ექსტერიერის გამფუჭებლები
ანუ დაეტიეთ სახლებში!
რაკი „ლეიბორისტები“ უკვე არისხებენ განგანშის ზარებს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდებაო; დედაქალაქის მერი კი კითხვას, იზრდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური, მეტად ორაზროვნად პასუხობს: „დედაქალაქის ბიუჯეტი ორიენტირებულია იმაზე, რომ არც ერთი მტკივნეული ცვლილება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ შეეხოს და მათთვის განკუთვნილი პროგრამები და შეღავათები ძალაში დარჩეს“; აშკარაა, რომ, თუ მთლადაც არ გაორმაგდება, მგზავრობა თვალ და ჯიბესაცემად გაძვირდება. მეტიც, რაკი ყვითელმა ავტობუსებმა დედაქალაქის მესვეურთა იმედები ვერ გაამართლა (შეიძლება, ითქვას, დაამსხვრიეს), საავტობუსე ხაზები შემცირდა და მათ ჩანაცვლებას კვლავაც ისევ სამარშრუტო ტაქსებით აპირებენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამ ახალ სამარშრუტო ტაქსებს სწორედ მაღალჩინოსნები (ანუ მათთან დაახლოებულები) დაეპატრონებიან. მეორე მხრივ, რომც არ დაეპატრონონ, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მგზავრობის საფასური მაინც გაიზრდება, იმ მარტივი ლოგიკით, რომ, თუკი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა იმაზე იაფი ეღირება, ვიდრე, თუნდაც, აქა-იქ შემორჩენილი ყვითელი ავტობუსებით, მათში არავინაც არ ჩასხდება.
თუმცა დედაქალაქის მერმა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე საინტერესო განცხადება მაინც საკრებულოს წინაშე წარდგომისას გააკეთა. კერძოდ, ბ-ნი უგულავა დაგვპირდა, რომ სანამ ის მერია, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაწესებულ შემწეობას არ მოაკლებს (სავარაუდოდ, აი, იმ 5-5-ლარიანად), რაც რა თქმა უნდა, პოზიტიური გზავნილია, თუმცა მერის ფიარსამსახურის სასაყვედუროდ უნდა ითქვას, რომ ამ პოზიტივში გვარიანი ნეგატივია, რადგან ეს იმასაც ნიშნავს, რომ მერია ერთი ნაბიჯის გადადგმასაც არ აპირებს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი შეამციროს (იმედია, ასეთი იაღლიში მომავალში შესაბამის სამსახურს, აღარ მოუვა).
ასე თუ ისე, თუკი მგზავრობის ღირებულება მართლაც გაძვირდება (თუმცა, თუ მაწვნის ფასმაც კი 20-პროცენტით მოიმატა, ვითომ გადაადგილება რატომ უნდა დარჩეს ძველებურ ნიშნულზე?), ფაქტია, რომ გადაადგილება ფუფუნების ფუნქციასაც დაიმატებს. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისში დიდი და მასშტაბური გასართობი ცენტრების მშენებლობა იგეგმება, რა თქმა უნდა, ტურისტთა და ინვესტორთა მოსაზიდად, ჩვენი მოსახლეობის ჩაცმულობა კი, მაინცდამაინც, ვერ ესადაგება მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყნის მოქალაქის სტანდარტებს, შესაძლოა, მგზავრობის გაძვირებაში მთავრობის ასეთი გზავნილიც ამოვიკითხოთ: დაეტიეთ სახლებში, ანუ საკუთარ ინტერიერებში, ექსტერიერს ნუ გვიფუჭებთ!