ვინ „დაუსისხლიანა“ სახე ყველაზე პოპულარულ ქართველ მოდელს მაშო გაგუას და რა დაღლა სიამოვნებს მას
საქართველოს მოდის კვირეულზე რამდენიმე მოდელი ყველაზე მეტ ჩვენებაზე გვხვდებოდა თვალში. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ქართველ დიზაინერებს პოდიუმზე ყველაზე მეტად მაშო გაგუა, მარიტა ჯანაშია და მანიკა ასათიანი მოსწონთ. მაშო გაგუასთან ამ თემაზე საუბარი ყველაზე საინტერესო იყო, რადგან ის პოდიუმს გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და თან, პირად ცხოვრებაშიც საინტერესო, მისალოცი ცვლილებები აქვს.
მაშო გაგუა: რაღაც პერიოდის განმავლობაში პოდიუმს ჩამოვშორდი. ვსწავლობ თავართქილაძეში, იურიდიულ ფაკულტეტზე, უკვე მესამე კურსზე ვარ და უფრო მეტ დროს ვუთმობდი სწავლას. სააგენტოში კი ვიყავი, მაგრამ იშვიათად მივდიოდი, ქასთინგებზე კი საერთოდ არ მივსულვარ. ანუ, ისე მოხდა, რომ სულ სხვა რაღაცეებზე გადავერთე. ხუთი თვის წინ კი, ქორწილი მქონდა, ოჯახი შევქმენი. თუმცა, ეს არ ყოფილა პოდიუმიდან გაქრობის მიზეზი. ეს უფრო სწავლის გამო მოხდა.
– ანუ, ისე არ ყოფილა, გათხოვდა და სახლში დაჯდაო.
– არა, რა თქმა უნდა. პირიქით, ნიშნობის მერე მივიღე მონაწილეობა თბილისის „ფეშენ-ვიქზე“ და ახლა, ქორწილის შემდეგ – „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“.
– აქვე გაგვაცანი, ვინ არის შენი რჩეული?
– ჩემი მეუღლეა კობა პაიჭაძე, ოცდახუთი წლის. ჩვენი სიყვარულის ისტორია ძალიან გრძელი, მრავალწლიანია. კობას ძალიან პატარა ვყავარ ნანახი და მას შემდეგ ვუყვარვარ. მისი სიყვარული, დაახლოებით რვა წელია, გრძელდება. ახლა ცხრამეტი წლის ვარ. ანუ, დაახლოებით, თერთმეტი წლის ასაკში მნახა პირველად. მაგრამ, იმ პერიოდში ამის შესახებ არაფერი უთქვამს, ძალიან პატარა ვიყავი. შემდეგ უცხოეთში სასწავლებლად წავიდა და რომ ჩამოვიდა, მისი სიყვარულის შესახებ იმ დროს გავიგე.
– ისე, შენ თერთმეტი წლის უკვე ძალიან დიდი გოგო იქნებოდი.
– კი. თერთმეტი წლის უკვე „ნატალის” მოდელი ვიყავი, დიდს ვგავდი. შეყვარებულები დაახლოებით სამი წელი ვიყავით და შემდეგ დავქორწინდით. მანამდე ძალიან პატარა ვიყავი, ბიჭებს საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. როგორც კი დამიდგა ის დრო, ეგრევე მომეწონა კობა, შემიყვარდა და დღეს ერთად ვართ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, რომ შენი პირველი სიყვარული – ყველაზე პირველი გრძნობა, რაც გიჩნდება ადამიანის მიმართ, შენს გვერდითაა და მასთან ერთად მთელ ცხოვრებას გაატარებ.
– რა გააკეთა ისეთი, რომ შენი მოხიბვლა შეძლო?
– იმდენი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს, იმდენი ხანია, ერთად ვართ, რომ ასე ზუსტად არც მახსენდება, რაებს აკეთებდა. სულ მიწყობდა სიურპრიზებს, საჩუქრები მოჰქონდა. უცნაურ რაღაცეებს სჩადიოდა. არც ის გარდატეხა მახსოვს ზუსტად, როგორ და როდის მივხვდი, რომ მომწონდა. მართლა ძალიან კარგი ადამიანია და მასთან თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ცალკე ვცხოვრობთ და ასე მგონია, რომ მთელი ცხოვრება იმ სახლში გავატარე. ისე შეჩვეულები ვიყავით მე და კობა ერთმანეთს, რომ არც მქონდა იმის განცდა, რომ სხვა სახლში ვარ. უცხოობა არ მიგრძნია.
– სამოდელო საქმიანობას აგრძელებ და როგორც ვხედავ, წონაშიც საგრძნობლად დაიკელი.
– მართალი ხარ. ერთი პერიოდი, როდესაც პოდიუმზე ისე აქტიურად აღარ გამოვდიოდი და ვმეცადინეობდი, თითქოს მოვეშვი და საკმაოდ მოვიმატე წონაში. სანამ არ დავიკლებდი, ამ მდგომარეობაში პოდიუმზე გამოსვლა არც მინდოდა. თან, პოდიუმზე ყველა გრამი ასჯერ უფრო მეტი ჩანს, განათებების და მსგავსი დეტალების გამო. მერე, როგორც კი გადავწყვიტე, პოდიუმს დავბრუნებოდი, ეგრევე ჩავდექი ფორმაში. ამისთვის არ დამჭირვებია სერიოზული წვალება. მაქსიმუმ, ექვსის მერე არ ვჭამ. ადვილად ვხდები. მაგრამ ვიცი, რომ ასაკის მატებასთან ერთად, წონის დაკლება უფრო ძნელი ხდება და ამიტომ, წონა სულ უნდა აკონტროლო.
– მოდის კვირეულზე რომელიმე ჯგუფში იყავი თუ მიწვევით?
– კი, პირდაპირ ქასთინგის გარეშე ჩამსვეს ჯგუფში. იცოდნენ, რომ ფორმაში ვიყავი. ჯგუფის გარეშეც გამოვედი რამდენიმე დიზაინერთან, რომლებმაც თვითონ მოითხოვეს, მათ ჩვენებაზე ვყოფილიყავი. ამიტომაც გამოვიდა, რომ იმაზე მეტ ჩვენებაზე ვიყავი, ვიდრე ჩემი ჯგუფის სხვა გოგოები. მართლა, ძალიან დავიღალე, მაგრამ მიყვარს ეს საქმე და დაღლაც სასიამოვნო იყო. ყველაზე ცოტა, ერთ დღეს ოთხი ჩვენება მქონდა.
– რა კრიტერიუმები აქვთ, შენი აზრით, დღეს ქართველ დიზაინერებს მოდელის არჩევისას?
– იცი რა, მგონია, რომ შედარებით ქართულ გარეგნობას ეძებენ. ევროპული ყველასთვის ისედაც ცნობილია და უნდათ განსხვავებული, საინტერესო სახეები იპოვონ. ახალი თაობის მოდელები, თოთხმეტი-თხუთმეტი წლის გოგოები, ძალიან ლამაზები არიან. მე, ისე გამოვიდა, რომ ძველი თაობის მოდელებსაც მოვერგე. მათთან ერთადაც ვიდექი პოდიუმზე და ახალ-ახალი თაობის მოდელებთან ვმუშაობ.
– შენზე რატომ იყო განსაკუთრებული მოთხოვნა, ობიექტურად მითხარი შენი აზრი?
– არ ვიცი, ალბათ, იმიტომ, რომ მიცნობენ. მათ ბევრ ჩვენებაზე გამოვსულვარ და იციან, როგორ ვმუშაობ. შეიძლება, სახასიათო გარეგნობაც არის ამის მიზეზი. არ ვარ ქერა, ცისფერთვალება, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემნაირი გოგო სჭირდებოდათ. თან, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გიცნობენ. ნახავენ, რომ ხარ ნაკლებად პრეტენზიული, პუნქტუალური, მოსწონთ როგორც აჩვენებ მათ კოლექციებს – ამ ყველაფერს შედეგად მოაქვს ის, რომ ქასთინგის გარეშე გიწვევენ სხვადასხვა ჩვენებაზე.
– მეუღლე თუ ესწრებოდა შენს ჩვენებებს?
– არა, არ ესწრებოდა. მინდოდა, იქ ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოახერხა, არ ეცალა. ბოლოს, ლაკოს ჩვენებაზე თქვა, რომ შეიძლება, მოვიდეო, მაგრამ იქაც ვერ შეძლო. კარგია, როდესაც დარბაზში ზის ადამიანი, რომლის აღფრთოვანებაც და მოწონებაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ, დიდად გული არ დამწყვეტია, რადგან ჩემს ჩვენებაზე არასდროს ყოფილა და არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. (იცინის). არ მოდის, არ ვიცი რატომ. ალბათ, ნერვიულობს. ისე, მგონი, ჯობია, რომ არ დადის. რომ ვიცოდე დარბაზში ზის და მიყურებს, შეიძლება, საშინლად ვინერვიულო და დავიბნე.
– ჩუმად უნდა შემოიპაროს.
– არა. ვერ მოითმენდა და მეტყოდა, ჩუმად რომ ჰქონდეს ჩემი გამოსვლა ნანახი.
– რა არის სამოდელო საქმეში პროფესიონალიზმი. ყველა პროფესიაში ხომ ადიხარ რაღაც საფეხურებამდე. ამ სფეროში რას ნიშნავს პროფესიონალიზმი?
– ალბათ, უკვე ის მდგომარეობა, როდესაც სინჯების გარეშე განდობენ კოლექციის წარმოდგენას. პოდიუმზე ხარ თავისუფალი და ახერხებ აქცენტი გადაიტანო სამოსზე და მისი შექმნის იდეაზე. შენი გამოსვლა უნდა იყოს სახასითო, გამორჩეული. ცოტა მსახიობურადაც უნდა იმუშაო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ანაზღაურებაზეც მოქმედებს. ამ ბოლო დროს რომ ვაკვირდები, მოდაში უცხო, სახასიათო და კლასიკური გარეგნობაა. კლასიკურ გარეგნობას მაინც ვერაფერი ცვლის.
– ანაზღაურება ახსენე. ღირდა ანაზღაურება დღეში ოთხ-ხუთ ჩვენებად?
– „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“ წინა სეზონზეც და ახლაც კარგი ანაზღაურება იყო. საბოლოო ჯამში, ყველას, ვინც ბევრ ჩვენებაზე გამოვიდა, კარგი ჰონორარი გამოგვივიდა. ანუ, გააჩნია რამდენ ჩვენებაზე გამოხვალ. მაგრამ, ჩვენებებს და დაღლას თავი დაანებე, ყველაზე მეტად ვნერვიულობ იმაზე, რასაც ჩემს თმასა და სახეს უშვრებიან. მაკიაჟს საერთოდ არ ვიკეთებ და არც, თმის საშრობს ვხმარობ. ასეთი სწორი თმა ბუნებრივად მაქვს. კანი საშინლად გამიღიზიანდა. დღეში მინიმუმ ოთხ მაკიაჟს ვიცვლიდი. თან, რამდენიმე ჩვენებაზე უბრალოდ მაკიაჟი კი არა, ძალიან მძიმე გრიმი კეთდებოდა. მაგალითად, გიორგი ფანცულაიას ჩვენებაზე, ქვრივი ქალები ვიყავით – სახეზე ნაიარევებითა და სისხლით. ძალიან მძიმე მაკიაჟი იყო. ნახევარი საათის შემდეგ კი, ეს ყველაფერი უნდა მოგეშორებინა და სულ სხვანაირი სახე გქონოდა. თმაც რაღაც ყველას გიჟურად ჰქონდა. საერთოდ, დიზაინერებს განსხვავებული მაკიაჟი და ვარცხნილობა უყვართ. მე კი პირიქით, სადა მაკიაჟი და ვარცხნილობა მომწონს პოდიუმზე. ამ დროს უფრო მეტი აქცენტი კეთდება სამოსზე, უფრო წინ მოდის.
– თბილისის მოდის კვირეულზე თუ გამოდიხარ?
– ალბათ, კი. წინა თბილისის მოდის კვირეულზე მხოლოდ ორი გოგო ვიყავით „ნატალიდან” – მე და ანანო ნიშნიანიძე. ძალიან ლამაზი გოგოა. წელსაც ვფიქრობ, ვიქნები.