ვინ იყო ის პროფესორი, ვინც დაუპირისპირდა ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ მოქმედ ანტიგმირებს
ივანე ჯავახიშვილი სრულიად განსაკუთრებული მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში (1876-1940). ოთხი ათწლეულის განმავლობაში მან შექმნა ფუნდამენტური გამოკვლევები საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ისტორიის დარგში. ივანე ჯავახიშვილმა მეცნიერულ ნიადაგზე დაამკვიდრა ქართველოლოგიის მრავალი დარგი. გარდა სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისა, იგი ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში, სათავეში ჩაუდგა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისთვის ბრძოლას და ბოლომდე მიიყვანა ეს დიდი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე. ყოველივე ამის თაობაზე, გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
– რატომ ებრძოდა ივანე ჯავახიშვილს რუსეთის იმპერიის ხელისუფლება?
– 1906 წელს ივანე ჯავახიშვილმა პეტერბურგში რუსულ ენაზე დაბეჭდა ნაშრომი – „პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში”. ივანე ჯავახიშვილს პოლიტიკიდან მუდამ შორს ეჭირა თავი, მაგრამ ამ ნაშრომით იგი უნებლიეთ აღმოჩნდა პოლიტიკაში გარეული. ივანე ჯავახიშვილმა წარმოაჩინა ობიექტური სურათი ქართული ეროვნული მოძრაობისა, რომელიც თავისი ხასიათით იყო ანტირუსული. ზემოხსენებული ნაშრომი იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც მთელს რუსეთის იმპერიაში, და მათ შორის საქართველოშიც, აზვირთებული იყო ეროვნული მოძრაობა. რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი სწორედ ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერად მიიჩნია. ნაშრომისთვის ავტორს სასჯელი ელოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, იმხანად ივანე ჯავახიშვილი საპყრობილეს გადაურჩა. კერძოდ, იგი სასჯელისგან იხსნა მისმა სოციალურმა (თავადურმა) წარმომავლობამ. მაშინ, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებისგან ათვალწუნებული ქართველი მეცნიერი, მიუღებელი აღმოჩნდებოდა საბჭოთა ხელისუფლებისთვისაც.
– რატომ აღმოჩნდა ივანე ჯავახიშვილი მიუღებელი საბჭოთა ხელისუფლებისთვის?
– 1921 წელს, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. თუმცა, ეს სულაც არ აძლევდა მოსკოვს დამშვიდების საშუალებას. ქართველ ერს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ, დარჩა ორი დიდი ღირებულება: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია და თბილისის უნივერსიტეტი. მოსკოვისთვის სავსებით ცხადი იყო, რომ საქართველოში, ეგრეთ წოდებული, სოციალისტური საზოგადოების შექმნას, სოციალიზმის დამკვიდრებას დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა საქართველოს ეკლესია და თბილისის უნივერსიტეტი – ქართველი სამღვდელოება და უნივერსიტეტის პროფესურა. 1921 წლიდან მიმდინარეობდა, როგორც საქართველოს ეკლესიის, ისე თბილისის უნივერსიტეტის დარბევა. ამ დროს უნივერსიტეტის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი.
– კონკრეტულად, რა ღონისძიებები გაატარა საბჭოთა ხელისუფლებამ ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ?
– 1921 წლიდან დაიწყო ივანე ჯავახიშვილისა და იმ ქართველი მეცნიერების შევიწროება, რომლებმაც დააარსეს თბილისის უნივერსიტეტი. თითოეულ მათგანს იმთავითვე დაატოვებინებდნენ უნივერსიტეტს, მაგრამ მათი შემცვლელი კადრი არ არსებობდა. 1926 წელს ივანე ჯავახიშვილი აიძულეს უნივერსიტეტის რექტორობიდან წასულიყო, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებისთვის ეს სულაც არ იყო საკმარისი. საბჭოთა ხელისუფლებას ივანე ჯავახიშვილისა და მისი სკოლის არსებობა უშლიდა ხელს. 1928 წელს უნივერსიტეტის „წითელმა რექტორმა” – თედო ღლონტმა თავის წერილში აღნიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა დაღუპეს თბილისის უნივერსიტეტი და ახლა ჩვენ მათი გაფუჭებული საქმის გამოსწორება გვიწევსო.
– როგორ რეაგირებდა ასეთ ცილისწამებაზე ივანე ჯავახიშვილი?
– ივანე ჯავახიშვილმა კარგად იცოდა, სადაც იგეგმებოდა მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია. ამიტომ, პრაქტიკულად, არც თედო ღლონტთან და არც სხვა ვინმესთან პოლემიკაში არ ჩართულა. ის მშვიდად და აუღელვებლად განაგრძობდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. თუმცა, ეს სიმშვიდე უფრო მოჩვენებითი იყო. ივანე ჯავახიშვილი უარესს ელოდა.
– რა იყო ეს უარესობა?
– 1930 წელს დაინიშნა დიდი დისკუსია, რომელზეც მთავარი მოხსენება გააკეთა მორიგმა „წითელმა რექტორმა” – ივანე ვაშაყმაძემ. მისი მოხსენების არსი გახლდათ: ძველი პროფესურა უნდა განდევნილიყო უმაღლესი სკოლიდან. ძველი პროფესურის ლიდერად კი უნივერსიტეტის დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი მოიაზრებოდა. აღსანიშნავია, რომ თვითონ ივანე ჯავახიშვილი ამ დისკუსიას არ ესწრებოდა. მომხსენებელი და საგანგებოდ მომზადებული გამომსვლელები შეეცადნენ, დაესაბუთებინათ ივანე ჯავახიშვილის მდიდარი მემკვიდრეობის არამეცნიერულობა და აქედან გამომდინარე, ჯავახიშვილის პროფესორად მოღვაწეობა მიუღებლად მიეჩნიათ. იმ დროს გამეფებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში, ძნელი იყო ივანე ჯავახიშვილის დაცვა, მაგრამ ივანე ვაშაყმაძისთანა ანტიგმირებს მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ.
– ვინ იყვნენ ისინი?
– ივანე ჯავახიშვილი დაიცვა აკაკი შანიძემ. ეს გმირობის ტოლფასი იყო, რადგან ივანე ჯავახიშვილის დამცველს საბჭოთა ხელისუფლება თავის მტრად მიიჩნევდა. შანიძის გარდა, ჯავახიშვილის განმქიქებლების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა სიმონ ყაუხჩიშვილმა.
– რა შედეგი მოჰყვა ამ დისკუსიას?
– შედეგი ის იყო, რომ ივანე ჯავახიშვილსა და ძველი პროფესურის სხვა წარმომადგენლებს პედაგოგიური მოღვაწეობა აუკრძალეს. თუმცა, შემდეგ ჯავახიშვილს ისევ მისცეს ლექციების წაკითხვის ნებართვა, ოღონდ არა ისტორიის სპეციალობით.
ოფიციალური ხელისუფლების დავალებით, თბილისის უნივერსიტეტის კიდევ ერთმა „წითელმა რექტორმა” – კარლო ორაგველიძემ 1936 წელს ფართო აუდიტორიის წინაშე წაიკითხა მოხსენება, სადაც ფორმალურად საუბარი იყო ქართული ისტორიოგრაფიის მდგომარეობაზე და მის პერსპექტივაზე, სინამდვილეში კი მოხსენების მიზანი გახლდათ, ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მემკვიდრეობის განქიქება. ივანე ჯავახიშვილი სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა. მართალია, კარლო ორაგველიძის მოხსენება ძალზე უსუსური და არაფრის მთქმელი იყო, მაგრამ იმ დროს ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური რეჟიმის გამო, პროტესტი ვერავინ გამოთქვა.
– ივანე ვაშაყმაძე და კარლო ორაგველიძე აშკარა ანტიგმირები არიან, ამ დისკუსიების დროს კიდევ თუ იყვნენ პატარა ანტიგმირები?
– მთელი უბედურება ის იყო, რომ ამ ბინძურ კამპანიაში ჩათრეული აღმოჩნდა ბევრი ადამიანი, მათ შორის სტუდენტებიც კი. ისინი, პრაქტიკულად, მაბეზღარას როლში გამოვიდნენ. ეს მაბეზღარები „წითელი რექტორების” მოხსენებებს ავსებდნენ სხვადასხვა „მამხილებელი ფაქტებით”. მაგალითად, ერთ-ერთი სტუდენტი ივანე ჯავახიშვილის წინააღმდეგ რომ გამოდიოდა, ასეთ ამბავს იხსენებდა: 1924 წელს ლენინის გარდაცვალების გამო უნივერსიტეტში გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიება. ხსენებული სტუდენტი იხსენებდა, რომ სამგლოვიარო ღონისძიების დროს ერთად იდგნენ ივანე ჯავახიშვილი, მიხეილ პოლიევქტოვი, გრიგოლ წერეთელი და სხვები. ეს ახლად გამოჩეკილი მაბეზღარი საზოგადოებას უტიფრად მოახსენებდა: მართალია, ივანე ჯავახიშვილსა და სხვებს არაფერი უთქვამთო, მაგრამ სახეზე ეწერათ, ახლა კი გვეშველაო. აი, ასეთი მაბეზღარების საშუალებით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ივანე ჯავახიშვილი, როგორც მეცნიერი და როგორც მოქალაქე, შეუფერებელი იყო თბილისის უნივერსიტეტისთვის.
– რა რეაქცია ჰქონდა ივანე ჯავახიშვილს ამჯერად?
– ჯავახიშვილმა საქართველოს განათლების მინისტრს მიმართა განცხადებით, გაეთავისუფლებინათ უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობიდან და დაენიშნათ მისთვის კანონით გათვალისწინებული პენსია. კარლო ორაგველიძე მიხვდა, რომ ივანე ჯავახიშვილმა მას თავი არ გაუყადრა და მასთან პოლემიკაში არ ჩაება, რაც „წითელმა რექტორმა” შეურაცხყოფად მიიჩნია. ივანე ჯავახიშვილის უხმაუროდ წასვლა რექტორს ხელს არ აძლევდა, ხელისუფლებას მდგომარეობის დაძაბვა და ჯავახიშვილის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის აგორება სურდა. ამიტომ იყო, რომ კარლო ორაგველიძემ ივანე ჯავახიშვილთან ტელეფონით დაკავშირება სცადა. ჯავახიშვილმა რექტორთან საუბარი არ ისურვა და თავისი მოქმედება რექტორს მესამე პირის მეშვეობით ასე აუხსნა: მე უნივერსიტეტის პროფესორი აღარ ვარ და მის რექტორს ჩემთან რა საქმე აქვსო?!
– ნუთუ პოლიტიკურმა რეჟიმმა ისე დააშინა საზოგადოება, რომ ერთი-ორი ადამიანის გარდა, ივანე ჯავახიშვილის დაცვას ვერავინ ბედავდა?
– როგორც ირკვევა, საზოგადოებაში პროტესტის მუხტი მუდამ არსებობდა და ანტიგმირების მოღვაწეობა საბოლოო მიზანს მაინც ვერ აღწევდა. ამაზე მეტყველებს ერთი ამბავი. 1928 წელს აღინიშნა უნივერსიტეტის დაარსების 10 წლისთავი. ამ ღონისძიებას დაესწრო ლავრენტი ბერია. რომელიც თავის მოხსენებაში საგანგებოდ აღნიშნავდა: უნივერსიტეტში საზეიმო სხდომაზე შეკრებილი პროფესორები და სტუდენტები ძალზე ცივად შეხვდნენ ფილიპე მახარაძეს, თედო ღლონტსა და სხვებს. ივანე ჯავახიშვილი ამ სხდომაზე მიწვეულიც არ ყოფილა. სხდომის ერთ-ერთი მონაწილე წამოდგა და განაცხადა: ივანე ჯავახიშვილს საზეიმო სხდომის პრეზიდიუმში ვასახელებო (იყო მაშინ ასეთი წესი). ჯავახიშვილის გვარის ხსენებას დარბაზში მქუხარე და ხანგრძლივი ტაში მოჰყვა. ასე გამოხატა უნივერსიტეტის პროფესურამ და სტუდენტობამ პროტესტი ივანე ჯავახიშვილის დევნისა და შევიწროების წინააღმდეგ. ლავრენტი ბერია თავის მოხსენებაში ასკვნიდა: ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რომ უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგააო. და ეს სრული სიმართლე იყო!
– როგორ დაასრულა ივანე ჯავახიშვილმა სიცოცხლე, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. იგი ლექციის კითხვის დროს გარდაიცვალა. რა ბედი ეწიათ ანტიგმირებს?
– ანტიგმირები, უნივერსიტეტის „წითელი რექტორები” – თედო ღლონტი და კარლო ორაგველიძე საბჭოთა ხელისუფლების რეპრესიებს ემსხვერპლნენ. რეპრესიებს ემსხვერპლა უნივერსიტეტის ყველა დანარჩენი „წითელი რექტორიც”.