დასაჯეს თუ არა ანი სირაძე „ჯეოსტარზე“ და რა შემთხვევაში დაკარგავს ის ხმას
– ანი, ელოდებოდი ჟიურის მხრიდან ასეთ მძაფრ კრიტიკას?
– როცა ბრონქების ანთება გაქვს, ანგინა და ჩირქი გადევს ყელზე, თითქმის შეუძლებელია, იმღერო და ეს არ შეგეტყოს. ვიცოდი, არ მეტყოდნენ კარგად იმღერეო, რადგან ეს ნამღერი წინა ტურში ნამღერისგან – როცა ყელი ნორმალურად მქონდა, ძალიან განსხვავდებოდა. მახსოვს, თინათინ ჭულუხაძე იყო ძალიან ცუდად და როდესაც მან იმღერა, უთხრეს, ეს არ იყო კარგი ნამღერი, მაგრამ რადგან ასე ცუდად იყავი, გაპატიებთო. ჩემს შემთხვევაში კი, ისიც კი არ უთქვამთ, რომ ცუდად ვიყავი და ხალხს ჰგონია, ჯანმრთელმა ვიმღერე ასე ცუდად.
– ჟიურის წევრებმა იცოდნენ შენი მდგომარეობის შესახებ?
– მე და ანანო მჟავია შევთანხმდით, რომ უნდა გამოგვეცხადებინა, მაგრამ მერე ისე უცებ გამიყვანეს სცენაზე, ვეღარ მოხერხდა ამის გამჟღავნება. ყველამ იცოდა, ჩემი მდგომარეობა. მარინა ბერიძე რეპეტიციაზე არ ყოფილა, არ ჰქონდა ჩემი ნამღერი მოსმენილი და არ ვიცი, მის ყურამდე მივიდა თუ არა ეს, რადგან კომენტარში თქვა, შენი ყელის ტკივილი არავის აინტერესებსო, ესე იგი, იცოდა.
ნინო ელბაქიძე (ანის დედა): პირადად მე, ბატონ ვაჟა აზარაშვილს, მეგობრის დახმარებით, კონცერტამდე ბოდიში მოვუხადე, რომ სიმღერა ისე არ შესრულდებოდა, რა დონეზეც იყო საჭირო, რადგან ანი ყელის გამო ცუდად იყო. ანი თითქოს დასაჯეს და ძალიან მწარედ.
ანი: კომენტარის დროს მარინა ბერიძემ კი თქვა, გტკივა თუ არა ყელი, ეს ხალხს არ აინტერესებსო. მაგრამ, მე მაინტერესებს, რადგან, თუ მტკივა ყელი, ვერ ვიმღერებ ისეთ დონეზე, როგორც მღერის ანი სირაძე.
ქალბატონი ნინო: ბევრ ექიმთან მყავდა და ვერავინ დასვა სწორი დიაგნოზი. მკურნალობის სხვადასხვა კურსი ჩავუტარეთ, მაგრამ ყელში არ ქრება ანთებითი პროცესი. როგორც ვაკვირდები, ღელავს კიდეც. ანის მოგებული აქვს საერთაშორისო კონკურსები, აღებული აქვს გრან-პრიც. მაგალითად, საბავშვო „ემტივიზე“, რომელიც ბერლინში ჩატარდა და ანი ელჩის მოწონებით იყო გაგზავნილი, პირველი ადგილი აიღო. ასევე, როდესაც „იურმალის“ პირველი „საბავშვო ტალღა“ შედგა, ფინალში გავიდა. ანიმ აგილერას სიმღერა რომ იმღერა, რევზინი, კრუტოი, არლოვი ფეხზე ადგნენ და ისე უკრავდნენ ტაშს.
– ანის მიმართ მოლოდინიც მეტი ჰქონდა ჟიურის.
ანი: კი, მაგრამ, მე ორი ტურის ნამღერით კმაყოფილი ვარ, ორშაბათს კი ძალიან ცუდად ვიყავი და ამას ყველა მამჩნევდა. საერთოდ, არაფერში ვიყავი ჩართული. ჩემთვის ვიჯექი საგრიმიოროს „შკაფში“, ხალხთან კონტაქტიც არ მქონდა.
ქალბატონი ნინო: ეს მესიჯების კონკურსია, შეიძლება, არ მოგწონდეს ვიღაც, მაგრამ ხალხის ფავორიტი იყოს. თან „ჯეოსტარს“ წინ უძღოდა ანის კლიპი „არ გვინდა ვანია“, რომელიც თინეიჯერების საყვარელი სიმღერა გახდა. აქედან გამომდინარე, ეს მესიჯები, არც არის გასაკვირი. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამას არ გავაკეთებ, მაგრამ ხალხის შეჩერება ძალიან რთულია.
ანი: „კურიერის“ დახმარებით, ჩემს გულშემატკივრებს ვთხოვე, რომ ჩემთვის არ დაემესიჯებინათ, პირიქით, სოფო გელოვანის ნომერი გამოვაცხადე, რომ მისთვის დაემესიჯებინათ. რომანსების ტურში მართლა სოფო უნდა ყოფილიყო პირველ ადგილზე. როდესაც ვთქვი, არ მინდა პირველ ადგილზე ყოფნა-მეთქი, ამით ჩემი გულშემატკივრები გაღიზიანდნენ და გაორმაგებულად ამესიჯებდნენ.
– ის, რომ პირველ ადგილზე ხარ, დისკომფორტს გიქმნის?
– რადგან პირველ ადგილზე ვარ, ორმაგად მაკრიტიკებენ. როდესაც ლიდერი ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება. რადგან მე ამ წუთას ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, შეიძლება, რაღაც შეცდომები მქონდეს, ან ზუსტად ისეთი ანი სირაძე არ ვიყო, როგორსაც იცნობენ. ამიტომ, მირჩევნია, ვიყო მესამე ან მეოთხე ადგილზე. როდესაც „ჯეოსტარში“ შევედი, არ მითქვამს, რომ „ჯეოსტარი 2010“ უნდა გავხდე. თუმცა, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ არ უნდა შევსულიყავი კონკურსში და თუ მაინც შედიხარ, გამარჯვებაზეც უნდა გქონდეს პრეტენზიაო. არც ამაზე მაქვს პრეტენზია, უბრალოდ, მინდა ამ ყელით გავძლო და თუ ვერ გავძლებ, ყველას ვთხოვ, არ დამიმესიჯონ, ძალიან მინდა პროექტი დავტოვო.
– ანუ, პროექტის დატოვება გინდა?
ქალბატონი ნინო: კონცერტის მერე მითხრა, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, მღელვარება ისეთი იყო, რომ ყურები დამეხშო და არაფერი მესმოდაო. არაჯანსაღი გარემო შეიქმნა კულისებში. ეტყობა, ღელავდა, წნევამ აუწია, სახლში რომ მოვიდა, ცუდად გახდა, გული წაუვიდა, სასწრაფო გამოვიძახეთ.
ანი: რაც „ჯეოსტარი“ არსებობს, მარტო მე არ ვყოფილვარ, ვინც ცუდად იმღერა. მაშინვე მივხვდი, ეს იმიტომ მითხრეს, რომ პირველ ადგილზე ვიყავი. ამ კომენტარით მივხვდი, რომ პირველ ადგილზე ვიქნებოდი ამ კვირაშიც. დავიღალე უკვე ამ ყელის გამო და ძალიან მინდა, მალე დავტოვო პროექტი.
– არ გაქვს უფლება, რომ თავად დატოვო პროექტი?
– კონტრაქტში წერია, რომ არ გვაქვს პროექტის დატოვების უფლება, ჯარიმა საკმაოდ დიდი თანხაა.
ქალბატონი ნინო: ვერ შევწვდებით.
– ანუ, ორშაბათს შენ მიმართ გამოთქმულმა კრიტიკამ განაპირობა ის, რომ გინდა პროექტის სასწრაფოდ დატოვება?
ანი: თინა ჭულუხაძეზე „ჩავიციკლე“. მაშინ ის ზუსტად ჩემს მდგომარეობაში იყო, მაგრამ უთხრეს, ყელი გტკივა და გაპატიებთ ამ ნამღერსო. ჩემთვისაც ასე ეთქვათ და ნაწილობრივ გამჟღავნებულიყო ის მიზეზიც, რატომაც ვერ ვიმღერე. ისე გამოვიდა, რომ ეს იყო ძალიან ცუდი ნამღერი და იცი, რატომ, იმიტომ, რომ უბრალოდ იმღერა ძალიან ცუდად, თორემ ძალიან ცუდად კი არ იყოო.
– შენი აზრით, ეს რატომ მოხდა?
– ალბათ იმიტომ, რომ აღარ ვიყო პირველ ადგილზე და ხალხმა იქნებ იფიქროს, რომ ჯანმრთელობის გამო კი არა, საერთოდ ასე მღერის ანი სირაძეო. შეიძლება, ყელის გამო პრობლემები შემექმნა, მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ მე ყველაზე ცუდი ვარ და ძალიან ცუდად ვმღერი.
– თუ შეხვდი კონცერტის შემდეგ მარინა ბერიძეს?
– არა, გამოვიპარე.
ქალბატონი ნინო: ძალიან დიდ პატივს ვცემ მარინას, ბატონ ჭოლას, ლანას. მარინამ, ალბათ, ის არ აპატია, რომ ანის კარგად ნამღერი უნახავს. როდესაც პატარა იყო, მისი მეუღლის, ბატონ ზურა ლალიაშვილის სტუდიაში წერდა სიმღერებს. იცის, როგორი ბავშვი იყო. ჰგონია, რომ ანი არ ინდომებს ისე, როგორც საჭიროა. გული გვწყდება იმაზე, რომ ანის გამოსვლამდე არ მოესწრო იმის თქმა, რომ ყელი ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა და მარინაც მერე, ალბათ, სხვა კომენტარს გააკეთებდა.
– ემოციური ადამიანი ხარ?
ანი: ასეთი შეფასება ცხოვრებაში პირველად მივიღე. ამიტომ, ახლაც შოკში ვარ. მე, რომ კარგად ვყოფილიყავი და ასე მემღერა, ვიტყოდი, ღირსი ვარ ასეთი შეფასების-მეთქი.
– ნანობ, „ჯეოსტარში“ რომ მიხვედი?
– შეიძლება, არ ვიყავი ამ კონკურსისთვის ფსიქოლოგიურად მზად. ჯობდა, ცოტა ხანს დამეცადა და მერე გავსულიყავი. თან, ათასი ჭორი იყო. „არ გვინდა ვანიაზე“ შევეგუე ჭორებს, მაგრამ როცა კონკურსში ხარ, ცოცხლად სიმღერა გიწევს და ამდენ რამეს უნდა გაუძლო, კიდევ ის, რომ ყელი არ გიწყობს ხელს, ამან უკვე დამანევროზა. რომ არ დავტოვო პროექტი, ალბათ, გავგიჟდები. ვისაც ოდნავ მაინც ვუყვარვარ, და უნდა, რომ მერეც მიხილოს და „ჯეოსტარით“ არ დავამთავრო ყველაფერი, არ დამიმესიჯოს, ყელი ისეთ მდგომარეობაში მაქვს, შეიძლება, ხმა დავკარგო. უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ მომდევნო ტურში დავრჩე, ჩემი კუთხის, რაჭის სიმღერა ვიმღერო, თან გიორგი უშიკიშვილთან მექნება დუეტი.
– ახლა ასე ამბობ, მაგრამ რომ დატოვო კონკურსი, არ დაგწყდება გული?
– რომ დავრჩე, ამას უფრო განვიცდი. რა აზრი აქვს დარჩენას, ასე დამესიჯებით, შეიძლება, „ჯეოსტარიც“ გავხდე, მაგრამ მე არ მინდა. მირჩევნია, დავტოვო პროექტი. ჩემს გულშემატკივარს ვთხოვ, არ დამიმესიჯონ და ვპირდები, გამოვკეთდები და ჩავწერ ახალ სიმღერებს, ახალ კლიპს გადავიღებ. მე ერთი თვისება მაქვს – თუ დავკარგე სურვილი და ერთხელ უარი ვთქვი, არ არსებობს, რომც შემაქო, ფეხზე ადგე, ტაში დამიკრა, გადაწყვეტილებას არ შევცვლი, აღარ გადავიფიქრებ.