რატომ არ დაესწრო დათო გომართელი შვილის დაბადებას კიევში და ვისი სახელი დაარქვა მან ნანატრ პატარას
მომღერალი დათო გომართელი სულ ახლახან მამა გახდა. როგორც თავად ამბობს, პატარა დარიამ მის ცხოვრებაში ის რგოლი შეკრა, რომელიც ბედნიერი ოჯახისთვის აუცილებელი და საჭიროა. ბავშვი უკრაინაში დაიბადა. ის ახლა ერთი თვისაა. მშვიდი ბუნება და მუსიკალური სმენა კი, მამის თქმით, გენეტიკურად დაჰყვა. დარიას, დედასთან ერთად ორი ძიძა უვლის, ხოლო დატვირთული დღის შემდეგ, არც ბედნიერი მამიკო ამბობს მის მოვლაზე უარს. პატარა დარიას დაბადებას მშობლები და ბებია-ბაბუა, დაახლოებით ოცი წელი ელოდნენ და დღეს მან სახლში, სწორედ ეს მონატრებული ხალისი და ბედნიერება შეიტანა.
დათო გომართელი: ყველაფერი ღირს შვილის ლოდინის გამო. ვერ გეტყვით, ეს რა ემოციაა. უფრო სწორად, ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ, როგორი ბედნიერი ვარ. სხვათა შორის, ეს ემოცია ჯერ კიდევ ვერ გავითავისე. მერე და მერე, ნელ-ნელა რომ შედიხარ ბავშვთან კონტაქტში, ცხოვრება გეცვლება, აქტიურად ხარ ჩართული მის აღზრდაში აი, მერე უფრო სხვანაირად აღიქვამ ადამიანი. ახლაც გაცნობიერების პროცესში ვარ. დარია უკრაინაში დაიბადა. ასე გადავწყვიტეთ, ექიმებთან კონსულტაციის შედეგად. 3 კილო და 200 გრამი დაიბადა ახლა უკვე 4 კილო და 250 გრამია. სიმაღლეში კი – 56 სანტიმეტრი. 10 დღის იყო, თვითმფრინავით რომ გადმოვაფრინეთ კიევიდან თბილისში. ერთი სული მქონდა სახლში როდის ჩამოვიყვანდი. სანამ დაიბადებოდა, ვიცოდი, გოგო რომ იყო და მანამდე, ზაფხულში, ამერიკიდან გამოვაგზავნე ბავშვისთვის ყველა ნივთი, საწოლიდან დაწყებული, ჩამოსაკიდი კენგურუებით, ტანსაცმლითა და კვებით დამთავრებული. მარიშა არ ნახულობდა, სანამ არ გაჩნდება არ ვნახავ საჩუქრებსო.
– სახელი ვინ შეურჩია პატარას?
– სხვათა შორის, ბოლო წამამდე არ ვიცოდით, რას დავარქმევდით. მე ვამბობდი, აგვისტოში უნდა დაიბადოს, თან მარიამობის კვირაში და იქნებ მარიამი დავარქვათ-მეთქი. მარიშამ თავი შეიკავა. ხან რას ვფიქრობდით, ხან – რას. რომ დაიბადა, დედაჩემმა შემთხვევით ამოიღო ბებიაჩემის დაბადების მოწმობა, რომელსაც დაშა აბაშიძე ერქვა. ისიც 26-ში იყო დაბადებული და ბავშვიც ამ დღეს დაიბადა. გადავწყვიტეთ, ეს სახელი დაგვერქმია, თან მოგვწონდა კიდეც.
– თუ არ ვცდები, ბავშვის დაბადების დროს შენ ბათუმში იყავი. რატომ არ დაესწარი ამ მომენტს კიევში?
– მართალია, დაშას დაბადებისას, მე კიევში არ ვიყავი და ვერ დავესწარი, რადგან, სწორედ 26 აგვისტოს, ბათუმში, რადიოს ღონისძიება გვქონდა. 27 აგვისტოს კი, უკვე კიევში ვიყავი და საღამოს ვნახე დაბადებული პატარა.
– რა შემოიტანა ნანატრმა შვილმა სახლში?
– უდიდესი სითბო და სიყვარული შემოიტანა დაშამ სახლში. დედაჩემი და მამაჩემი უკვე ასაკში არიან და წარმოიდგინეთ, ბავშვი, კიდევ ერთი სიცოცხლის შემომატება, რას ნიშნავს ახლა მათთვის. ძალიან წყნარი, განსხვავებული, ჭკვიანი ბავშვია. ღამით მშვიდად სძინავს და არ ტირის. ძიძები და ექიმები ამბობენ, ძალიან კარგი გოგოა დარიაო. და, მეც მათი მჯერა (იცინის). სხვათა შორის, დაშას სიმღერაც მივუძღვენი, ახლა კლიპის გადაღებაზეც ვფიქრობ. ბორის შხიანს ვთხოვე, მინდა სიმღერის დაწერა-მეთქი, უკვე მომიტანა და მომეწონა. ის ემოციები, რაც მქონდა შვილის დაბადებასთან დაკავშირებით, დაშას ამ სიმღერაში მივუძღვენი. ვფიქრობ, კლიპში მთავარი როლი დაშას ხომ არ მივანიჭო (იცინის).
– მარიშას ბავშვის მოვლაში ვინ ეხმარება?
– ძიძა ეხმარება. ერთი ძიძა დილით მოდის, მეორე კი – საღამოს, მასაჟს უკეთებს და აბანავებს. სახლში რომ ვბრუნდები, პირველი მასთან მივდივარ და ვეფერები, ვესიყვარულები. ზოგი მამაკაცი რომ ამბობს, ჩვილს ვერ ავიყვან ხელშიო, მე ეს პრობლემა არ მაქვს, შემიძლია ავიყვანო, ვაჭამო და გავართო კიდეც. აივანზეც ვასეირნებ.
– ნათლიები თუ შეარჩიეთ უკვე და თავად რამდენი ნათლული გყავს?
– ნათლიები შევარჩიეთ, მაგრამ ჯერ ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მინდა. თავად კი ბევრი ნათლული მყავს, ზუსტადაც არ მახსოვს (იცინის). რომ გითხრათ, კარგი ნათლია ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. იმდენათ ვარ დატვირთული, რომ ხშირად ვერ ვიცლი მათთვის. თუმცა, დღესასწაულებზე საჩუქრებს ვუკეთებ, ვულოცავ.
– დათო, როდესაც წყვილს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰყავს შვილი, ეს მათ ურთიერთობაში, უმეტეს შემთხვევაში, გარკვეულ ბზარს აჩენს. თავად რას იტყვი ამაზე? და, შენს შემთხვევაში როგორ იყო?
– ეს ბზარი ჩემსა და მარიშას თანაცხოვრებაში ნამდვილად არ იყო. ეს კი, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ძალიან ჭკვიანი და ძლიერი აღმოჩნდა ამ საკითხში მარიშა, ისე მიწყობდა ხელს, რომ ოჯახში ბზარი და განხეთქილება არ ყოფილიყო, ბავშვის არყოლის გამო. ბევრ რამეზე თვალსაც ხუჭავდა. ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ოჯახი შევინარჩუნეთ, დღესაც ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ღმერთმა პატარაც გვაჩუქა. საერთოდ, რთული ადამიანი არ ვარ. ყველას სხვანაირი ვგონივარ, მაგრამ დამიჯერეთ, სახლის კაცი ვარ. მიყვარს სახლში ყოფნა, ოჯახური კომფორტი, სიმშვიდე და სიმყუდროვე. სახლში მისვლა ხომ მიხაროდა, ახლა კი ორმაგად მიხარია.
– ამბობენ, ქართველი კაცის ბუნებაში ღალატის კოდი დევსო. ამაზე რას იტყვი?
– რა ვიცი, ჩემში და ჩემს საძმაკაცოში ასეთი კოდი არ დევს (იცინის). ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ძალიან საკამათო თემაა.
– თქვი, მარიშა ძლიერი ქალიაო. მამაკაცის წარმატებისთვის, რამდენად აუცილებელია მის გვერდით ძლიერი ქალი იდგეს?
– რასაკვირველია, მამაკაცი რომ ბედნიერი იყოს და წარმატებული ცხოვრებაში, გვერდით ძლიერი ქალი და მისი მხარდაჭერაც სჭირდება. ქალს შეუძლია მეუღლე როგორც მწვერვალზე აიყვანოს, ასევე „დამარხოს” და დაასამაროს. და, არა მარტო მეუღლე. ქალზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ოჯახში ქალსაც და მამაკაცსაც თავისი როლი და ვალდებულებები აქვთ. ერთი კაცი მარტო ოჯახს ვერ „გაქაჩავს“. ხელშეწყობა ორივეს მხრიდან აუცილებელია. კაცს ქალი ეხმარება ოჯახის კეთილდღეობის მოწყობაში. მე კარგად ვერკვევი ქალის ფსიქოლოგიაში, არც ფანტაზია მაკლია და მარიშას ხშირად სიურპრიზებს ვუკეთებ. ქალს ყურადღება არ უნდა მოაკლო კაცმა. ვფიქრობ, დიდი ხნის თანაცხოვრების შემდეგაც, თუ ერთმანეთი უყვარს ცოლ-ქმარს, რომანტიზმი არსადაც არ ქრება. ასე რომ, ბევრი რამაა ქალზე დამოკიდებული. ცოლისგან გაბედნიერებული კაცებიც მინახავს და ცოლისგან დაქცეულებიც. მე ამ მხრივ გამიმართლა. დარიამ კი ის რგოლი შეკრა ოჯახში, რომელიც ჩემი ცხოვრების ციკლს აკლდა. ახლა ძლიერი ჯაჭვითაა შეკრული მთელი ოჯახი და ბედნიერი ვარ ამით.
– დარია ახლა ოჯახში ყველაზე დიდი საზრუნავია. მის გამო ცოლის ყურადღება ხომ არ მოგაკლდა?
– სწორედ ამიტომ ვამბობ, მარიშა ძლიერია-მეთქი, რომ მიუხედავად იმისა, დარიას დიდ დროს უთმობს, არც მე მაკლებს ყურადღებას. თუმცა, რაღაც პროცენტით, მაინც ბავშვისთვის იცლის. ის პატარაა და მას უფრო სჭირდება დღეს ყურადღება, ვიდრე მე. მარიშა ამბობს, აქამდე რისთვის ვცხოვრობდი, რა აზრი ჰქონდა ჩემს არსებობას, არ ვიციო. დედის ემოცია სულ სხვაა, კაცები კი ცოტათი სხვანაირები ვართ ემოციის გამოხატვის მხრივ.
– ვის ჰგავს დარია?
– მე მამსგავსებენ, ამბობენ შენნაირი ტუჩები აქვსო. ცოტათი მარიშასაც წააგავს. პატარა, „კურნოსა“ ცხვირი აქვს, ცისფერი თვალები, ღია ფერის თმები. იმედია, თმებით მამას არ დაემსგავსება (იცინის). სმენა უკვე გავარკვიეთ, რომ აქვს. ამაში მგონი ნამდვილად დამემსგავსა. ექიმებიც გაოცებულები არიან, ძალიან მაგარი რეაქცია აქვს ხმებზე, თავის ასაკთან შედარებითო. ზარს რომ დავაწკარუნებთ, აქეთ-იქით იყურება. დედამისის ხმაზეც სხვანაირი რეაქციები აქვს. ჩემს ხმას ახლა თუ ვერ სცნობს, მერე ხომ იცნობს? (იცინის). ძალიან საყვარელი ვინმეა. მე ბავშვებზე ვგიჟდები, მიყვარს მათთან ურთიერთობა, თამაში და ალბათ, ჩემს შვილს ძალიან გავანებივრებ. კარგი ყოფილა გვიანი შვილი. უფრო დაღვინებული, ჩამოყალიბებული ხარ და უფრო სხვანაირად გაზრდი, გაუგებ და ემეგობრები.
ნონა დათეშიძე