გაარკვიეთ ურთიერთობა!
ნეგატივის დაგროვებას, გაბუტვას, რამდენიმედღიან უგუნებობასა და ტირილს, ზოგჯერ გაცილებით ჯობია, გაარკვიო ურთიერთობა. მაგრამ, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ამის შემდეგ ორივეს განწყობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჩხუბი არ არის კატასტროფა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმნიშვნელო წვრილმანის გამო ხელჩართულ ბრძოლაში გადაეშვათ. ჯერ კონფლიქტის სწორად წარმართვის ტაქტიკა უნდა შეისწავლოთ:
* ყოველთვის გახსოვდეთ: თქვენს პარტნიორთან ომს კი არ აწარმოებთ, არამედ, ცდილობთ, აღმოფხვრათ პრობლემა, რომელიც ერთმანეთთან სიახლოვეში გიშლით ხელს.
* არ შეეცადოთ, ემოციურად დაიცვათ საკუთარი პოზიცია ან შეხედულება. რაც შეიძლება, ნაკლები ემოცია და მეტი დამაჯერებელი არგუმენტი. მთავარია, ორივემ ერთ ენაზე ილაპარაკოთ, თანაც, ერთმანეთის ფასეულობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
* ერთმანეთს რომ გაუგოთ და ურთიერთშეთანხმებას მიაღწიოთ, მოსმენა უნდა ისწავლოთ. ჩხუბი – ჩხუბია, მაგრამ, თუ არ მოუსმენთ, საერთოდ ვერ გაუგებთ მას და, შეიძლება, ისიც დაგავიწყდეთ, თქვენ თვითონ რა გინდოდათ, რისთვის წამოიწყეთ ეს ჩხუბი.
* არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ პიროვნულ შეურაცხყოფაზე – ამით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ საკუთარ თავს შეურაცხყოფთ. პარტნიორთან კი, საბოლოოდ თუ არა, დიდი ხნით გაიფუჭებთ ურთიერთობას. ძალიან ცუდი ტონია და ძნელად საპატიებელი, როცა კამათი და ჩხუბი ლანძღვა-გინებას უფრო ჰგავს, ვიდრე ორი, ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანის ურთიერთობას.
* სწორად წარმართული ჩხუბი ხსნის დაძაბულობას. მას მოჰყვება შვება და არა სიტუაციის დამძიმება. ჩხუბის ბოლოს ნუღარ გაიხსენებთ, საიდან და რატომ დაიწყო ყველაფერი. ეს უნდა დამთავრდეს და მას აღარ უნდა მიუბრუნდეთ...