გაპარულები
ბოჰემური ცხოვრების მოლოდინში
გასულ კვირას თავად პრეზიდენტისგან შევიტყვეთ, რომ ხელისუფლება „თბილისიდან ნელ-ნელა იპარება“, რადგან ქუთაისში არა მხოლოდ პარლამენტის ახალი შენობა აიგება, არამედ მთავრობის სახლისაც. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბ-ნმა ხუროშვილმა განმარტა, რომ ქუთაისის მთავრობის სახლში მთავრობის ოდენ გასვლითი სხდომები ჩატარდება, „თავად მთავრობის ქუთაისში გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება“. თუ ვივარაუდებთ, რომ ბ-ნი ხუროშვილი, ერთი მხრივ, ზედმიწევნით ფლობს ქართული ენის ხვეულებს, მეორე მხრივ კი, აზრის ნათლად გადმოცემის უნარიც აქვს, მის მიერ ნახმარი „ამ ეტაპზე“ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ „სხვა ეტაპზე“, ანუ მომავალში არც ესაა გამორიცხული. თუმცა ისიცაა, რომ ჩვენი მთავრობა გასვლითი სხდომების დიდი მოყვარულია და შესაძლოა, მინისტრების ტბის პირას ან მზის გულზე შეკრებას, მართლაც, სჯობდეს მათთვის ქუთაისში დამატებითი შენობის გამოყოფა.
ამ თუ სხვა მიზეზით, ქუთაისში პარლამენტიც იქნება და მთავრობის სახლიც, ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ მარეგულირებელ კომისიას კარგა ხანია, ბინა უდევს მეორე დედაქალაქში და იმ მოარულ ხმებსაც, რომ იქ სხვა ოფიციალური სტრუქტურების გადაყვანაც იგეგმება, არ არის გამორიცხული, ამ საყოველთაო გაპარვის მიზეზი მეტად მარტივიც იყოს: თბილისს ბოჰემური ცხოვრებისთვის ამზადებენ, რის პირველი მერცხალიც, ბუნებრივია, „ბუდაბარი“ იქნება.
ხოლო, ვიდრე საქართველოს ჯერ კიდევ დედაქალაქში ბოჰემური ცხოვრება ძალუმად აჩქეფდება, ახალი ავტომაგისტრალიც გაიხსნა, რის წყალობითაც დედაქალაქი სამცხე-ჯავახეთს ორსაათ-ნახევარში დაუკავშირდება, ადრინდელი 8 საათის ნაცვლად. გზა, ცხადია, პრეზიდენტმა გახსნა (ქვეყნის პირველი პირი დედის ავტომანქანას მართავდა, რაც იმის იმედიცაა, რომ, ადრე თუ გვიან, იმდენსაც მოახერხებს, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ პრეზიდენტის დედას არ შეეძლოს ავტომანქანის შესაძენი თანხის დაგროვება), ჯავახელ სომხებს სომხურადაც მიესალმა, შემდეგ კი, ბუნებრივია, ქართულზე გადავიდა (ეჭვი მაქვს, რომ პირველი პირის სიტყვის ამ ნაწილიდან ჩვენს ჯავახელ თანამემამულეებს ერთი მარცვალიც არ გაუგიათ).
მართალია, ხსენებული გზა დიდი ზარზეიმით გაიხსნა, თუმცა, რეალურად, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ფულით აშენდა. ამის მიუხედავადაც, პრეზიდენტმა ამერიკელ მუშაკებს (გზას ჩვენ და ამერიკელები ერთად ვაგებდითო) მუშაობის ტემპი დაუწუნა (ჩვენ მარტონი გაცილებით სწრაფად ვიმუშავებდითო), რაც იმას ნიშნავს, რომ არად ვაგდებთ ხალხურ სიბრძნეს, ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უსინჯავენო. არადა, განსაკუთრებით, აქტუალური მაშინ არის ეს შეგონება, როდესაც იმ ერთადერთი „ცხენის“ გარდა ხელის გამმართველი არავინ გაგაჩნია.