სტალინური მეთოდებით
„და სიკვდილი გამოიმეტა, როგორც ყველაფრის უებარი, ნაღდი წამალი“
ჩვენს სამშობლოში დევნილთა მდგომარეობა გარედან მტერს უკლავს გულს, შიგნიდან – მოყვარეს (თუმცა, როგორც ბოლოდროინდელი მოვლენები მოწმობს, მთლად ყველა მოყვარესაც ვერა). მართალია, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ იძულებით გადაადგილებული პირები აგერ უკვე კარგა ხანია, კარვებში ცხოვრობენ, მაგრამ ეს ვერც სამინისტროს გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას და ვერც სამინისტროს თანამშრომელთა ამაღლებულ გუნება-განწყობილებას აქვეითებს (იმას ვგულისხმობ, რომ ფრიად კმაყოფილნი ბრძანდებიან თავიანთი სტრატეგიით დევნილთა პრობლემების გადაჭრის საქმეში). მეორე მხრივ, ან კი რატომ ვერ იქნებიან კმაყოფილნი, როდესაც ცნობისმოყვარე თვალსა და ყურს თბილისის ცენტრიდან დევნილები კარგა ხნის წინათ მოაშორეს (შესაძლოა, იმედით, თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო). მაგრამ, რადგან „მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ფარავს“, გასულ კვირას აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია გარდაიცვალა. ქალბატონი სამინისტროს თავშესაფარს სთხოვდა, 27 ოქტომბერს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილესთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ კი ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას შეეცადა. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქალბატონი გარდაიცვალა. უფრო მეტიც, გასულ კვირასვე თავის დაწვა აფხაზეთიდან დევნილმა დავით კანდელაკმაც სცადა. ამ უკანასკნელის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ორივე ფაქტს, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ისე სრულიად ქართული სახელმწიფო სრულიად გულგრილად შეხვდა, შესაძლოა, იმიტომაც მთელი პოლიტიკური ელიტის ყურადღება ლისაბონის სამიტისკენაა მიმართული, იმის მოლოდინშია და ისეთი პროზაული საკითხებით, როგორიც თანამოქალაქეთა სუიციდური მცდელობებია, თავს არ იცდენს.
აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, თუკი დევნილები ერთად შეიყრებიან და ბენზინს გადაისხამენ, ასანთის შეშველებას არ დაამადლის, რადგან, როგორც ჩანს, ევროკავშირისკენ მსწრაფველ საქართველოშიც კი მუშა და აქტუალურია სტალინური ლოზუნგი: არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა!