ვის არ გაუტეხა გული ლექსენმა და სად გრძნობს ის თავს კარგად
ყველაზე ცნობილი ქართველი რეპერის, ლექსენის ცხოვრებაში ვეფხვის წელი საკმაოდ წარმატებული და ბედნიერი აღმოჩნდა. დღეს ახალბედა მამა ორჯერ მეტს მუშაობს და ცდილობს, თავის პატარა ოჯახს არაფერი მოაკლოს. ლექსო რადიო „აფხაზეთის ხმაზე“ წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა, რაც მისთვის პირველი რადიოგამოცდილებაა. სწორედ გასულ კვირას იყო პირველი, საკმაოდ მხიარული გადაცემა, რომლის სტუმარმა ნინამაც „მატირეს“ ძალიან სასაცილო ტექსტი ჩაწერა.
ლექსენი: წამყვანობის გამოცდილება, შეიძლება ითქვას, არ მაქვს. მართალია, „პირველ სტერეოზე“ გარკვეული პერიოდი რაღაც გადაცემა მიმყავდა, მაგრამ, ის უფრო სხვა სტილის იყო. რადიოში და, თან – საავტორო გადაცემით, პირველად ვარ. აუდიოწაყვანის დროს დატვირთვა, რა თქმა უნდა, მეტია – რაც შეიძლება მეტი უნდა ილაპარაკო, მეტი ტექსტი გქონდეს თავში და სისულელეები არ თქვა.
– რითაა საინტერესო შენი გადაცემა?
– საინტერესოა? აი, ეს ჯერ მეც არ ვიცი. დღეს პირველი გადაცემა იყო, მგონი, ნორმალურად წავიდა და მომავალში კიდევ და კიდევ უნდა დავხვეწოთ. გასართობი ფორმატია: არსებობს რაღაც ცნობილი ჰიტები, ჩვენ კი მის საპირისპირო სიმღერას, საპირისპირო ვერსიას, ტექსტს ვიგონებთ. შეიძლება, ვიღაცამ ძალიან სერიოზული ტექსტი მოიფიქროს, კარგად მოერგოს და ის დავტოვოთ. საბოლოოდ, იმ სიმღერის ახალ ტექსტზე ჩანაწერს ვაკეთებთ. ყველაზე ორიგინალური ტექსტის ავტორებს კი, ვაჯილდოებთ ჩემი ლექსების კრებულებით, ალბომებით და სხვა.
– როგორ ფიქრობ, როგორი წამყვანი ხარ?
– ალბათ, ცუდი, თუ იმის გათვალისწინებით ვიტყვით, რომ პირველი გადაცემა იყო. პრეტენზია არ მაქვს არც „არჯეობაზე“ და არც „დიჯეობაზე“, მაგრამ, ნელ-ნელა შევეჩვევი და უფრო მრავალფეროვანი გავხდები.
– რა ხდება პარალელურად შენს მუსიკაში, ხომ არ მიიძინა?
– არა, პირიქით. მუსიკა ჩემი ცხოვრების გზაა და ვერასოდეს დავაძინებ. ჩემი და მინდოზას ახალი დუეტი საკმაოდ ცნობილი გახდა. ახლა ჩავწერე ახალი სიმღერა, რომელიც არის საოცრად რიტმული, ენერგიული და ძალიან შეეფერება ახალ წელს. ახალი კლიპიც გადავიღე, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში მზად იქნება და რომელიმე ტელეარხზე პრემიერაც შედგება. სიმღერის აუდიოპრემიერა, ზუსტად ვიცი, ჩვენს რადიოში იქნება, მაგრამ, ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვოთ, თუ სად შედგება სატელევიზიო პრემიერა.
– ღირს, საერთოდ, კლიპების გადაღება?
– ასე ზუსტად თქმა რთულია, მაგრამ, ისეთი სახსრებით ვიღებთ და ისე, რომ გვიღირდეს. სხვა სფეროში არ ვარ, ეს ჩემი პროფესიაა და, რადგან ამ გზაზე ვდგავარ, ყველაფერი უნდა გავაკეთო. „პირველ სტერეოზე“ იტრიალებს ეს კლიპი.
– ერთი სიტყვით, წარმატებული წელი გქონდა.
– მართალი ხარ. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ვეფხვის წელი ჩემთვის წარმატებული გამოდგა – ოჯახშიც მატებაა. თავიდან, სანამ ამ უღელში შევებმებოდი, ვფიქრობდი რომ ოჯახის გამო გარკვეულ დათმობებზე წასვლა მომიწევდა, ისე აქტიურად ვეღარ ვიქნებოდი მუსიკაში, მაგრამ, პირიქით აღმოჩნდა – ამ წელს ყველაზე მეტი კლიპი გადავიღე, ყველაზე მეტი სიმღერა დავწერე და ყველაზე მეტ პროექტში ვიყავი. დუეტიც ჩავწერე, თამთა გოგუაძესთან, რომელიც ასევე, ძალიან მალე გამოვა. ოჯახზე ზრუნვამ და ფიქრმა პასუხისმგებლობა მომიმატა. იმისთვის, რომ ცოლი და შვილი უზრუნველყოფილი მყავდეს, ორმაგად და სამმაგად უნდა ვიმუშაო. მშრომელი რეპერი ვარ, გენაცვალე!
– როგორი განცდაა მამობა? საერთოდ, მამები ცოტა გვიან ახერხებენ ხოლმე ამის გააზრებას.
– პირველივე წუთიდან გავიაზრე. მე ხომ იქ ვიყავი, მშობიარობას დავესწარი და გადავიღე ეს ყველაფერი!
– ეს შენი სურვილი იყო?
– ჩემი სურვილი, სიმართლე გითხრათ, არ იყო, მაგრამ, მეუღლემ მთხოვა, ჩემ გვერდით იყავიო და ამის წინააღმდეგ ვერაფრით წავიდოდი. თავიდან ბოლომდე გავძელი, ჭიპლარიც კი თვითონ გადავჭერი. პირველი მე დამაჭერინეს შვილი ხელში და დედას მივუყვანე. ძალიან სასიამოვნო განცდა იყო. ცუდად არ გავმხდარვარ. თავიდან ცოტა კი იმოქმედა – ამდენი სისხლი, რაღაც... მაგრამ, მერე მივეჩვიე. ადამიანი, რომელიც ფსიქოლოგიურად მდგრადია, ამ ყველაფერს ჩვეულებრივად გადაიტანს. თავიდან ცოტა დავიძაბე, შოკში ვიყავი, ვერც აღვიქვი რეალურად, რა ხდებოდა ჩემს თავს. მაგრამ, არც ერთი წუთით არ მიფიქრია გასვლა. პირიქით, ვამბობდი, შემოდით, შემოდით, მარტო ხომ არ ვამშობიარებ-მეთქი. ისე, ექიმებმა ამიხსნეს, რა როგორ უნდა გამეკეთებინა, როგორ დავხმარებოდი და სანამ პროცესი მიდიოდა, მანამდე მე ვკარნახობდი – ასე და ასე გააკეთე-მეთქი. მოკლედ, ერთად ვნერვიულობდით. მაგრამ, უკვე შემდეგ, როგორც კი გაიღიმა და გაიცინა, მე ცხოვრება გამილამაზდა.
– რამხელაა?
– ახლა უკვე ოთხი თვისაა, მეხუთე თვეში გადავიდა და აზრზე მოვიდა: იცინის, კონტაქტში შემოდის. გრძნობს, რომ ვეთამაშებით. მაგარი აქტიური ბავშვია, სულ უნდა, რომ ხელში ატარო, სულ გარეთ უნდა. თუ ატარებ და აქეთ-იქით აწანწალებ, საერთოდ არ იტირებს.
– შენ თუ იღებ მონაწილეობას ილუშკას გაზრდაში?
– მარტო ვცხოვრობთ და ჩვენ ორნი, მე და ჩემი მეუღლე ვზრდით შვილს. შეიძლება ითქვას, ორმოცი თუ არა, ოცდაათი პროცენტით მაინც ვიღებ მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სხვა გზა არც არის, ვეხმარები ჩემს მეუღლეს, რადგან ძალიან იღლება. ჭირვეული ნამდვილად არ არის, მხოლოდ მაშინ წუწუნებს, თუ გარეთ გასვლა უნდა ან შია, ისე არ ტირის. ღამით მაშინ იღვიძებს, როცა მოშივდება, შეჭამს და ძილს აგრძელებს, ღამეების თენება ნამდვილად არ გვიწევს.
– რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?
– მორჩა, ეს ერთი იქნება! ძალიან რთული ყოფილა. რამდენადაც კარგია შვილი და დიდი სიხარული მოაქვს, იმდენად დიდი სირთულეებიც ახლავს. ძირითადი სირთულე მატერიალური მომენტია. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი რაღაც უნდა და მთელ შენს დროს მოითხოვს. თუ ძიძას აიყვან, მასაც ძალიან ბევრი სჭირდება. თუ თვეში მინიმუმ 2 000 ლარი შემოსავალი არ გაქვს, ბავშვის აღზრდა ძალიან გაგიჭირდება, მით უმეტეს, როდესაც საქმე შვილს ეხება, რომლისთვისაც ყველაფერი საუკეთესო გინდა.