არავითარი დიეტა, ანუ მოველაპარაკოთ საკუთარ თავს
რა უნდა მივირთვათ, რომ გავხდეთ? – როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, ამ კითხვაზე პასუხი არსებობს.
გახდომა დამოკიდებულია არა შიმშილზე ან დიეტებზე (რომლებითაც, თუ არ გაითვალისწინებთ უამრავ რამეს, შეიძლება, საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენოთ საკუთარ ჯანმრთელობას), არამედ სწორ კვებაზე.
მსოფლიოს დიეტოლოგებმა სხვადასხვა დიეტაზე მყოფი უამრავი ადამიანის გამოკითხვისა და მათ ორგანიზმზე დაკვირვების შედეგად, დაადგინეს და თამამად გამოუცხადეს გახდომის მსურველებს: „არავითარი დიეტა! ფიზიკური დატვირთვა და სწორი კვება – აი, ალტერნატივა „შიმშილომანებისთვის!“ ჭამეთ ყველაფერი, მაგრამ, შეეცადეთ, ყოველი ლუკმა იყოს დაბალკალორიული. თუ დიდად არ გიყვართ ბოსტნეული, ძნელია, უცბად შეიყვაროთ და მათგან შემდგარი მენიუ თქვენი ცხოვრების სტილად აქციოთ. ნუ აიძულებთ თავს, უბრალოდ, საჭიროა, განეწყოთ, მიირთვათ ის, რაც სასარგებლოა. თუ ამას შეძლებთ, ძალიან ადვილად შეიყვარებთ ბოსტნეულსა და თაფლს, რასაც ადრე ვერ იტანდით.
ორგანიზმი ტონუსში რომ იყოს, დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 5 სხვადასხვა სახისა და ფერის ხილი და ბოსტნეული. ულუფა განისაზღვრება თქვენი ხელისგულის ზომით. საუკეთესო ვარიანტია ბლენდერში ათქვეფილი ფაფისებრი მასა – შეურიეთ მასში ცოცხალი წვენი (ხილისა და ბოსტნეულის), იოგურტი, მიუსლი და, კიდევ ის, რაც ძალიან არ გიყვართ. მაგალითად, თითო პეშვი შტოშის, სტაფილოს, ფორთოხლისა და იოგურტის ნარევში, შეიძლება, შეაპაროთ თქვენთვის არცთუ საყვარელი ბროკოლი. ამ დროს ძალიან კარგია, თუ ჩაიტარებთ ბოდიფლექსს – ეს არის შინაგანი ორგანოების შესანიშნავი მასაჟი, ანუ სუნთქვითი ვარჯიშები, რომლის წყალობითაც შესაძლებელია, არა მარტო ცხიმების დაწვა, არამედ კუჭის დაპატარავებაც კი. უკვე რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნევთ, როგორ დაგანაყრებთ სულ რამდენიმე ლუკმა.
უნდა იკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით – ეს ერთგვარი ეშმაკური შეხსენებაა კუჭისთვის, რომ შიმშილის არ უნდა შეეშინდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ, თუ კვებასა და კვებას შორის შუალედს გაზრდით და ორგანიზმს შიმშილის საშიშროების წინაშე დააყენებთ, ის დაუკითხავად დაიწყებს ცხიმების გადანახვას „შავი დღისთვის“.
დანაწევრებული, ანუ ხშირი კვების გარდა, არსებობს რამდენიმე ეშმაკური ხერხი.
შეცვალეთ:
1. მაიონეზი – იოგურტით;
2. ძეხვი და სოსისი – მოხარშული საქონლის ან ქათმის უცხიმო ხორცით;
3. პური – „ხლებცით“;
4. ტკბილი ხაჭო – უცხიმო ხაჭოთი (ცოცხალი ხილით);
5. შემწვარი – მოშუშულით, გამომცხვარითა და ორთქლზე დამზადებულით;
6. ნამცხვარი – თაფლიანი თხილით (ნიგვზით) ან იმბირით;
7. პაკეტირებული (ქარხნული) წვენები – ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის კოქტეილით.
მიირთვით ყველაფერი, რაც გიყვართ – ჩვენ მხოლოდ ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად – ოღონდ, ერთი შესწორებით: რაც შეიძლება ბევრი ცილის შემცველი პროდუქტი. მაცივარში ყოველთვის უნდა გქონდეთ ქათმის მოხარშული თეთრი (მკერდის) ხორცი და ერთი კონა სალათის ფოთოლი – თუ ამ ორ პროდუქტს ერთად მიირთმევთ, არავითარ შემთხვევაში არ გასუქდებით. მთავარია, არ „გადაძღეთ“ და ჭამეთ ჩაის კოვზით.
პრაქტიკულად, ყველაფერი, რაც გასახდომად არის საჭირო, ორი ძირითადი პირობისგან შედგება: მცირეოდენი აკრძალვა და ბოდიფლექსი.