კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეექმნათ „კოდის“ მონაწილეებს სიცოცხლესთან დაკავშირებით პრობლემები და იყო თუ არა მათ შორის დაპირისპირებები და სექსუალური ურთიერთობები

სულ მალე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ახალი რეალითი შოუ „კოდი“ გავა (პროექტის პროდიუსერები: ბაჩანა აფხაზავა და სანდრო ონოფრიშვილი), რომლის პრომომ მაყურებლის დაინტრიგება უკვე მოახერხა. შოუს გადაღება მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობდა. მოთამაშეებს კი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევდათ თამაში და ცხოვრება. ამ ყველაფერმა აშკარად იმოქმედა მონაწილეების ჯანმრთელობაზე და ნერვულ სისტემაზე და არა მხოლოდ მონაწილეებზე, არამედ პროექტის რეჟისორზე – გიგა აგლაძეზეც, რომელიც ჩემი და ფოტოგრაფის მიმართ არცთუ ისე კორექტული იყო.

– როგორ გაჩნდა პროექტის იდეა?

გიგა აგლაძე: გაჩნდა რა, ძალიან ბანალური შეკითხვაა, ყველა ერთსა და იმავე კითხვას სვამთ და მაღიზიანებთ ჟურნალისტები – ვინც ხართ, სულ ყველა.

– ყველას გვაინტერესებს და გეკითხებით.

– გაჩნდა იდეა, დაიბადა, წამოვიდა და განხორციელდა. ახლა მთავარია, რა იქნება, თორემ, ის კი არა, რა იყო.

– მაშინ, მითხარი, რა იქნება, რა ხდებოდა?

– არ ვიცი. იქ რა ხდებოდა, ამას დანარჩენები მოგიყვებიან.

– რა ხდებოდა მონაწილეებს შორის? შენც იყავი ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ჩართული?

– მე? იცი, ვინ ვიყავი, რომ წავედი?

– ვიცი, შოუს რეჟისორი ხარ.

– ჩართული თუ არ ვიქნებოდი, მაშინ არაფერი გამოვიდოდა – დაჭამდნენ ესენი ერთმანეთს ან ძალიან ეყვარებოდათ.

– თუ ანეიტრალებდით დაძაბულობას?

– ვცდილობდი, არ გამენეიტრალებინა. იშვიათად მქონდა მოთამაშეებთან ურთიერთობა, ვცდილობდი, თვითონ გადაეწყვიტათ – რა, როგორ უნდა გაეკეთებინათ. თუმცა, ერთი-ორჯერ მაინც მოუხდა „ბორდს“ საქმეში ჩართვა. მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ვიღაც ჩარეულიყო.

– დაპირისპირება ძირითადად საპირისპირო სქესს შორის ხდებოდა?

– ქალებს შორისაც ხდებოდა დაპირისპირება და ქალებსა და მამაკაცებს შორისაც. ყველაფერი ხდებოდა. ესენი კარგი ტიპები არიან, რაღაც დონეზე თავი გაიტანეს. ამათ ადგილზე სხვები რომ ყოფილიყვნენ, ერთმანეთს შეჭამდნენ.

– როგორ მოხდა მონაწილეების დაწყვილება?

– რადგან ცნობილი სახეები ავირჩიეთ, ამიტომ დიდი არჩევანიც არ გვქონდა. ცნობილი სახეებიდან ბევრი ვერ გაუძლებდა ამ პირობებს. ზაფხულში მეც გამოვიარე ყველაფერი. წინასწარ ვიცოდი, რა იქნებოდა. მაგრამ იქ სხვა სიტუაცია დაგვხვდა. ჩანჩქერი, რომელიც მოდიოდა მანამდე ერთი ჭიქა, მერე მოდიოდა უკვე ერთი „ვანა“.

– წახვიდოდი თავად ამ თამაშში, როგორც მონაწილე?

– არ წავალ ამ თამაშში მონაწილედ. ძალიან საშიში თამაშია. იქ შეიძლება, მოკვდე, რეალურია იმის შანსი, რომ შეიძლება, ცოცხალი ვერ გადარჩე.

– გაგა ჩიხლაძე კინაღამ მომკვდარა...

– არა მხოლოდ გაგას, გია ცინაძეს, სხვასაც დაემართა ასეთი რამ. სიცოცხლესთან დაკავშირებით ბევრს ჰქონდა პრობლემები. გაგა წყალში იხრჩობოდა, ერთხელ კინაღამ ხელი მოიძრო.

– როდესაც რეჟისორი ხარ, ალბათ, პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს და ეს ყველაფერი ნერვებზეც აისახება.

– აისახება. გუშინ არითმია მქონდა (ინტერვიუ ჩაწერილია 11 ნოემბერს). ცუდად გავხდი, გამაქანეს საავადმყოფოში.

– პრიზი 40 ათასი ლარი იქნება?

– უფრო მეტია, ყველაფერს გაიგებთ. ნუ მეკითხებით, არ გიპასუხებთ. რადგან ადამიანები კვდებიან, ესე იგი კარგი პრიზია.

ნუკი კოშკელიშვილი: ყოველთვის მქონდა სურვილი, რეალითი შოუში მიმეღო მონაწილეობა და ამ შემთხვევაში შოუს სპეციფიკა იყო ძალიან ექსტრემალური და ამან მომხიბლა. მაინტერესებდა, ამ ყველაფერს როგორ გავართმევდი თავს, თუ შევძლებდი ატმოსფეროს რადიკალურად შეცლას. აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა რთული. მაინტერესებდა, ასევე, შევეგუებოდი თუ არა აბსოლუტურად უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრებას.

– ვიცი, რომ ძალიან ცუდად იყავი, წვეთოვანითაც დადიოდი.

– იმდენად ცუდად ვიყავი, რომ რაღაც მომენტში, მეგონა, ვკვდებოდი, მაგრამ გადავრჩი. მივხვდი, რომ ადამიანს ყველაფრის გადატანა, ყველაფერთან შეგუება შეუძლია. აწი შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ კლდეზე ავძვრები, პირდაპირი გაგებით და ნებისმიერ სირთულეს გადავლახავ. ხასიათი ჩამომიყალიბდა სხვანაირი, დავიხვეწე. როდესაც რეალობაში დავბრუნდი, მივხვდი, რომ რასაც ჩვენ რეალობას ვეძახით, სინამდვილეში არის ფარსი. რეალობა არის ის, როდესაც არაფერი გაქვს, მარტო ხარ, არავინ გყავს – შენ ხარ და ბუნება, შენ და შენი მეწყვილე. ყველაფრის მოპოვება გიწევს, თუნდაც ადამიანური ურთიერთობის.

– როგორ შედგა შენი და გიორგი ქორქიას წყვილი?

– ნახავთ, როგორ დავწყვილდით. ეს არ ყოფილა ჩვენი გადაწყვეტილება. გიორგისთან ურთიერთობა არ ყოფილა რთული. თავიდანვე ვიცოდით, რომ ჭორები იქნებოდა და ეს სერიოზულად არ აღგვიქვამს. ორივე, ყოველ შემთხვევაში, გიორგი, ზრდასრული ადამიანია. ჩვენ შორის არანაირი სირთულე არ ყოფილა. პირველ დღეს მივხვდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, გიორგისთან რომ მოვხვდი. იმიტომ რომ, ყველაზე სტაბილური, უკონფლიქტო, ყველაზე ადამიანური ადამიანია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ეს გვიწყობდა ხელს თამაშში. გუნდურად და მეგობრულად მივდიოდით წინ.

– უსამსახუროდ დარჩი და თუ არ ვცდები, კონტრაქტი დახიე?

– სამსახურში ვიყავი. დამირეკა პროექტის პროდიუსერმა, მითხრა, ბავშვები ვიკრიბებით, ხომ გამოხვალო. საღამო ხანი იყო. ჩემს უფროსს ვუთხარი, თუ შეიძლება, წავალ-მეთქი. მან მითხრა, ეს სამსახურია, პრიორიტეტები არასწორად გაქვს განაწილებულიო. მივხვდი, რომ ადამიანობაა ამ ცხოვრებაში პრიორიტეტი. როდესაც მთაში ხარ, არ გაქვს ტელევიზორი, ტუალეტი, ღუმელი, გათბობა, ხვდები, რომ შენ ცხოვრობ არა კომფორტით, არამედ ადამიანობით. ამიტომ, დავხიე კონტრაქტი და წამოვედი სამსახურიდან. ახლა უმუშევარი ვარ.

ლალი მოროშკინა: მე ვიყავი პირველი, რომელსაც შესთავაზეს მონაწილეობა, იმიტომ რომ „ბოიარდიდან“ მქონდა გამოცდილება. ჩემი სურვილი იყო, ყველა ზრდასრული ყოფილიყო, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში არ აღმოჩნდა დაახლოებით ჩემი ასაკის ქალი, ვისაც ბოტოქსი და ბევრი რაღაც არ ჰქონდა შეშხაპუნებული, ამიტომ მე დავრჩი მხოლოდ. პლასტიკურმა ქირურგებმა პირდაპირ თქვეს, რომ სიცხე, სიცივე, კლიმატის ცვალებადობა არ შეიძლებოდა ასეთი ადამიანებისთვის. შესაბამისად, არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდი, 20 წლით ჩემზე პატარებთან და ეს თავისთავად დიდი პასუხისმგებლობა გახლდათ. თუმცა, ეს, ალბათ, კარგი იყო გოგონებისთვის – ჩემი ასაკი, გამოცდილება ბევრ რამეში დაეხმარა მათ და ურთიერთობა კარგად ავაწყვეთ. საკუთარ თავს მუდმივად რაღაცას ვუმტკიცებ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, ვარ შრომისუნარიანი, ბრძოლისუნარიანი, სიყვარულისუნარიანი და ემოციისუნარიანი.

– შენს მეწყვილესთან ურთიერთობა გაგიჭირდა?

– ძალიან რთული იყო. ის ჩემხელაა, 40-40 წლისები ვართ და ვშაყირობდით, ჩვენი გუნდი 80 წლის არისო. ნიკა ზრდასრული ადამიანია თავისი ფსიქიკით, თავისი წარმოდგენა აქვს მსახიობებზე, მომღერლებზე, ტელევიზიის ხალხზე. ის ექიმია, ნიკასთან მაშინვე ვერ დავმეგობრდი. მას დასჭირდა პერიოდი, გაეცნობიერებინა, რომ მე ვარ, ჩემთან არის, ჩვენ უბრალოდ, უნდა ვითანამშრომლოთ. არ არის აქ არც სიყვარული, არც ფლირტი.

– თავიდან იყო მისი მხრიდან ფლირტი?

– არ ყოფილა. აბსოლუტურად უცხო მამაკაცი იყო. ვიცოდი, რომ ჰყავდა ცოლი, ერთგული მეუღლეა. თავიდან ცოტა ინერვიულა, ძალიან გაუჭირდა ჩემთან ურთიერთობა. ხისტი ხასიათი აქვს. მისი თანამშრომლებიც ამბობენ ამას. იმიტომ რომ მძიმე პროფესიის ადამიანია – რეანიმატოლოგი. სულ ვჩხუბობდით, ვაგებდით. რაღაც პერიოდის მერე დავსვი, ლექცია წავუკითხე, დავულაგე ყველაფერი. კარგად გაიგო, იმიტომ რომ მერე „ხუთიანზე“ შეასრულა ყველაფერი.

– ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ქალისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა.

– რთული იყო, მაგრამ, რას იზამ. მთიანი აჭარა ცნობილია თავისი ჭარბწყლიანობით. წყალი იყო, მაგრამ ძალიან ცივი. ვბანაობდი. მწვანე ტბის წყალი დღემდე მახსოვს, ტვინი გამეყინა და რამდენიმე დღე ვალღობდი. ძალიან რთული იყო. ჩვენი ჩანთის ნახევარი სველ „სალფეტკს“ ეკავა, ვცდილობდით, ჰიგიენის წესები დაგვეცვა. ალბათ, ბოლომდე არ გამოგვდიოდა. ყველაზე დიდი შოკი იყო, როდესაც გიამ გადმოგვხედა და თქვა – მომენატრა გაპრანჭული ქალიო. ანუ, როგორ ამომიხვედით ყელში ჭუჭყიანები და ძუნძგლიანებიო. ამ სახით ერთმანეთი ჩვენც მოგვბეზრდა. სხვა ყოფას ვართ შეჩვეულები. დისკომფორტი ის იყო, რომ სულ სველი ვიყავი. სველ საძილე ტომარაში ვიძინებდით, ვიღვიძებდით, ვერ ვშრებოდით.

– რატომ მისდევდი გიას გადატეხილი ბოთლით მოსაკლავად?

გია ცინაძე: დევნა არ ყოფილა, უბრალოდ, დამემუქრა ერთი-ორჯერ.

– რატომ დაგემუქრა?a

– ვკამათობდით, მგონი არ არის საინტერესო ადამიანი, რომელთანაც არ მიწევს კამათი. უბრალოდ, რაღაც ფორმა მივეცით და შეიძლება, ქვეცნობიერად, მაყურებლის გართობაზეც ვფიქრობდით.

– ჩვეულებრივი, უბრალო კამათის გამო, არ მგონია, ლალი გადატეხილი ბოთლით დაგმუქრებოდათ.

ლალი: გიამ რეალურად მომიშალა ნერვები. საერთოდ, ხან გიშლიან ნერვებს, ხან გიწყნარებენ. იმ მომენტში მიშლიდა ნერვებს. რომ ვერ გავაგებინე, რადიკალურ ზომებზე გადავედი.

გია: თუ გგონია, ამით რამე გამაგებინე, ძალიან ცდები.

– გია, გავრცელდა ინფორმაცია, შენი და ლალის ინტიმური, სექსუალური ურთიერთობის შესახებ.

– ვინც ვიყავით, ყველას ერთმანეთთან სექსი გვქონდა.

ლალი: დილას, შუადღეს, საღამოს.

გია: კოცონს ვანთებდით და მის გარშემო ყველას სექსი გვქონდა.

– როგორ ხდებოდა დაწყვილება?

– წყვილებში ვიყავით და ხანდახან წყვილს ვცვლიდით სექსის დროს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება და თან ხუმრობით ვამბობ. ამ კითხვას ხშირად მისვამენ. ამიტომ გადმოვანთხიე და ასეთი პასუხი გავეცი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

– შენთვის რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?

– ჩანჩქერის გვერდით თოკით ავედი. ჩამოსვლისას ჩანჩქერმა ჩამითრია. დიდხანს ჰაერი აღარ მქონდა და ვიხრჩობოდი. გამახსენდა, რომ რაღაცეები შემიძლია და ჩემი ამტანობით გამოვძვერი.

– შენს მეწყვილეს იცნობდი?

– კი და რომ დავინახე, გამიხარდა. მერე კი მოვუშალე ნერვები, მაგრამ მართალი ვიყავი.

– ყველას შენ უშლიდი ნერვებს?

– მეც მიშლიდნენ ნერვებს. აბა, სხვა რა უნდა ქნა. ამ დღეების განმავლობაში მართლა არ მოგვიშლია სერიოზულად ერთმანეთისთვის ნერვები. ყველაფერი ხუმრობის ფორმატში იყო, გაბოროტება არ ყოფილა.

თაკო პოპიაშვილი: გიასთან ცხოვრება რთული იყო. მის გარდა, ყველას კარგად ვუგებდი.

გია: მე ხომ ვგრძნობდი, რომ ჩემ გარდა ყველას უგებდა, ამიტომ ვმუშაობდი იმაზე, რომ ჩემთვის გაეგო.

თაკო: ყველა თამაშის მერე ჩხუბობდა, სულ თავს იმართლებდა. მეუბნებოდა: ხშირად ნუ წმენდ ჩანთას, რატომ იყურები ხშირად სარკეში, რატომ გაცვია ყველაზე სუფთა ფეხსაცმელიო.

– რას ჭამდით?

გია: გვაძლევდნენ იმდენს, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავით – ძალიან ცოტას. მაგრამ, კალორიას ვიღებდით. არ მოვკვდებოდით, მაგრამ ძალიან გვშიოდა. იყო თამაშები საკვების მოპოვებაზე, ვმუშაობდით ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლებოდა, საჭმელი მოგვეპოვებინა.

ლენუკა ყიფშიძე: წინა დღეს დამირეკეს, არც დავფიქრებულვარ და მაშინვე წავედი. ექსტრემი მაგარია. შინაგანად ასეთი ვარ. ძალიან საინტერესოა ასეთ ადგილზე წასვლა, თან მოგება. რთული პირობები იყო, მაგრამ შევიცვალე შინაგანად, უფრო გავძლიერდი. მანამდე ვჩხუბობდი, ვჯუჯღუნებდი, ახლა ბევრად დამიბალანსდა ხასიათი, დადებითი გავხდი. სისუფთავე, ჰიგიენა, ეს იყო რაზეც სულ ვფიქრობდი. კვებაც, რომელზეც, გინდა – არ გინდა, ფიქრობ. გვქონდა გამოყოფილი ყოველდღიურად რაღაც საკვები, მაგრამ არ გვყოფნიდა. იმდენად ხარ ყველაფერზე გადართული, რომ ცხოველი ხდები.

– არ გიღალატა ნერვებმა?

– მეორე დღეს ავფეთქდი საშინლად, როდესაც გოდერძის უღელტეხილზე ვიყავით. საშინელი თოვლი წამოვიდა, მგლები ყმუოდნენ, ვერ გავაანალიზე, სად ვიყავი. პროდიუსერს, ჟურნალისტებს ვეჩხუბე. თოვლში და ყინვაში ყოფნა არ შედიოდა პირობებში. ჩემი მეწყვილე გაგა ჩიხლაძე იყო, პროექტში გავიცანი. დავმეგობრდით, და-ძმასავით ვიყავით. როგორც მე და ჩემი ძმა, ისე ვჩხუბობდით, მაგრამ ბოლომდე მეგობრულად ვიყავით. მე და გიამაც დავცხეთ მაგრად, თუმცა ძირითადად ყველასთან კარგად ვიყავი. ახლა მენატრებიან. ხელი თამაშის დროს მოვიტეხე, მოტეხილი ხელით გავიტანე გოლი. ასეთი კადრიც არის, დავასკდები და საშინლად ვიგინები. გინება, ჩხუბი... ყველაფერია, ვერ აკონტროლებ ემოციებს.

– შენთვის რა იყო ყველაზე დიდი სირთულე?

– სიმაღლის შიში მაქვს. საბაგიროთი შუაში გაგვაჩერეს, რაღაც უნდა გვეპოვა. ეს იყო საშინელება, კინაღამ გული გამიჩერდა, მოვკვდი. ყველას ვლანძღავდი, მართლა მეგონა, რომ გული გამიჩერდებოდა, ათას რამეზე ვფიქრობდი. ესენი კი იცინოდნენ. მიუხედავად სირთულეებისა, ისევ წავიდოდი სათამაშოდ.


скачать dle 11.3