რა ფასი „დაადო“ საკუთარ თავს შორენა ბეგაშვილმა და რაში უხდიან მას ყველაზე დიდ თანხას
რამდენიც და ვინც არ უნდა ილაპარაკოს, შორენა ბეგაშვილმა შეძლო დაემკვიდრებინა საკუთარი თავი ქართულ კინოში და ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ მსახიობად ქცეულიყო. იმ მცირერიცხოვანი ფილმების ოთხმოც პროცენტში, რომლებსაც დღეს საქართველოში იღებენ, შორენა მონაწილეობს და ეს, ასე თუ ისე, ახალი ფილმის წარმატების მიზეზი ხდება.
შორენა ბეგაშვილი: ბოლო რამდენიმე თვეა, სულ გადაღებებზე ვარ. ერთ ფილმს მეორე მოსდევს, რაც ძალიან მახარებს. ამჟამად ვმუშაობ რუსუდან ჭყონიას ახალ, ძალიან საინტერესო ფილმზე – „კიფ სმაილინგ” ანუ, გაიღიმე. საკმაოდ რთული ფილმია, კარგი სცენარით. რაც მთავარია, ფილმში საოცარი პარტნიორები მყავს – ნანა შონია, ია სუხიტაშვილი, მაკა ჩიჩუა, თამარ ბუხნიკაშვილი, ია ნინიძე...
– მამაკაცი არ არის?
– მამაკაცი, სხვათა შორის, ისევ ჩემი ძველი პარტნიორია წინა ფილმიდან – დათო ქაცარავა. მართლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს ამ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს არ არის ჩვეულებრივი, რიგითი „პაპსა” ფილმი, სულ სხვაა. ჯერ მარტო სცენარს აქვს რამდენიმე პრიზი მოგებული. ფილმი არის ათშვილიან ქალზე, რომლებიც სილამაზის კონკურსში მონაწილეობენ და იბრძვიან მთავარი პრიზის მოსაპოვებლად. მთავარი პრიზია ბინა და ოცდახუთი ათასი ლარი. სოციალურად, მათ შორის, ყველაზე მაღლა მე ვდგავარ, რადგან პარლამენტარის ცოლი ვარ. თან, ჩემი მეუღლე ამ კონკურსის ორგანიზატორია.
– ასეთი გიჟური რეჟიმი რატომ გაქვთ?
– დილიდან დაღამებამდე გვაქვს გადაღებები, რომელიც მოზარდმაყურებელთა თეატრში მიმდინარეობს და, პრაქტიკულად, იქ ვცხოვრობთ. ასეთი რეჟიმის მიზეზი მარტივია, ფილმში ათი ქალი მონაწილეობს, ათივე მთავარი როლია და ისინი, პრაქტიკულად, ყველა კადრში ერთად არიან. ძალიან რთულია ათი ქალის აწყობა, დაწყობა, მომზადება, მოვლა. ვინც კინოში ნამუშევარია, ალბათ, ყველა კარგად მიხვდება, რა რთულია ათი ადამიანის ერთ კადრში მოხვედრა. ჩვენი ოპერატორია მინდია ესაძე, რეზო ესაძის შვილი. ძალიან მაგარი კოლექტივია, რაც მიუხედავად დაღლილობისა, მუშაობას გვიადვილებს. მოკლედ კარგად ვართ.
– ამბობენ, შორენა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია ქართულ კინოშიო, ასეა ეს?
– კი, ასეა. თუმცა, ჰონორარებს არასდროს ვახმაურებ, ჩემს პარტნიორებთანაც კი, რადგან ვფიქრობ, ეს არაკორექტულია. ვინ რა თანხას იღებს, არ არის ეს საჯარო განხილვის თემა. საკმაოდ მაღალ ჰონორარებს ვიღებ და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს ჩემს სფეროში ძალიან ბევრმა იცის, თუნდაც რეჟისორებმა, რომლებთანაც მოლაპარაკება მქონია.
– რა არის ამის მიზეზი, აქ მხოლოდ გარეგნობა არ არის, აშკარად, გადამწყვეტი.
– არა, რა თქმა უნდა. თუ რეჟისორს მხოლოდ ლამაზი სხეული სჭირდება, იპოვიდა ასეთს და გადაუხდიდა ძალიან ცოტას. მხოლოდ ლამაზ სხეულში ძალიან ცოტას იხდიან. ამ ყველაფერთან ერთად, თავისი საქმისაც კარგად უნდა გაეგებოდეს. ასეთი ძალიან ცოტაა. ვიცი, ჩემი უპირატესობა და რატომაც არ უნდა მოვითხოვო შესაბამისი ანაზღაურება?! დასაწყისში, იყო ეტაპი, როდესაც ასე არ ვფიქრობდი და მიხაროდა, რაიმე როლს თუ შემომთავაზებდნენ. მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მივხვდი, ჩემს ფილმებზე ძალიან დიდ ფულს აკეთებდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მოვითხოვე. აქტიურად მიღებენ, რაც ნიშნავს, რომ პროდიუსერებს უღირთ, ჩემში ინვესტიცია ჩადონ.
– ამ ბოლო დროს, ბევრ ფილმში გადაგიღეს, როდის გამოვა ისინი ეკრანებზე? ტელევიზიაში რომ აღარ ჩანხარ, ხალხს მაინც მიაჩნია, რომ დაიკარგე.
– არანაირად. ჩემი ძირითადი პროფესია ეს არის – მსახიობი ვარ და მერე – ტელეწამყვანი. მართალია, ბევრმა არ იცის, ამჟამად რას ვაკეთებ, მაგრამ ძალიან მალე დაიწყება იმ ფილმების ეკრანებზე გამოსვლა, როლებშიც ვმონაწილეობ. მე როგორც მსახიობი, არ ვკარგავ დროს. ვერ ვიტყვი, რომ ტელევიზია მენატრება. არც მცალია და თავსაც ისე კარგად ვგრძნობ ჩემს ამპლუაში, ჩემს ადგილას, რომ არანაირად არ მომნატრებია ტელევიზია. ისევ კამერასთან ვარ, ისევ კამერის წინ ვმუშაობ, უბრალოდ, უფრო გამოცდილ და სერიოზულ ხალხთან. გადაცემა დღეს გავა და ხვალ აღარავის ახსოვს. ეს ფილმები კი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში. რამდენიმე მათგანი საფესტივალოა, ვემზადებით პრიზების ასაღებად. ასე რომ, გადაცემაზე გული არანაირად არ მწყდება.
– შენ გახდი დასტური იმისა, რომ საქართველოში მსახიობობით ცხოვრება შეიძლება.
– კი, მე ამის ნათელი მაგალითი ვარ. საქართველოში მსახიობს შეუძლია, თავისი პროფესიით იცხოვროს. ყოველ შემთხვევაში, მე ამით ვცხოვრობ, თან მგონი, საკმაოდ ნორმალურად. ბოლოჯერ ვამბობ, რომ ავტომობილი, რომლითაც დავდივარ, თავად შევიძინე, მართლა. აღარ მკითხოთ, ძალიან გთხოვთ. არ მერიდება და როდესაც მაჩუქებენ, ამასაც ვიტყვი.
– თუმცა, სხვა საჩუქრებს იღებ მისგან.
– (იცინის) მან იცის, რა მიხარია, რა მომწონს და ყველანაირად მანებივრებს.
– ყველამ გავიგეთ, რომ შენი შეყვარებული არ ცხოვრობს თბილისში. მან თქვა, რომ აპირებს, ფილმში გადაგიღოს. არის თუ არა ეს სიმართლე და მეორე, როგორ ახერხებთ ასე დისტანციურად შეინარჩუნოთ სასიყვარულო კავშირი?
– ფილმთან დაკავშირებით შემოთავაზება ნამდვილად იყო, თუმცა თანხმობა ჯერ არ მიმიცია. ამ ფილმის შემდეგ კიდევ ორ პროექტზე უნდა ვიმუშაო, რაზეც უკვე თანხმობა მაქვს მიცემული რეჟისორებისთვის. უბრალოდ, ფიზიკურად არ შემიძლია სადმე წასვლა, მონტე-კარლო იქნება ეს თუ სხვა ადგილი, პირობა პირობაა. შესაბამისად, ჯერჯერობით ამ საკითხს დღის წესრიგში ვერ დავაყენებ. რაც შეეხება მეორე კითხვას, ამას საიდუმლოდ დავტოვებ. საერთოდ, პირადზე საუბარი ძალიან ცუდად მაქვს დაცდილი. ისე, ესეც გარკვეული რომანტიკაა. ორივე ძალიან დაკავებულები ვართ საკუთარი საქმით. ერთი სიტყვით, ჯერჯერობით ასეა საჭირო.
– შეძლებ, რომ ეს სიყვარული დაიცვა იმისგან, რაც ძირითადად, ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებას ანგრევს ხოლმე?
– იცი რა? რაც არ უნდა ეცადო – დაიცვა თუ მოუფრთხილდე, მოსახდენი მაინც მოხდება. ამიტომ, არასდროს დამიცავს ჩემი სიყვარული. წასასვლელი მაინც წავა, მოსახდენი მაინც მოხდება. ამიტომ, არასდროს ვიბრძვი ურთიერთობებისა და სიყვარულისთვის. ვინც უნდა დარჩეს, ის აუცილებლად ჩემს გვერდით იქნება. ეს ზეწოლა, ჭორები, გაუთავებელი ქილიკი იყო, არის და იქნება. ამას მიჩვეული ვარ. მე ხომ შორენა ვარ – რა უფლება მაქვს, რომ ფილმში მიღებენ; რა უფლებით ვუყვარვარ ვინმეს. ჩემთან დაკავშირებით ყველაფერი საკვირველია. მაგრამ, ამ დამოკიდებულებას უკვე მივეჩვიე. როგორმე გადავიტანთ. ყოველთვის იქნება ჩემს მიმართ ყურადღება, ხალხი სულ ილაპარაკებს. ამიტომაც, იძულებული ვარ, იმუნიტეტი გამოვიმუშაო. ვეცდები, ჩემი პირადი ჩემთვის დავტოვო. ამაზე, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვილაპარაკებ. არ მინდა, ურთიერთობა ვინმეს გასარჩევი იყოს.
– ამის გამო ოდესმე თუ გინანია, რომ პოპულარული გახდი?
– როგორ არ მინანია. მაგრამ, როდესაც ამაზე ვფიქრობ ხოლმე, ვხვდები, ვიწრო წრეშიც იგივე ქარიშხლები იქნებოდა. ანუ, ამის გადატანა მაინც მომიწევდა. ცოტა ხნის წინ მითხრეს, რომ ყველაზე სასურველი ქალების სამეულში ვარ და მეკითხებიან – თქვენ ეს მოგწონთო? ვუპასუხე, ჩემთვის სულერთია-მეთქი. ზუსტად იგივე ხალხი ცოტა ხნის წინ ამბობდა, მოაშორეთ შორენა ეკრანს, მარტო გახდით ახერხებს პოპულარული იყოსო. ანუ, ცუდიც და კარგიც ერთი და იგივე ხალხისგან მოდის. ამიტომაც, ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს იმ ადამიანებისთვის სასურველი ვარ თუ მიუღებელი. რაც უნდათ, ის იფიქრონ და ილაპარაკონ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ.
– მაგრამ, მაინც მგონია, რომ ამ ყველაფერმა შენც შეგცვალა უარყოფითად. გახდი ცოტა ცინიკური, ზედაპირული და ხარ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში. ანუ, გგონია, რომ ყველა შენ გებრძვის.
– ამას მეც ვატყობ. როდესაც ადამიანები სულ თავის მართლების მდგომარეობაში გაყენებენ – რაც უნდა თქვა არაფერი სჯერათ; მუდმივად ისმება კითხვები: ამაზე რას იტყვით, სიმართლეა თუ ტყუილი; გიწევს ახსნა, რა ხდება. ვიღაცას რაღაცას აუხსნი და მერე იწყება ბრძოლა – მართლა ასეა? არ იტყუები? ვაიმე, ამან გამაგიჟა. ახლა უკვე მივხვდი, რომ საერთოდ არავის აღარ უნდა აუხსნა არაფერი. ვამბობ, თუ დაიჯერებენ, კარგია, თუ არადა, კარგად იყვნენ. მივეჩვიე იმასაც, რომ საქართველოში ლამაზი ადამიანები არ უყვართ. იმის მაგივრად, რომ გამოიყენონ, პირიქით, ჭმუჭნიან და სადღაც კუთხეში დაგდებას ცდილობენ. ცინიზმით ცდილობენ მის გაუფასურებას. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მსგავს შემთხვევებზე მეც ნერვები მეშლება და ცოტას „ვიკბინები”. მივხვდი, რომ ბევრი ადამიანი არ იმსახურებს ჩემ გვერდით ყოფნას – საერთოდ, ჩემს თავს. მერე გავლენ და ორ წუთში ისეთ რამეს იტყვიან, ვგიჟდები. ამიტომ, არ მინდა. მინდა სიმშვიდე და ის ადამიანები, ვინც მართლა ყოველთვის გვერდით მიდგანან. ასეთი ადამიანები გვერდით ნამდვილად მყავს, მათ ვუყვარვარ და მგულშემატკივრობენ.