რისკი – ბედნიერებისთვის
ის, ვინც იცის, რისკენ მიილტვის და რა სჭირდება ბედნიერებისთვის, ადამიანთა იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ზუსტად აცნობიერებენ, რა დანიშნულება აქვთ ცხოვრებაში.
გაუცნობიერებელი ფიქრი და ოცნება, თანაც გაუბედავი ლტოლვა წარმოსახვაში შექმნილი მიზნისკენ, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადაგადგმევინებთ წინ. დრო კი ძალიან სწრაფად გადის.
ამოირჩიეთ თქვენი სურვილებიდან ერთი ყველაზე ძნელად ასასრულებელი და... დასაწყისისთვის საკუთარ თავს ჰკითხეთ: რისი შიში გაქვთ, როცა ფიქრობთ, რომ თქვენი ყველა მცდელობა ფუჭად ჩაივლის? არ იცით, რომ შიში გართმევთ იმ ენერგიას, რომელიც მიზნის მისაღწევად და ოცნების განსახორციელებლად არის საჭირო?
ნებისმიერი წარუმატებლობის, მარცხისა თუ უსიამოვნების შემთხვევაშიც კი, ცხოვრება მაინც გრძელდება. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, რამდენიც უნდა იწუწუნოთ, საპირისპიროს ვერაფერს მოიფიქრებთ.
როცა წარუმატებლობის ან მარცხის გეშინიათ, ყურადღება ფოკუსირდება სწორედ მარცხზე, ამიტომაც წარმატების შანსი იკლებს. ამას ჯობია, მთელი ყურადღება თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენისკენ მიმართოთ.
არის მეორე, მთავარი ფაქტორი: როგორ გგონიათ, განიჭებთ სიამოვნებას ის ძალისხმევა, რასაც თქვენი ოცნების განხორციელებას ახმართ? თუ ეს თქვენთვის უსიამოვნო ვალდებულებაა, ძალიან გაგიჭირდებათ.
საქმის პირველი ეტაპი უნდა იყოს ის, რომ ფიქრში მაინც წარმოიდგინოთ, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება მაშინ, როცა მიზანს მიაღწევთ – ხომ გაგიხარდათ, თუნდაც ფიქრში? მეორე ეტაპი ნაკლებად სასიამოვნო, გაცილებით შრომატევადი და დამღლელი იქნება, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ შედეგი ამად ღირს. მაშ, გახალისდით – თამამად, გაბედულად იარეთ ცხოვრების გზაზე!
გვერდი მოამზადა