კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაიღო „დეტექტივების“ მთავარმა რეჟისორმა ცოლის რომანი და რა აჩუქეს მას ყველაზე დიდი სიყვარულის სიმბოლოდ











ორი თვეა, ქართველი მაყურებელი „დეტექტივების“ მძაფრი სიუჟეტების ექსტაზში გაეხვია, ამ ყველაფრის უკან კი, მსახიობთა გუნდთან ერთად, სერიალის მთავარი რეჟისორი ლაშა ცერიაშვილი დგას, რომელიც ახალი თაობის „კინოშნიკების“ დიდი გუნდის ერთ-ერთი პოპულარული სახეა. ლაშას ასისტენტობას მომხიბვლელი მეუღლე, ია სამადალაშვილი უწევს, რომელმაც ქმრის გამო ევროპულ პოდიუმზე თქვა უარი. ისინი დღეს ჩვენი სტუმრები არიან და იმაზე მოგვითხრობენ, როგორ შედგა მათი პროფესიული და ოჯახური ტანდემი.





ლაშა ცერიაშვილი: „დეტექტივები“ ძალიან რთული და დიდი სამუშაო პროცესის შედეგად იქმნება. ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც აუცილებლად სჭირდება ასეთი სახის პროდუქტის შექმნას. შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულად მცირე დროში გვიწევს ორი სერიის გადაღება. ეს არ არის იოლი, როცა გადმოცემის ენა ასე ძალიან მიახლოებულია კინოსთან. ჩემი ცხოვრება ბოლო პერიოდში სასიამოვნოდ გართულდა, მაგრამ, ეს მომწონს კიდეც – შრომა უსაქმოდ ყოფნას ყოველთვის ჯობია. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ, როცა რაღაც ინტერესი მიჩნდება ხოლმე, გადის დრო და ეს ინტერესი მიკმაყოფილდება, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც – დეტექტიურ ჟანრში მუშაობა ყოველთვის მაინტერესებდა, სერიალზე საკმაოდ ბევრი მაქვს ნამუშევარი, 300 სერია იყო გადაღებული, როცა ოთარ შამათავა ჩავანაცვლე და წმინდა სატელევიზიო პროექტის – „ძილის წინ“ გადაღება დავიწყე, თუმცა „დეტექტივები“, შემოქმედებითი თვალსაზრისით, მაინც განსხვავებული და საინტერესო სამუშაოა რეჟისორისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პროექტი, რომელზეც მიმუშავია, კომერციული იყო, რაღაცნაირად, დამკვეთისადმი მორჩილება გამომიმუშავდა, ამ შემთხვევაში ეს ასპექტიც აქტიურად მუშაობს, მაგრამ პროფესიული ნიშნითაც დიდ გამოცდილებას ვიღებ. თვითონ დეტექტიური ჟანრი ძალიან ბევრ ემოციას იწვევს. მე თვითონ ამ სფეროსთან ახლო კონტაქტი არ მქონია – ახლა გავერკვიე, რა განსხვავებაა პატრულსა და დეტექტივს შორის, ფუნქციურად, საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, აქამდე დიდად ვერ ვარჩევდი. დამნაშავეთა სამყაროს ანა-ბანა თბილისში დაბადებულმა კაცმა მაინც ბავშვობიდან იცი, ამ მხრივ რაღაც-რაღაც ხიფათებს მეც ვარ გადარჩენილი, მაგრამ ახლა მომწონს, რომ ამ სფეროს მიმართ დამოკიდებულება იცვლება და დამნაშავეობა მოდური აღარ არის. როცა შვილები გყავს, ამაზე უფრო მეტს ფიქრობ.

– გადასაღებ მოედანზე დეტექტივები ემორჩილებიან რეჟისორს?

– იმ ხალხთან, ვინც დეტექტივების როლებს თამაშობენ, წლები მაკავშირებს, ერთად ბევრჯერ გვიმუშავია და ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის. ნაკრებში ურჩებიც გვყავს, მაგრამ, ვინც ურჩობს, ის „ისჯება“ – უფრო ბევრს მუშაობს. ახალგაზრდები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვიზუალურ მხარეს და ეს ბუნებრივიც არის – უფრო ის აინტერესებთ, როგორ გამოიყურებიან, რა მარკის იარაღი ექნებათ, სად ეკიდებათ ეს იარაღი და, ამის გამო უფრო მეტი კონფლიქტი მხატვრებთან და კოსტიუმერებთან მოსდით, უფროსები მშვიდად იღებენ რასაც აძლევენ და პრეტენზიებიც არ აქვთ, ალბათ, სწორედ ამაშიც გამოიხატება მათი პროფესიონალიზმი. მათ რთულ გადასაღებ პირობებში უწევთ მუშაობა; ღამე, სარდაფი, სისხლი, იოლი საქმე ხომ არაა?! (იცინის). თან, ვეძებთ რაც შეიძლება ბნელ, მიტოვებულ და საშიშ სარდაფებს. დუბლომანი არ ვარ, დუბლებს მხოლოდ მაშინ ვიღებთ, თუ ტექნიკური დეტალების გამო, რაღაც გაფუჭდა – უცებ, შეიძლება მანქანამ ჩაიქროლოს ან რაღაც სხვა მოხდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს კოლოსალური ბიუჯეტი და პროდიუსერები ყოველთვის ცდილობენ, სეკვესტრში მოგვაყოლონ, ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული გარემო. საბედნიეროდ, ბაღები და სკვერები ბევრი გვაქვს, ერთი ეგაა, კარგ სახლებთან დაკავშირებით არსებობს ხოლმე პრობლემები, მაგრამ ამასაც ვაგვარებთ, თუმცა ეს ცოტა ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მას, ვინც იცის, რას ნიშნავს კინოჯგუფი, ჩვენი სახლში შეშვება გაუჭირდება, ჩვენს გავლილზე ბალახი აღარ ამოდის, ფინანსური დაინტერესების გარეშე ადამიანების ამაზე დაყოლიება რთულია, ამიტომ, მათზე ვნადირობთ, ვინც არც სახლს უფრთხილდება და არც ავეჯს (იცინის). ერთი ქალბატონი მთელი დღე იმას გაიძახოდა, მასტიკა არ გამიფუჭოთო და დღის ბოლოს სპეცრაზმელები რომ შეუცვივდნენ სრული შეიარაღებით, მასტიკა ვიღას ახსოვდა!

– შინაგან საქმეთა სამინისტროც ხომ არ გადათელეთ?

– არა. მუშაობის პროცესში ვერ აკონტროლებ, სად ხარ, თუმცა, თავიდან ვგეგმავთ ხოლმე, რომ არსად არაფერი დავაზიანოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენგან საფრთხე არ ემუქრება, რადგან მხოლოდ დერეფანში, ბუფეტსა და ეზოში მოვხვდით, დანარჩენი კადრები ჩვენს პავილიონშია გადაღებული, მაგრამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის აკადემიისა და სპეცდანიშნულების სამსახურის ძალიან მადლიერები ვართ თანადგომის გამო. უკვე პავილიონიც დავშალეთ, რადგან პირველი სეზონის გადაღებები დასრულებულია.

– ლაშა, როგორც ვიცი, მეუღლეც გყავთ ჩართული თქვენს საქმეებში. ეს რეჟისორის საქმიანობისთვის კომფორტულია?

– ია ჩემი ასისტენტია, მისი ფუნქციაა, სისტემაში მოიყვანოს ის მასალა, რაც დღის განმავლობაში გროვდება. საკმაოდ ბევრი სამუშაო აქვს. არ მინდა მისი ქება, თვალი არ ეცეს, მაგრამ, ნამდვილად კარგი ასისტენტია. მყოლია სხვა ასისტენტებიც, მაგრამ იამ ყველაზე მეტად გაამართლა. მას ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე ვანდე და არ ვნანობ. არის სიტუაციები, სადაც ქალის თვალი და იას რჩევები ძალიან მჭიდება ხოლმე. მე, შეიძლება, რაღაც გამომრჩეს, იას კი არაფერი გამოეპარება, ხანდახან მკაცრი ცენზორიც ხდება ჩემთან.

ია: როცა შევხედე, რომ ჩემი მეუღლე დღე და ღამე სახლში არ იყო, მის გვერდით ისე მინდოდა ყოფნა, ვიფიქრე, რომ, თუ მეც ამ საქმეში ჩავერთვებოდი, უკეთესი იქნებოდა. უკვე ექვსი წელია, ტანდემში ვმუშაობთ, ოღონდ პროფესიული კონკურენციის გარეშე. ახლა უფრო მეტად მესმის ლაშას სამუშაოს სირთულე, უკვე ბევრი საერთო ინტერესი გაგვიჩნდა.

– როდემდე იქნებით ასისტენტი, უფრო მეტი ამბიციები არ გაქვთ, რომ ერთ დღეს მეუღლის კამერაც ჩაიბაროთ?

– არა, ასე არ მინდა. ლაშა ისე იღლება და ამის გამო ისე მეცოდება ხოლმე, მე ამას, ალბათ, ვერ შევძლებ.

– თქვენი ოჯახური ისტორიაც ამ პროფესიის წყალობით დაიწყო?

ლაშა: მხოლოდ ამ პროფესიის არა, ორივეს პროფესიების წყალობით. 11 წლის წინ ია მოდელი იყო, მე ვმუშაობდი მუსიკალურ-მხატვრულ ტელეფილმზე, რომელიც ნიკო სულხანიშვილის ცხოვრებას ეძღვნებოდა და მისი ცოლისდის როლისთვის მჭირდებოდა მოდელი გოგონა, რომელსაც უნდა ეთამაშა რომანი ნიკო სულხანიშვილის პერსონაჟთან. დავურეკე „ნატალის“ ხელმძღვანელს ნატა სამადალაშვილს, რომელმაც სხვა გოგონებთან ერთად იას კანდიდატურაც შემომთავაზა და ნიკოს რომანში ჩვენი რომანი გამოვიდა (იცინის). გადაღებებზე წავედით კასპში, გარიყულაზე, რომელიც ძალიან გვიყვარს „კინოშნიკებს“. ჩვენი სიყვარულის ისტორია გარიყულაზე დაიწყო – ეს იყო რომანტიკული დასაწყისი, ახლა სამი შვილი გვყავს და ბედნიერი ოჯახი გვაქვს.

– ამბობენ, ძალიან ტრადიციულიცო.

– ჰო, რა ვიცი, ყოველთვის მინდოდა, საგვარეულო მარანი მქონოდა, თუმცა არ გვაქვს არც სოფელი და მამული. მიწაზე მუშაობა მინდება ხოლმე, მაგრამ, ჯერ ეს სურვილი ვერ ავისრულე. სამი შვილი დიდი პასუხისმგებლობაა.

ია: თან, ამ პროფესიაში ყოფნა და თან სამი შვილის გაზრდა საკმაოდ რთულია, შვილებს ბევრ დროს ვერ ვუთმობთ, რასაც ძალიან განვიცდით. ბავშვები სულ გვენატრებიან, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ ესმით ჩვენი.

– ია, პოდიუმს რატომ შეელიეთ?

– ლაშას წყალობით. იმ პერიოდში, როცა ჩვენმა ურთიერთობამ სერიოზული სახე მიიღო და გადაწყვეტილების წინაშე დავდექით, მე გამომიჩნდა პერსპექტივა, რომ ფრანგულ პოდიუმზე მოვხვედრილიყავი. ლაშამ წამომიყენა ულტიმატუმი – ან მე, ან პარიზიო. ვპირდებოდი: წავალ პარიზში და მერე ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ ამაზე ვერ დავითანხმე. ლაშას ეს ხრიკი წარმატებული აღმოჩნდა – არჩევანი ლაშას სასარგებლოდ გავაკეთე, მაგრამ, პოდიუმი ქრონიკულად სულ მენატრება და მენატრება.

– კინოს გარდა ცოლ-ქმარს რა საერთო ინტერესები გაქვთ?

ლაშა: ინტერესები გვაქვს, მაგრამ დრო – არა (იცინის). ხანდახან, როცა დროს გამოვნახავთ, მივდივართ გარიყულაზე. იქ ჩვენმა მეგობარმა, იმის ნიშნად, რომ ჩვენი სიყვარული იქ დაიწყო, „გვაჩუქა“ მოედანი, რომელიც იმ ცნობილი სახლის – „არტ-ვილის“ ბოლო სართულზე მდებარეობს. კინოს გადაღებები იმდენად ხანმოკლეა და ეს სიამოვნება ისე მოგვენატრება ხოლმე, რომ მაინც სულ კინოთი ვცხოვრობთ. კინო გვაქვს სახლშიც – ბავშვები იზრდებიან, პრობლემებს არ გვიქმნიან. ძალიან გვეხმარება დედა. ის მეორე ქალია, ვინც ჩემ გამო მსხვერპლზე წავიდა და უკვე თორმეტი წელია, რაც ქმრის გარეშე ცხოვრობს.

ია: მე დავდე შეთანხმება და გარიგება მამამთილთან: ორი გოგოს შემდეგ ძალიან გვინდოდა, ბიჭი გვყოლოდა და ჩემს მამამთილს ვუთხარი, თუ ბიჭი გინდათ, მაშინ, თქვენი ცოლი ჩვენთან გადმოვიდეს-მეთქი და ასე „დავაშორეთ“ ერთმანეთს.

– ია, სახლშიც მეუღლის ასისტენტი ხართ?

– დიახ, მე ყველგან ლაშას ასისტენტი ვარ და ვცდილობ, რომ კარგი ასისტენტი ვიყო. სახლში ლაშა ისეთი წყნარი და ჩუმია, რომ ვერც კი შეამჩნევთ. ჩემთვის პირველ ადგილზე მაინც ლაშა დგას, რადგან, ვფიქრობ, რომ ქალისთვის მეუღლე ის პიროვნებაა, ვის გამოც მან შეიძლება, ბევრი რამ დათმოს.


скачать dle 11.3