სტუდიაში წაიღებენ და დააქვთ ასე. მათ შორის, 70 ინსტრუმენტი გერმანიაშია, იქ ვცხოვრობდი დაახლოებით 9 წლის განმავლობაში, სადაც ანსამბლ „ადიოსთან“ ერთად გავემგზავრე.
– მათ შორის რომელია ყველაზე იშვიათი?
– ეს არის დასარტყამი ინსტრუმენტი დი დაბლიუ. მას, რა თქმა უნდა, მოჰყვა თავისი პასპორტი, რომელშიც მითითებულია, რომ ეს ინსტრუმენტი სულ 80 ცალი გამოვიდა მთელ მსოფლიოში. მე ძალიან მიხარია, რომ ამ 80-დან ერთ-ერთი მე მაქვს და უფრო ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი მათგანი არის საქართველოში.
– როგორ ჩაგივარდათ ის ხელში?
– დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი ამისთვის თანხას და შევიძინე ნიუ-იორკში. ძალიან ძვირი ღირს. ამ ინსტრუმენტის თანხლებით ნებისმიერი კომპოზიცია გაცილებით უკეთესად ჟღერს, იმიტომ რომ, თითოეული „კორკა“ არის აწყობილი. ყველას თავისი ტონალობა აქვს. დი დაბლიუ არის ჩემი კოლექციის მშვენება.
საერთოდ, ყველანაირი დასარტყამი ინსტრუმენტი თავიდან ბოლომდე ბუნებაა. რადგან ყველანაირი დარტყმა, რომელიც კი ხორციელდება ბუნებაში, დაკავშირებულია რიტმიკასთან. აქედან გამომდინარე, მეც, შენც და მთელი მსოფლიოც რიტმზე ვართ დამოკიდებული. რომ დადიხართ ქალბატონები ქუსლებით, ეს ყველაფერი რიტმია, თანაც, თუ ასი მათგანი დადის ერთად, წარმოიდგინეთ, რა ლამაზ რიტმს გამოსცემენ.
მაქვს პატარა დიპლიპიტოც.
– ბოლოს რომელი ინსტრუმენტი შეიძინეთ?
– ჩემი ბოლოს წინა შენაძენი იყო ქართული დოლი, რომელიც ჩემი სიამაყეა. არ არსებობს ამაზე უკეთესი ინსტრუმენტი. ის გივი ძიამ მაჩუქა, რომელიც ალალი ადამიანია, კარგი კაცია და კახეთში ცხოვრობს. ის სპეციალურად 4 თვის განმავლობაში აკეთებდა ჩემთვის ამ დოლს ნიგვზისგან. დოლს თავისი ფაქტურა შენარჩუნებული აქვს. არ არის გადაკერებული, გამოთლილია. ისე გამოიყვანა და გამოაშრო, რომ ფანტასტიკურად ჟღერს. დოლზე შემიძლია ვილაპარაკო საუკუნის განმავლობაში, რადგან ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც უამრავი, ამოუწურავი ბგერა აქვს.
მაქვს ასევე „ელ პე“, ანუ ლათინური პერკუსია, რაც ქართველებისთვის არის დოლი, ის არის ლათინოსებისთვის „ელ პე“. „სამბა“, „რუმბა“, „მამბა“... სულ ყველაფერი მასზე იკვრება.
– დასარტყამი ინსტრუმენტების სამშობლოდ რომელი ქვეყანა შეიძლება, დავასახელოთ?
– ყველა ვარიანტში – აფრიკა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს აფრიკულ რიტმიკას, ალბათ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, რაც მონობის პერიოდში აფრიკიდან ხალხი წაიყვანეს, ყველამ თან წაიღო და გაიტანა ის კულტურა სხვა ქვეყანაში. ჩემი აზრით, რიტმიკაში დომინანტი არის აფრიკა, თუმცაღა არის განსხვავებული, იბერიულ-კავკასიური, ჩვენებური რიტმიკა. ეს ამოუცნობი რიტმიკაა.
– კიდევ რომელი იშვიათი ინსტრუმენტები გაქვთ?
– არის ასეთი ინსტრუმენტი „გლაზ ჩეიმზი“, რომელიც ისეთ ხმას გამოსცემს, გეგონება, ყინულები ერთმანეთს ეჯახებიანო. მაქვს, აგრეთვე, აფრიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია ჯემბე. ფეხებშუა უნდა ამოიდო, ისე ვერ დაუკრავ მასზე. გერმანიაში არის ქარხანა „შლაგ ვერკ“, რომელიც უშვებს ინსტრუმენტებს. „შლაგ“ ნიშნავს დარტყმას, „ვერკ“ კიდევ ქარხანას. უშვებს ესპანურ ინსტრუმენტს, რომელიც ჰქვია ქაიჯონ. რაც ქართველებისთვისაა დოლი, ისაა მათთვის ეს ინსტრუმენტი. მის გარეშე არ სრულდება „ფლამინგო“. მქონდა ეს ინსტრუმენტი, მსოფლიოში ძალიან გამოჩენილმა პერკუსიონისტმა მაჩუქა, რომელსაც ვეთაყვანები, რადგან ის არის ჩემი პედაგოგი – ფრედი სანტიაგო. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით. როგორც გავიგე, ჩემი სწავლის საფასური არც გამოურთმევია ჩემი პროდიუსერისთვის, სანოსთვის ალალიაო, უთქვამს.
– ისიც სანოს გეძახდათ?
– სანო მე გერმანიაში დამარქვეს, რადგან ძალიან უჭირდათ ჩემი სახელისა და გვარის წარმოთქმა. ამიტომ დამარქვეს გვარის პირველი 4 ბგერა. თან სანო ლათინური სატყვაა და ნიშნავს ჯანმრთელს. შემრჩა ეს სახელი და უკვე 20 წელი იქნება, რაც სანო ვარ.
– როგორც ინტერვიუს დასაწყისში დავრწმუნდით, ინსტრუმენტების თხოვება შეგიძლიათ, გაჩუქებასაც შეძლებთ?
– არავითარ შემთხვევაში! მე ვწვალობ და ისე ვაგროვებ და კიდევ ბევრი მაქვს შესაძენი. მის საფასურად რაღაცას ვიკლებ.
– რა ეღირება თქვენი კოლექცია?
– ძალიან ძვირი.
– ვერ წარმომიდგენია, რომ თქვენ, ადამიანი, რომელიც ასე გრძნობს თითოეულ ბგერას, არ ცეკვავდეს.
– ვცეკვავ, თანაც ძალიან კარგად, ოღონდ მეგობრების წრეში. ილეთს ერთს შევხედავ და შემიძლია, გავიმეორო. ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც სმენა აქვს, ყველაზე კარგად აითვისებს უცხო ენას.
– ბევრი მანდილოსნის მოხიბვლა მოახერხეთ ამ თქვენი ცეკვა-სიმღერით?
– უპირველესად მოვხიბლე ჩემი მეუღლე. ვმღეროდი ქეიფში – თეფშებზე და ბოთლებზე, ჩანგლებით შესრულებული მუსიკის თანხლებით და ჩემმა მეუღლემ რომ დამინახა, გაგიჟდა და გადაირია. ამერიკაში, ჩაკა ჰანის კონცერტზე, ემოციებმა თავისი გააკეთა და აფრიკული ინსტრუმენტის ჰანგებზე შევასრულე ცეკვა ქართული ილეთებით, ექსპრომტად. ისე მოეწონათ, რომ მერე მთხოვეს ნომერში ჩაესვათ. არ ვიცი, რამდენად ქართული იყო ეს ცეკვა, მაგრამ, როდესაც ვცეკვავდი, იმ დროს ქართველი ვიყავი – „უჰ“ – ასეთი. ძალიან ბევრი მოიხიბლა მაშინ. (იცინის).