კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიძლება, შეეწიროს რუსეთ-ამერიკის ფარულ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი









დასავლეთის გადამეტებული ყურადღება რფ-ის პრეზიდენტისადმი ისეთი თვალშისაცემია, არც იმას გამოვრიცხავ, მალე აპოსტროფებიც ვიხილოთ. თუმცა ჯერჯერობით საქმე შეუდარებლად პროზაულადაა: ობამა თავის რუს კოლეგას მადლობას უხდის, მერკელი და სარკოზი დითირამბებს არ იშურებენ მისი მისამართით; იქით – ნატოს სამიტზეც მიიწვიეს. ერთი სიტყვით, დიდი სიამტკბილობაა, რასაც ერთი შეხედვისთანავე დაჰკრავს გამოცდილი თვალისთვის სიყალბის ელფერი და არც იმის ამოკითხვაა ადვილი, რომ დასავლეთი მედვედევის პუტინის წინააღმდეგ წაქეზებას ცდილობს. ნოდარ ნათაძესთან ერთად შევეცდებით მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეების თამაშის რეალური მიზნების ამოცნობას.



– თქვენ რით ხსნით დასავლეთის გადამეტებულ ყურადღებას მედვედევისადმი?

– აქ შესაძლებელია, რამდენიმე ჰიპოთეზის წამოყენება, მაგრამ მანამდე უნდა გავითვალისწინოთ, რამდენიმე წანამძღვარი. ერთი წანამძღვარი ის გახლავთ, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია. ამ ომის სუბიექტები არიან: ერთი მხრივ, დასავლეთი, მთლიანად და განუყოფლად; მეორე მხრივ, ჩინეთი თავისი შესაძლო სატელიტებიანად.

– კერძოდ?

– უარესი ვარიანტია: რუსეთი პლუს ისლამური ქვეყნების დიდი ნაწილი. ეს ომი დაწყებულია და ეს ყველამ იცის, ამიტომ იმის ალბათობა, რომ ვინმეს აქვს მისი შეჩერების გულწრფელი სურვილი, ნულს უდრის. ამდენად, არავინ ამას არ შეეცდება. ასე რომ, ყველა ნაბიჯი ამ სახელმწიფოებს შორის, ყველა პროექტი და აქტივობა გამიზნული იქნება იმისთვის, რომ ამ ომში გაიმარჯვოს და არა იმისთვის, რომ ომი არ მოხდეს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს! მეორე – დღეს კაცობრიობის შეუჩერებელი ტენდენცია გლობალიზაცია კი არ არის, გლობალიზაცია მხოლოდ შედეგია, არამედ – უსაზღვრო ტექნოლოგიზაცია. პოლიტიკაში რომ გადავიტანოთ ეს ყველაფერი, მივიღებთ შემდეგ სურათს: პოლიტიკაში მონაწილე პიროვნებების ავტორიტეტი მიჩქმალულია, რადგან პოლიტიკა ინსტიტუციონალიზებულია. ანუ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პიროვნებას უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს თავისი უფლებამოსილებებითა და აპარატის სტრუქტურით. ასე რომ, პოლიტიკაში დიდი პიროვნებები, რომლებიც ისტორიაში დარჩებიან და მათგან გენიალობას მოითხოვს საზოგადოება, არ არიან.

– ძალიან თვალშისაცემია, რომ მეოცე საუკუნის ბოლოდან დაწყებული მსოფლიოში აღარ არიან თვალსაჩინო პოლიტიკური ლიდერები. ეს დროის ტენდენციაა თუ ესეც ტექნოლოგიური ბუმის ბრალია?

– არის ასეთი ტენდენცია. სხვათა შორის, როდესაც სტალინი მოკვდა, ჩერჩილმა თქვა, ახლა მე პოლიტიკაში არაფერი მესაქმება, იმიტომ რომ მას, ვინც პოლიტიკაშია ჩაბმული, თამაში მოუწევს დამწყებ მოჭადრაკეებთანო, ანუ აიგდო ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც იმ დროს იყო ასპარეზზე. ადრე შეუძლებელი იყო, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო თავისი ქვეყნის მოღალატე, დღეს კი ეს შესაძლებელია. იმიტომ რომ პრეზიდენტი არის უმნიშვნელო ფიგურა; პრემიერი არის უმნიშვნელო ფიგურა; თავდაცვის მინისტრი არის უმნიშვნელო ფიგურა, ამიტომ ისინი შეიძლება, თავისი ფიქრის 99 პროცენტს კი არ უთმობდნენ ქვეყნის პრობლემებს, არამედ 51 პროცენტს უთმობდნენ თავიანთ ინტერესებს და მხოლოდ 49-პროცენტს – ქვეყნისას. ამდენად, შეიძლება, რომ პოლიტიკურად ძალიან მაღლა მდგომ ფიგურას უფრო უღირდეს თავისი ადგილი ქვეყნის შიგნით, ვიდრე თავისი ქვეყნის ადგილი მსოფლიოში. აი, ეს უნდა გავითვალისწინოთ. გარდა ამისა, შეიცვალა დიპლომატიური და პოლიტიკური თამაშების ზოგადი ტექნოლოგია. არ მინდა კონკრეტულად დასახელება რიგ მიზეზთა გამო, მაგრამ ვხედავთ, რომ არსებობს ასეთი მეთოდიც: ერთი ქვეყნის ლიდერმა შესაძლოა, მეორე ქვეყნის ლიდერი „წამოიკიდოს“, მაპატიეთ უხეში სიტყვისთვის, არაგონივრულ ნაბიჯზე. აქედან თუ ვიმსჯელებთ, იმ კითხვას, რასაც მისვამდით, შესაძლებელია, გაეცეს პასუხის ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტია: რუსეთის მოწინააღმდეგე ცდილობს, რომ ეს ორი ნაძირალა და არაკაცი ერთმანეთს წაჰკიდოს.

– პუტინი და მედვედევი?

– დიახ, ანუ რუსეთში შექმნას შინაგანი დაძაბულობა, რომ ტექნიკურად უფრო მოსახერხებელი იყოს სასურველი ზემოქმედება ერთზეც და მეორეზეც. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთს იმედი აქვს, მედვედევი უფრო გონივრულ და ნაკლებად აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს, ვიდრე პუტინი ატარებს.

– აქვს საფუძველი დასავლეთის ამ მოლოდინს? შეიძლება, მედვედევი უფრო ნაკლებ აგრესიული იყოს, ვიდრე პუტინი, თუ რეალური ძალაუფლება ექნება?

– რასაც ახლა ვამბობ, იმას ამ კითხვის პასუხამდე მივყავართ. შესაძლებელია, პუტინმა სწორედ იმიტომ გაიღო დიდი ძალისხმევა, რომ მედვედევისთვის გადაედგმევინებინა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების სულელური ნაბიჯი, რომ ის დაება ამ აგრესიულ პოლიტიკაზე. რადგან დღეს რუსეთის აგრესია მსოფლიოს მიმართ არაფერში ისე არ ვლინდება, როგორც საქართველოსადმი აგრესიაში. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ჰიპოთეზაა. ამ ჰიპოთეზის ერთ-ერთი თანმხლებია ის, რომ პუტინი და მედვედევი თამაშობენ. უბრალოდ როლებს ინაწილებენ და მზად არიან პოლიტიკური სიკვდილისთვის, ოღონდ კი რუსეთმა გაიმარჯვოს და ამერიკელებს ეთამაშებიან მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას. ბუნებრივია, მედვედევი თაფლაკვერია, პუტინი – მათრახი, პირიქით ვერ იქნება. მაგრამ ამის გამკეთებელი უნდა იყოს პატრიოტი და თავდადებული, ამ ორში კი არც ერთი არ ჩანს თავისი ქვეყნის ისეთი მოყვარული, რომ ეს გააკეთოს. ასე რომ, თუ ესენი ერთმანეთში კინკლაობენ, ეს კინკლაობა გულწრფელია. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ უწყობს ხელს დასავლეთი მათ შორის კინკლაობას. მეორე ჰიპოთეზა შემდეგნაირია: რუსეთს და მის პოტენციურ მოკავშირეებს, უპირველესად, ჩინეთს უფრო ღრმა ჩანაფიქრი აქვთ და ამ თამაშით ცდილობენ, რაღაც პერიოდით შეაკავონ დასავლეთის გადასვლა სამხედრო რელსებზე, ანუ დაამუხრუჭონ ეკონომიკური ცივი ომი, რომელიც დასავლეთის ეკონომიკისთვის არის უდიდესი სტიმული, რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკებისთვის კი – ძალიან დიდი ლახვარი. იმ მარტივი მიზეზით, რომ დასავლეთის ეკონომიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს ჩადებს რიგითი მოქალაქე სამხედრო საქმეში, რუსეთისა და ჩინეთის კი ამაზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ არც ერთი და არც მეორე თავის რიგით მოქალაქეს არაფერს ეკითხება.

– და რაც მთავარია, არც რიგითი მოქალაქეების ჯიბეების შევსებაზე ზრუნავენ.

– იმდენს აძლევენ, რომ არ მოკვდეს შიმშილით, დანარჩენი მიდის სამხედრო საქმეზე. ასე რომ, რამდენადაც მეტი იქნება შეიარაღებაზე წლიური დანახარჯები, მით უფრო დააზარალებს ეს მათ ბიუჯეტს. მაშინ, როდესაც ამერიკას თავისი საჭურვლის დაძველების არ ეშინია, რადგან შეუძლია, მეორე წელიწადსვე შეავსოს, და ეს მისი ეკონომიკისთვის სტიმულია, დიქტატორულ ჩინეთსა და რუსეთს კი ამის ეშინიათ. შესაძლებელია, მიზანიც სწორედ ის არის, რომ აი, ამ ურთიერთდაპირისპირების გათამაშებით რუსეთი და ჩინეთი ცდილობდნენ, შეიყოლიონ დასავლეთი. შესაძლებელია მესამე ჰიპოთეზაც, რომ ეს ხელს აძლევს დასავლეთსაც, რომ რუსეთისა და ჩინეთის ყურადღება ოპტიმისტურ რელსებზე გადაიყვანოს, რომ მათ, მაინცდამაინც, არ შეაწუხონ. თუმცა ამ მესამე ჰიპოთეზის ალბათობა ყველაზე დაბალია. ანუ რეალურად შესაძლებელია ორი ჰიპოთეზა: რომ პუტინი და მედვედევი რეალურად უპირისპირდებიან ერთმანეთს და მეორე, ისინი არტისტობენ.

– ჩვენთვის რომელი უფრო ხელსაყრელი ჰიპოთეზაა?

– ჩვენთვის ამას არსებითი განსხვავება არ აქვს. ორივე შემთხვევაში რუსეთი განწირულია მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ გადაქცევისთვის და ორივე შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომში, რომელიც დაწყებულია, განწირულია დამარცხებისთვის. თუმცა ჩვენ მიმართ ყოველთვის დაუნდობლად მოიქცევა, რადგან მისი რეალური ინტერესია, რომ საქართველო განადგურდეს. მისი რეალური ინტერესია, რომ შავი ზღვა და კავკასია ჩაიკეტოს დასავლეთისთვის, რომ დასავლეთი არ გავიდეს შუა აზიაში, სანამ რუსეთში არსებობს ძალები, უპირველესად, სამხედროები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ, როგორც კი ისინი დაინახავენ, რომ ამ მიზნის მიწევა შეუძლებელია, მაშინვე ჩამოჰკიდებენ პუტინს სახრჩობელაზე და ამის ხელმომწერად შესაძლოა, მედვედევი გამოიყენონ.

– ამ ლოგიკით, მედვედევის ნატოს ლისაბონის სამიტზე მიწვევა ფორმალურია, ისევე, როგორც მისადმი მერკელისა და სარკოზის დითირამბები?

– ეს ემსახურება მედვედევის გაქსუებას. სხვათა შორის, მახსოვს, როდესაც რუსეთში გაჩნდა პერსპექტივა იმისა, რომ ბერია იქნებოდა სტალინის ადგილას, ბერიას ჰქონდა ამის რეალური შესაძლებლობა, დასავლეთმა საინტერესო სვლა გააკეთა. მაშინ გივი კარტოზიამ, ღმერთმა აცხონოს, პირველად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონობა კლასიკურ ჭიდაობაში, ეს მოხდა ნეაპოლში. იმ პერიოდში ერთ-ერთ იტალიურ გაზეთში, ეს გაზეთი ხელიდან ხელში გადადიოდა საქართველოში და „კაგებე“ დასდევდა, დაიხატა კარიკატურა: ბერია დგას საჭიდაო ფორმაში, ერთ იღლიაში მალენკოვი ჰყავს ამოჩრილი, მეორეში – ბულგანინი. ამით რუსები გააცოფეს და აიძულეს, რომ რუსებსვე მოესპოთ ყველაზე შემძლე ფიგურა თავის რიგებში, რადგან ბერია ნიჭითა და უნარით ყველა მაშინდელ საბჭოთა ლიდერს სჯობდა. ასე რომ, მოწინააღმდეგის ლიდერებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, როდესაც დიდი ინტელექტუალური უპირატესობა გაქვს, მათ კი დიდი ადამიანური სისუსტეები და ამ სისუსტეებს ვერ აკონტროლებს მათი აპარატები, ბუნებრივია, იქნება გამოყენებული.

– მაგრამ მედვედევის კურილიის კუნძულებზე გაგზავნით პუტინმა აჩვენა დასავლეთს, მე ვარ, რაც ვარო?

– ეს დიდი პლუსია მედვედევისთვის ვანკას თვალში, მაგრამ დასავლეთის თვალში დიდი მინუსია, თუმცა შეიძლება, არც ისე დიდი მინუსიც იყოს, რადგან დასავლეთი დაინტერესებულია, რომ იაპონია ფსიქოლოგიურად, რაც შეიძლება, მიბმული იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე. იაპონია იმ კუნძულებს ვერ დაიბრუნებს, თუ რუსეთი ფორმაში იქნება, იაპონიას კი დაბრუნება ძალიან უღირს, შეერთებულ შტატებსაც ძალიან უღირს, რომ რუსეთმა დაკარგოს ის კუნძულები. რადგან ისინი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ფლოტისთვის, სტალინმა იმიტომაც წაართვა იაპონიას. ამერიკამ იცის, რომ წყნარ ოკეანეში დიდი ომი მოელის. მესამე მსოფლიო ომის ორი ფრონტის ხაზიდან, ერთი ჩვენზე გაივლის, მეორე – წყნარ ოკეანეზე. ასე რომ, ამერიკა დაინტერესებულია, იაპონია რაც შეიძლება, მეტად გამწარდეს რუსეთზე, რუსები კი ძალიან არიან დაინტერესებული, ის ტერიტორია არ დათმონ, რომელიც თავიანთი ჰგონიათ. მე პირისპირაც მისაუბრია მათთან ამ თემაზე და ეს იგრძნობა პირად საუბრებშიც კი. ამდენად, პუტინის ეს ქცევა დასავლეთისთვის ინფორმატიული არ ყოფილა, რადგან დასავლეთმა ისედაც იცის, რომ პუტინია მთავარი.

– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, პუტინზე როგორ უნდა მოქმედებდეს ის ფაქტი, რომ მედვედევი ასე მიღებულია დასავლეთის კარზე?

– რა თქმა უნდა, ეს მას აცოფებს ისევე, როგორც ხარს – საბჭოთა დროშა.

– რატომ, თვითონაც უნდა?

– თვითონ არ უნდა. თანაც მედვედევი არ მგონია, ისეთი რთული ორგანიზმი იყოს, რომ ლიქნი და ქება გაარჩიოს.

– იმ ლოგიკით, რაც თქვენ თქვით, პუტინის მცდელობები ამაოა, ის ვერ დარჩება ისტორიაში იმის ნახევარ ფიგურადაც კი, როგორიც იყო, მაგალითად, სტალინი?

– პუტინმა უკვე წააგო ქვეყნის თამაში. ვერ გაიტანა თავისი პოლიტიკური კურსი მსოფლიოში, ანუ პუტინმა მოინდომა შეეჩერებინა რუსეთის უკან დახევის პროცესი, მაგრამ ვერ მოახერხა და ამიტომ ერთადერთი საფიქრალი დარჩა: თავისი გაიტანოს ქვეყნის შიგნით.

– რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაშია განწირული დასამარცხებლადო, ყველაზე ცუდი რა შეიძლება, მოიმოქმედოს ჩვენ წინააღმდეგ?

– ჩვენ წინააღმდეგ რუსეთი ყველაზე ცუდს მოიმოქმედებს ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, რომლებშიც გაუვა. ყველაზე ცუდი ჩვენთვის ის იქნება, რომ შესაძლოა, ამერიკა და რუსეთი როგორღაც მივიდნენ რაღაც შეთანხმებამდე რუსეთის შენიღბული უკან დახევის შესახებ. ყველაზე საშიში ჩვენთვის ის არის, რომ ამ შენიღბვის შემადგენელი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოს ტერიტორია ჩამოაყალიბონ კონფედერაციად, ამიტომაა ჩვენთვის საშიში ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება.

– იმის თქმა გინდათ, რომ ამ რუსეთ-ამერიკის შეთანხმებას აქ უნდა დახვდეს ხელისუფლება, რომელიც ამას არ დაეთანხმება?

– რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილი წაიყვანეს ირანის საკითხებზე სამუშაოდ. ჯერ ერთი, აქ უსათუოდ იღებს მონაწილეობას ის ფაქტორი, რომ ირანელებთან სასაუბროდ უნდათ ისეთი ფიგურა, რომელიც წარმოშობით მათი მეზობლობიდან იქნება: ეს ჩვენთვის პლუსია, რადგან იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო არის ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მოქმედი ძალა. მეორე, თუ ღმერთმა ქნა და სალომე ზურაბიშვილმა თავისი მისია შეასრულა და მან, როგორც ჩანს, რუსეთთან ლაპარაკი აითვისა, ამაში დასავლეთის ის მიზანიც ჩანს, რომ ის ეძებს დღევანდელი ხელისუფლების შემცვლელს. დასავლეთის ასეთ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, მინუსებიც აქვს. ასე რომ, ჩვენგან ასეთი დამოკიდებულება: შენ გენაცვალე, ბიძაჩემო, ჩემი თავი შენთვის მომინდვია და რაც გინდა, ქენიო, არასწორია. ჩვენ ჩვენი პოზიცია უნდა გვქონდეს.


скачать dle 11.3