როგორ უბიძგა თურქეთმა საქართველოს ირანთან დასაახლოებლად და რა ახალი თამაში წამოიწყო რუსეთ-ირანმა სამხრეთ კავკასიაში
ირან-სომხეთს შორის კარგა ხანია, მეგობრული ურთიერთობებია, იმაზე უკეთესიც კი, ვიდრე თითქმის ერთმორწმუნე ირანსა და აზერბაიჯანს შორის. ისიც აშკარაა, რომ უკვე საქართველოს ხელისუფლებამაც მოიწვია ირანი, ბუნებრივია, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოში. როგორ აფასებენ ამას სომხეთში და რა პერსპექტივასა თუ უპერსპექტივობას ხედავენ ჩვენი რეგიონისთვის ამ ახალ რეალობაში, თემაზე სომეხი პოლიტოლოგი მანველ სარქისიანი გვესაუბრება.
– როგორ აფასებთ საქართველო-ირანის დამეგობრებას ირანისადმი დამოკიდებულებაში საერთაშორისო ფონის გათვალისწინებით?
– რა თქმა უნდა, ბევრს აოცებს ეს, რადგან ირანისადმი, რომელიც რთულ ურთიერთობებშია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და, ზოგადად, დასავლურ სამყაროსთან, განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ამდენად, საქართველოს ქცევა, რომელიც თავს დასავლური პოლიტიკური სამყაროს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს, ბევრში განსხვავებულ შეფასებებს იწვევს. ჩემი აზრით, ირან-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პოლიტიკური ვითარების ტენდენციები გამოსჭვივის.
– ანუ?
– ეს, ჩემი აზრით, ლოგიკური ნაბიჯებია.
– საქართველოს მხრიდან არის ლოგიკური ნაბიჯი?
– დიახ. საქმე ის არის, რომ ბოლო ორი წელია, რეგიონში შეიმჩნევა ძალიან რთული ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის და ამ ზოგად სქემაში იკვეთება თურქეთის როლი. ვფიქრობ, რომ თურქეთის აქტივობა, მისი ახლებური ქცევა ბევრ ეჭვს იწვევს დასავლეთსა და რუსეთშიც. თურქეთს რეგიონული „დერჟავის“ ახალ როლზე აქვს პრეტენზია. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველა პრობლემის სათავე თურქეთში უნდა ვეძებოთ.
– ესე იგი, თქვენი აზრით, საქართველო-ირანის დაახლოება თურქეთის გავლენის შედეგია?
– არა, გავლენის კი არა, ეს არის თურქეთის ქცევიდან გამომდინარე შედეგი. თურქეთის მოქმედებები, გარკვეულწილად, განსაზღვრავს რეგიონის სხვა ქვეყნების ქცევასაც, იმიტომ რომ, არავის მოსწონს თურქეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ირანს უნდა თურქეთთან დაახლოება, არამედ ისიც, რომ ირანს, იმყოფება რა რთულ საერთაშორისო მდგომარეობაში, სჭირდება თურქეთის მოკავშირეობა და ამასთანავე, გრძნობს, რომ თურქეთის სახით, საფრთხე ემუქრება მის რეგიონულ ინტერესებსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, ირანის აქტივობას ჩვენს რეგიონში, რადგან ის მხოლოდ საქართველოში ხომ არ გააქტიურებულა?! სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებაშიც შეიმჩნევა ურთიერთობის ინტენსიფიკაცია. ირანს აქვს ინტერესები კასპიის აუზშიც. ასე რომ, ეს კონკურენცია აშკარაა. შესაბამისად, რეგიონის ქვეყნები იძულებული არიან, გააკეთონ რაღაც არჩევანი და ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდება.
– თურქეთი გააღრმავებს თუ ირანი?
– განმსაზღვრელი მაინც თურქეთის ქცევის მანერაა. თურქული მანერა ასეთია: ყველასთან იმუშაონ მხოლოდ თავიანთი მოსაზრებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. ამ მანერას ბოლო ორი წელია, ამჟღავნებს თურქეთი და ეს არ შეიძლება, ვინმეს მოსწონდეს. აზერბაიჯანის მცდელობა, რომ თურქეთთან ერთად რეგიონში დომინირებულ მდგომარეობაში იყოს, არ არის მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა. ეს ყველასთვისაა პრობლემა. ამიტომაც ბუნებრივად იზრდება ირანის, როგორც თურქეთის საპირწონის როლი. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ირანს აქვს სხვა პრობლემებიც. რეგიონული კავშირების გაღრმავებით ირანი ცდილობს, კომპენსაცია გაუკეთოს თავის იზოლაციას. მოკლედ, ირანს ბევრი პრობლემა აქვს და მათ გადაჭრას ცდილობს. მათ შორის, ირანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთი-საქართველოს, თუნდაც, საკომუნიკაციო ხაზს შავ ზღვამდე და შემდეგ ევროპისკენ. ამდენად, თუ საქართველო და სომხეთი არ გამოიყენებდნენ ამ შესაძლებლობას, ეს უბრალოდ სისულელე იქნებოდა, როგორ მეგობრულადაც არ უნდა იქცეოდეს საქართველო თურქეთთან მიმართებაში.
– იმედი მაქვს, ჩვენს ხელისუფლებას ახსოვს მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე, მეცხრამეტე საუკუნეების გამოცდილება.
– ამასთან, როდესაც საზღვრები გახსნილია, ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება, დადგეს მძლავრი ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხის წინაშე და მაშინ საჭირო იქნება რაღაც ბერკეტები, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიო. მოგეხსენებათ, პოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები და ყველა ცდილობს, იპოვოს ალტერნატიული წყაროები, რომ დააბალანსოს ამა თუ იმ ქვეყნის ექსპანსია.
– საქართველო ვის დაბალანსებას ცდილობს ირანით? თურქეთის ექსპანსიის?
– ეს ერთი პრობლემაა; მეორე პრობლემაა ის, რომ რუსეთთან რთული ურთიერთობის გამო საქართველოსთვის ხელსაყრელია რეგიონში ახალი მოკავშირის მონახვა.
– განვიხილოთ შესაძლო სქემები: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ირანთან და თურქეთთან ერთად.
– ეს ერთი ხაზია. მეორე ხაზია: საქართველო თურქეთის წინააღმდეგ ირანთან ერთად; მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია, რომ საქართველო შეიძლება, იყოს დამაკავშირებელი რგოლი დასავლეთსა და ირანს შორის: საქართველოს შეუძლია, საკუთარ თავს მისცეს ამის უფლება.
– ეს ვერსია ჩვენთანაც განიხილება. ესე იგი, თქვენც ფიქრობთ, რომ შესაძლოა, საქართველო ასრულებდეს შუამავლის როლს დასავლეთსა და ირანს შორის?
– თუ კარგი კონცეფცია გამოჩნდება, საქართველოს შეუძლია, იხეიროს აქედან. მით უმეტეს, რომ საქართველოს გვერდით ჰყავს სომხეთი, რომელსაც საერთო საზღვარი აქვს ირანთან. ეს საქართველოს როლს კიდევ უფრო გაზრდის ასეთი პოლიტიკის წარმოებისთვის. თუ ძალიან გულწრფელად ვიტყვით, ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოსთვის ციური მანანაა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. გზების ბლოკირება აძლიერებს საქართველოს, როგორც საკომუნიკაციო დერეფნის, როლს. არ ვიცი, აცნობიერებს თუ არა ამას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ეს აშკარაა. საქართველოს სადერეფნო ფუნქცია ყარაბაღის კონფლიქტის არსებობით მკვეთრად იზრდება. მე მგონია, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებმა კარგად არც იციან თავიანთი შესაძლებლობების ფასი. რადგან საქართველოსა და თურქეთს შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში სომხეთიც ასრულებს თავის როლს: არის რა დაპირისპირებული თურქეთთან, აიძულებს მას, უფრო დაუახლოვდეს საქართველოს. თუ ამ კუთხით განვიხილავთ საკითხს, რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ, კიდევ უფრო ითანამშრომლონ ერთმანეთთან. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სომხეთისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო და სომხეთი ასეთ ინტეგრაციულ პოლიტიკას არ ატარებენ.
– ეს ბუნებრივია: სომხეთი არის რუსეთის პარტნიორი, საქართველო კი რუსეთის მტერი და პირიქით?
– მესმის, რომ სხვა პრობლემებზე ხდება პროექცირება და მიჩნეულია, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ვიდრე ის ობიექტური პერსპექტივები, რომლებზეც ვლაპარაკობ. თითოეული ფაქტორი ერთი ასპექტით შესაძლოა, საფრთხეს ქმნიდეს, მაგრამ მეორე ასპექტით მას ჰქონდეს უდიდესი პოტენციალი. თუ ასეთი მიმართულებით ვითანამშრომლებთ, მგონია, რომ საქართველოსა და სომხეთს აქვთ უდიდესი პოტენციალი.
– ცნობილია, რომ სომხეთ-ირანს შორის დიდი ხანია, თბილი ურთიერთობებია. მოგვიყევით?
– რა პრობლემები შეიძლება, ჰქონდეთ სომხეთსა და ირანს?! მთავარი პრობლემა ის არის, რომ თანამშრომლობის პოტენციალი უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნები რეალურად იყენებენ. სომხეთსა და ირანს შორის არ არის სტრატეგიული თანამშრომლობა, მაგრამ, თუ განვითარდება საქართველო-სომხეთ-ირანის თანამშრომლობის ხაზი, შესაძლოა, უფრო მეტი პერსპექტივა გაჩნდეს. მაგალითად, შეიძლება, გაჩნდეს ახალი მილსადენები. საქართველოსთვისაც ძალიან მომგებიანი იქნებოდა, რომ სომხეთის გავლით დაკავშირებოდა ირანს. ერთი სიტყვით, არის უამრავი რესურსი, რომლებსაც ქვეყნები ჯერჯერობით არ განიხილავენ.
– სომხეთს სავიზო რეჟიმი აქვს ირანთან თუ უვიზო?
– სავიზო რეჟიმია, მაგრამ საზღვრის გადაკვეთა ძალიანაა გამარტივებული.
– არც ჩვენთან იყო რთული, მაგრამ მაინც უვიზო რეჟიმი შემოიღეს?
– რადგან თქვენ არ გაქვთ საერთო საზღვარი ირანთან, უვიზო რეჟიმი საფრთხეს არ გიქმნით, მაგრამ ჩვენ საერთო საზღვარი გვაქვს და აუცილებელია უსაფრთხოების ზომების გატარება. მით უმეტეს, რომ ირანში ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ასე რომ, ჩვენ უფრო მეტი პრობლემა გვაქვს ირანთან, ვიდრე თქვენ.
– რამე ეკონომიკური ხეირი ნახა სომხეთმა ირანთან თანამშრომლობით?
– შეეძლო, უფრო მეტი ენახა. ჩვენთვის ეს, ძირითადად, საკომუნიკაციო გასასვლელია ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ჯერჯერობით ეს არ არის რეალიზებული. ირანში არ არის ისეთი პროდუქცია, რომელიც დააინტერესებდა სომხეთს. სომხეთში, ძირითადად, ევროპულ ტექნიკას ყიდულობენ. საერთოდ, სომხები მიდრეკილი არიან, შეიძინონ ყველაფერი დასავლური, ირანი კი იაფ საქონელს გვთავაზობს.
– ბევრი ირანული საქონელია სომხურ ბაზარზე?
– არა, თუმცა 5-6 წლის წინათ ბევრი იყო. არც ერთი სომეხი არ იყიდის ირანულ სარეცხ მანქანას, რადგან არ შეუძლია ირანს რთული საყოფაცხოვრებო ტექნიკის სომხეთში გაყიდვა. ირანულ საპონსაც კი იშვიათად თუ ვინმე იყიდის სომხეთში. სამაგიეროდ, ისინი ჩვენგან ყიდულობენ ბევრ ხორცს.
– ისევ გეოპოლიტიკას დავუბრუნდეთ: ამბობთ და აშკარაცაა, რომ ბოლო ორი წელია, თურქეთი აქტიურდება. უკვე გამოჩნდა ირანიც, რუსეთი ხომ არის და არის. როგორ შეიძლება, გადანაწილდეს მათ შორის ძალები?
– რუსეთს დიდი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს თურქეთთან, მაგრამ, თუ საქართველო-ირან-სომხეთის ურთიერთობის ხაზი განვითარდება, რუსეთი ამით მხოლოდ მოიგებს. რუსეთისთვის დიდი თავის ტკივილია თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემი და რუსეთის ინტერესიცაა, იყოლიოს ამ ტანდემის საპირწონე. მაგალითად, საქართველო-სომხეთ-ირანის საკომუნიკაციო ხაზი შესაძლოა, გამხდარიყო იმ საკომუნიკაციო ხაზის ალტერნატივა, რომელსაც ლობირებს თურქეთი. ასე რომ, ირანის შემოსვლა დიდ რესურსს აძლევს რუსულ პოლიტიკას. ამასთან, არ დაგვავიწყდეს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარებაც. ათეული წლების შემდეგ ეს შეიძლება, საქართველოსთვის პრობლემადაც იქცეს. ამიტომ შესაძლოა, დღეს ასე არ ეჩვენებათ, მაგრამ რუსეთსა და საქართველოს აქვთ საერთო ინტერესები ჩრდილოეთ კავკასიაში.
– ესე იგი, ირანი რუსეთის პოზიციებს უფრო აძლიერებს სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე თურქეთისას?
– ირანი არასდროს გააძლიერებს თურქეთს, ირანი უბრალოდ ისეთ მდგომარეობაშია დღეს, რომ იძულებულია, ანგარიში გაუწიოს თურქეთს. თუ ირანი მოაგვარებს თავის ურთიერთობებს დასავლეთთან, მაშინ ის სხვანაირად მოიქცევა თურქეთთან მიმართებაში.
– თურქეთმა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კანონმდებლობა და ცხოვრების დონე აკმაყოფილებს დასავლურ სტანდარტებს და ირანი ვითომ მოახერხებს დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარებას?
– ამ ორივე ქვეყანას აქვს ერთნაირი ამბიციები. მათ ორივეს ჰგონია, რომ რეგიონული „დერჟავაა“ და ამიტომ შესაძლებელია, რამდენიმე წელიწადში დიდი პრობლემები გაუჩნდეთ ერთმანეთთან ურთიერთობაში, მაგრამ დღეს ეს ჩვენ ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს. ჩვენ დღეს ვმსჯელობთ იმაზე, თუ რატომ არის დღეს ირანი ასე აქტიური რეგიონში და რა სარგებლის ნახვა შეგვიძლია აქედან ჩვენ, რეგიონის ქვეყნებს.
– თქვენ არ გეჩვენებათ, რომ ისტორია მეორდება?
– ყოველთვის ასე იყო. კავკასია ან ვიღაცის ჩექმის ქვეშაა მუდმივად ან, როდესაც ჩექმები მიდიან, ხდება რაღაცეები, რაც გვაგონებს რომელიღაც საუკუნეს ჩვენი ისტორიიდან. მაგრამ ახლა სხვა დროა და პროცესები სრულიად განსხვავებულად განვითარდება.
– მაგრამ ყოველთვის იმის ალბათობაა უფრო მეტი, რომ ირანი, თურქეთი და რუსეთი გამონახავენ საერთო ენას, ვიდრე სომხეთი და საქართველო შეძლებენ ლავირებას და ამ სამივეს სათავისოდ გამოყენებას?
– უკიდურეს შემთხვევაში, ერთობლივად უნდა განვიხილოთ რაღაც საკითხები. უბრალოდ, ახლა გამოჩნდა სომხეთისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის უპრეცედენტო შესაძლებლობა, ოღონდ ჯერჯერობით ვერც სომხეთი და ვერც საქართველო ამას ვერ აცნობიერებს.
– სომხეთსა და საქართველოს შეუძლიათ, შეასრულონ დერეფნის ფუნქციაო, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი და თურქეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, თორემ რაში სჭირდება ირანს სომხეთი და საქართველო, თუ ეყოლება თურქეთი?
– ირანი არის ქვეყანა, რომელიც აზროვნებს ათასწლეულებით. მათ შესანიშნავად ესმით, საიდან ემუქრებათ საფრთხე და არასდროს მოიქცევიან ისე, რომ თურქეთის ინტერესები გაატარონ. და არ მისცემენ თურქეთს საშუალებას, გამოიყენოს საქართველო და სომხეთი. ბოლო ასწლეულებია, ასე ხდებოდა: თურქეთი და ირანი იბრძოდნენ სომხეთისა და საქართველოსთვის.
– მეც მაგას არ ვამბობ?
– ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სომხეთი და საქართველო მიხვდნენ, რომ მათი პოლიტიკური ერთობა უფრო მეტ ხეირს მოიტანს, ვიდრე ის, თუ თითოეული მხოლოდ თავის თავზე იმუშავებს.
– ამ თემას უშუალოდ არ ეხება, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს: სამცხე-ჯავახეთისკენ ახალი გზა გაკეთდა და თბილისამდე სავალი დრო რვა საათიდან ორ-ნახევარ საათამდე შემცირდა?
– ძალიან კარგია, რეგიონის განვითარება აუცილებელია, რადგან, ჩემი აზრით, სწორედ სოციალური პრობლემები განაპირობებს მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურ პრობლემებს. დაე, ეს გზა გაგრძელდეს სომხეთში.