პოლიტიკური კალეიდოსკოპი
პუტინს ბულგარული
ჯიშის ნაგაზი აჩუქეს
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ პუტინს, ბულგარელმა კოლეგამ ბოიკო ბორისოვმა ბულგარული ჯიშის ნაგაზის ლეკვი აჩუქა. სოფიაში ვიზიტით მყოფმა პუტინმა ნაჩუქარი ლეკვი, მეტსახელად „იორგო“, გულში ჩაიხუტა და რამდენჯერმე აკოცა. იორგო არ არის პირველი ძაღლი პუტინის ცხოვრებაში, მის გარდა პრემიერის მოსკოვურ ბინაში ათი წელია, ცხოვრობს ლაბრადორის ჯიშის ძუ ძაღლი – „კონი“, რომელიც პუტინს მისმა ფავორიტმა – სერგეი შოიგუმ აჩუქა.
კორეელებმა „პოლიტიკოს“ თოჯინებს ტანსაცმელი შეცდომით შეურჩიეს
სეულის მთავრობამ მსოფლიოს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერთა თოჯინების გამოფენა მოაწყო და ეს მოვლენა ახალი პოლიტ-სკანდალის საწინდარი გახდა. საქმე ისაა, რომ კორეელებმა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ჯულია გილარდის თოჯინას შეცდომით ავსტრიული ნაციონალური სამოსი ჩააცვეს და ეს შეცდომა მხოლოდ მას შემდეგ გამოსწორდა, რაც ავსტრალიის საელჩომ სამხრეთ კორეაში სპეციალური მიმართვა გაუგზავნა სეულის მთავრობას. საინტერესოა, რომ ჯულია გილარდის სახელი ბოლო პერიოდში აქტუალურია სკანდალებში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გილარდს, ავსტრალიის ექსპრემიერის – კევინ რუდის სახელით მიმართა, თუმცა, მალევე გამოასწორა შეცდომა და იმწამსვე ჯულია უწოდა.
კირიბატის პრეზიდენტი გადასახლებისთვის ემზადება
კირიბატის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანოტე ტონგმა, საკუთარ მოსახლეობას კუნძულის დატოვებისკენ, ანუ გადასახლებისკენ მოუწოდა. მიზეზი მარტივია: ბოლო წლებია, კლიმატოლოგები ირწმუნებიან, რომ გლობალური დათბობის პერიოდში არსებობს იმის საშიშროება, რომ კირიბატის რესპუბლიკის ტერიტორია, რომელიც ძირითადად მარჯნის ატოლებისგან შედგება, მთლიანად დაიფარება წყლით. სწავლულთა თქმით, ოცდამეერთე საუკუნის ბოლომდე ოკეანის სიმაღლე 1,1 მეტრით აიწევს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ უახლოეს 50 წელიწადში კირიბატის კუნძულები არსებობას შეწყვეტენ.
გერმანიის პრეზიდენტს ატომურ ელექტროსადგურებზე უარის თქმის სანაცვლოდ სექსს სთავაზობენ
გერმანელი პუბლიცისტი და ჟურნალისტი, შარლოტა როშე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, კრისტიან ვულფს, ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ვადების გაზრდის დოკუმენტზე ხელმოწერის სანაცვლოდ სექსს სთავაზობს. როშემ საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის გაატაროს ერთი ღამე ვულფთან, თუკი ის არ მოაწერს ხელს ანგელა მერკელის მთავრობის მიერ შედგენილ დოკუმენტს. როშეს თქმით, მისი ქმარი საქმის კურსშია და ნებას რთავს მეუღლეს, რომ მან თავისი სხეულით იხსნას გერმანია ატომური ელექტროსადგურების მავნე შედეგებისგან. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ გაუცია ჟურნალისტის შემოთავაზებაზე. ხოლო, თუკი ახალ კანონს ხელი მოეწერა, მაშინ უკანასკნელი ატომური რეაქტორი გერმანიის ტერიტორიაზე მხოლოდ 2035 წელს გაჩერდება.
უკრაინის პრემიერმა ჩინოვნიკი
„ლექსუსის” გამო გაათავისუფლა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმა, დნეპროპეტროვსკის სტანდარტიზაციის ცენტრის გენერალური დირექტორი, ალექსანდრ ტურჩინი, ძვირად ღირებული ავტომობილის – „ლექსუს ერიქს 450-ის“ სახელმწიფო სახსრებით შეძენის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა. აზაროვის თქმით, ტურჩინმა ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობა და საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უკრაინის ბიუჯეტის ხარჯზე გადაწყვიტა. აღნიშნული „ლექსუსი“ ჰიბრიდული ტიპის ავტომობილია და მისი ფასი უკრაინაში 95 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ჯორჯ ბუშს პლაგიატობაში
ადანაშაულებენ
ჯორჯ ბუშის მემუარების წიგნი სულ ახლახან გამოიტანეს გასაყიდად და უკვე მოასწრო, გამხდარიყო წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წიგნი. ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტს პლაგიატობაში სდებენ ბრალს, კერძოდ, მან არ მიუთითა იმ სტატიებისა და წიგნების ფრაგმენტების წყაროები, რომლებიც წიგნშია გამოყენებული: წიგნში დეტალურად არის აღწერილი, 2002 წელს ავღანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის – ჰამიდ ყარზაის ინაუგურაციის ცერემონიალზე მომხდარი მოვლენები, რომელთა უშუალო მონაწილე ჯორჯ ბუში არ ყოფილა და მას ზოგიერთი ფაქტის შესახებ მხოლოდ პრესიდან შეეძლო, გაეგო.