კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თაღლითური გეგმები ჩაუვარდა უცხოეთში, როგორ გააქრო საკუთარი თავი სცენაზე და როდის ანახვა მაყურებელს ყველაზე მაგარი შოუ გია ფარადაშვილმა









ორიგინალური ჟანრის მსახიობს, ილუზიონისტ გია ფარადაშვილს საქართველოში ნაკლებად იცნობენ, გამომდინარე იქიდან, რომ სულ მოგზაურობაშია; მაგრამ, გეტყვით, რომ მისი საშემსრულებლო მანერა, რომელიც ძირითადად ხელების სწრაფ მოძრაობაში გამოიხატება, საინტერესო შოუს მომსწრეს გაგხდით.



გია ფარადაშვილი: საერთოდ, ჩვენ, ილუზიონისტები ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ და ხელებით ვმუშაობთ. აი, ახლა, ამ ინტერვიუს მომენტში შემიძლია, გაგაქრო.

– რა ყველა ჩემს გაქრობაზე ფიქრობთ ამ ბოლო დროს.

– ვინ ფიქრობს?

– ერთი ილუზიონისტია კიდევ, თუ იცნობ, შურღაია. ისეთი მაგარია, სიზმარშიც გეცხადება.

– ჰოო?! ეგ არ ვიცოდი. მაშინ, არ გაგაქრობ. ხუმრობა იქით იყოს და, იცი, რომ შენი ზომისა და წონისაც კი არ არის ქართლის დედა? მისი გაქრობა ოცდაათი წლის წინ მინდოდა, მაგრამ მაშინ ვერ მოვახერხე. პირველ აპრილს შოუ მოვაწყე რიყეზე. წინა საღამოს რეპეტიცია გავიარე. ჩემი მეუღლე და კიდევ ორი ახლობელი მანქანით ავიყვანე ქანდაკებასთან, თვითონ კი ქვემოთ ჩამოვედი, მინდოდა, ქვემოდან დამენახა, ჩანს თუ არა გამქრალი „სტატუეტკა“. ერთ-ერთ რესტორანთან ვიდექი და ჩემს ცოლს ტელეფონით ველაპარაკებოდი. მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი უცხოეთიდან და, რომ გამოაცხადეს, გია ფარადაშვილი პირველ აპრილს გამოვა და ქართლის დედას გააქრობსო, არ სჯეროდათ. ეგონათ, გამოვიდოდი და ვიტყოდი: „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“. ჩემს ცოლს რომ დავურეკე და ვუთხარი, აბა, მზად ხართ? დავიწყოთ-მეთქი, მაგ მომენტში ორი მთვრალი კაცი სიგარეტს ეწეოდა. მომიახლოვდნენ და გვერდით დამიდგნენ. ზემოთ რომ ვიყურებოდი, ერთ-ერთი მათგანიც ზევით იყურებოდა. კაცი გამოშტერდა: დაინახა, ქართლის დედა იდგა და აღარ დგას. ხელები წაიშინა თავში და მეორეს ეუბნება – შეხედე, ქანდაკება აღარ დგასო. სანამ იმან თავი ასწია, ქანდაკება ისევ გაჩნდა. გაქრობისთვის თხუთმეტი წამი დამჭირდა, გაჩენისთვის – ათი წამი.

– მერე რა, კოპერფილდმა პირდაპირ სცენაზე გააქრო უზარმაზარი თვითმფრინავი, საიდანაც მსახიობსა და მაყურებელს შორის მანძილი, სულ მცირე, სამი მეტრია.

– სულ კოპერფილდს იხსენებენ რატომღაც, თითქოს შენახვედრი იყვნენ. პირველად მე ჩამოვიტანე თბილისში კოპერფილდის კასეტა, თვითმფრინავი და ქანდაკება რომ გააქრო, მაგაზე ძლიერებიც არიან. მაგალითად, ლას-ვეგასში არის, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და მდიდარი ილუზიონისტების წყვილი, მეგობრები არიან – ზიფრი და როი, რომლებიც თეთრი ცხოველებით მუშაობენ. ჰყავთ: თეთრი სპილო, თეთრი გველი, თეთრი არწივი, თეთრი ვეფხვი და უფრო ლამაზი შოუც აქვთ. ამერიკაში, ზიფრი და როის კონცერტზე, ბილეთს ვერ იშოვიდი. ამჟამად გაჩერებულები არიან, რადგან, თეთრ ლომს ეთამაშებოდნენ, ვეფხვებმა ეს ვერ აიტანეს და დაგლიჯეს. სასტუმრო „მირაჟის“ წინ მათი ვარსკვლავია გახსნილი და „სტატუეტკა“ დგას – შუაში ლომი და აქეთ-იქით ზიფრი და როი. ტურისტები მიდიან და მათ პატივსაცემად ვარსკვლავთან სურათს იღებენ. მეც დავაპირე სურათის გადაღება. გავიხედე და, ვიღაც მაგარი ქალი დგას. ჩემს ძმაკაცს ვუთხარი: ეს ქალი ვიღაცას მაგონებს და ვერ ვიხსენებ, ვის, მგონი, თბილისში მინახავს-მეთქი. ვიფიქრე, ავიღებ კარტებს, მივალ და გამოვეცნაურები – გამარჯობა, მე გია ფარადაშვილი ვარ, თბილისიდან... რა თბილისი, რის თბილისი, თურმე, შერია. იმ დროს ლას-ვეგასში კონცერტი ჰქონია ერთ-ერთი სასტუმროს – „ცეზარპალასის“ დარბაზში. ჩემი მეგობარი მეუბნება, ნახე ერთი, რა სამკაულები უკეთია, მოდი, მოვხსნათო. რა უნდა მოხსნა, ბიჭო, ამას მოხსნი და მერე ჩვენც მოგვხსნიან, საერთოდ აგვაორთქლებენ-მეთქი.

– არა მგონია, ამის გაკეთება გაგჭირვებოდათ.

– ამას არ ვიყენებ ცხოვრებაში. ერთხელ თუ გააკეთე, ვეღარ გაჩერდები, თუმცა, ჩემი თითების პატრონს, რაც გამიკეთებია, ალბათ, ესეც კარგად გამომივიდოდა. პირველი ვიყავი მსოფლიოში, თანამედროვე ილუზიის ხელოვნებაში, ვინც 1975 წელს „ბონი ემის“ სიმღერის – „სანის“ აკომპანემენტით, მფრინავი ჯოხით და არასასცენო კოსტიუმში, თანამედროვე ტანსაცმელში ჩაცმული გამოვედი და დიდხანს მეკავა რეიტინგი ილუზიონისტებს შორის.

– როცა სცენაზე დგახართ და ნომერს ასრულებთ, მოულოდნელი და არასასიამოვნო სიტუაციებისგან, ალბათ, არ ხართ დაზღვეული. რა ხდება სინამდვილეში სცენაზე?

– ერთი ასეთი ნომერი მქონდა: ორი ბიჭი მყავდა ბალერინას კოსტიუმებში გადაცმული. ღილაკს რომ დავაჭერდი თითს, ყუთის უკანა კედელი იხსნებოდა, ჩემი ცოლი შედიოდა და ისინი უკანა მხრიდან გამოდიოდნენ, მაგრამ, ანტალიაში, ერთ-ერთ კონცერტზე, მოხდა ისე, რომ ჩემი ცოლი გაიჭედა. ყუთი რომ გავხსენი, ორის ნაცვლად სამი ბალერინა გამოვიდა. დარბაზში ატყდა სიცილი და ხარხარი. ჩავარდნები რაშიც მქონია, უფრო მეტი სიცილი მოჰყოლია, მაგრამ მერე პროგრამაში გამომიყენებია.

გერმანიაში, ერთ-ერთ ქალაქში, ცენტრალურ მოედანზე, მსახიობები იკრიბებიან. ერთი ილუზიონისტი გავიცანი – წინ ცილინდრი დაედო და რაღაცეებს აკეთებდა. მივედი, გამოვეცნაურე, კარტი მათხოვე და მეც განახვებ რაღაცეებს-მეთქი. ისეთ აზარტში შევედი, აზრზე ვერ მოვედი, ხალხმა ისე შემომარტყა წრე. გავიხედე და წვიმასავით მოდის ფულები. იმ კაცმა მითხრა: შენ შემოგევლე, ყოველ კვირას კი არა, შაბათსაც მოვალ, ოღონდ მოდი. ერთ საათში ვიმეორებ გამოსვლას, რომ მოვრჩები, მერე რესტორანში წავიდეთ და კარგად მოვილხინოთო. მე ვუთხარი: შენთან ფულის გამო არ ვდგავარ. რაც მოგროვდა, ღმერთმა შეგარგოს-მეთქი და წამოვედი.

– მართლა არავისთვის არაფერი „აგიხევიათ“?

– ერთადერთი, რაც გამოვიყენე, მაჯიდან საათის მოხსნა იყო. კლუბ „ამირანში“ კონცერტი ტარდებოდა და, ბრეჟნევის სიძე ესწრებოდა. ბიჭებმა გადმომილაპარაკეს – ნახე, რა ოქროს საათი უკეთია. შენ თუ ამას მოხსნი, მაგარი იქნებიო. თან, მეორე მხრიდან მაფრთხილებდნენ, არ გაბედო, მერე ჩვენ აგვაორთქლებენ; ან, მოხსენი და ისევ ჩუმად გაუკეთეო. მე ვუთხარი: ვისაც მოვხსნი, მერე ვეღარ გავუკეთებ. შემიძლია, ჯიბიდან ამოვიღო და ვუთხრა: – ეს თქვენი საათია-მეთქი? მაინც მოვხსენი და კარგა ხანს ვფიქრობდი, მიმეცა თუ არა. ერთხელ აფრიკის პრეზიდენტს მოვხსენი საათი. ნოდარ ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძის მამა იყო ჩვენთან ერთად დელეგაციაში. ყველაზე მაგარ გაზეთებში ჩვენი სურათები იყო გამოქვეყნებული სათაურით – ქართველმა ლაწირაკმა ბიჭმა ჩვენს პრეზიდენტს საათი მოხსნაო. ვაშაძე მიყურებს გაოცებული და თან ჩუმად გადმომილაპარაკა, ახლავე დაუბრუნეო. მერე მითხრა, თუ ამას მოხსენი, მაშინ, გუბერნატორსაც მოხსენიო. ისეთი სიცილი ატყდა დარბაზში, სიბნელე იყო და თეთრი კბილები თოვლის ფანტელებივით ჩანდა. მერე ადგა პრეზიდენტი და გადამეხვია. თუ გინდა, ეს საათი ჩემგან საჩუქრად გქონდესო. უარი ვუთხარი, რადგან გვერდზე საელჩოს წარმომადგენლები ისხდნენ და თვალებით მანიშნეს, დაუბრუნეო. ახლა ძალიან მოდაშია ფოკუსები იუმორით და კიდევ ახალი რაღაც შემოვიღე – თვითონ აღარ ვაკეთებ არაფერს, მაყურებელი ამომყავს სცენაზე და მას ვაკეთებინებ, იმიტომ რომ, ოცდამეერთე საუკუნეა, ვერავის ვერაფრით გააოცებ.

– საქართველოში ფოკუსის რეკვიზიტების მაღაზია არ არსებობს. სად შოულობთ საჭირო ნივთებს?

– იაპონიაში ფოკუსების მაღაზიაში შევედი. ვხედავ, სავსეა თაროები რეკვიზიტებით და ყველას თავისი წარწერა აქვს, იქვე კატალოგიც დევს, მაგრამ, არც გამყიდველი ჩანს და არც არავინ. ყველაფერია, მაგალითად: ქალის გადაჭრა ერთხელ, შუაზე, ქალი პატარავდება ან დიდდება; ტაფას გამოიტან, კვერცხს დაახლი, ცეცხლს მიუშვერ და, უცებ, ორი მტრედი ამოფრინდება. დავინახე ღილაკი, დავაჭირე თითი, ვიღაც გამოვიდა კიმონოთი შემოსილი, მომესალმა, მივესალმე. იქვე კომპიუტერი იდგა, დისკი ჩადო და მკითხა – ეს მოგწონთო? კი ბატონო-მეთქი. გადაიხადეთ. ამას სასტუმროში მიიღებთო. ყველა რეკვიზიტს თავისი ინსტრუქცია მოჰყვება. სამი ფოკუსი ავიღე, მაგრამ, ძალიან ძვირი დამიჯდა.

– საერთოდ, როგორ დაიწყეთ ფოკუსების კეთება?

– ჩემი პირველი ფოკუსი, რითაც გამოვჩნდი, თევზებისა და თაგვების ფოკუსი იყო. მერვე კლასში ვიყავი. მთელი კლასი ჩემზე გიჟდებოდა, იმიტომ, რომ ძალიან მოუსვენარი ვიყავი და თუ რაღაცას გავაკეთებდი, ჩათვალე, რომ მთელი კლასი „გულაობდა“. რაღაცას რომ ჩავიდენდი, მერე მასწავლებელი გამომიძახებდა, დროს ვწელავდი, ვითომ გაკვეთილს ვყვებოდი და ბავშვებს უხაროდათ. ასისტენტები პირველად კიოს დავუნახე – ოცდაორი ულამაზესი გოგო ჰყავდა და გადავწყვიტე, მეც დამეხმარებინა ვიღაცეები – ხუთი გოგო მეხმარებოდა. ერთი ფოკუსი მქონდა ნანახი: შუშის ნიჟარაში წყალს ჩაასხამ, თევზებს ჩაყრი, თავსაფარს გადააფარებ და, რომ მოხსნი, თევზები აღარ არიან. გადავწყვიტე, მეც გაემეკეთებინა. ჯიბეში წყლით სავსე ცელოფნის პარკი მედო, რომელშიც სამი ოქროსფერი თევზი მყავდა. მთელმა სკოლამ გამიგო, რომ ამას ვაკეთებ, დირექტორმა სხვა სკოლის დირექტორებს გააგებინა, ასეთი და ასეთი ნიჭიერი ბავშვი გვყავსო და შეკრიბა, რომ ნახონ, რას ვაკეთებ. კონცერტი მიდის მუსიკის თანხლებით, დარბაზში ადგილი არ არის, ერთმანეთს მხრებზე ასხედან. გამომიტანეს შუშის ნიჟარა და მაგიდაზე დამიდეს, მოიტანეს ვედროთი წყალი, ჩაასხეს. უნდა ამოვიღო ჯიბიდან ჩუმად წყლით სავსე ცელოფანი, რომ თევზები ჩავყარო. ჩემს ცხოვრებაში პირველად მაშინ შემრცხვა და ვთქვი, ილუზიონისტობა აღარ მინდა-მეთქი. ასრიალდნენ ეს თევზები და იატაკზე დაცვივდნენ, ვერ ვიღებდი, ხელიდან მისხლტებოდნენ. მერე, როგორც იქნა, ჩავყარე ნიჟარაში. დირექტორმა ხელი ჩაიქნია – ეჰ, შენგან არაფერი გამოვაო – და დაიშალნენ.

– ერთხელ, მგონი, თვითონ გაქრით სცენაზე. ეს როგორ მოხდა?

– დასავლეთში ვიყავი, კონცერტი მქონდა. სცენაზე ლაკი იყო წასმული და ფეხი სრიალებდა, თან, დაქანება იყო. სუფლიორის ორმოს თავი ჰქონდა მომძვრალი, განათება ისე მჭრიდა თვალს, რომ ვერ დავინახე და ჩავვარდი. ახალი დამთავრებული მაქვს სკოლა, 17 წლის ბიჭი ვარ, მიხარია, რომ კონცერტს ვატარებ, ჭკუაზე არ ვარ და... დავამთავრე ნომერი, ტაშია, უცებ, ეს შენი გია აღარ არის. მაყურებელი გაოცდა, სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ფეხზე წამოდგნენ, ტაშს უკრავენ და „ბრავოს“ ყვირიან. რა დროს „ბრავოა“, – ვფიქრობ, – გამწარებული სადღაც ვაგდივარ, ხელი მოვიტეხე და სიმწრისგან არ ვიცი, რა ვქნა, ხმასაც ვერ ვიღებ. ნელ-ნელა თავი ამოვყავი და ჩემთვის ჩავილაპარაკე: „ვაიმე, დედა!“ დაინახეს, თავი ლაპარაკობს, იფიქრეს, ესეც ალბათ, რაღაც ფინალური სცენააო და უფრო მეტად უკრავენ ტაშს. სცენა ძალიან მაღალზე იყო და ხალხმა კარგად ვერ დაინახა, სინამდვილეში რა მოხდა.


скачать dle 11.3