“ატელიე ინფორმალის„ შოუ-რუმი
19 ნოემბერს ქართველი დიზაინერების მაღაზია „ეფლაბორში“ ცნობილი ქართული, ორიგინალური, ყველასგან განსხვავებული და ჩემთვის ძალიან საყვარელი სალონის „ატელიე ინფორმალის“ „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“ წარმოდგენილი კოლექციის შოუ-რუმი და ახალი ხაზის პრეზენტაცია მოეწყო. „ინფორმალის“ გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ამიტომ, განსაკუთრებული ინტერესი ახალმა, ძალიან საინტერესო, ახალგაზრდულმა სამოსმა გამოიწვია. „ინფორმალ იუ“ – ასე ჰქვია თინეიჯერულ, ყოველდღიურ ტანსაცმელს, რომელიც „ეფლაბორში“ შედარებით იაფად გაიყიდება. თხელი შალის შარვლები, ბლუზები „ინფორმალის“ სტილშია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისური ცხოვრებისთვის იდეალურია. შოუ-რუმის შემდეგ ლელა ელოშვილისა და თეონა გარდაფხაძის კლიენტებმა, მეგობრებმა და ჟურნალისტებმა კაფე „გოლდ ფიშში“ გადაინაცვლეს, სადაც სტუმრებისთვის ვახშამი იყო გამართული. ვახშამზე გოგონებმა ბევრი სიტყვიერი შეკვეთაც მიიღეს. გვიან საღამომდე გაგრძელდა საუბარი ყველასთვის საყვარელ თემაზე – ეს არის მოდა!