შიშისმომგვრელი გრაფიკი
წლიდან წლამდე ასტროლოგები, მეცნიერები, ისტორიკოსები, ნათელმხილველები, რელიგიის წარმომადგენლები. აგრეთვე ათასი ჯურის მკითხავ-წინასწარმეტყველნი ცდილობენ, ამოიცნონ თარიღი, როცა კაცობრიობას არმაგედონი შემუსრავს. 1919 წლის 17 დეკემბერი, 1945 წლის 21 სექტემბერი, 1954 წლის 20 დეკემბერი, 1960 წლის 14 ივლისი, 1962 წლის 2 თებერვალი, 1978 წლის 2 ოქტომბერი, 1988 წლის 11 სექტემბერი, 1997 წლის 26 ოქტომბერი, 1999 წლის 19 ივლისი, 2002 წლის 7 ივლისი, 2010 წლის 30 მარტი. ყველა ეს თარიღი არმაგედონს უკავშირდება, მაგრამ ცივილიზაცია ჯერ ისევ „საღად და ჯანმრთელად“ გრძნობს თავს. მაინც, სჭირდება წინასწარ გამოცხადებული „მკვლელობის“ ქრონიკა?! რატომ უნდა ეშინოდეს ადამიანთა მოდგმას ხვალინდელი დღის?! საქმე ისაა, რომ მასების მართვა გაცილებით ადვილია, როცა ისინი შეშინებულები არიან და აღსასრულს ელიან. ნებისმიერი მმართველის საყვარელი თუ არა, მისაღები ლოზუნგია: „შეაშინე და მოიპოვე სრული ძალაუფლება!“
ახლა, 2012 წელია მოდაში. იღებენ ფილმებს, იწერება წიგნები... ნაშრომებიც კი. ისინი ისეთი რეალისტურია, სულით ხორცამდე შეგძრავთ. ედგარ ვინზონტმა, „ნასას“ ერთ-ერთმა მეცნიერმა საკმაოდ დიდი ჰონორარი მიიღო წიგნისთვის, სადაც ამტკიცებდა, რომ 1988 წელს აპოკალიფსი მოხდებოდა. წიგნი 5 მილიონმა ადამიანმა შეიძინა. ანუ, ეს რას ნიშნავს – იმას ხომ არა, რომ ადამიანებს უნდათ, რომ ეშინოდეთ?!