რატომ დაშორდა ლადო ბურდული ცოლებს
ალტერნატიული მუსიკის სამყაროში ლადო ბურდულს კარგად იცნობენ. მისი ცხოვრების სტილიც არაორდინარულია. პირველ მეუღლეს, ქეთი მესხს, კარგა ხნის წინ დაშორდა. მათ ჰყავთ ქალიშვილი – თეჯი, რომელიც ოთხი წელია, ლონდონში ცხოვრობს. შემდეგ იყვნენ უცხოელი ქალბატონები, რომლებსაც დღეს ლადო გერლფრენდებად მოიხსენიებს. ახლა ლადო 45 წლის არის. ჰყავს მეუღლე და პატარა დარია. მალე მესამე შვილის მამაც გახდება.
– ლადო, რატომ არ აღმოჩნდა შენთვის ყველა ის ურთიერთობა მყარი, ვისთანაც აქამდე გიცხოვრია. რატომ შორდებოდი მათ?
– პატარა რომ ვიყავი, მიზანმიმართულად ვფიქრობდი და ვამბობდი, რომ ცოლს არასდროს მოვიყვანდი. ეტყობა, ყველაზე ჭკვიანი მაშინ ვიყავი, მაგრამ, მერე, რომ გავიზარდე და წვერიც ამომივიდა, ყველაფერი შეიცვალა. მივხვდი, რომ ცოლი აუცილებელია. ჩემთვის ოჯახი თვითონ არის ბიბლია. რაღაც წესებია, რომელსაც უნდა გაჰყვე. როცა ოჯახური ცხოვრება გაქვს, ბევრ რამეზე ამბობ უარს და სხვა არხზე ერთვები. ისეთი პერიოდიც მქონდა, როცა მარტო ვიყავი და ისეთიც, როცა არ ვიყავი მარტო. კაცს ყოველთვის სჭირდება, გვერდით ქალი ჰყავდეს, მაგრამ რა ფორმით – ეს მეორე საკითხია. ქალის გარეშე კაცის ცხოვრება წარმოუდგენელია, როგორც ქალის ცხოვრებაა კაცის გარეშე წარმოუდგენელი. ამიტომაც შეიქმნა ეს ორი სქესი. არ მიმაჩნია სწორად, ვინც ფიქრობს, ცოლი იმიტომ უნდა მოიყვანო, რომ სამზარეულოში იდგეს ან რეცხოსო. ასე ადრე მდაბიოები ფიქრობდნენ. სხვათა შორის, ამის შემდეგ გამოიგონეს სარეცხი მანქანა. უბრალოდ, ადამიანი გჭირდება გვერდით, რომ დაელაპარაკო, შენი აზრი გაიზიაროს, შენ მისი აზრი გაიზიარო. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ტიპი ვარ. როცა მარტო ვარ, ძალიან მძიმედ ვარ, ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია და სულ სხვა მიმართულებით ვვითარდები.
– რას გრძნობ მაგ დროს, რა გაკლია?
– როცა ოჯახი მაქვს, მაშინ თავს მშვიდად და წყნარად ვგრძნობ. უფრო პროდუქტიული ვარ ჩემს შემოქმედებაში, ცოტას ვსვამ, ნაკლებად ვმაიმუნობ, მიზანმიმართული ვარ საქმისკენ. ქალი ყოველთვის მეხმარებოდა ამაში. ზოგ ქალს საერთოდ შეუძლია დაგანგრიოს, ცხოვრების მიზანი წაგართვას და გაგაუბედუროს. ძალიან ემოციური ვარ. ახალგაზრდა რომ ვიყავი, ქარის წისქვილებს ვეძებდი. ქართველებს ხომ ემოციური სიყვარული გვახასიათებს – ძალიან ვიჭრებით როლში და მერე გვიჭირს ამ როლიდან გამოსვლა. სიყვარული არის ვირუსი, რომელსაც ქოლდრექსით მკურნალობა სჭირდება. ორი უკიდურესობა აქვს – შეუძლია, მოგკლას და შეუძლია – გაგაფრინოს. როგორც საქართველოში ვხედავ, ადამიანებს სიყვარულის ეშინიათ. მამაკაცებს ურჩევნიათ, მამაკაცებთან ისხდნენ, სადღეგრძელოები თქვან და იტრაბახონ, რა მაგრები არიან, ქალებმა კი იჭორაონ. გაყოფილები არიან ერთმანეთისგან. აქ შეყვარებულ წყვილებს ძალიან ცოტას ვხვდებით.
– გაიხსენე ის დრო, როცა ცოლის მოყვანა გადაწყვიტე.
– 19 წლის ვიყავი, როცა პირველად შემიყვარდა. ქეთი მესხზე დავქორწინდი და შეგვეძინა ქალიშვილი თეჯი. ჩვენ დაახლოებით ათი წელი ვიყავით ერთად. მერე ომი დაიწყო, რაღაც უბედურებები, ყველაფერმა ჩვენს თავზე გადაიარა და დავშორდით. მერე იყვნენ გერლფრენდები. სახლში ხომ არ დავჯდებოდი მარტო? ერთია, რას ფიქრობ ცხოვრებაზე და მეორე – ცხოვრება რას ფიქრობს შენზე და რას გიმზადებს.
– მაინც, რატომ დაშორდით ერთმანეთს, გრძნობა გაქრა თუ ეჭვიანობამ იჩინა თავი?
– როცა ახალგაზრდა ხარ, სულ ლამაზი გოგოებისკენ გაგირბის თვალი და შეიძლება, ესეც იყო ჩვენი დაშორების ერთ-ერთი მიზეზი. საერთოდ, ძალიან ერთგული ვარ და ყოველთვის ვცდილობ, ოჯახი შევინარჩუნო. ხანდახან რაღაცეები გეშლება, გამოგეპარება, მაგრამ ეს ცხოვრებაა. ახლა, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა არ უნდა დაქორწინდე. საქართველოში ოჯახები ძირითადად ამიტომაც ინგრევა. ძალიან ძნელია, ცვლილებებთან ერთად ის პირველი გრძნობა შეინარჩუნო, რასაც შენს მეორე ნახევართან გრძნობ. ასეთი რაღაც არსად ხდება. სულ სხვა ინტერესები აქვთ ახალგაზრდებს. ცდილობენ, ცოდნა შეიძინონ, ფეხზე მყარად დადგნენ და მერე მოეკიდონ ოჯახს. მეც ვცდილობ, არაფერი ვინანო, თორემ ყველაფერზე წუწუნი რომ დავიწყო, ძალიან შორს წავალ. რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ღვთის ნებაა. ესე იგი, ასე იყო საჭირო. სიყვარულმა არ იცის შენ ვინ ხარ. ყველა ჩემს მეგობარ ქალთან თუ ყოფილ ცოლთან ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნე. ნათქვამია: ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსაო. საერთო შვილი გვყავს. თეჯი ოთხი წელია, ლონდონში ცხოვრობს და სწავლობს. შვილი ყველაფერს ცვლის ადამიანის ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა თეჯი გაჩნდა და ყოველთვის მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. ამაზე დიდი მადლი, ალბათ, არაფერია, როცა შეგიძლია, ამქვეყნად ლამაზი რაღაც დატოვო და ქვეყანა ლამაზი ადამიანებით გაამდიდრო. ასე რომ, მე და ჩემი ცოლი ამ საკითხზე ვმუშაობთ.
– როგორები აღმოჩნდნენ ის ქალები, რომლებთანაც აქამდე გქონდა ურთიერთობა?
– მე მათ ცოლებს ვერ დავარქმევდი, გერლფრენდები იყვნენ. ჩემს ცხოვრებაში იყვნენ გოგონები, ვისთანაც არც ჯვარი მქონდა დაწერილი და არც ხელი მოწერილი. მხოლოდ პირველთან მყავს ერთი შვილი და მეორესთანაც – ერთი, ახლა მესამეს ველოდები. არ ვიცოდი, რა სახელი დამერქმია იმ ქალებისთვის. მეგობარი გოგონა რომ მეთქვა, ანუ გერლფრენდი აქ ამას ვერ იგებენ. ოჯახური კავშირი ძალიან ღრმა და სერიოზულია. ასე პირველსავე შემხვედრთან დაოჯახება არ შეიძლება, ყველაფერს გაგება და გარკვევა სჭირდება.
– რის გარკვევას ცდილობდი?
– შევძლებდი თუ არა ამ ადამიანთან დიდი ხნით ურთიერთობის დამყარებას. საქართველოში რომ იციან გარიგებები და მოტაცებები, ეგ ილუზიაა. რაღაც წინაპირობა უნდა არსებობდეს, გააცნობიერო, ვინ ხარ, რა გინდა. 50 წლის ადამიანები ისევ მშობლებთან ერთად არიან. ეს არის სიმახინჯე, არაბუნებრივია, რომელსაც დროში თავისი ადგილი მიეჩინება. სამარცხვინოა ასე ცოლის მოყვანა და პათოლოგიად მიმაჩნია. იქნებ ეს არის ერთდღიანი, ერთწლიანი ურთიერთობა. ოღონდ ვიღაც იყოს და სულერთია – ასე არ შეიძლება. 18 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ. აქედან გამომდინარე, ბევრჯერ მქონდა იმის საშუალება, ჯერ გამეგო, ვინ ვარ და რა მინდა. ჩემი მშობლები ყოველთვის იყვნენ მაგალითი ჩემთვის. 18 წლის ასაკიდან რომ ერთად მოდიან, მაგალითიც არის, ისტორიაც და ლეგენდაც. მაშინ სულ სხვა შეხედულებები, ფასეულობები იყო. საკმაოდ გახურებული ადამიანი ვარ და არაორდინარული გემოვნება მაქვს. ამიტომაც ვინც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ, მათ გერლფრენდებს დავარქმევდი და არა ცოლებს. მათგან ქეთი მათეშვილი აღმოჩნდა ისეთი მეგზური, რომელთანაც თავს თავისუფლად ვგრძნობ. მასთან დარია მყავს და მეორე ბავშვსაც ველოდებით. ვაპირებთ, ამ ურთიერთობას ოფიციალური სახე მივცეთ. არც მე ვარ თინეიჯერი და არც ქეთი, ორივემ გავიარეთ ცხოვრება.
– ოჯახის მართვა მამაკაცზეა დამოკიდებული. ფინანსურად როგორ ხარ? რა გიჭირს, რა გილხინს?
– მეც ვცდილობ და ჩემი მეუღლეც, რომ კარგად ვიყოთ. ცხოვრება ხომ კარდიოგრამასავით არის. ვერ გაიგებ, რა ხდება. დღეს რომ მდიდარი გგონია თავი, ხვალ ღარიბი ხარ და, ვინც ღარიბი იყო, ის მდიდრდება. ამერიკელი გერლფრენდი რომ მყავდა, ჰეზერა, მან მითხრა – ამერიკაში რომ ეს მომხდარიყო, რაც საქართველოში მოხდა, ადამიანები ვერ გადარჩებოდნენ, მივხვდი, როგორ გაიტანეთ ქართველებმა ერთმანეთიო. შეიძლება, ეს ჩვეულებრივად მიგვაჩნია, მაგრამ არ არის ჩვეულებრივი. მეც ეს თვისება მომწონს ქართველებში, რომ, როცა ადამიანს უჭირს, ყველანაირად ვცდილობთ, ყველაფერს შემოვიგლეჯთ ტანზე, რომ მხარში ამოვუდგეთ.
– რით განსხვავდებიან შენი ცხოვრების ქალები ერთმანეთისგან?
– ყველას ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ. ურთიერთობა მქონდა გერმანელ გოგონასთან, ნიკოლასთან; რუს გოგონასთან, ელენე პონჩენკოსთან სამი წელი ვიცხოვრე, ამერიკელ ჰეზერა პარკთან – ორი წელი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან ჰგავს ოდრი ჰეპბერნს და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ყველა ქალი ერთნაირია, გინდ ამერიკელი იყოს, გინდ ქართველი. უბრალოდ, სხვა ენაზე ლაპარაკობენ. ყველა ქალს უნდა სითბო, სიყვარული... მივხვდი, რომ ქართველ ქალზე ლამაზი და კარგი არავინაა, ყოველ შემთხვევაში, რთულია მოძებნა. შეიძლება, იმიტომაც ვფიქრობ ასე, რომ მეც ქართველი ვარ.
დეპრესია მაშინაც გემართება ადამიანს, ქვა რომ გიდევს ჯიბეში და გადააგდებ, იმიტომ რომ ყველაფერმა შეჩვევა იცის. პირობები იყო ისეთი, ვგრძნობდი, რომ ასე ჯობდა. როცა კარგ სიმღერას დავწერდი, მთელი ეს განცდები მუსიკაში გადამქონდა და მერე ვგრძნობდი, რომ სადღაც, კინოკადრებივით ვტოვებდი. ჩემი სიმღერები ამ შეხვედრა-განშორებაზეა დაწერილი. საერთოდ, დღიურებს ვწერ. რაც არ უნდა მომეწონოს და ვეცადო მისი წაშლა, სწორედ ის ადგილი მოჩანს ყველაზე მეტად. ამიტომ, ჯობია, არ წაშალო.
ეკა პატარაია