რატომ არ იცის საქართველოს განათლების მინისტრმა, სად მოიტეხა ფეხი ნიკოლოზ ბარათაშვილმა და რას უწინასწარმეტყველებს თეა თუთბერიძე მას
მართალია, სახელმწიფო ურყევად დგას და ირწმუნება, რომ მეთორმეტეკლასელები, სულაც, რომ ყურებით დადგნენ, მაინც არ გააუქმებს საატესტატო გამოცდებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ისიც ფაქტია, რომ ასეთი პრინციპულობის უფლება, განსაკუთრებით, მორალური არ აქვს, იმის გათვალისწინებითაც, თუკი საგამოცდო ტესტები მარტივი იქნება და მოსწავლეებს უმინიმალურესი კომპეტენციის ზღვრის გადალახვა მოუწევთ მხოლოდ (მაგალითად, რაოდენ მარტივი ტესტიც უნდა შემომთავაზონ ჩინურ ენაში, მე მას ვერ ჩავაბარებ, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩინური ჩემთვის არავის უსწავლებია). თუ გავითვალისწინებთ, რომ 17-18 წლის საქართველოს მოქალაქეების პროტესტს სრულიად ქართული სახელმწიფო მანქანა დაუპირისპირდა, სავარაუდოა, რომ მეთორმეტეკლასელებს სახელმწიფო მოერევა. როგორ აისახება ეს დაპირისპირება მომავალი თაობის აღზრდის საქმეზე და შეუძლია თუ არა განათლების ძალაზე (და არა ცოდნის მიცემაზე) ორიენტირებულ სისტემას ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქეების შობა. პრობლემის კომენტირება თეა თუთბერიძეს მივანდეთ.
– არაოფიციალურად ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ძალოვანების ჩართვა მეთორმეტეკლასელების პროტესტის აღსაკვეთად იმით არის განპირობებული, რომ ეს პროტესტი ოპოზიციონერების შვილების მიერაა ორგანიზებული. რა იცით ამის შესახებ?
– დავიწყოთ იმით, რატომ გამოვიდნენ ეს ახალგაზრდები ქუჩაში და რას ითხოვდნენ, ჩემთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, თუ რომელი პოლიტიკური ძალები აპირებდნენ ამის სათავისოდ გამოყენებას. არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც, ხუთ კაცს რომ დაინახავენ ერთად შეკრებილს, კარტოფილებივით ამოდიან ხოლმე. ჩვენს აქციებსაც მოტმასნია პოლიტიკური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა მათ მიერ ორგანიზებული. ჩემთვის ის არის მნიშვნელოვანი, რომ პრობლემა, რის გამოც ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ, ისევ პრობლემად რჩება. პრობლემა კი შემდეგია: სახელმწიფო მათ ეუბნება, რომ უნდა ჩააბარონ გამოცდები, მაშინ, როდესაც სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და ვერ მისცა მათ ის განათლება, რაც უნდა მიეცა. რატომ ვატარებთ ამ საატესტატო გამოცდებს, რის გაგება გვინდა?!
– რადგან ლაპარაკია მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე, აშკარაა, რომ ამ გამოცდების მიზანი ცოდნის შემოწმება ნამდვილად არ არის.
– მეც ამის თქმას ვაპირებ. როდესაც სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობენ განათლების მინისტრი და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, ისინი ამბობენ, ეს იქნება ძალიან იოლი გამოცდა, რომლის ჩაბარებასაც შეძლებს ყველა მოსწავლე. ჩემი აზრით, გამოცდის მიზანი, უპირველესად, უნდა იყოს, იმ განათლების შემოწმება, რაც მოსწავლეს საჯარო სკოლამ მისცა, მაგრამ, თუ ჩვენ ძალიან დაბლა ვწევთ შეფასების სტანდარტს, გამოდის, რომ ამ გამოცდით ამას ვერ ვზომავთ. შესაბამისად, აზრს კარგავს გამოცდის ჩატარება და გაუგებარია, რატომ უნდა დაიხარჯოს ამაში სახელმწიფო რესურსი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც არ მიმაჩნია გამართლებულად გამოცდების ჩატარება, რადგან წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნებში გამოცდა არ არის შედეგის მიღწევის საშუალება, რადგან ასწავლი იმისთვის, რომ მისცე განათლება და არა იმისთვის, რომ ჩააბარებინო გამოცდა. ჩვენთან, სამწუხაროდ, ყველაფერი უკუღმაა. რაც მთავარია, იმ ადამიანებმა, რომლებსაც სთხოვ საატესტატო გამოცდების ჩაბარებას, არც კი იციან, რაში გამოადგებათ ეს. დამსაქმებელი განსაზღვრავს ამ გამოცდების შედეგებით, მიიღოს თუ არა სამსახურში თუ უმაღლესი სასწავლებელი დაუწესებს რამე შეღავათებს?!
– ვინც ვერ ჩააბარებს საატესტატო გამოცდებს, ვერ შეძლებს, ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში.
– მაგალითად, ვერ ჩააბარა საატესტატო გამოცდები მეთორმეტეკლასელების 90-მა პროცენტმა, როგორ მოიქცევა სახელმწიფო?!
– ალბათ, როგორც წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე: კიდევ უფრო დაბლა დაიწევს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
– რაც იქნება აბსურდი და აქედანაც ჩანს, რომ საატესტატო გამოცდები არ არის გამიზნული კონკრეტული შედეგის მისაღებად, არამედ ეს არის ერთი, კონკრეტული ადამიანის ახირება, რომელსაც მხარი დაუჭირა პოეზიდენტმა, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად.
– ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ დიმიტრი შაშკინის იდეაა?
– დიახ. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტისთვისაც გაუგებარია, რატომ უჭერს ამ ყველაფერს მხარს. ჩემთვის კიდევ გასაგები იქნებოდა საჯარო სკოლებში ყოველწლიურად გამოცდების დანიშვნა, რომ თითოეული სასწავლო წლის ბოლოს შეგემოწმებინა, რამდენად ხარისხიანად ასწავლე, მაგრამ, როდესაც მოულოდნელად სთხოვ მოსწავლეს, ერთბაშად ჩააბაროს 4-5 წლის განმავლობაში ნასწავლი, ამით უბრალოდ უბიძგებ მშობელს, კიდევ უფრო მეტი თანხა გადაუხადოს რეპეტიტორებს და ახლა უკვე რვა საგანში მოამზადოს შვილი. ესე იგი, ამით, უპირველესად, ზარალდება მშობელი – ფინანსურად და მოსწავლე, რომელსაც იძულებულს ხდი, ნახევარ წელიწადში ისწავლოს ის, რაც ვერ ისწავლა 4-5 წლის განმავლობაში. ვერც ეს მოიტანს შედეგს, რადგან, როდესაც რაღაცას სწავლობ იმ ერთადერთი მიზნით, რომ გამოცდა ჩააბარო: დღეს ისწავლი, ხვალ ჩააბარებ და ზეგ დაგავიწყდება. მოვისმინე ერთი ასეთი არგუმენტიც: როგორ ჩააბარებენ მაშინ ეს ბავშვები უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებსო. ამის მთქმელებს ავიწყდებათ, რომ ეს ბავშვები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ არა სკოლის მიერ მიცემული განათლებით, არამედ მშობლის მიერ გადახდილი თანხის წყალობით რეპეტიტორებთან მომზადების შედეგად მიღებული ცოდნით.
– მეთორმეტე კლასებში არის 40-50-55 მოსწავლე. ვინ რა უნდა ასწავლოს ასეთ მრავალრიცხოვან კლასებს?
– სკოლების დაფინანსების საკითხი კიდევ სხვა პრობლემაა. შექმნილ ვითარებაში ამ ახალგაზრდების პროტესტი გამართლებულად მიმაჩნია. მე რომ ვიყო მეთორმეტეკლასელების მშობლების ადგილას, ვუჩივლებდი სახელმწიფოს უხარისხო სწავლებით მიყენებული ზიანისთვის. მე მქონდა ბედნიერება, რამდენიმე წლის წინათ, ორ სკოლაში მესწავლებინა პრაქტიკული სამართალი და ადამიანის უფლებები. მეცხრე-მეათე კლასელებმა არ იცოდნენ წერა-კითხვა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იმ ბავშვების ბრალი იყო, ეს, უპირველესად, არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომელიც ვერ აძლევს მოსწავლეებს სათანადო განათლებას.
– ნუ დავაბრალებთ ყველაფერს განათლების მინისტრს, ის ვერ გაბედავდა ამას, თუ არ ექნებოდა უმაღლესი ხელისუფლების თანხმობა ამგვარ ქმედებაზე?
– სამწუხაროდ, იმის გამო, რაც შაშკინს ადრე არაერთხელ გაუვიდა, ის განაგრძობს ასეთ მოქმედებას. ჩემი გაკეთებული იყო ის აუდიოჩანაწერი, რომელიც ასახავდა, თუ როგორ აიძულებდნენ მეთოთხმეტე სკოლის დირექტორს, დაეწერა განცხადება და წასულიყო თანამდებობიდან. მე მივაწოდე ეს ჩანაწერი პროკურატურას, მოვითხოვე ჩემი დაკითხვა და ჩანაწერის ექსპერტიზა, რადგან შაშკინმა თქვა, ასეთი რამ არ მომხდარაო, მაგრამ არც ექსპერტიზა ჩაუტარებიათ და არც დავუკითხივარ ვინმეს. ბუნებრივია, ასეთი დაუსჯელობა ბიძგს აძლევს არა მხოლოდ შაშკინს, არამედ ნებისმიერ ჩინოვნიკს, უფრო უარესი რამ ჩაიდინოს. თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს, იქ ყველა ერთნაირად უნდა აგებდეს პასუხს: მინისტრიც, სკოლის დირექტორიც, მოსწავლეც, მასწავლებელიც და დამლაგებელიც. დღეს სახელმწიფო არაადეკვატურია და ბუნებრივ შედეგსაც ვიღებთ, რასაც მოწმობს ცოლ-ქმარ გიორგაძეების მაგალითი; ჩვენ ვსჯით მოსწავლეებს, მაშინ როდესაც კანონით მათ აქვთ უფლება, გამოხატონ თავიანთი პროტესტი.
– განვმარტოთ მათი უფლებები უფრო დეტალურად.
– მე ვურჩევდი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს, მის მოადგილე ირინა ქურდაძეს და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს, თუ თავიდან ბოლომდე არ წაიკითხავენ „განათლების შესახებ კანონს“, მეთოთხმეტე მუხლი მაინც წაიკითხონ და ნახონ, რა წერია. იმ მუხლში კი წერია, რომ ნებისმიერ მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, აქვს უფლება, საკუთარი აზრები, იდეები და შეხედულებები გაავრცელოს ნებისმიერი, კანონმდებლობით დაშვებული ფორმით არა მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ მის გარეთაც და ამისთვის გამოიყენოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ეზო, რაც დასჭირდება და მათ შორის, ეს გააკეთოს საგაკვეთილო პერიოდშიც.
– ერთ-ერთი ბრალდება ესეც იყო, აქციის მონაწილე მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესი ჩაშალესო და თითქოს ეს ვერ აიტანა იმ შვიდი სკოლის დირექტორის გულმა და გადადგნენ?
– კანონით მოსწავლეებს შეუძლიათ ამის გაკეთება საგაკვეთილო პერიოდშიც კი. ასევე, კანონით, ყველას აქვს ვალდებულება, პატივი სცეს მოსწავლის მოსაზრებებს, მიუხედავად იმისა, მიუღებელია ეს მოსაზრებები თუ მისაღები. მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ისეთ სათუთ თემას, როგორიც არის მომავალი თაობის განვითარება. ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერაფერს, თუ განათლების სისტემა არ იქნება ორიენტირებული განათლების მიცემაზე. სახელმწიფომ წამოიწყო რეფორმა, შემდეგ შეაჩერა, იმიტომ რომ მისთვის ხელსაყრელი არ იყო არჩევნების წინ პედაგოგების, ზოგადად, საზოგადოების განაწყენება და აღმოვჩნდით ისეთ ვითარებაში, რომ თავზე გვემხობა განათლების სისტემა: აღარც საბჭოთა სისტემა გვაქვს და აღარც რამე ახალი. მეტიც, შაშკინი ამბობს, რომ რეფორმა წარუმატებელი იყო, თუმცა არ გვიმხელს, საიდან დაადგინა, რომ წარუმატებელი იყო, რადგან იმ რეფორმის შედეგებზე მხოლოდ 12 წლის შემდეგ შეგვეძლო გვესაუბრა. რა მეთოდოლოგიით დაადგინა ეს? იქნებ ეთქვა ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო გადაიღებდა მის ამ მეთოდოლოგიას.
– სამინისტროს ის მონაცემიც აქვს, რომ წარმატებულია მანდატურების მუშაობა?
– ირინა ქურდაძეს ვუსმენდი ტელევიზიით, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა, მესამეკლასელიც კი მიხვდებოდა, რომ დიდ სისულელეს ამბობდა. მან თქვა, მანდატურების შესვლის შემდეგ სკოლებში, დანაშაულის რაოდენობამ იკლოო. სულ შვიდ საპილოტე სკოლაში შევიდნენ მანდატურები და შვიდი სკოლის შედეგებით გაზომეს მათი მუშაობის ეფექტურობა?! შვიდი კი არა, შესაძლოა, შვიდასი სკოლის მაგალითიც კი არ იყოს საკმარისი, რომ დასკვნა გააკეთო. სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო მონაცემები, რომ სკოლებში შემცირდა დანაშაულის რაოდენობა. ვინ ზომავდა ადრე დანაშაულის დონეს?! რამდენი იყო დანაშაული შევარდნაძის დროს, ვინმემ იცის ეს?! დღეს დიმიტრი შაშკინს განათლების სამინისტრო სასჯელაღსრულების სამინისტრო ჰგონია, სკოლები კი სასჯელაღსრულების დაწესებულებები. რაც შეეხება მანდატურებს: აქტიურად დაიწყო მანდატურების სკოლის დირექტორებად დანიშვნის ტენდენცია. მაქვს ინფორმაცია, რომ 130-ე და 157-ე სკოლებში უკვე დაინიშნენ მანდატურები დირექტორებად. ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესში ვარ, მაგრამ შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 152-ე, 124-ე და 161-ე სკოლებშიც დაინიშნენ მანდატურები დირექტორებად. ამზადებენ შემდეგ სკოლებს: 182-ეს, 117-ეს, 87-ეს, 164-ეს და 134-ეს. კითხვის ნიშნებია 180-ე და 152-ე სკოლებთან მიმართებაში.
– რას ემსახურება ძალისმიერი მეთოდებით სკოლების მართვა? უკვე მოსწავლეებმა თავიანთ ტყავზე იწვნიეს, როგორ შეხმატკბილებულად მუშაობენ სახელმწიფო რეპრესიული მანქანა და ელექტრონული მედიის ჟურნალისტები? ეს არ არის მათთვის შოკი?
– მე კარგად ვიცნობ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ტელეეთერში შეკითხვებს უსვამდნენ მეთორმეტეკლასელებს. იქნებ იმ ჟურნალისტებსაც დავუსვათ შეკითხვები, რომ მათი ცოდნის დონე გაიგოთ?! თუ რამდენიმე მოსწავლემ ვერ უპასუხა მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უცოდინარია, მაგრამ, თუ არც ერთმა არ იცის ამ კითხვებზე პასუხი, ეს ბავშვების ბრალი ნამდვილად არ არის.
– ჟურნალისტებისთვის შეკითხვების დასმისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ერთი სტროფი მაინც თუ იცის ზეპირად „ვეფხისტყაოსნიდან“?
– მისთვის ისიც კი აღმოჩენა იყო, რომ პირველ საჯარო სკოლაში არის კიბე, რომელზეც ბარათაშვილმა ფეხი მოიტეხა. რამდენიმე თვის წინათ მიბრძანებული იყო ამ სკოლაში სტუმრებთან ერთად. სკოლის დირექტორი სკოლის ისტორიას უამბობდა სტუმრებს და მინისტრმა მაშინ აღმოაჩინა, რომ იქ ბარათაშვილმა ფეხი მოიტეხა.
– ძალიან მძიმედ მოსასმენი ინფორმაციაა. სახელმწიფომ აჩვენა თავისი შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრისადმი 17-18 წლის მოქალაქეებს; მეორე მხრივ, რამდენიც უნდა სარეკლამო რგოლი გავიდეს ტელევიზიით, მოსწავლეებმა ყველაზე უკეთ იციან, რა ფუნქციას ასრულებენ მათ სკოლებში მანდატურები; ახლა ისინი დირექტორებადაც ინიშნებიან. ამ ფონზე შესაძლებელია, რომ საჯარო სკოლები იქცეს ისეთ ადგილად, სადაც თავისუფალი პიროვნებები აღიზრდებიან?
– გეთანხმებით, დღეს უკვე შეუძლებელია, რომ ამ სკოლებმა შეძლონ თავისუფლად მოაზროვნე, დამოუკიდებელი ადამიანის აღზრდა. ჟურნალისტმა მოახერხა ჩაეწერა 23-ე სკოლის დირექტორისა და მინისტრის საუბარი, როდესაც დირექტორი მონური მორჩილებით აბარებდა ანგარიშს მინისტრს, ჩვენი არც ერთი მოსწავლე არ ყოფილა აქციაზეო, რაზეც მინისტრი პასუხობს, ვიცით, ვიცითო. მე მაქვს განცდა, რომ ვერც იმ სკოლის დირექტორი და ვერც მასწავლებლები ვერ აღზრდიან თავისუფლად მოაზროვნე პიროვნებებს. თავად უნდა იყო თავისუფალი, რომ თავისუფალი პიროვნება აღზარდო. შვიდმა დირექტორმა მოაწერა ხელი გადადგომის შესახებ განცხადებას ყოველგვარი პროტესტის გარეშე.
– უცნაურად გამოვიდა: რვიდან ერთი იყო ქალი და იმ ერთმა ქალმა არ მოაწერა მხოლოდ.
– მეტიც, მე დავინახე, რომ მათ არათუ ხელი მოაწერეს, არამედ იმდენად დაშინებული არიან ამ სისტემით, რომ კომენტარების გაკეთებაც არ ისურვეს. თუმცა მესმის მათი, მათ უწევთ ამ სისტემაში დარჩენა. ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი მაია გიორგაძის მიმართ, რომელმაც ხელი არ მოაწერა განცხადებას და ეს მისი მხრიდან ნამდვილად გმირობაა. მან წინააღმდეგობა გაუწია ამხელა სისტემას არა თვითნებურად, არამედ იმიტომ, რომ სისტემა მისგან უკანონობას მოითხოვდა. თუ ჩვენ, ყველანი, თავს დავუხრით უკანონობას, არ უნდა გვქონდეს პრეტენზია, თუ რატომ არის ეს სახელმწიფო ასეთი. მე ვაფასებ მაია გიორგაძისა და მისი მეუღლის გამბედაობას და ვისურვებდი, რომ დანარჩენი დირექტორებიც ასეთივე გამბედავები ყოფილიყვნენ. ნათქვამია, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ თვითონ გაზაფხული მოიყვანს მერცხლებსო. ეს ვითარება დიდხანს ვერ გასტანს და გარწმუნებთ, ეს თავზე დაემხობა დიმიტრი შაშკინსაც და სახელმწიფოსაც.
– მანდატურების თემა ძალიან საინტერესოა. ჩემს ჟურნალისტურ პრაქტიკაში პირველად მოხდა ისე, რომ ცოცხალ ადამიანს ვერ შევხვდი განათლების სამინისტროდან, მხოლოდ წერილობით მოისურვეს ინფორმაციის მოწოდება, ამიტომ ბევრი რამ ბუნდოვანი დარჩა. თქვენ რა იცით, რა უფლებები აქვთ მანდატურებს სკოლებში?
– მე მოველოდი, რომ მოხდებოდა ის, რაც ხდება, როდესაც მანდატურების სისტემა შემოვიდა და წავიკითხე თუ არა კანონპროექტი. მანდატური ემორჩილება არა სკოლის დირექტორს, არამედ სამინისტროს; მანდატური აკონტროლებს ყველას სკოლაში, მათ შორის, დირექტორსაც და ის აკონტროლებს სკოლის შინაგანაწესსაც. ბუნებრივია, რომ ეს მიგვიყვანდა იმ შედეგამდე, რაც გვაქვს და კიდევ უფრო უარეს შედეგამდეც მიგვიყვანს. შაშკინმა არ იცის, როგორ უნდა მართოს სკოლები და მას ჰგონია, ამ მეთოდით შეძლებს მართვას.
– მისი იდეაა მანდატურები?
– სამწუხაროდ, ხელისუფლებაში კიდევ არიან სხვა შაშკინები, მაგრამ ისინი ძალიან მალე დაინახავენ მათი ამ ინიციატივების შედეგებს.
– რას დაკარგავს სახელმწიფო იმით, რომ გააუქმოს ეს საატესტატო გამოცდები?
– არაფერს, უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ერთი კონკრეტული მინისტრი, მაგრამ ის არაერთხელ აღმოჩენილა უხერხულ მდგომარეობაში. მაგალითად, როდესაც დავით პაიჭაძის გადაცემაში ის ამბობდა, რომ გაყრიდა არჩეულ დირექტორებს და დანიშნავდა ახლებს, რადგან, თურმე, სკოლა ვერ ახერხებს კარგი დირექტორის არჩევას, თუმცა სამეურვეო საბჭოს წევრები ახერხებენ დეპუტატებისა და პრეზიდენტის არჩევას. ერთადერთი, თურმე, შაშკინს შეუძლია სკოლის დირექტორების შერჩევა.
– ლოგიკა გასაგებია, არჩეული სკოლის დირექტორი არის ძალა, რომელსაც ვერაფერზეც ვერ მოაწერინებ ხელს, იმიტომ რომ თითოეულის უკან სკოლა იდგება, თავის მშობლებიანად?
– რატომ სჭირდება სამინისტროს სკოლების მართვა?! სამინისტროს ერთადერთი ფუნქცია აქვს, უნდა შეამოწმოს, იძლევა თუ არა ესა თუ ის სკოლა, ხარისხიან განათლებას. სკოლა კი სკოლის ადმინისტრაციამ უნდა მართოს. დღეს ისეა ცენტრალიზებული საჯარო სკოლები, საბჭოთა დროსაც რომ არ ყოფილა.