თავით დგომაში რეკორდსმენი 71 წლის შალვა იმნაძე, შიმშილობაში მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის ემზადება
71 წლის შალვა იმნაძეს ერთი რეკორდი უკვე აქვს დამყარებული – 2 საათი და 15 წუთი თავით იდგა და ახლო მომავალშიც აპირებს ახლა უკვე შიმშილობაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას. თუმცა, მას ამისთვის სპონსორი სჭირდება, რომელიც უზრუნველყოფს მისთვის სპეციალური ოთახის გამოყოფას, სადაც ბატონ შალვას ექიმები და ზედამხედველები დააკვირდებიან.
შალვა იმნაძე: პირველი რეკორდი 2002 წელს დავამყარე, თავით ვიდექი 2 საათი და 15 წუთი. მაშინ მოსკოვიდან იყვნენ იოგები ჩამოსული, მათ მითხრეს, უნიკალური ტვინის პატრონი ხარო. დღემდე არ ვიცი, რა არის წნევა, 71 წლის ვარ და 35 წლის ცოლი მყავს. ახლა მინდა შიმშილობაში დავამყარო რეკორდი. ამ მხრივ დიდი ნებისყოფა მაქვს, 55-60 დღე მიშიმშილია, ამ დროს მხოლოდ წყალს ვსვამდი. თავიდან სამი დღე, ერთი კვირაა ყველაზე ძნელი და მერე უკვე გეკარგება შიმშილის გრძნობა.
შოთა ქელდიშვილი (კლუბ „რეკორდის“ თავმჯდომარე): ჯერ პროექტი გვაქვს, რადგან ბატონმა შალვამ ორ თვეზე მეტხანს უნდა იშიმშილოს. ამიტომ, გვჭირდება სპონსორი. შეიძლება ეს რომელიმე კომპანია იყოს. ოთახია საჭირო, სადაც ბატონი შალვა იქნება, მას ექიმები ყოველდღიურად შეამოწმებენ, ზედამხედველები დააკვირდებინ. ანუ, გარკვეული თანხებია საჭირო, სპონსორს ვეძებთ, რომელსაც შეუძლია გამოგვეხმაუროს ელექტრონულ მისამართზე „rekordsmeni@yahoo.com“. შიმშილობაში მსოფლიო რეკორდი საფრანგეთშია დამყარებული. ის კაცი მინებიან ოთახში იჯდა, 67 დღე გაძლო და ამას, შოუს სახე ჰქონდა. ხალხი მიდიოდა და თანხას ყრიდა. ბატონმა შალვამ უფრო მეტხანს უნდა იშიმშილოს.
შალვა იმნაძე: გაზაფხულზე უფრო ადვილი იქნება რეკორდის დამყარება. ამ დროს ადამიანს შეუძლია, მზის სხივებით იკვებოს. მე მზად ვარ რეკორდის დასამყარებლად, მთავარია, სპონსორი გამოჩნდეს.