საინტერესო „წვრილმანები“
* პირველი მინი-ქვედაბოლო იყო თეძოზე შემოკრული ქსოვილის ნაჭერი და ის ორივე სქესისთვის აქტუალური გახლდათ. ეგვიპტურ ქვედაბოლოს სხენტი ერქვა. ის ყველასთვის ერთნაირი იყო, მხოლოდ ფარაონის განსხვავდებოდა ქსოვილის ხარისხით. ცოტა მოგვიანებით, ეტიკეტმა „მოითხოვა“, რომ ახალგაზრდებს შედარებით მოკლე ქვედაბოლო სცმოდათ, ასაკიან ადამიანებს – შედარებით გრძელი. ქალის გარდერობში ქვედაბოლომ მხოლოდ მეთხუთმეტე საუკუნეში გადაინაცვლა. მაშინ მოდაში შემოვიდა „შლეიფები“, რომელსაც ეკლესიამ „ეშმაკის კუდი“ უწოდა. მიუხედავად ამისა, „ეშმაკის კუდმა“ ორ ასწლეულს გაუძლო და ეკატერინე მეორის კორონაციის დროს 70-მეტრიანი „ეშმაკის კუდი“ ჰქონდა, რომელიც 50 პაჟს მიჰქონდა. როცა მოდაში ლიდერობა ესპანელებმა ჩაიგდეს ხელში, ქვედაბოლო გაფართოვდა და „გასუქდა“. ფეხების გამოჩენა პირველად ფრანგ ქალბატონებს მოუნდათ. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან კი ქვედაბოლოს სიგრძემ ნელ-ნელა მუხლებისკენ დაიწყო „აჩოჩება“. შანელმა ის მუხლებამდე დაამოკლა. მინი-ქვედაბოლოს ავტორი კი, მერი კუანტია. ნიუ-იორკში მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მოდელებმა პირველად უჩვენეს მისი კოლექცია. ვატიკანმაც საჯაროდ შეაჩვენა მისი ავტორი. ამერიკის პრეზიდენტმა ნიქსონმა კატეგორიულად აკრძალა „მინის“ ჩაცმა მთავრობის ყველა წევრისთვის და წევრთა ცოლებისთვის. აკრძალვა მხოლოდ ჟაკლინ კენედის წყალობით მოიხსნა. ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ კუანტს, განსაკუთრებული „ეკონომიკური“ წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა.
* ლეგენდის თანახმად, ჟილეტი თავის წარმოშობას ვინმე ჟილიუს – ფრანგული კომედიური თეატრის ერთ-ერთ პერსონაჟს უნდა უმადლოდეს, რომელსაც უსახელო ტანსაცმელში გამოსახავდნენ. ჟილეტი „ოცდაათწლიანი“ ომის დროს გაჩნდა. პირველად ის მოკლესახელოიან ბოლეროს უფრო ჰგავდა. თანამედროვე იერი მან მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში მიიღო.
რუს იმპერატორს პავლე პირველს სძულდა ჟილეტები და აკრძალა კიდეც ისინი. „საფრანგეთის რევოლუცია სწორედ ჟილეტებმა მოახდინესო“, – ამბობდა ის. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში ჟილეტი ქალის გარდერობის ნაწილი გახდა. სწორედ მათ დასჭირდათ ჟილეტის პერანგების ზემოდან ჩაცმა, რათა ცხენზე ჯდომისას, თავი კომფორტულად ეგრძნოთ.